ავტორი: ნატალია ოქრუაშვილი
სურათი: Reuters
უკვე ერთ კვირაზე მეტია გადაუღებლად წვიმს კუნძულებზე. ყველაფერი დანესტილია. ხან დაუშენს წვიმა, ხან შეანელებს მაგრამ არ წყდება. წვიმს, წვიმს, წვიმს...
ქუჩები მაინც სავსეა ფუსფუსა ინდოელებით. აცვიათ საწვიმრები და სამოსა, ჩაი, ჯალები, ჯალმური - გაჰყვირიან და იქვეა კლიენტიც...
ზღვისკენ გავიხედე აივნიდან და ზღვაში მზის სხივი ვარდებოდა. წვიმაც ცოტახანში შეწყდა და ვიფიქრე მეშველა სახლის მარაგს ავავსებ თქო.
გავყავი ფეხი კროკსებში და გავქანდი ბაზარში. ავივსე ჩანთები ხილ-ბოსტნეულით, სანელებლებსღა ვყიდულობდი რომ წვიმამ დაუშვა... ეს არაა უბრალო ჟუჟუნა წვიმა, ესაა თქეში და შტორმი.
გავიხედე და ერთ ადგილას, გადაფარებულში ხალხს მოეყარა თავი. მეც იქ შევვარდი. დასველებული სათვალე გავწმინდე მივიხედ-მოვიხედე და სულ კაცებში ვდგავარ...
აღარ შევიმჩნიე არაფერი და მთელ ინტერესს წვიმაზე ვრთავ, რომ როგორმე შენელდეს და მე აქედან მოვხიო. თან გულში ვფიქრობ ღმერთი არ გაგიწყრეთ არავის, რამე მიქაროთ და ჩემზე რამე თქვათ. თუ არა უკვე გონებაში კიტრით სავსე ჩანთის ილეთებს ვამუღამებდი და ბანანის სახეზე მიჭყლეტვის.
ვუყურებ წვიმას უკვე ოცი წუთი ასე სიჩუმეში, რომ ერთი ორი გალუმპული შემოგვემატა (კვლავ მამრები).
ჩემს უკან უკვე დიალოგები გაიბა, დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ. მე კი ვდგავარ ინგლისის დედოფალივით, გვერდ-გვერდზე ვიჩოჩები და ნემსებზე შემჯდარი ველოდები, რომ როგორც კი გადაიღებს, პირველი გავვარდე.
უკნიდან ვიღაც კაცი მოდის, მიღიმის და მეუბნება:
- მადამ, ჩანთები მაინც დაალაგეთ, მძიმეა!
რა სულელი ვარ! ჯორივით რომ ვდგავარ ჩანთებაკიდებული უკვე ნახევარ საათზე მეტია. მაგრამ ჩემს ეგოს აქვს არგუმენტი, ჩანთებაკიდებული ხომ უცებ შევძლებ აქედან გავარდნას.
ვუღიმი ამ კაც.ს 32 თეთრი კბილი რომ უჩანს და ჩემი ქვეცნობიერის საწინააღმდეგოდ ჩანთებს ძირს ვალაგებ.
- მადამს სკამი მოუტანე, - ახლა მეორემ დაუძახა ვიღაცას და სკამი გაჩნდა ჩემთან.
- ვაიმე ნუ წუხდებით, დასაჯდომი დრო არ მაქვს უნდა გავიქცე! - უხერხულად ვიწურები და ვფიქრობ, ახია ჩემზე, რა ბაზარი და პროდუქტი ავიტეხე.
- მადამ ჯი, ნახევარი საათი მაინც იწვიმებს ასე, დაბრძანდით! მადამ, თქვენ ხომ ჩვენი ექიმის ცოლი ხართ?! ჩვენ ყველანი მისი პაციენტები ვართ და ძალიან გვიხარია, რომ აქ გვემსახურება ხალხს და თქვენ სამშობლოში არ გადმოსახლდა.
დავეხეთქე სკამზე ნაკლებად მადამურად და დაიწყო გაშინაურება.
- მუნა, მადამს ჩაი მოუტანე! ხომ ხედავ როგორ წვიმს და ცხელ-ცხელი ჩაი მისწრებაა!
მუნა იღიმის და ერთჯერად ჭიქაში ჩამოსხმულ ჩაის მაწვდის.
მეც გულით ვუღიმი და ჩაის ვართმევ, რა მათქმევინებს ამ კეთილი ხალხისთვის, რომ ცხოვრებაში რძიანი ჩაი არ დამილევია. ვიღაც-ვიღაცეებმა ორცხობილებიც მომართვეს. ასე ვზივარ მოსაცდელში თქეშ წვიმაში და ვსვამ ჩაის და ვაკნატუნებ ორცხობილას. რაღას არ მეკითხებიან საქართველოზე. როგორ უხარიათ რომ ინდური ასე კარგად ვიცი. როგორ უხარიათ რომ მათთან ჩაი დავლიე.
გადაიღო წვიმამ. ჩავჯექი ტუქტუკში. ჩამილაგეს ჩანთები და გამომიშვეს სახლში.
გაისად მოქალაქეობას ავიღებ და არჩევნებზე გავალ. აი დაახლეობით ამ კაცების 20-25 ხმა მაინც მერგება. სონია განდიზე ნაკლები კი არ ვარ?! მეც ქმრის გვარზე, რომ გადავიდე ნატალია განდი ვიქნები...