გელით facebook–ზე

25.07.2011

ინდოეთში მოგზაურის სამახსოვრო

მრავალმა ტურისტმა დააგროვა შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც გვეუბნება, რომ ინდოეთში დაგემართებათ ყველაფერი ის, რაზეც ოცნებობდით და ისიც, რისაც ყველაზე მეტად გეშინოდათ. ამ ქვეყანაში ყველა მკრთალი ფერი სრულ შეფერილობას იძენს და ივსება – ეს სიკეთისა და ბოროტების ფერებია. თქვენ უნდა აირჩიოთ, ვის მხარეზე ხართ, რადგან სამყაროს და ადამიანს ამ ქვეყანაში თავის ჭეშმარიტ ფერებში დაინახავთ!

ამიტომ, „გამოცდილი“ ადამიანებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა: გიხაროდეთ სიცოცხლე, იყავით კეთილგანწყობილი გარშემომყოფთა მიმართ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რაც არ უნდა უჩვეულო რამ მოხდეს.

საქართველოდან გამგზავრების მარშრუტები

ყველაზე უკეთესი დრო ინდოეთის დასალაშქრად ოქტომბრის ბოლოდან აპრილის მოლომდე პერიოდია. დანარჩენ დროს მუსონური წვიმები მოდის და უამინდობა მოგზაურობას შეგიფერხებთ, გარდა ამისა, ჩვენს მშრალ ჰავას შეგუებულებს გაგიჭირდებათ ცხელი და ნესტიანი ამინდების ატანა.

ინტერნეტის ხანაში არც ისე რთულია გამგზავრების სასურველი მარშრუტების შერჩევა. უამრავი ტურისტული სააგენტოა, რომლებსაც ტურების შემოთავაზებაც შეუძლიათ და ბილეთების დაჯავშნა–შეძენაც. ტურისტული ტური გარკვეულ კომფორტს გულისხმობს, მაგრამ როცა უბრალოდ მეგობრებთან მიემგზავრები, ან საკუთარ თავზე გინდა გამოსცადო მოგზაურობის მთელი სიამოვნება, თავისი თავგადასავლებით, შესაძლებელია ფიქრი იმაზეც, ინდივიდუალურად შეიძინოთ ბილეთები და სამოგზაურო მარშრუტიც ინტერნეტის დახმარებით განსაზღვროთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია, იმხელა ქვეყანაში გამზავრების წინ, როგორიც ინდოეთია, წინასწარ იცოდე, სად მიდიხარ, რომელ ქალაქებში გინდა შესვლა და რის დათვალიერებას აპირებ. ცოტაოდენი ინგლისური და ყველაფრის საკუთარი ძალებით გაკეთებასაც შეძლებთ.

საქართველოდან ინდოეთში ჩასვლისთვის დაგჭირდებათ ვიზა, რომელსც გასცემს ინდოეთის საელჩო ერევანში, რადგან ჯერჯერობით თბილისში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. ვიზის აღება შეგიძლიათ პირადად ერევანში ჩასვლით და საელჩოში შესვლით (რისთვისაც ალბათ ჯობია საკონსულოს წინასწარ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით) ან ვიზის გაკეთება თქვენთვის შეუძლიათ ტურისტულ საგენტოებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამაში გარკვეულ საზღაურს იღებენ. ტურისტული ერთჯერადი ვიზა (1 კვირიდან 1 თვემდე ვადით) 50 აშშ დოლარამდე ღირს (მე 150 დოლარი დამიჯდა, რადგან ერევანში ჩასვლა დამეზარა).

რაც შეეხება ფრენებს ინდოეთში. ყველაზე კომფორტული „თურქეთის ავიახაზებია“ იმის შესაძლებლობით, რომ ორივე გზაზე თითო დღე შეგიძლიათ სტამბულის დასათვალიერებლად შემოიტოვოთ, რისთვისაც არც ვიზა გჭირდებათ, ხოლო 12 საათზე მეტი დროის შუალედში ავიაკომპანია კომფორტულ სასტუმროსაც შემოგტავაზებთ უფასოდ, თავისი ტრანსპორტირებით აეროპორტიდან ქალაქში (წინა წლებში ასე იყო, ასეთი შეღავათები ჯობია წინასწარ დააზუსტოთ ბილეთის შეძენისას). ამ მიმართულებით ინდოეთში გამგზავრება ორმხრივი ბილეთით (თბილისი–სტამბული–ინდოეთის აერიპორტი და უკან) 1500–მდე ლარი (ქართული ლარი) დაჯდება, შეიძლება ოდნავ მეტიც.

არის შესაძლებლობა, რომ ინდოეთში არაბული ქვეყნების გავლითაც მოხვდეთ, განსაკუთრებით დუბაის გავლით. დანაწევრებული ფრენა (არაერთიანი ბილეთით) შესაძლოა ბევრად ნაკლები დაჯდეს, მაგრამ კომფორტს უნდა დაემშვიდობოთ. ზუსტ მარშრუტებს ვერ შემოგთავაზებთ, რადგან არაფერი მსმენია ჩარტერულის გარდა რეგულარულს ფრენებზე.

ასევე ვარაუდის დონეზე გეტყვით, რომ შესაძლოა არსებობდეს ფრენა თეირანის გავლით, ირანში შესასვლელად ვიზა აღარ გვჭირდება. მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ინტერნეტში ვერ მოვიძიე ინფორმაცია.

ენები

როგორც ცნობილია, ინდოეთში უამრავი ენაა, მაგრამ ოფიციალური სახელმწიფო ენა, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება, მხოლოდ ორია: ჰინდი და ინგლისური. ინგლისურს ენას ქვეყანაში მეტნაკლებად ყველა ფლობს – რიქშადან და ქუჩის მოვაჭრიდან დაწყებული და უზარმაზარი ქარხნების, გაზეთებისა და გემების მფლობელებით დამთავრებული... დაბალი საფეხურის სოციალური კლასების წარმომადგენელთა ინგლისურს სამართლიანი იქნება, თუ ჰინდი–ინგლისურს ვუწოდებთ გამარტივებული გრამატიკისა და ადგილობივი ფონეტიკის გათვალისწინებით. ამიტომ საყოფაცხოვრებო დონეზე იმ ადამიანებს, ვინც ძალიან კარგად იცის ინგლისური, შეიძლება პრობლემები შეექმნას. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პროფესიონალი გიდისა და თარჯიმანისთვის მცირე ზომის ტაძრების მესვეურებს თანაგრძნობით უკითხავთ „ნო ინგლის?“... მათ კი, ვინც ინგლისურს დიდი ხნის წინ სწავლობდა ფანატიზმის გარეშე და ბევრი რამ არც ახსოვს, რიქშებთან და მოვაჭრეებთან ურთიერთობა პირიქით გაუადვილდებათ – ვაჭრობის დროს მათი ემოციური იერიში თქვენზე ნაკლებად იმოქმედებს. თქვენ კი, ჯესტების, მიმიკის, კალკულატორის და სიტყვების მინიმალური მარაგის გამოყენებით შესაძლოა გაცილებით უფრო დიდი ფასდაკლება დაიმსახუროთ.

