სიმონ კილაძე
საქართველოს დიპლომატიის მკვლევარი
საქართველოს დიპლომატიის მკვლევარი
საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის ისტორიიდან
მოკლე მიმოხილვა
საქართველოსა და ინდოეთის კავშირები უძველესი დროიდან იწყება. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე საქართველოს ტერიტორიაზე (მცხეთისა და ფაზისის, ანუ ფოთის მიმართულებით, ამუდარიიდან და კასპიის ზღვიდან) დიდი საქარავნო-სავაჭრო გზა გადიოდა, რომელიც ინდოეთს ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებთან აკავშირებდა. მართალია, შუა საუკუნეებში ეს გზა უკვე აქტიურად აღარ ფუნქციონირებდა, მაგრამ საქართველოსა და ინდოეთის კავშირები არ შეწყვეტილა. ფეოდალიზმის აყვავების ეპოქაში უკვდავი შოთა რუსთაველის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გმირები ხომ ინდოეთის ამირბარი და მეფის ასული არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართველებმა ბევრი რამ იცოდნენ აზიის შორეული ქვეყნის შესახებ.
მომდევნო საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-17 ასწლეულიდან უშუალოდ ქართველებიც საკმაოდ ხშირად ყოფილან ინდოეთში. გავიხსენოთ გიორგი სააკაძე, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო ირანის შაჰის აბას პირველის კარზე მსახურობდა და მისი ჯარების სარდალი იყო 1622 წელს ინდოელებთან გამართულ ბრძოლებში. 1738-39 წლებში ირანის შაჰ-ნადირს ინდოეთთან ომში თან ახლდა ქართველი მეფისწული, ქართლ-კახეთის მომავალი მეფე ერეკლე მეორე, ხალხის მიერ სიყვარულით „პატარა კახად“ წოდებული.
სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ ინდოეთის მმართველების - დიდ მოგოლთა დინასტიის მესამე იმპერატორის აკბარის შვილიშვილს შაჰ-ჯაჰანს (1627-1658 წ.წ.) ოთხი შვილი ჰყოლია, ხოლო მათგან ერთ-ერთს - დარუს ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, რომელიც მონათვაჭართან უნახავს და ძალიან მოსწონებია. ქრისტიანი ქართველი ქალი მუდამ ჯვარს ატარებდა და შემდეგ თურმე მეუღლე - იმპერატორი შაჰ-დარუც გაუქრისტიანებია...
სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ ინდოეთის მმართველების - დიდ მოგოლთა დინასტიის მესამე იმპერატორის აკბარის შვილიშვილს შაჰ-ჯაჰანს (1627-1658 წ.წ.) ოთხი შვილი ჰყოლია, ხოლო მათგან ერთ-ერთს - დარუს ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, რომელიც მონათვაჭართან უნახავს და ძალიან მოსწონებია. ქრისტიანი ქართველი ქალი მუდამ ჯვარს ატარებდა და შემდეგ თურმე მეუღლე - იმპერატორი შაჰ-დარუც გაუქრისტიანებია...
ინდოეთთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ქართლის სამეფოს დედოფლის ქეთევანის მოწამეობრივი ცხოვრება და აღსასრული. როგორც ცნობილია, ქრისტიანული რწმენის ერთგული ქეთევანი სპარსეთის შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს, შემდეგ კი დაწვეს. მოგვიანებით მისი ნეშტის ნაწილი საქართველოში ჩამოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ნაწილი კი შაჰის კარზე მყოფ ევროპელ წმინდა მამებს ინდოეთში, ქალაქ გოაში ჩაუტანიათ და გრასას მონასტერში დაუსვენებიათ...
საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო კავშირები მე-18 საუკუნის განმავლობაშიც გრძელდებოდა. ცნობილია ქართველი სოვდაგრების - გრიგოლ ხურციძისა და სტეფანე ზუბალაშვილის სახელებიც, რომლებიც სომხებთან ერთად ინდოეთში სავაჭროდ დადიოდნენ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ქალაქ ბენარესში დაკრძალულია კოჯრელი ვაჭარი თამაზ ხუდუაშვილი. იდოეთიდან საქართველოში ჩამოჰქონდათ ქაღალდი, მედიკამენტები, იარაღი, თოფისწამალი, ფინიკის ნაყოფი, განთქმული ინდური სანელებლები, ალმასები, ქაშმირული ქსოვილები... საქართველოდან კი ინდოეთში მიჰქონდათ მატყლი, თაფლის ფიჭა, საპონი და სხვა საქონელი.
რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა ინდოეთში
მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო-ინდოეთის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი ღვაწლი მიუძღვის ცნობილ ქართველ მოგზაურს რაფიელ დანიბეგაშვილს, რომლის ვინაობას და თავგადასავალს მკითხველს ცოტა უფრო ვრცლად გავაცნობ.
რაფიელ დანიბეგაშვილის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები საკმაოდ მცირეა. მისი გვარის წარმომადგენელებს, თბილისში ჩამოსული იტალიელი მისიონერების მეშვეობით, მე-17 საუკუნიდან უკვე კათოლიკობა ჰქონდათ მიღებული. დანიბეგაშვილების რამდენიმე თაობა ინდოეთთან ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი. მათი თავადური გვარი გიორგი მე-12-ის მიერ ბოძებულ სიგელებშიც მოიხსენიება, ჰქონდათ აგრეთვე მამული ახლანდელ ლურჯ მონასტერთან, ვერეზე.
რაფიელ დანიბეგაშვილმა, როგორც ვაჭარმა და დიპლომატმა, ინდოეთში მოგზაურობა 1795 წლიდან დაიწყო. პირველი მოგზაურობა განახორციელა 1795-96 წლებში, მეორე - 1797-98 წ.წ.; მესამე - 1799-1813 წ.წ.; მეოთხე - 1815-20 წ.წ. და მეხუთე - 1822-1827 წლებში. პირველი ორი მოგზაურობის დროს დანიბეგაშვილი მეფე ერეკლე მეორის ბრძანებას ასრულებდა, მათ შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. არსებობს აზრი, რომ მან ქალაქ მადრასში მცხოვრებ სომეხ მდიდარ ვაჭარს შაჰამირიანს ქართლ-კახეთის მეფის წერილი და სიგელი ჩაუტანა.
დანიბეგაშვილის მესამე მოგზაურობა თითქმის 14 წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მან გემით მოიარა ბომბეი, კოლომბო (ცეილონზე, ახლანდელი შრი-ლანკა), მადრასი, რანგუნი (ბირმა), კალკადა (კალკუტა), დელი, სრინაგარი (ინდოეთის ქაშმირის მხარე), ლაჰორი (ახლანდელი პაკისტანი) და ავღანეთ-შუა აზიის გავლით რუსეთში ჩავიდა, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა. 1815 წელს მოსკოვში გამოიცა მისი წიგნი სათაურით „მოგზაურობა ინდოეთში ქართველი ვაჭრისა რაფიელ დანიბეგოვისა“, რომლის სატიტულო გვერდზე წარწერაა - „თარგმნილი ქართულიდან“. ამ წიგნში დანიბეგაშვილი თავის 14-წლიანი თავგადასავალს აღწერს, რომელიც მკითხველისათვის ძალიან საინტერესოდაა მოთხრობილი.
გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან:
ბომბეის შთაბეჭდილებები: „მასკატიდან ზღვით 22 დღის ცურვის შემდეგ ბომბაიში ჩავედი, რომელიც ინდოეთის ნაპირებზე ინგლისელების ერთ-ერთი მთავარი ნავსადგურია. აქედან გემები ჩინეთში და სპარსეთში დაცურავენ. აქაური ნავსადგური პორტუგალელებმა ააშენეს, შემდეგ კი ხელში ინგლისელებს ჩაუვარდათ. ბომბაიში ნაყოფისმომტანი მცენარეები ცოტაა, მაგრამ ხილის ნაკლებობა არ იგრძნობა, რადგან მოსახლეობა მეზობელ პანკალადან მარაგდება. ბომბაი განთქმულია თავისი უმდიდრესი ვაჭრებით...“.
კალკუტა: „ქალაქი კალკადა ძალიან ლამაზია, აქ ბევრი მდიდარი სომეხი მოსახლე ცხოვრობს. კალკადა მდინარე განგესის შესართავშია გაშენებული და უცხოელებთან ძალიან ფართოდ ვაჭრობს. ინდოელებთან ერთად აქ ბევრია ინგლისელი, ფრანგი და პორტუგალიელი მოსახლე. აქვეა ინგლისელი მთავარსარდალიც, რომელიც მთელ ინდოეთს მართავს. კალკადას ნაკლოვანება ისაა, რომ აქ ძალიან ცხელი ჰავაა და სასმელი წყალი ცოტაა. მოსახლეობა წვიმის წყალს ხმარობს, რომელიც ძალიან ხშირად მოდის... ქალაქს მდინარე განგესი სამი მხრიდან უვლის, რომელიც სავსეა ნიანგებით. კალკადაში ბევრი დიდი და ლამაზი შენობაა და ალბათ, ამიტომაც ინგლისელები მას მეორე ლონდონს უწოდებენ“.
