გელით facebook–ზე

25.09.2008

რა არის ინდოეთი ჩემთვის? რით დაიწყო, როგორ გაგრძელდა და რა დავინახე რეალობაში...

დაიწყო ღრმა ბავშვობაში ”პრაიგრივატელის” რამდენიმე ფირფიტით, გაგრძელდა სოფლის კლუბში თითქმის ყოველდღიური სეანსებით, კლუბში, ანუ ”კინოთეატრში” - ეს იყო ოთახი 4 x 4-ზე, რომელშიც, წესით გაწი გამოწი 20 ადამიანი უნდა დატეულიყო, მაგრამ 100-ზე ნაკლები ალბათ არცერთ სეანსზე არ იქნებოდა, თავიანთი საკმებით, ”სემიჩკით”, ზოგჯერ სასმელებითაც, გადაჭედილი ოთახი, დასვრილი და ზოგან დაზიანებული ”თეთრი” ეკრანი, ძუძუს ბავშვებიდან დაწყებული 100 წლის მოხუცებით დამთავრებული. ხმადაბლა არავინ ლაპარაკობდა, უბრალო მიზეზის გამო, ხმადაბლა ლაპარაკი არავინ იცის.

დღემდე არ მესმის ამდენი ხალხი, რომელთან 90% მთელი ინდური კინოსენასების დროს ენას და პირს არ აჩერებდა, რისთვის დადიოდა ამ სეანსებზე. მაშინაც და ახლაც ერთადერთი ჩემი თავი მგონია, ვინც იმისთვის დადიოდა, რომ თავიდან ბოლომდე ეყურებინა ამ ფილმებისთვის. ბავშვობაში ალბათ ბევრი არ მესმოდა იმის თაობაზე, რამდენად ღირებული იყო ეს ფილმები, მაგრამ ამ ჭრელმა, ათასფერადმა სამყარომ, უცნაურმა შავგვრემანმა ხალხმა, ლატა მანგეშკარის მაშინ ”გამყინავმა” კრინმა, და დღევანდელი გადასახედიდან მთის წყაროსავით ანკარა ხმამ იმდენად მომხიბლა, რომ ფაქტიურად ამ ბავშვობიდან დაწყებული ინდოეთის მიმართ სიყვარულის და ინტერესის გრძნობა დღემდე არ შემცვლია, არ გამნელებია, და ამ ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგაც კი პირიქით გამიძლიერდა.

მართალია საქართველოში ინდურისადმი სიყვარულის საჯაროდ გამომჟღავნება ”გოიმობად” ითვლება, საბედნიეროდ ეს ”კომპლექსი” დიდი ხანია გადავლახე, მგონი პრინციპში არც მქონია არასდროს, და თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქვეყანა, ეს კულტურა, ეს უცნაური ხალხი მათი ბევრი ბევრი უცნაურობებით მართლაც რომ ჩემი სამყაროა.

დასაწყისზე უკვე ვთქვი, გაგრძელება კი იმაში გამოიხატა, რომ როცა უფროსკლასელი ვიყავი, რუსეთში აქტიური მიმოწერა მქონდა სსრკ-ინდოეთის მეგობრობის საბჭოს ხელმძრვანელობასთან, ისინი კი თავის მხრივ, ხშირად მანებივრებდნენ მაშინ პრინციპში დეფიციტური დიდი დისკებით, რომლებზეც ინდური მუსიკა იყო ჩაწერილი. მერე ერთი ადამიანი გავიცანი და დავმეგობრდით, რომელმაც ლატა მანგეშკარის ხმის ჭესმარიტი სახე დამანახა და შემაგრძნობინა, ბევრი მუსიკა მაჩუქა სხვადასხვა ფორმატში და რა თქმა უნდა ინტერნეტიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. აქ უკვე პრობლემა აღარ ყოფილა მუსიკის მოძიება, სურათების დათვალიერება და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება ამ ქვეყანაზე, ინდოელი ხალხის გაცნობა ვირტუალურად. ასე გავიჩინე კიდეც მეგობრები სხვადასხვა ქალაქებში.