ბილეთები და საბუთები

ისევე როგორც საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას, სასურველია, რომ თქვენი ბილეთების, ვიზების, დაზღვევის პასპორტების ქსეროასლები გაიყოლოთ და ბარგში სხვა ადგილას შეინახოთ, არა იმ ჩანთაში, სადაც ნამდვილ დოკუმენტებს ინახავთ. ავიაბილეთებს ჩასვლის პირველივე დღეს ნუ გადაყრით, რადგან შესაძლოა (და ალბათ ასეც იქნება) ისინი თქვენი უკან გამომგზავრების ბილეთებსაც შეიცავდნენ!

ფული და DUTY-FREE

ინდოეთის ეროვნული ვალუტაა – ინდური რუპია. ამჟამად (2011 წ. ივლისი) მოქმედი კურსია 44,4 რუპია 1 აშშ დოლარზე.
არ ინერვიულოთ, თუკი შემთხვევით გახვრეტილი კუპიურა შეგხვდებათ სადმე. ზოგჯერ მოხერხებულობისთვის ინდურ რუპიებს სტეპლერებით კრავენ. შემდგომში სტეპლერის სამაგრებს ხსნიან და ეს არავის არ აწუხებს. თუმცა რა თქმა უნდა უმჯობესია, თუ თქვენ ასე არ მოიქცევით. საკმაოდ მისაღებ კურსში შეიგიძლიათ გადაცვალოთ უცხოური ვალუტა ინდურ რუპიაზე აეროპორტებში განთავსებულ გადამცვლელ პუნქტებში, რისთვისაც დაგჭირდებათ პასპორტის წარდგენა. გირჩევთ, აუცილებლად, ყოველი გადაცვლის პროცესში იქვე ოპერატორის თანდასწრებით გადათვალოთ ინდური ფულის უზარმაზარი დასტა – ზოგჯერ შესაძლოა „შემთხვევით“ დააკლდეს თანხა! ქვეყნის მასშტაბით თანხის გადაცვლა შესაძლებელია სასტუმროებში, რაც ხშირად არც ისე მომგებიანია, ან ცალკეულ Thomas Сook–ებში. გირჩევთ, რომ ნებისმიერი თანხის გადაცვლის ქვითარი შეინახოთ მოგზაურობის დასრულებამდე, რადგან უკანა გზაზე ინდური რუპიის გადაცვლისას ეს ქვითრები შესაძლოა გამოგადგეთ. ეს აქტუალური თემაა, რადგან ინდური რუპიების ქვეყანაში შეტანა და გატანა აკრძალულია, ხოლო DUTY-FREE–ში რუპიებს ვერ დახარჯავთ, რადგან მხოლოდ კონვერტირებად ვალუტას იღებენ! გარდა ამისა, დელიში DUTY-FREE უფრო მოკრძალებულია, ვიდრე მუმბაიში, და საერთოდ დიდი ასორტიმენტით ინდური DUTY-FREE–ს მაღაზიები არ გამოირჩევა, თუმცა ალკოჰოლური სასმელის ყიდვა შესაძლებელია. კოსმეტიკა ძალიან კაშკაშაა და სპეციალურად ინდოელი ქალებისთვისაა. გირჩევთ, კარგი შავი ჩაი და სუვენირები იყიდოთ, თუკი ეს ბევრად იაფად ქვეყანაში მოგზაურობისას ვერ მოასწარით.

ეტიკეტი

ინდოეთში მისასალმებლად გამოიყენება, ძირითადად, სიტყვა „ნამასტე“, რომლის წარმოთქმისასაც ხელის გულები თქვენს მკერდთან ერთმანეთს უნდა მიადოთ თითებით ზემოთ და აუცილებლად უნდა გაიღიმოთ!!! თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მასპინძლები მუსულმანები არიან, შესაძლებელია „სალამ“–ის თქმაც, თუმცა ჯობია თავი შეიკავოთ, თუ ამაში არ ხართ დარწმუნებული. თუ „ნამასტე“ ვერ გაიხსენეთ, ასევე ყველა გაიგებს ინგლისურ სიტყვებს „გუდ დეი“ ან „გუდ მონინგ“ ან კიდევ რამე ისეთს, რაც სიტყვას „გუდ“ შეიცავს. იგივე ეხება ზრდილობის გამომხატველ სხვა სიტყვებს „სენქიუ“ – მადლობა, „ველკომ“ – არაფრის ან გეთაყვა საპასუხოდ, და „პლიიზ“ – როგორც თხოვნა, „ბაი“ – დამშვიდობებისას და ასე შემდეგ.

ნებისმიერ ტაძარში ან მასთან გათანაბრებულ ადგილებში შესვლისას მამაკაცებმა და ქალებმა აუცილებლად უნდა გაიხადონ ფეხსაცმელი (არ ინერვიულოთ, იქ სისუფთავეა – მზე და იატაკების რეგულარული წმენდა საკმარის დეზინფექციას უზრუნველყოფენ) და უნდა დაიფარონ თავსაბურავი – ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს როგორ ინდუისტურ „ტემპლში“ შესვლისას, ასევე ბუდისტურ „მონასტირ“–ში, სიქჰურ „გურდვარ“–ში და მუსულმანურ მეჩეთში „მოსკ“–ში შესვლისას. ქრისტიანულ ტაძრებში შესვლისას ფეხსაცმელის დახდა აუცილებელი არ არის, ხოლო ტავსაბურავს მხოლოდ ქალები იხურავენ. თუმცა ჩენაიში კათოლიკე ინდოელები წმ. ტომას ტაძარში შესვლისას ფეხსაცმელს მაინც იხდიან.

ტაძარში მიღებულია შესაწირის მირთმევა – ეს შეიძლება იყოს როგორც ყვავილები, ასევე ხილი და ფულიც (1 მონეტა საკმარისია). საპასუხოდ თქვენ დაგლოცავენ, შუბლზე ხალს დასასვამენ, ხელის გულზე ჯერ წყალს დაგისხამენ, შემდეგ კი ტკბილ კვერს „პრასადსაც“ გაგასინჯებენ. ხელის გულზე დასხმული წყალი შეგიძლიათ ტუჩებთან მიიტანოთ ახლოს, და შემდეგ თავზეგადაივლოთ. ეს არავის არ შეუწაცხყოფს და არც თქვენ გარისკავთ თქვენი კუჭნაწლავით. ტკბილეულს რაც შეეხება, მას როგორც წესი დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ზოჰი იქვე გადასანსლავს, ზოგი მეგობრებს აძლევს, ზოგიც კი ტაძრიდან გამოსვლისას იქვე მყოფ ფრინველებს ან ცხოვრელთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებს უნაწილებს.