დელი: „დელი, რომელსაც ხშირად შახჩინაბადს უწოდებენ, შეიძლება ინდოეთის დედაქალაქად მივიჩნიოთ. ის ინდოეთის ხელმწიფემ შახჩინმა დაარსა. ქალაქი განთქმულია ბრწყინვალე მეჩეთებით, ტაძრებით. აქ არის თლილი მარმარილოს ქვებით აგებული სასახლე ჩმანი, რომელსაც მშვენიერი ბაღიც აქვს, ბაღში კი კეთილსურნელოვანი ხეები იზრდება. აქ სეირნობა სასიამოვნოა. ბაღის შუაგულში არის მარმარილოთი გაწყობილი აუზი, რომელშიც ხელმწიფე ბანაობდა ხოლმე...“.
სირინაგარი (ჰიმალაების სამხრეთ კალთებზე, გორხვალთან): „ქალაქი სირინაგართან წმინდა მთა მდებარეობს, სადაც მდინარე განგესი მიედინება. აქ დიდი ბაზრობა იმართება ხოლმე, სალოცავად კი მოსახლეობა მთელი ინდოეთიდან მოდის, ხუთი ათასი ვერსის სიშორიდანაც კი. ისინი განგესის წმინდა წყალს აღმერთებენ და მის წინაშე თავს ხრიან. შეიძლება ითქვას, რომ 500 ათასამდე ადამიანი გროვდება. ინდოელები ამისათვის ინგლისელებს ერთ რუპიას უხდიან, ისინი კი ბილეთს აძლევენ განგესის წმინდა მდინარეში ბრწყინვალე ცერემონიის ჩასატარებლად. ამის შემდეგ გაცხოველებული ვაჭრობა იწყება, რომელიც თითქმის ერთი თვე გრძელდება“.
სრინაგარი (ქაშმირი): „ძალიან მინდოდა ქაშმირის სრინაგარის ნახვა, რომელიც მდინარე ჯელამზეა გაშენებული. მთელ ინდოეთში თოვლი მხოლოდ ამ ქალაქში მოდის. აქ ბევრია მცირე მდინარე, რომელშიც ნავებით დაცურავენ. სრინაგარი და საერთოდ, მთელი ქაშმირი განთქმულია შალის ქსოვილით, რომელიც უცხოელ ვაჭრებს დიდი რაოდენობით მიაქვთ. ადგილობრივ მოსახლეობას დიდი შემოსავლები არ აქვთ, რადგან შალის გაყიდვით მიღებულ ფულს ინგლისელ მმართველს უხდიან. ალბათ ამიტომაც აქაურები ზოგჯერ ცუდ ხასიათს ამჟღავნებენ. თუმცა მე ბევრი მდიდარი ქაშმირელი და მათი ძვირფასი სასახლეებიც ვნახე. საერთოდ შემიძლია ვთქვა, რომ სიღარიბის მიუხედავად ქაშმირელი უბრალო მოსახლეობა მაინც კეთილი და მხიარულია. ქაშმირის კლიმატი საუკეთესოა, ასეთივეა წყალიც, სრინაგარს ირგვლივ ძალიან მაღალი თოვლიანი მთები აკრავს“ (აქ ავტორი ვრცლად აღწერს ქაშმირელთა ყოფა-ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს, ჩაცმულობას და სხვა ჩვეულებებს).
აი, ასეთი საინტერესო წიგნი დაუტოვა დაუტოვა შთამომავლობას ქართველმა მოგზაურმა რაფიელ დანიბეგაშვილმა.
საქართველო და ინდოეთი:
რაბინდრანატ თაგორიდან რაჯ კაპურამდე...
რაბინდრანატ თაგორიდან რაჯ კაპურამდე...
