უძველეს ქალაქ ტანჟავურის თავზე ამაყად აღმართულა ბრაჰადისვარას დიდებული ტაძარი, ამ ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა (ეს ის ტაძარია, იუსენკოს დაცული ობიექტების სიაში რომ არის შეტანილი). ტაძარი 1003–1010 წლებში აშენდა მეფე რაჯარაჯის ბრძანებით, რომელიღაც ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად. ეს შივას ტაძარია. უფრო სწორად ტაძრების კომპლექსი, რომელიც რამდენიმე ტაძარს აერთიანებს. დაგეგმარებით კვადრატის ფორმისაა, და გარშემორტყმულია ორი მძლავრი კედლით. ყველაფერი გრანიტის ბლოკებითაა ნაგები, ნაწილობრივ აგურითაც და მორთულია ნატიფი სკულპტურებით. მთავარი ტაძარი 13 იარუსიანი პირამიდისებრი კოშკითაა დაგვირგვინებული, რომლის სიმაღლეც 61 მეტრია მონოლითური გუმბათით თავზე. გადმოცემების მიხედვით, მისი აგების მომენტში კოშკი, რა თქმა უნდა, ცას სწვდებოდა! საინტერესოა, რომ კოშკი იმგვარადაა აგებული, რომ შუადღისას ჩრდილს არ აჩენს წელიწადის ნებისმიერ დროს. ბრაჰადისვარას ტაძარი სამართლიანადაა მიჩნეული ერთერთ ყველაზე მაღალ ტაძრად ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ სხვა ადგილებში მდებარე ტაძრებისგან განსხვავებით ბრაჰადისვარა არ არის შეღებილი სხვადასხვა ფერებში, და თითქოს ასეც იყო თავიდანვე გათვლილი, თუმცა ამისი მტკიცება დღესდღეობით რთულია. რაც უდავოა – ეს ადგილი მართლაც წმინდა ადგილია.





შინ უკვე გვიან ვბრუნდებოდით. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ ბაზარი იყო, სადაც ცალკეული ჯიხურები გვიანობამდე იყო ღია. იქვე იყიდებოდა ანანასები 15 რუპიად (40 რუპია – ერთი დოლარი), რაც ვფიქრობ, რომ უცხოელი ტურისტებისთვის სპეციალურად გაზრდილი ფასი იყო. ბანანები ფანტასტიურად არომატული და ტკბილი იყო!!! კარგი იყო... მეორე დილით ახალ გზას უნდა გავდგომოდით...
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ცისკენ მიმავალ გზაზე: რიშიკეშიდან ჰიმალაებში
* ტირუვანამალაის ტაძარში
* კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა
* მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
* ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში
1 комментарий:
ძალიან ლამაზი ადგილია!
Отправить комментарий