დრო

ინდოეთში დროც ექსკლუზიურია – მთელი მსოფლიოსგან ინდოეთის დრო სრული საათებით კი არ განსხვავდება, არამედ ამ საათებს დამატებული ნახევარი საათი. მაგალითად ზაფხულში თბილისის დროსთან 2:30 საათია სხვაობა და ზამთარში 3:30.

აცრები

რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ოფიციალური ორგანოები ინდოეთის საზღვრის გადალახვისას არანაირ აცრებს თქვენგან არ მოითხოვენ. ხოლო თუ ჩვეულებრივ საღ გონებაზე იქნებით, თქვენი მოგზაურობა განსაკუთრებული თავგადასავლების გარეშე ჩაივლის თქვენივე ჯანმრთელობისთვის.

საღი გონება კი გირჩევთ:
სასარგებლოა, რომ ხილი და ხელები დაიბანოთ ჭამის წინ – საკმარისია ანტიბაქტერიალური საპნის გამოყენება;
თან იქონიეთ შეძლებისდაგვარად სველი ხელსახოცების პაკეტი და ხელსახოცები ხშირად გამოიყენეთ სახეზე, ხელებზე და დეხებზეც კი;
შეეცადეთ, რომ ქუჩაში არ დალიოთ ახალი დაწურული ხილის წვენი ან სხვა რაიმე სასმელი საერთო გამოყენების ჭურჭლიდან;
არ დალიოთ მომდინარე წყალი ქუჩაში ონკანებიდან ან ბუნებრივი წყაროებიდან (!!!). უვნებელი წყალი იყიდება პლასტმასის ბოთლებში და არ ღირს ძვირი, 1 ლიტრი დაახლოებით 0,5 დოლარი. ბოთლი აუცილებლად ქარხნულად უნდა იყოს დახუფული (შეამოწმეთ შეძენისას ადგილზევე). სასტუმროებში კბილების გახეხვისას ისევ ნაყიდი ბოთლის წყალი გამოიყენეთ. თუ მეგობრებთან იქნებით სახლში, როგორც წესი სამზარეულოში ფილტრები უყენიათ და გაფილტრული წყალი უსაფრთხოა.
ასევე ქუჩაში ჩაის მირთმევის სურვილის გაჩენის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ რა ჭურჭელში ამზადებენ (ჰიგიენურად რომ გამოიყურებოდეს) და ჩაი რაც შეიძლება ცხელი მიირთვით, ნუ გააგრილებთ.
გაზიანი სასმელი, კოკა–კოლა, ფანტა და ასე შემდეგ, საკმაოდ გემრიელია და ახალი ხილისგან დამზადებულის გემოს მოგაგონებთ ნაკლები გაზიანობით.


კერძები და სასმელები, წვენი და ჩაი

ინდური ეროვნული კერძები და სასმელები ერცერთ სხვა სამზარეულოს არ ჰგავს – ნებისმიერი კერძი ერთდროულად უნდა შეიცავდეს 5 განსხვავებულ გემოს: მარილიანს, მჟავეს, ცხარეს, ტკბილს და მწარეს. თავიდან ამასთან შეგუება თითქმის შეუძლებელია! თუკი ნებისმიერი კერძის შეკვეთისას დაგავიწყდებათ ჯადოსნური სიტყვების „ნოთ სპაისი“ (ცხარე სანელებლების გარეშე), მორთმეული კერძის გასინჯვისას დიდი შანსია, რომ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონად გადაიქცეთ. ინდური სამზარეულო ამასთანავე ვეგეტარიანულია, ხოლო ცოცხალი ბოსტნეული არც ისე პოპულარულია. სამაგიეროდ ყველი, სოკო, პარკოსნები, ბრინჯი, ფერადი კომბოსტო და ზოგიერთი სხვა ბოსტნეული უხვად გამოიყენება მრავალფეროვან კერძებში. საბედნიეროდ ევროპული (კონტინენტური), ტიბეტური და ჩინური სამზარეულოს კერძების ჩამონათვალი თითქმის ყველგანაა წარმოდგენილი მენიუში სხვა გვერდებზე და ევროპილი გემოვნებისთვის ჩვეულ ადამიანებს ცხოვრებას უადვილებს. მაგრამ მაინც უკეთესი იქნება, თუ ინდოეთში მოგზაურობის პერიოდში სიტყვებს „ნოთ სპაისი“ თქვენი ცხოვრების მთავარ დევიზად აქცევთ.

იგივე ეხება სასმელებსაც. ინდოეთში, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროში ორი სახის წვენებია: ფრეშ ჯუსი, ანუ ახლადდაწურული წვენი და უბრალოდ ჯუსი. წვენი ქაღალდის პაკეტებში აბსოლუტურად ნატურალური გემოსია და ფრეშს მოგაგონებთ. მაგრამ თუ ნამდვილი ცოცხალი ხილისგან დაწურული წვენის გასინჯვა მოგინდებათ, არ დაგავიწყდეთ რესტორანში ოფიციანტს სთხოვოთ, რომ წვენში მარილი არ ჩაყაროს, არ გააზავოს წყლით, არ დაამატოს შაქარი და ჭიქაში ლიმნის წვენი არ ჭაწუროს, ანუ „ნოთ სოლტ, ნოთ სპაისი, ნოთ ვოთა, ნოთ შუგა, ნოთ ლემონ – ონლი ჯუს!“. ეს ხუმრობა არ გეგონოთ. დანამატების გარეშე ცოცხალი ხილის წვენი სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ მომავალში ინდოეთზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოგონებები შეიძლება ოდნავ დამლაშებული და ცხარეც იყოს, ან ზედმეტად ტკბილი.

ეროვნული სასმელებიდან გირჩევთ გასინჯოტ „ლასი“ – სასიამოვნო სასმელია, მაწვნის მაგვარი, წყურვილს კლავს და გამოგაცოცხლებთ. სასმელი შეიძლება მარილიანი იყოს, ტკბილი ან ხილის. ბოლო ორი ვარიანტის შეკვეთას დილით აქვს აზრი, საღამოსაც და განსაკუთრებით დღის განმავლობაში!

კიდევ ერთ ეროვნულ გამაგრილებელ სასმელს „ჯალჯირას“, თუ ინდოლი არ ხართ, მაინც და მაინც ნუ შეუკვეთავთ – მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები გაზიან სასმელში მხოლოდ ადგილობრივ 1,2 მილიარდ მოსახლეობას ახალისებს.