მოგვიანებით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, განათლებისა და კულტურის განვითარების კვალობაზე, საქართველოს მოსახლეობამ თანდათანობით ბევრი რამ გაიგო ინდოეთის შესახებ, გაიცნო ამ ქვეყნის კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, მათ შორის ინდოელი მწერლისა და პოეტის რაბინდრანატ თაგორის ნაწარმოებებიც.. ქართველებისათვის, უკვე საბჭოთა პერიოდში, ცნობილი გახდა აგრეთვე ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგისა და ხელმძღვანელის მოჰანდას კარამჩანდ განდის (მაჰატმა განდის) შესახებაც, რომლის მშვიდობიანმა ანტიკოლონიურმა ბრძოლამ ინდოეთი 1947 წელს დამოუკიდებლობამდე მიიყვანა.
გასული საუკუნის 40-იანი წლების პირველ ნახევარში ინდოეთში ყველაზე მრავალრიცხოვან და აქტიურ პარტიას „ინდოეთის ეროვნული კონგრესი“ წარმოადგენდა, რომლის ხელმძღვანელი ჯავარჰარლალ ნერუ იყო. მას კემბრიჯის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და 1912 წლიდან ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო.
1947 წლის 15 აგვისტოს ჯავარჰარლალ ნერუ დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი საგარეო პოლიტიკური კურსი საბჭოთა კავშირთან მეგობრულ ურთიერთობების საფუძველზე იყო დამყარებული, შესაბამისად, ინდოეთისადმი გაწეული პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის შედეგად ნერუ ი.ბ.სტალინის მიმართ დიდი პატივისცემით განიმსჭვალა. როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინდოეთ-საქართველოს კავშირებშიც.
50-იანი წლებისა დასაწყისში, საბჭოთა კავშირ-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის განვითარების შედეგად, მოსკოვში ჩასული ინდოეთის კულტურის დელეგაციის წევრები, ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, საქართველოშიც აუცილებლად ჩამოდიოდნენ. ასე მაგალითად, 1954 წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდნენ ინდოელი მუსიკოსები და მოცეკვავეები, მათ მონაწილეობა მიიღეს ინდური კულტურის ფესტივალის საზეიმო გახსნაში, რომელიც კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართა. იქვე ჩატარდა ინდური მუსიკისა და ცეკვის კონცერტიც, რომელსაც, სხვებთან ერთად, რესპუბლიკის ხელმძღვანელები დაესწრნენ. საპატიო ინდოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის შემოგარენი, მოინახულეს გორში სტალინის სახლ-მუზეუმიც.
1947 წლის 15 აგვისტოს ჯავარჰარლალ ნერუ დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი საგარეო პოლიტიკური კურსი საბჭოთა კავშირთან მეგობრულ ურთიერთობების საფუძველზე იყო დამყარებული, შესაბამისად, ინდოეთისადმი გაწეული პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის შედეგად ნერუ ი.ბ.სტალინის მიმართ დიდი პატივისცემით განიმსჭვალა. როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინდოეთ-საქართველოს კავშირებშიც.
50-იანი წლებისა დასაწყისში, საბჭოთა კავშირ-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის განვითარების შედეგად, მოსკოვში ჩასული ინდოეთის კულტურის დელეგაციის წევრები, ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, საქართველოშიც აუცილებლად ჩამოდიოდნენ. ასე მაგალითად, 1954 წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდნენ ინდოელი მუსიკოსები და მოცეკვავეები, მათ მონაწილეობა მიიღეს ინდური კულტურის ფესტივალის საზეიმო გახსნაში, რომელიც კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართა. იქვე ჩატარდა ინდური მუსიკისა და ცეკვის კონცერტიც, რომელსაც, სხვებთან ერთად, რესპუბლიკის ხელმძღვანელები დაესწრნენ. საპატიო ინდოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის შემოგარენი, მოინახულეს გორში სტალინის სახლ-მუზეუმიც.
იმავე წლის ოქტომბერში თბილისს ეწვია ინდოეთის კინემატოგრაფიის მოღვაწეთა დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი რეჟისორი და მსახიობი რაჯ კაპური, ნარგისი, ნირუპა როი, ჩეტან ანანდი და სხვები (ალბათ, ინდური ფილმების მოყვარულები კარგად იცნობენ რაჯ-კაპურისა და ნარგისის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს „ბატონი 420“ და „ავარა“, რომლებიც სწორედ იმ ხანებში გაიცნო ქართველმა მაყურებელმა თბილისში ჩატარებული ინდური კინოფესტივალის მეშვეობით).
