გელით facebook–ზე

28.12.2012

ქართული „ტოლერანტობა“ და სამართალდამცავების პასუხი

ერთი კონკრეტული ამბის გამო ზოგადი მსჯელობა შეიძლება მთლად მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, როცა მსგავსი ამბების შესახებ არაერთხელ გსმენია ან წაგიკითხავს თუნდაც სოციალურ მედიაში...

ინდოეთში მცხოვრებ ჩემს ქართველ მეგობარ გოგონასთან ინტერნეტით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვლაპარაკობდით.  საუბრის თემა ამნისტიის კანონი იყო და ჩემს მეგობარს დეტალები აინტერესებდა. როგორც აღმოჩნდა, არც თუ უმიზეზოდ. მას ინდოელი მეუღლე ჰყავს და შემოდგომით ორივენი თბილისში იყვნენ. აღმაშენებლის გამზირზე ჩემი მეგობრის მეუღლეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ეცა და ეგრევე დახრჩობა დაუწყო, ყვირილით „შენ ვინ ხარო....“. რის ვაივაგლახით ქალმა პატრულში დარეკა და პოლიციაც მივიდა შემთხვევის ადგილზე.

როდესაც ქალმა პოლიციას აუხსნა, რომ მის მეუღლეს ეს ნასვამი კაცი ახრჩობდა, პოლიციამ მას განუცხადა, რომ სამწუხაროდ ამ მამაკაცს ვერ დაიჭერდა, რადგან ეს პატრულის კომპეტენციაში არ შედიოდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ქართველი მეგობარი და მისი ინდოელი მეუღლე ინდოეთში გაემგზავრნენ და ახლა იქიდან ადევნებენ მოვლენებს თვალყურს. მამაკაცს საქართველოში ჩამოსვლის უკვე ეშინია, ხოლო მისი ქართველი მეუღლე მეუბნება, რომ ამ ახალ კანონზე ქმარს ვერაფერს ეტყვის, რადგან ისედაც დაშინებულია იმ ამბის შემდეგ...

სასწაული ტოლერანტები ვართ ქართველები და სამართალდამცავებიც რარიგ სრულყოფილად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, გაოცებული ვარ. ვის აქვს გარანტია, რომ ის თავდამსხმელი კვლავ არ გამოტყვრება და ამ საახალწლოდ თბილისს მოძალებულ უცხოელ სტუმრებს დასახრჩობად (როგორც მინიმუმ) არ გაეკიდება?...

18.12.2012

რუშდის „შუაღამის შვილების“ ეკრანიზაცია ინდოეთში ცენზურის გარეშე გამოვა


სალმან რუშდის რომანის „შუაღამის შვილების“ ეკრანიზაცია, რომელშიც ინდირა განდის პოლიტიკაა გაკრიტიკებული, ინდოელ ცენზორებს არ შეუკვეციათ და მწერლის სამშობლოში 2013 წლის დასაწყისში გამოვა ეკრანებზე, – ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა The Hollywood reporter–მა ფილმის რეჟისორის დიპა მეჰტას სიტყვებზე დაყრდნობით.



რეჟისორმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ ფილმმა ინდოელი ცენზორები გაიარა და მათ სურათიდან არცერთი კადრი არ ამოჭრეს. „სალმან რუშდი და მე აღფრთოვანებულები ვართ“ – დაწერა რეჟისორმა ტვიტერში საკუთარ გვერდზე.

ინდოეთში სიქჰების კულტურის მამაკაცური კონკურსი ჩატარდა

საერთაშორისო კონკურსის მისტერ სინგჰი „თურბანის სიამაყე“ ფინალისტებმა საკუთარი შესაძლებლობები აჩვენეს მაყურებელს ყოველწლიური კონკურსის გრანდიოზულ ფინალზე. წელს სიქჰების კულტურული ელჩის წოდებისთვის გამართულ კონკურსზე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა მონაწილეებს შორის. ამ წოდებისთვის სულ 26 ფინალისტი იბრძოდა სიქჰების წმინდა ქალაქ ამრისტასრში, ინდოეთი.