ალკოჰოლური სასმელები ინდოეთში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, ასე რომ სუპერმარკეტებში არყის, ღვინის, ვისკის და სხვა სასმელის შესაძენად ტყუიულად დროს ნუ დახარჯავთ, დიდი ალბათობით ვერსად იპოვით. ღვინო, ძირითადად ადგილობრივი და არც ისე ცუდი სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება და მათი პოვნა არც ისე ადვილია, კაფე–ბარებსა და რესტორნებში კი მეტწილად ლუდის და ვისკის შეკვეთას შეძლებთ. ლუდი უზარმაზარი ინდოეთის თითქმის ყველა ქალაქში ერთიდა იგივე მწარმოებლისაა – „კინგფიშერის“ ერთი ხელის თითებით დასათვლელი რაოდენობის სახეობების ლუდი. სამაგიეროდ საკმაოდ კარგი გემოთი და ძირითადად 0,7 ლიტრიან შუშის ქილებში.

ტკბილეული მრავალფეროვანია, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე გემოებით, ყვალანაირი სანელებლებით, ამასთან მეტწილად ფაფის (შესქელებული წვენის) სუბსტანციის ფორმით ან მშრალად. ევროპული ან ქართველებისთვის ჩვეული ნამცხვრების მსგავსს ვერაფერს ნახავთ, კრემიანი ნამცხვრები თითქმის არ არსებობს. მშრალ ტკბილეულს კი ბურთულებისა და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვთ, შლადი, ფხვნადი სუბსტანციით და მოოქროვილი და მოვერცხლილი მინანქრითაც კი.

ინდური და ტიბეტური ჩაის განუმეორებელი გემოს შესახებ მითები სრულიად გამართლებულია! ჩაის წყლის ნაცვლად რძეზე ამზადებენ მეტწილად და ბევრ შაქარსაც ყრიან. თუ ასეთი გემო თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ არ დაგავიწყდეთ, რომ ოფიციანტს კიდევ რამდენიმე ჯადოსნური სიტყვა უთხრათ „ბლექ თი, ნოთ შუგარ“. თუ შემთხვევით პასპინძლებისადმი პატივისცემის გამოსახატად ან რაიმე სხვა მიზეზით „ინდური ჩაი“ მოითხოვეთ, იცოდეთ, რომ აუცილებლად რძიან, სანელებლებიან (მასალა) ჩაის მოგართმევენ და თქვენც ისღა დაგრჩებათ, რომ ღიმილით მადლობა გადაუხადოთ.

ტიბეტურ ჩაის კი, ისე ცნობისთვის, რომ იცოდეთ, რძესთან ერთად უმატებენ ცხიმს, მარილს, სანელებლებს და სხვა ინგრიდიენტებს, ასე რომ თქვენთვის მორთმეული ჩაი მსუყე კერძის მოვალეობასაც შეასრულებს. ასე რომ წინასწარი შეგონებების გახსენება არც ინდოეთის ტიბეტურ ნაწილში და ტიბეტურ რესტორნებში შესვლისას გაწყენთ.

მწვანე ჩაი მხოლოდ ჩინურ რესტორნებშია, ასე რომ თუ მის გარეშე ვერ ძლებთ, გირჩევთ ჩაის ეს სახეობა თან ატაროთ.

„ჩაის ფული“ (tip)

„ჩაის ფულის“ მიცემა ინდოეთში მიღებულია ყველგან – გსურთ თუ არა ეს! თანხა, ჩვეულებრივ 10–15 რუპიას შეადგენს მომსახერეობისთვის, ოფიციანტს ანგარიშის 5–10% ეკუთვნის, ხოლო თუ მომსახურეობა უკვე ასახულია ანგარიშში, მაშინ 10 რუპია საკმარისია.

ტუალეტი

ინდოეთში ტუალეტებსაც თავისი კოლორიტი აქვს – როგორც წესი, აეროპორტებში, 3* და ზემოთ სასტუმროებში და რესტორნებში განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ, მაგრამ მატარებლებში, ეროვნულ რესტორნებსა და ინდოელების ჩვეულებრივ ცხოვრებაში ქაღალდს, როგორც წესი უნიტაზთან ახლოს განთავსებული ონკანის წყალი ცვლის (ბოდიშს გიხდით ასეთი დეტალებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია). ყოველი შემთხვევისთვის, თუ თან გექნებათ ქაღალდის ხელსახოცები, პრობლემებისგან დაზღვეული იქნებით. ტუალეტები როგორც წესი უფასოა, მაგრამ რკინიგზის სადგურებსა და ავტოსადგურებში ფასი 0,5–დან 2 რუპიამდე შეიძლება მერყეობდეს.

გზებზე განთავსებულ კემპებსა და რესტორნებში თუ ტუალეტი რესტორნის შენობისგან ცალკე დგას, სავარაუდოდ შენობაში მომსახურე პერსონალი დაგხვდებათ, რომელიც შესვლილსას კარს გაგიღებთ, თავისუფალ კაბინას მიგითითებთ და მის კარსაც გაგიღებთ ღიმილით, საქმეების მოთავების შემდეგ ონკანებთან დაგელოდებათ და წყალსაც მოუშვებს ხელის დასაბანად და თხევად საპონზეც მიგითითებთ და მხოლოდ ხელის დაბანვის შემდეგ მოგცემთ ხელსახოცს ისევ ღიმილით და თავის ქნევით (ჩვენში რომ „არა“–ს ნიშნავს, დაახლოებით ასე). იდეაში ტუალეტი უფასოა, მაგრამ 1–2 რუპია რომ არ გაიმეტოთ ასეთი მომსახურებისთვის, მერწმუნეთ შემდგომი 5–10 წელი უძილო ღამეები გარანტირებული გაქვთ თქვენი გულცივობის გამო. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ იმდენად დავიბენი, რომ არც ხურდა გამხსენებია და მადლობაც ვერ ვუთხარი წესიერად, ღამის კოშმარები კი ჩემი „სიძუნწის“ გამო დღემდე მაწუხებს...

ტუალეტის თემაზე ასევე მინდა გითხრათ, რომ გზების ნაპირას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთ სურათსაც აუცილებლად ნახავთ – ინდოელი მამაკაცი დგას გზის პირას ზურგით გზასთან, მის ფეხბშუა კი წვიმა მოდის... დროის ასეთი გატარება აქ უზრდელობად არ ითვლება და უმჯობესია ამას ფილოსოფიურად შეხედოთ – ბუნებაა, რას იზამ!