ჯავაჰარლალ ნერუ და ინდირა განდი საქართველოში
1955 წლის ივნისში საბჭოთა კავშირს ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია ეწვია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ მეთარობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო მისი ქალიშვილი ინდირა განდი (აქვე შევნიშნავთ, რომ ინდირამ გათხოვების შემდეგ თავისი მეუღლის, ცნობილი ინდოელი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ფეროზ განდის გვარი მიიღო და შესაბამისად, მას მაჰატმა განდისთან არავითარი ნათესაობა არ აკავშირებს).
ინდოეთის დელეგაცია, მოსკოვში გამართული ოფიციალური მოლაპარაკების შემდეგ ჯერ ყირიმში (უკრაინა), შემდეგ კი, 13 ივნისს, საქართველოში ჩამოვიდა. ეს იყო დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე მომენტი. თბილისის აეროდრომზე ინდოელებს საქართველოს ხელმძღვანელები დახვდნენ, მათ შორის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯავახიშვილი, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე და სხვები.
„თბილისის აეროდრომი მორთულია ინდოეთის რესპუბლიკის, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო დროეშებით. წითელ ქსოვილებზე ჰინდურ, რუსულ და ქართულ ენებზე წარწერილია სიტყვები: „სალამი პრემიერ-მინისტრ ნერუს! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! გაუმარჯოს მშვიდობისმოყვარე ინდოელ ხალხს! გაუმარჯოს ინდოელი და ქართველი ხალხების მეგობრობას!“. დამსწრენი ხანგრძლივი ტაშით მიესალმებიან ჯავაჰარლალ ნერუს. მთელ გზაში აეროდრომიდან ქალაქში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ათასობით ქართველი გულთბილად ხვდება“, - წერდა ქართული პრესა.
საერთოდ, იმდროინდელ ქართულ გაზეთებში ვრცლადაა აღწერილი ჯავაჰარლალ ნერუსა და მისი ქალიშვილის - ინდირა განდის, აგრეთვე დელეგაციის სხვა წევრების ყოფნა საქართველოს რიგ ქალაქებში, მოსახლეობასთან შეხვედრა და სხვა ფაქტები. მაგალითად, რუსთავში ჩასვლა და მეტალურგიული ქარხნის გაცნობა, გორში ყოფნა, დიღმის მევენახეობის მეურნეობის დათვალირება, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრის სპექტაკლზე დასწრება და სხვა.
თბილისიდან ინდოეთის დელეგაცია სამშობლოში 14 ივნისს გაემგზავრა. აეროდრომზე, ინდოეთში გაფრენის წინ ჯავაჰარლალ ნერუმ და მისმა ქალიშვილმა ინდირა განდიმ განაცხადეს, რომ საქართველოში მათი ყოფნა დაუვიწყარი იქნება.
ქართულ-ინდური კავშირები 1960-1990 წლებში
გასული საუკუნის 50-იან წლებში ქართულ-ინდური ურთიერთობები საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ რუსთაველი მეტალურგების მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა ინდოეთის ქალაქ ბჰილაის მეტალურგიულ ქარხანასთან, ქართული კულტურის მუშაკების დელეგაციის ვიზიტი დელში, ინდური კულტურის დღეების ჩატარება თბილისში და სხვა მრავალი ღონისძიება.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში, 50-იანი წლებიდან დაწყებული, ინდური ფილმები ჩვენება დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ეს ტენდენცია გაგრძელდა 60-70-იან წლებშიც: უფროს თაობას კარგად ემახსოვრება ფილმები „სიყვარული სიმლეში“, „სიყვარული ქაშმირში“, „ერთგულება“, „სანგამი“, „რამი და შიამი“, ზიტა და გიტა“... ამ სტრიქონების ავტორი მოწმე იყო იმ ფურორისა, რომელსაც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების კინოთეატრებში რაჯ კაპურის ფილმები ახდენდა (ამის მაგალითად მარტო „ბობიც“ საკმარისია). მოგვიანებით უნიკალური წარმატება ხვდა „დისკოს მოცეკვავეს“...