კონკურსს საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია სტერეოტიპების წინაარმდეგ ბრძოლა და სიქჰების კულტურისა და ტრადიციების განვითარება. წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა სიქჰები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, მავრიკიდან და ავსტრალიიდან. ფინალი ოთხ რაუნდად ჩატარდა და თითოეულ რაუნდში მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხეულის აგებულებაში, ტრადიციული სამოსით გამოსვლაში, სამეფო ტანისამოსის მოხდენაში და ნიჭიერებაში.



12.12.2012

რავი შანკარი გარდაიცვალა


კალიფორნიის ქალაქ სან–დიეგოში სახელოვანი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინდოელი მუსიკოსი რავი შანკარი გარდაიცვალა. სიტარისტი მაესტრო 92 წლის იყო...

მუსიკოსი სან–დიეგოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მისთვის ახალი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. თუმცა სააგენტოები იტყობინებიან, რომ 6 დეკემბერს მას უკვე ერთი ოპერაცია გაუკეთეს.  გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება, მაგრამ როგორც ნათესავები ამბობენ, ბოლო წლებში რავი შანკარს „ჯანმრთელობა დაუსუსტდა“.

რავი შაკარი დაიბადა 1920 წელს ინდოეთის ქალაქ ვარანასიში. 1950–იან წლებში მან ინდოეთის ფარგლებს გარეთაც დაიწყო გამოსვლები, 1969 წელს კი ვუდსტოკშიც უკრავდა. მუსიკოსი სამჯერ გახდა „გრემის“ პრემიის მფლობელი.

შანკარმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასავლელ მუსიკოსებზე, მათ შორის The Beatles–ზეც. სწორედ მან შეასწავლა ჯორჯ ჰარისონს სიტარაზე დაკვრა. გარდა ამისა, შანკარი ასევე გამოდიოდა კონცერტებზე ამერიკელ მევიოლინესთან იეჰუდა მენუხინთან ერთად.

რავი შანკარის ორი ქალიშვილი – ანუშკა შანკარი და ნორა ჯონსი ასევე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები არიან.

05.12.2012

ინდოეთმა ვიზებს შორის ორთვიანი ვადის გასვლის აუცილებლობა გააუქმა


ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ შეცვალა ინდოეთმა საკუთარი სავიზო წესები. წლის დასაწყისში შემოღებული იქნა შეზღუდვები ტურისტული ვიზების აღების თარიღებს შორის 60–დღიანი პერიოდის აუცილებელი გასვლის შესახებ. ეს წესები ამჯერად გააუქმეს.

წინა წესების თანახმად ორჯერადი ან მრავალჯერადი ტურისტული ვიზის  აღების შემთხვევაში ქვეყანაში ყოველი შესვლა უნდა მომხდარიყო წინა შესვლიდან არანაკლებ 2 თვის გასვლის შემდეგ. ერთი მოგზაურობის დროს მეზობელ ქვეყნებში გადასვლის შემთხვევაში, უკან ინდოეთში დასაბრუნებლად საჭირო იყო დამატებითი საკონსულო ნებართვის აღება – ამ შემთხვევაში ვიზაზე წითელი ბეჭედი ისმებოდა „2 months gap not required“. ამასთან აუცილებელი იყო მეზობელ სახელმწიფოში სამოგზაურო ბილეთების და ინდოეთში დასაბრუნებელი ბილეთების წარმოდგენა და ინდოეთში ყოფნის მარშრუტის აღნიშვნა.

ამჯერად კი, ინდოეთის სავიზო ცენტრის ინფორმაციით, ვიზებს შორის ორთვიანი პერიოდის გასვლის წესი გაუქმდა. ინდოეთის ხელისუფლება თვლის, რომ სავიზო წესების გამარტივება ხელს შეუწყობს ტურისტების უფრო მეტი რაოდენობის მოზიდვას და შესაბამისად, ქვეყნის ტურისტული სფეროს განვითარებას.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთს დროებით წევრობა შეუჩერა


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთს დროებით შეუჩერა ამ ორგანიზაციაში წევრობა. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ამ ქვეყნის სპორტსმენები აკრძალვის მოქმედების პერიოდში ვეღარ შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებშიც.

ინდოეთი დასაჯეს იმის გამო, რომ ინდოეთის ხელისუფლება შეეცადა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე, რომელიც ინდოეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდება 5 დეკემბერს. არჩევნები ჯერ კიდევ 25 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის გამო, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გადამეტებული ზეწოლით ახსნა.