ხელბარგი (მებარგული მაჰარაჯა)

როგორც წესი, სასტუმროებში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც თქვენი ხელბარგით გამოჩნდებით, მაშინვე გეახლებიან მომხმარეები დაჟინებული სურვილით, რომ სადმე მაინც მიიტანონ თქვენი ჩემოდნები. მათთვის მიღებულია თითო ადამიანზე 10 რუპიის მიცემა – და ყურადღებით იყავით, ფასი მანძილზე დამოკიდებული არ არის. მუმბაის აეროპორტში მისული, სანამ ტუკტუკის მძროლს ვეკამათებოდი, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე შეთანხმებულ 150 რუპიაზე კიდევ ზედმეტი 50 რუპია „გამოეძალა“, ჩემი ჩემოდანი სანახევროდ უკვე ხელში ეჭირა შეუმჩნევლად მოსულ ლამის 2 მეტრიან ულვაშებიან ბიძას რაჯასტანელი მომათაბარეების ტანისამოსში უზარმაზარი წითელი ტიურბანით თავზე. პირველად რომ შევხედე, მაჰარაჯა მეგონა, თეთრი ქათქათა ტანისამოსი, მაისური მუხლებამდე რომ წვდებოდა და ისეთივე ქათქათა შარვალი ეცვა, მაგრამ როგორც კი მძღოლს დავემუქრე, რომ პოლიციას დავუძახებდი, თუ 200 რუპიის კუპიურის მიცემის შემდეგ ჩემს 50 რუპიას არ დამიბრუნებდა და მანაც ხურდა დამიბრუნა, მთლიანად „მაჰარაჯას“ განკარგულებაში აღმოვჩნდი. ჩემი ჩემოდანი „უკვე ჩემი აღარ იყო“ და თავისი ხმელხმელი კიდურები მყარად ჩაებღუჯა. ღიმილით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩამიტარა, და როცა მკითხა სადაური ვიყავი და ვუპასუხე, ჩემდა გასაოცრად, მშვენივრად იცოდა სად არის საქართველო (იუროპიან ჯორჯია). აეროპორტს რამდენიმე შესასვლელი აქვს და აზრზე არ ვიყავი, საით უნდა წავსულიყავი, რომ რეისზე არ დამეგვიანებინა, „მაჰარაჯამ“ კი ჩემი ბარგით ურიკებისკენ გასწია. უფასო ურიკა გამოაგორა, ჩემოდანი ზედ დადო და გამოკითხვა გააგრძელა. აქამდე უკვე მოვილაპარაკეთ, რომ 10 რუპია სრულიად საკმარისია, რომ „თურქიშის“ შესასვლელამდე მიმიყვანოს. არმისული გეითამდე სხაპასხუპით განმიმარტა, რომ 4 შვილის მამა, და რომ ჩემს მიერ შეპირებული 10 რუპია არაფერს ნიშნავს, რადგან 1 ჭიქა ჩაიც კი 20 რუპია ღირს. ვეცადე შევკამათებოდი, რომ ფასებში ვერკვეოდი და რომ 10 რუპიად 2 ჭიქა ჩაის იყიდიდა, მაგრამ ურიკა უკვე მე გადმომაბარა და ხელგაწვდილი ჯიუტად ელოდა 20 რუპიას, მეც პატიოსნად არ მოვშორდი, სანამ ანაზღაურებას არ მივცემდი და მოგვიანებით დავაფიქსირე, რომ შესასვლელთან მდგარ ფორმიან ადამიანებს თვალში რომ არ მოხვედროდა, ბეტონის ძელებს ეფარებოდა. არ მინდოდა ინდოეთიდან წამოსვლის წინ მაჰარაჯას და მისი 4 შვილის წყევლა დამემსახურებინა, ამიტომ 20 რუპიაც მივეცი და მისი მადლობაც და კეთილი მგზავრობის სურვილიც დავიმსახურე, რის შემდეგაც შვებით ამოვისუნთქე (რომ კიდევ ერთი ცოდვა არ ჩავიდინე, ტუალეტის ამბავი გაიხსენეთ...).

ვაჭრობა

აუცილებლად შეევაჭრეთ! აღმოსავლეთში ხართ და ინდოეთზე მეტი და ჭეშმარიტი აღმოსავლეთი არ არსებობს :)

შევაჭრება არა მარტო მიღებული ფორმაა მოვაჭრესთან ურთიერთობის, არამედ უბრალოდ ვერ გაგიგებენ, თუკი შემოთავაზებულ ფასზე არ იტყვით „ვერი იქსპენსივ!“, გაკვირვებას არ გამოხატავთ და ფასის დაკლებას არ სთხოვთ. კარგია, თუ შემოთავაზებულ ფასზე 2–3–ჯერ მცირე თანხას შესთავაზებთ, თუკი ნივთი ნამდვილად მოგეწონათ. შევაჭერების პროცესს ნამეტანი სერიოზულად ნუ მოეკიდებით – ეს თამაშია, რომელსაც თავისი წესები აქვს და თქვენ მისი ნებაყოფლობითი მონაწილე ხართ! თუ თამაში მოგბეზრდათ, შეგიძლიათ ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადოთ და თამაში დაასრულოთ.

თუ ნივთს ნაკლი არ აქვს, ტყუილად ნუ გააკრიტიკებთ, ასეთ დროს უმჯობესია მოიმიზეზოთ, რომ შესაძლოა სხვა ადგილზე თქვენთვის უფრო მისაღები ფასი იყოს. შევაჭრება შესაძლებელია ყველგან და ყველასთან – მიუხედავად იმისა სად იმყოფებით, სოლიდურად გაფორმებულ სავაჭრო ცენტრში, სადაც საქონელს ფასები ადევს, თუ ღია ცის ქვეშ ბაზრობაზე. უბრალოდ შევაჭრება ინდოეთში გაცნობის ერთგვარი ფორმაცაა და უფრო მეტად დაგაფასებენ პირადად თქვენ, რაც უფრო ნაკლებ ფასში შეძლებთ თქვენთვის სასურველი ნივთის ყიდვას: „თქვენ ფულის ყადრი იცით, ესე იგი მშრომელი ადამიანი ხართ, შესაბამისად, პატივსაცემიც, ხოლო თუ არ შეევაჭრებით, ფულს ნაგავივით ჰყრით აქეთ–იქით, მაშინ თვით ღმერთებიც კი ეუბნებიან მოვაჭრეს, რომ რეალურ ფასზე მეტი მოითხოვოს თქვენგან.

ამიტომ შეევაჭრეთ! იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შემოთავაზებული ფასი გაწყობთ და იცოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ფასის 2–3 ჯერ დაკლებაა შესაძლებელი. თუ გამყიდველს საქონლის დაბალ ფასად გაყიდვა უღირს, უკვე მაღაზიიდან გასულს შემოგაბრუნებთ და თქვენს მიერ შემოთავაზებულ ფასზე დაგთანხმდებათ, და თუ თქვენს სიჯიუტეს არ დათმობთ, და სასურველ ნივთს ფასის გამო ვერ იყიდით, იცოდეთ, რომ ინდოეთი უზარმაზარია, და შესაძლოა უკეთესი ნივთი იყიდოთ უფრო დაბალ ფასში სხვაგან.