გასული საუკუნის 80-იანი წლების ინდოეთ-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტს ინდოეთში, რომელიც 1982 წლის აგვისტოში განხორციელდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ინდოეთის საპატრიარქოს (კოპტური ეკლესიის) ავტოკეფალიის სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ ქალაქებში კოჩინოსში, კოტაიამში, კერალაში, დაათვალიერეს იქ არსებული წმინდა ადგილები, შეხვდნენ რელიგიურ და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
1985-87 წლებში საქართველოში რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულნი მოსკოვში აკრედიტებული ინდოეთის ელჩები, რომლებიც რესპუბლიკის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიღწევებს ეცნობოდნენ.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ინდოეთ-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტს ინდოეთში, რომელიც 1982 წლის აგვისტოში განხორციელდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ინდოეთის საპატრიარქოს (კოპტური ეკლესიის) ავტოკეფალიის სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ ქალაქებში კოჩინოსში, კოტაიამში, კერალაში, დაათვალიერეს იქ არსებული წმინდა ადგილები, შეხვდნენ რელიგიურ და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
1985-87 წლებში საქართველოში რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულნი მოსკოვში აკრედიტებული ინდოეთის ელჩები, რომლებიც რესპუბლიკის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიღწევებს ეცნობოდნენ.
საქართველო-ინდოეთი:
თანამშრომლობა გრძელდება...
თანამშრომლობა გრძელდება...
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის 1992 წლის 28 სექტემბერს დამყარდა. ჯერ-ჯერობით თბილისში ინდოეთის საელჩო არ მუშაობს, თუმცა ელჩი მაინც არის აკრედიტებული - რინა პანდეი (2005 წლის დეკემბრიდან, რეზიდენციით ქ. ერევანში). ინდოეთში საქართველოს საპატიო კონსულია კულდიპ სინგჰ დჰინგრა (2001 წლიდან).
ორმხრივი ურთიერთობები: თანამშრომლობა ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის (ITEC) და კულტურულ ურთიერთობათა ინდოეთის საბჭოს (ICCR) პროგრამების ფარგლებში.
მნიშვნელოვანი ორმხრივი ვიზიტები: 2000 წლის მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი ინდოეთში; 2004 წლის დეკემბერი - ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რაჯივ დოგრას ვიზიტი საქართველოში; 2005 წლის აპრილი - ინდოეთის კომერციისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის მ. ს. რაოს ვიზიტი საქართველოში; 2005 წელი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ჯემალ ინაიშვილის ვიზიტი ინდოეთში.
სამართლებრივი ბაზა: შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, 1995 წლის 15 აგვისტო; ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების გამართვის შესახებ, 2000 წლის 11 მაისი; მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინდოეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ, 2005 წელი.
უღრმესი მადლობა ბატონ სიმონ კილაძეს მოწოდებული მიმოხილვისთვის! ჩემი აზრით, ინდოეთით დაინტერესებული ბევრი მკითხველი საკმაოდ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს ამ მიმოხილვიდან. დანიბეგაშვილის მოგონებების ნაწყვეტებმა პირადად მე 2 წლისწინანდელი მოგზაურობა გამახსენა მუმბაისა და დელიში და სასიამოვნო ემოციები მომგვარა :) სოსო
4 комментария:
ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ავტორებს. საინტერესო იქნება რაფიელ დანიბეგოვის ეს წიგნი
ნატალია, მინდა გითხრათ, რომ რაფიელ დანიბეგაშვილის წიგნი ინდოეთში მოგზაურობის შესახებ ინტერნეტში უკვე არის (რუსულ რესურსებში) და თუ გაინტერესებთ,შემიძლია მისამართი გაცნობოთ. გარდა ამისა, საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების კვლევის შედეგად უამრავი მასალა დამიგროვდა, რასაც, თუ სურვილი გექნებათ, დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ.
პატივისცემით, სიმონ კილაძე,
სტატიის ავტორი
simonkiladze
დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის :)
მართალია ძალიან დამაგვიანდა ჩემი პასუხი, ვნანობ ასეთი შემოთავაზება როგორ გამომეპარა. ძალიან დაინტერესებული ვარ ზოგადად ინდოეთით, შეიძლება ითქვას რომ ეს არის ჩემი ინტერესის სფერო. და დიდად მადლობელი დავრჩები თუ ამ საკითხზე გამიზიარებთ თქვენს გამოცდილებას. ნებისმიერი ინფორმაცია რაც ინდოეთს უკავშირდება ჩემთვის საინტერესოა და ველი თქვენს პასუხს, სად შეიძლება ეს ყველაფერი ვნახო.
Отправить комментарий