ჰო და ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ორმა უსაყვარლესმა მეგობარმა ჯუჰიმ და ეშლიმ თავიანთ ქორწილში დამპატიჟეს. ქორწილის თემას ცალკე მივუბრუნდები, ამჯერად კი უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა, თითქმის მთელი ცხოვრება გინდა, და მისკენ მიისწრაფვი, დადგება ერთი მშვენიერი დღე, როცა ეს სურვილი აგიხდება. 2007 წლის 15 ნოემბერს სტამბულის გავლით ნიუ დელიში გავფრინდი :)

24.09.2008

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ”ჩემს ინდოეთში”

მემგონი მოვაბი თავი და გავაკეთე ”ჩემი ინდოეთი”, ჩემი ზღაპრული სამყარო და ჩემი ოცნების ქვეყანა. ზუსტად 1 წლის წინ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და მოვიარე ჰინდუსტანი, სხვადასხვა ქალაქები და ადგილები, 2 მრავალდღიან ქორწილშიც ვიყავი და ერთი სიტყვით მოსაყოლი და დასაწერი ბევრი მაქვს. შევეცდები, რომ მონაყოლი ისეთივე ჭრელი და მხიარული იყოს, როგორიც ეს ქვეყანაა, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. დასაწყისისთვის მხოლოდ ერთ სურათს დავდებ და დანარჩენს მერე მოვაყოლებ. გამიხარდება თქვენი კომენტარების წაკითხვა და თუ თანამოაზრეებსაც ვიპოვი, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს :)



ფოტოები: მოგზაურობა დარჯელინგ.. ფუ.. აგრაში :)

ვიღაც ბაბუა რაღაც ხილს ყიდის ქუჩაში, აზრზე არ ვარ რა ხილია, მწვანეა :) გასინჯვა ვერ გავრისკე :)


აგრას ქუჩებში ისეთივე ხალხმრავლობაა, როგორც სხვა ქალაქებში. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი გადამეღო მაიმუნები როგორ დაბორიალობდნენ შუა ქუჩებში.


ხედი ტაჯ მაჰალის ერთ-ერთ კედელზე

ადგილობრივი პილიგრიმები ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმის წინ


მე და ჩემი ამიდაბადელი მეგობარი პროდიპტო, ცხოვრობს მუმბაიში



ისევ ტაჯ მაჰალი

ეს სინამდვილეა თუ ფოტოშოპია?! :)

მგონი საინტერესო შესახედავია ეს მინარეთი :)


ხედი მავზოლეუმზე გვერდით მდებარე წითელი აგურის მეჩეთის კარიდან

ოთხიდან ერთ-ერთი წითელი მეჩეთის შიდა ხედი




ეს ბაბუა დერვიში თავისი გველით, რომელიც ამ ზურგჩანთაში ჰყავს დამწყვდეული, კეთილი სახით ცდილობდა ჩვენთვის ფულის გამოციცქვნას. მაგრამ რადგანაც სურათის გადაღებაზე უფულოდ არ დამთანხმდა, აღარც ფული მივეცი, და მხოლოდ სიგარეტი მივაწოდე. როცა მოსაწევად ჩაიცუცქა, ეს კარდიც მანქანიდან გადავუღე, თუმცა უკვე კი დააპირა, რომ შემწინააღმდეგებოდა

ეს იმ ოთხიდან ერთ-ერთი წითელი მეჩეთი, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული ტაჯ მაჰალის მავზოლეუმის ოთხივე მხარეს გალავნების შუაში.


ეს მე იმ მავზოლეუმის კედელთან, რომელიც ამ სურათის შემდეგაა.

ეს მავზოლეუმიც აგრაშია, სამწუხაროდ სახელი ვერ დავიმახსოვრე, ტაჯ მაჰალზე ბევრად პატარაა, მაგრამ სილამაზით და დახვეწილობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ სადაა, ეტყობა ვისაც ეკუთვნის ეს მავზოლეუმი, მთლად მოგოლების ხანივით ვერ ქაჩავდა თავის დროზე :)