რიქშები

ინდოეთი ერთერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგან, სადაც რიქშები გზებზე არა მარტო გვხვდებიან, არამედ აქტიურ კონკურენციასაც უწევენ ტრანსპორტის დანარჩენ სახეობებსაც. ინდოეთში არსებობენ რიქშები, რომლებსაც თავისი ფეხით გადაჰყავთ მგზავრების ეტლები, ასევე არიან ველორიქშები და მოტორიქშები. პირველი სახეობის რიქშები თითქმის რარიტეტია იმ დროს, როცა დანარჩენი ორი სახის რიქშები აქტიურად ეპაექრებიან ჩვეულებრივ ტაქსის. საქმე არა მარტო მომსახურეობის ფასშია, არამედ მათი მანევრირების დონეშიც, რაც მათ ვიწრო და გადატვირთულ ქუჩებში ნებისმიერ ავტომობილზე სწრაფად გადაადგილებაში ეხმარება.

როცა 2007 წელს მუმბაიში ერთი დღით მორორიქშა დავიქირავე, რაშიც წინასწარ შევპირდი, რომ დაახლოებით 10 დოლარს გადავუხდიდი (საბოლოოდ 15–ის გადახდა მომიწია, რადგან თავისი ოჯახის ისეთი გულისდამთუთქავი ისტორია მომიყვა და ისეთი თვალებით მიყურებდა მას შემდეგ რაც მთელი დღე ერთად გავატარეთ და მის მიმართ იოტისოდენა პრეტენზიაც კი არ მქონდა, რომ არ შემეძლო, არ დამემატებინა თანხა), ფაქტიურად მთელი დღე გიდის როლსაც ასრულებდა, სადაც ვეტყოდი, იქით მივყავდი, და თუ არ ვიცოდი სად წავსულიყავი და რა მეკეთებინა, თვითონ მთავაზობდა დასათვალიერებელ ადგილებს, ძირითადად ოკეანის სანაპიროებზე. შესაძლოა ასეთი კარგი დამოკიდებულება იმითაც დავიმსახურე, რომ ჩემმა აგილობრივმა მეგობრებმა გამოიძახეს ეს ნაცნობი რიქშა ტელეფონით და ფაქტიურად ჩემი თავი „ჩააბარეს“. ხო და იმის თქმა მინდოდა, რომ როცა ქალაქში ღარიბულ უბნებში მიწევდა გავლა, სადაც ქუჩები ძალიან ვიწროა და ხალხითაა გადაჭედილი, ტუკტუკის მძღოლი ძალიან ოსტატურად ახერხება გავლას ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ჩემი აზრით ფეხით მოსიარულესაც კი გაუჭირდებოდა გავლა.

ზოგჯერ ველო ან მოტორიქშათი მგზავრობას თან ახლავს უფრო მეტი რყევა, სივიწროვე, მტვერი, ხმაური, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ტრასპორტის ამ სახეობის გამოყენებას აუცილებლად გირჩევთ, ეს ხომ ინდოეთია. თუ დანიშნულების ადგილის სავიზიტო ბარათი გაქვთ, რიქშას აუცილებლად აჩვენეთ, რაც ადგილამდე მისვლას გაგიმარტივებთ. ბევრმა რიქშამ ინგლისური არ იცის, მაგრამ 1–2 სიტყვა ინგლისურად და ჟესტების ენით ადვილად შეძლებთ გააგებინოთ რა გსურთ. მგზავრობის ფასი აუცილებლად შეათანხმეთ წინასწარ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო მოტორიანი ტრანსპორტის ყველა სახეობაზე მრიცხველები გამართულად მუშაობს. ქალაქში მგზავრობა 10–50 რუპია შეიძლება დაჯდეს, მაგრამ თავიდან შესაძლოა სულაც ზღაპრული ფასი დაგისახელონ, მაგრამ ნუ გაბრაზდებით ფულის შოვნის ასეთ სურვილზე! კიდევ ერთი ჯადოსნური ფრაზა I know price – „ვიცი რა ფასებიცაა აქ“ – დაგეხმარებათ იმაში, რომ დასახელებული ფასი რეალურს დაუახლოვდეს. თუ მოლაპარაკებები ჭიანურდება, უბრალოდ ხელი აწიეთ და უმალ გაჩნდება თქვენთან რამდენიმე სხვა რიქშა, რომელიც უფრო მისაღებ ფასს შემოგთავაზებენ. ასე რომ გამარჯვება ამ „თამაშში“ 100% გაქვთ გარანტირებული.

ღატაკები

ძალიან მწყდება გული, როდესაც წარმოდგენა ინდოეთზე ბევრი ადამიანის თვალში იმით ამოიწურება, რომ ეს სიღატაკისა და დაავადებების ქვეყანაა. ზოგჯერ ცოტა დაფიქრდებიან და დაამატებენ, რომ განგში განგში გარდაცვლილთაგვამები დატივტივებს, ხოლო ქუჩებში ძროხები დასეირნობენ და სასვეა იქაურობა მათხოვრებით... ამ დროს შეიძლება მოგინდეს ოფიციალური სტატისტიკის მოშველიება ინდოეთის ფარმაცევტული კომპანიების შესახებ, ინდოეთის იმ შეძლებულ მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა ოდენობა მთლიანად საფრანგეთის მოსახლეობაზე მეტია, შეიძლება ილაპარაკო კრემაციის რიტუალზე, რომელიც საერთოდ გამორიცხავს სადმე გვამების არსებობას და ა.შ.

მაგრამ, როგორც იტყვიან, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო...

ქუჩებში ძროხები მართლაც დასეირნობენ და მათოვრებიც ბლომადაა. ძროხები უბრალოდ სეირნობენ ან საჭმელს ეძებენ. ეს ძროხები ხშირად უპატრონოები არიან და კატებივით თავის ჭკუაზე დაბოდიალობენ... ზოგჯერ დაიღლებიან და შუა ქუჩაში წამოწვებიან, ხოლო ტრანსპორტის ყველა ცივილიზებული სახეობა ცდილობს მათ გვერდი აუაროს. ზოგჯერ შეიძლება დაუსიგნალონ კიდეც ძროხებს, მაგრამ ამ ცხოველისთვის ყველაფერი სულ ერთია – ისინი სრულიად აცნობიერებენ იმას, რომ წმინდა ცხოველები არიან!

ადამიანებთან მიმართებაში კი ყველაფერი ცოტა რთულადაა – ქუჩებში ინვალიდებიც მათხოვრობენ, ადგილობრივი ბოშებიც დადიან ცხოველებთან ერთად, არიან ასევე პილიგრიმებიც, რომლებიც წმინდა ადგილებისკენ მიემართებიან და ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც სადჰუ ჰქვიათ – განდეგილი ბერები, რომლებმაც უარი თქვეს მატერიალურ კეთილდღეობასა და სიამოვნებაზე.

ინვალიდები ყველგან არიან, ბოშები კი რომ სწორედ ინდოეთიდან გავიდნენ მთელ დანაღცენ მსოფლიოში ესეც ყველამ იცის. მართალია ახლა ევროპაში ბოშები დათვებთან ერთად წარმოდგენებს აღარ მართავენ და „ტოიოტებითაც“ დადიან, ხოლო ინდოეთში ისინი კვლავ ღატაკთა ფენას მიეკუთვნებიან და აქტიურად მათხოვრობენ კიდეც. ინდოეთში სიცივისა და შიმშილისგან არავინ კვდება, სხვანაირი ჰავაა და რელიგია საკვების გადაგდებას კრძალავს, ასე რომ ყველა რესტორანი არიგებს საკვების ნარჩენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტაძრებთან არსებულ უფასო სასადილოებზე. მისცემთ თუ არა ფულს მათხოვრებს – თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ერთს თუ მისცემთ, ყველა დანარჩენისთვისაც მოგიწევთ მიცემა, ასე რომ მოიმარაგეთ მონეტები! პატარებს ისიც ეყოფათ, სურათს თუ გადაუღებთ, ისინი ამით უკვე ბედნიერები იქნებიან, გაგიღიმებენ და უნიკალური სურათების გალერეაც დაგრჩებათ სამახსოვროდ. ეს წესები არ ვიცოდი, და როცა მუმბაიში ჩემმა ადგილობრივმა მეგობრებმა გამაფრთხილეს, დიდი ქველმოქმედება შუა ქუჩაში არ გამომეჩინა, ცოტა გამიკვირდა კიდეც, მაგრამ როცა მათი გაფრთხილება არ გავითვალისწინე და გადავწყვიტე 4–5 წლის გოგონასთვის მონეტა მიმეცა, უმალ შეიკრიბა მისი თანატოლი გოგო–ბიჭების ჯარი ჩემს გარშემო და აღარ ვიცოდი რა მექნა. მოგვიანებით, როცა ოსკაროსანი „ჯურღმულელი მილიონერი“ ვნახე, აღარაფერი გამკვირვებია...

პილიგრიმებიც ასევე ყველა ქვეყანაში პილიგრიმები არიან – მაგრამ სარწმუნოებისა და შესაძლებლობების მიხედვით წმინდა ადგილების მოლოცვაც სხვადასხვადგვარად ხდება. ზოგი ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებს იყენებს, ზოგი კი მთელ გზას, ზოგჯერ ათეულობით და ასეულობით კილომეტრს ფეხით გადის.

სადჰუები კი ინდოეთის გარდა სხვა ქვეყნებში ფაქტიურად არ არიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებმაც გარკვეული ეტაპი ოჯახში იცხოვრეს და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უფალს ლოცვით და განდეგილობით მიუახლოვდნენ. ასეთი ადამიანები ზოგჯერ საკუთარ გსავენებასაც აწყობენ, მეუღლე ოფიციალურად ქვრივად ჩაითვლება, ადამიანი კი მიდის ოჯახიდან ყოველგვარი სახსრების გარეშე მხოლოდ ჯოხით ხელში, რომ მარტოდმარტო იაროს გზებზე, რომლებიც მას აუცილებლად უზენაეს მიზნამდე მიიყვანენ. ასეთი ადამიანების გამოცნობა ბრბოში ძალიან ადვილია – როგორც წესი მათ სახეზე პატივსაცემი გამომეტყველება და ბრძნული გამოხედვა აქვთ, აცვიათ გაცვეთილი ნარინჯისფერი სამოსი, ხელში კვერთხი უკავიათ და გარემო მოვლენებზე დიდად არ რეაგირებენ. სძინავთ სადაც მოუხერხდებათ და ქველმოქმედებით საზრდოობენ. მაგრამ ძნელად მოგიბრუნდება ენა, რომ ასეთ ადამიანს მათხოვარი უწოდო...

სუვენირები

საიუველირო ნაწარმი – ეს რა თქმა უნდა ინდოეთში ნებისმიერი მოგზაურობის სავიზიტო ბარათია. ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით შემკული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი საიუველირო თემისგან ძალიან შორს მდგარ ადამიანსაც არ დატოვებს გულგრილს. მათი სილამაზე თვალს აგიჭრელებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ერთერთი მთავარი თემა – რომ უნდა შეევაჭროთ!

სხვადასხვანაირი ხალიჩები დამზადებულია სხვადასხვა მასალებისგან, ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთში. მთელს მსოფლიოშია ცნობილი ქაშმირის შალი და შარფები. ძალიან ლამაზია ასეცე სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობანიც, თეთრი ან ვარდისფერი მარმარილოს სუვენირები. სანდალის, ვარდის, წითელი და შაცი ხის ნაკეთობებიც ძალიან პოპულარულია და გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო ნივთების, ასევე სუვენირების დასამზადებლად.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

თქვენი ეკიპირება სრულად არის დამოკიდებული იმაზე, სად და როდის მიემგზავრებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ ნატურალურ ბამბის ნაწარმს, გაიყოლოთ მუქი მზის სათვალე და თან იქონიოთ თავსაბურავები – ქრისტიანულის გარდა ყველა ტაძარში შესასვლელად ფეხსაცმლის გახდა მოგიწევთ, ასევე აუცილებელია თავსაბურავიც (როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის), მოემზადეთ იმისთვის, რომ ფეხსაცმლის გახდა ხშირად მოგიწევთ, ხოლო ზონრებიანი ფეხსაცმელი ამ პროცესში დისკომფორტს შეგიქმნით.

ჰიმალაებსა და მცირე ტიბეტში მოგზაურობისას იგივე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაგჭირდებათ, რაც ჩვენს მაღალ მთაში მოგზაურობისას წელიწადის ამ დროს. „ბოტასები“ და სხვა სპორტული ფეხსაცმელი მთაში აუცილებელია! დმატებითი სითბოს მისაღებად ნებისმიერ ადგილობრიც მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ქაშმირის შარფი ან ჟაკეტი. თუ თქვენი მარშრუტი სამხრეთ ინდოეთზე გადის, თან წაირეთ ზაფხულის ისეთი ტანსაცმლის მინიმალური ოდენობა, რომელიც არ იჭმუჭნება. ასევე მსუბუქი სანდალები ან „შლოპანცები“.

თუ ჩრდილოეთ ინდოეთის დაბლობებში მოგზაურობთ, ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით მსუბუქ საზაფხულო ტანსაცმელთან ერთად საღამოებისთვის თან იქონიეთ ასევე გრძელსახელოებიანი ოდნავ თბილი ტანისამოსიც – ჯემპრი ან ქურთუკი ან ორივე ერთად. აპრილიდან ოქტომბრამდე ჩაფუთვნა საჭირო არ იქნება, თუ ამას იმისთვის არ გააკეთებთ, რომ არ გადახურდეთ სიცხისგან.

დანარჩენი კი, ბატონებო – ინდოეთში გამზავრებისას თან გაიყოლეთ ყველაფერი ის, რაც ძალაიინ გიყვართ და ვერ იცვამთ რაიმე მიზეზების გამო – ინდოეთში ყველაფერი ნებადართულია!
ქალებმა საექსკურსიო მოგზაურობებზე ჯობია თავი შეიკავონ გამჭვირვალე, ზედმეტად გულამოღებული ტანისამოსისგან. ასეთი ტანსაცმელი დასვენების დროს გამოგადგებათ., ხოლო ექსკურსიებზე ტაძრებში შესვლისას პრობლემებს შეგიქმნით ან უბრალოდ არ შეგიშვებენ. ისე, საერთოდ უმჯობესია, რომ თაკარა მზის ქვეშ თუ არ გაიშიშვლებთ სხეულის ნაწილებს, ამის გაკეთება პლაჟებზეც შეიძლება.

სამედიცინო კომპლექტი

მოუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მედიკამენტების ერთერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა, უმჯობესი იქნება თუ გარკვეულ სამედიცინო დანიშნულების ნივთებს ყოველი შემთხვევისთვის თან გაიყოლებთ:
* იოდი
* შესახვევი საშუალებები (მარლა)
* ლეიკოპლასტირი
* კუჭნაწლავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი საშუალებები
* გაციების პროფილაქტიკის საშუალებები
* მთებში მოგზაურობისას თავბრუსხვევის და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, ვისაც სჭირდება
* ანტიბიოტიკები
* ტკივილგამაყუჩებლები

* სიცხის დამწევი საშუალებები

სია შეგიძლიათ თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებების შესაბამისად გაზარდოთ კიდეც...

მე კი ჩემი მხრივ გისურვებთ, რომ ამ ჩანთაში, სადაც მედიკამენტები გიწყვიათ, მხოლოდ ერთხელ ჩაიხედოთ, როცა ინდოეთიდან დაბრუნდებით და ჩემოდნების ამოლაგებას დაიწყებთ!

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

ამ თემაზე: 

10 комментариев:

Ano комментирует...

Gamarjoba,
shegidzlia mitxra romel turistul kompaniashi sheidzleba indoetis vizis gaketeba?

madloba!

soso khachidze комментирует...

კი, ტურისტული კომპანიები ვიზების მომსახურებასაც უწევენ კლიენტებს, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთი ვიზა 2–3–ჯერ ან უფრო მეტად ძვირი დაგიჯდება, ვიდრე ერევანში აღებული. სამწუხაროდ ჯერჯერობით თბილისში საელჩო არ გაქვს, საერთო საელჩოა ჩვენთვის და სომხეთისთვის და მდებარეობს ერევანში.

კონკრეტულად რომელი ტურისტული კომპანიები აკეთებენ, ამას ვერ გეტყვი. როცა მე დამჭირდა, ბილეთებიც და ვიზაც "ლევონ თრეველმა" გამიკეთა უპრობლემოდ.

მოკლედ არჩევანი ასეთია, ან ტურისტული კომპანია გიმზადებს და სახლიდან გაუსვლელად იხდი ძვირს, ან მიდიხარ ერევანში და იღებ ადგილზე. ერევანში წასვლის შემთხვევაში ჯობია საელჩოს წინასწარ შეუთანხმდე... უახლოეს მომავალში სხვა გამოსავალი არ არის, სანამ საელჩო ან საკონსულო აქ არ გაიხსნება...

Анонимный комментирует...

gamarjoba
dzalian momwons tqveni blogi
me maqvs shansi wavide indoetshi ori kvirit, saswavleblad, xom ver metvit rogori xalxia indoelebi? ras cemen pativs da ra ar mowont? dznelia mattan urtiertoba da ra etiketi aqvt,, saertod mainteresebs yvelaperi rom wasvlis shemtxvevashi gavitvaliswino :) didi madloba winaswar

soso khachidze комментирует...

მადლობა გამოხმაურებისთვის!
ძალიან კარგია, თუ სასწავლებლად გიწევს წასვლა, ახალი ქვეყანა და ახალი გამოცდილება ყოველთვის სასარგებლოა :))
ინდოელებს რაც შეეხება, ეს ბლოგი სწორედ მათ ეძღვნება, 4–5 წელია ამ ბლოგზე ვწერ რაც ვიცი, რაც გამიგია, რაც მინახავს იმ მცირე ხნის მანძილზე, რაც იქ დავყავი და ყველა შენს კითხვაზე კონკრეტული პასუხები შეგიძლია აქ იპოვო, პრინციპში ეს ბლოგი სხვას არც არაფერს ემსახურება და ვფიქრობ საკმაო ინფორმაციაა ბლოგში, რაც გაინტერესებს. შეგიძლია სიტყვებით მოძებნო საჭირო ინფორმაცია ან უბრალოდ სათაურებს გადახედო ჩამონათვალში...

Анонимный комментирует...

UKACRAVAD XOM VER METYVIT RAJDEBA TBILISIDAN GAMGZAVREBA TURISTULIT INDOETSHI DA EREVNIDAN?

soso khachidze комментирует...

კითხვა ვერ გავიგე... ტურისტული ვიზით გამგზავრება შეიძლება როგორც ტურის შემადგენლობაში, ასევე ინდივიდუალურად. ტურისტულ სააგენტოებს სხვადასხვა ფასი აქვთ და ამ ფასში შედის როგორც მგზავრობა, ასევე იქ ცხოვრება, ექსკურსიები და ყველაფერი. ინდივიდუალურად კი თვითონ მოგიწევთ საკუთარ ტავზე იზრუნოთ. ბილეთის ფასი ყატარის ავიახაზებით ამჟამად ფასდაკლების პირობებში 1300 ლარამდე ჯდება 2 გზა თბილისიდან. ერევანში რა ხდება, არ ვიცი.

Ani комментирует...

ეს ბლოგი ახლა აღმოვაჩინე და აღფრთოვანებული ვარ! ძალიან მინდა ინდოეთში გამგზავრება და ინფორმაციას ვაგროვებ. უღრმესი მადლობა ასეთი ბლოგის შექმნისთვის!

Анонимный комментирует...

გამარჯობათ,

მეც მაინტერესებს, ინდოეთში შეიძლება მომიწიოს წასვლა და მეუბნებიან შეიძლება რამე დაავადება აიკიდოო:):) მართალია?

soso khachidze комментирует...

როგორ გითხრათ აბა, თქვენს იმუნიტეტზეა დამოკიდებული, ზოგადად კი აქ ბევრი რამ წერია და სხვა პოსტებშიც, შეგიძლიათ დაათვალიეროთ...

Unknown комментирует...

ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი და მომინდა ინდოეთის დათვალიერება 🙂 ხომ ვერ მეტყვით რა საბუთები მჭირდება? მადლიბა წინასწარ