გელით facebook–ზე

06.05.2009

სიქჰიზმი


სიქჰიზმის ისტორია


სიქჰიზმი ინდოეთის ერთერთი ეროვნული რელიგიათაგანია. მისი სახელწოდება წარმოსდგება სანსკრიტული სიტყვა „შიშია“–სგან (მოწაფე). ეროვნული კუთვნილების მიხედვით თითქმის ყველა სიქჰი ფენჯაბელია და ისინი საკმაოდ კომპაქტურ ეთნოკონფესიონალურ საზოგადოებას ქმნიან. სიქჰები ძირითადად ფენჯაბსა და ხარიანას შტატებში ცხოვრობენ, უმნიშვნელო ნაწილი კი სხვა შტატებშიც არიან. თანამედროვე ინდოეთში სიქჰები მთელი მოსახლეობის 1,9%–ს შეადგენენ (მათი რაოდენობა მეტია, ვიდრე ბუდისტებისა და ჯაინებისა, მაგრამ უფრო მცირეა, ვიდრე ინდუსების, მუსლიმების და ქრისტიანების).

სიქჰიზმი ინდოეთში XV საუკუნეში ჩამოყალიბდა, როცა ქვეყანა ორი რელიგიური ტრადიციის – ინდუისტური და მუსულმანური ტრადიციების შეხვედრის ადგილად იქცა. სიქჰიზმის დამაარსებელი იყო გურუ ნანაკი (1469–1539). მისი ცხოვრების შესახებ ბევრი სარწმუნო წყარო არ შემორჩენილა და რაც შემორჩა, ისიც ლეგენდების კორიანტელში იძირება. ცნობილია, რომ ის მცირე მოვაჭრის ოჯახში დაიბადა ქარტების კასტიდან და მას დიდი სულიერი მოძღვრის სახელი უწინასწარმეტყველეს.

საუკუნის მეოთხედის მანძილზე გურუ ნანაკი ქვეყანაზე დადიოდა და თავის ქადაგებებში ჰიმნებს უძღვნიდა ღმერთს, რომელთა მთავარი თემა ღვთის წინაშე ადამიანების თანასწორობა იყო. ლეგენდების მიხედვით მას მუსულმანი მუსიკოსი და ინდუსი მწერალი ახლდნენ თან, რომელიც მასწავლებლის ჰიმნებს იწერდა. სიცოცხლის ბოლო წლები ნანაკმა კარტაპურში გაატარა და იქ ჩამოყალიბდა სწორედ სიქჰების პირველი თემიც და იქვე ჩაეყარა საფუძველი სიქჰების რელიგიურ–ფილოსოფიურ დოქტრინას. ძირითად დებულებებს სიქჰიზმი ინდუიზმს და ისლამს დაესესხა. ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე სიქჰიზმი ახლოს იდგა ბჰაქტისთან და სუფიზმთან. მასში თავიდანვე გაიმყარა საფუძველი მონოთეიზმმა და ინდო–მუსულმანური ერთობის პრინციპებმა, რაც დაკავშირებული იყო ინდუსებისა და მუსულმანების ერთობის შემეცნებასთან. სიქჰებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო სუფისტურ ორდენებთან.

ინდუიზმის მხრიდან სიქჰების გურუებზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს ბჰაქტების იდეებმა, მათ შორის რამანუჯის (მე–11 ს.), ნიმბარკის (მე–12 ს.), მადვის (მე–13 ს.), ჩაიტანის (მე–15 ს.) ვალაბჰის (მე–16 ს.) და სხვების იდეებმა. სწორედ ისინი აძლევდნენ ტონს შუა საუკუნეების ინდოეთის სასულიერო ცხოვრებას, ქადაგებდნენ პირადი ღმერთისადმი ერთგულებას და მასთან უშუალო ემოციურ კავშირს, როგორც ღვთის შეცნების და გადარჩენის ძირითად საშუალებას, რაც ინდივიდუალური სულის ღმერთთან შერწყმის გარანტიას იძლეოდა.

სიქჰიზმი სულისა და რეინკარნაციების შესახებ

ადამიანი ცხოვრებას ცარიელი ადგილიდან არ იწყებს – ის უკვე არსებობდა თავის დაბადებამდე. მისი წარსული ცხოვრება, ოჯახი, სადაც დაიბადა და მისი ხალხი განსაზღვრავს მის ინდუვიდუალობას. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მას ეძლევა საკუთარი ნება და თვითონ ატარებს პასუხისმგებლობას თავისი ქმედებების გამო. თავისი ნებით მას შეუძლია ხასიათის შეცვლა და თავისივე წარსულის ნეიტრალიზაცია. უფალი გვაძლევს ყველას ძალებსა და ენერგიას, მაგრამ არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ჩვენში უკიდეგანო სიღრმეა და ჩვენ თვითონ შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი ცოდვები და უმეცრება. საკუთარი „მეს“ შეგრძნება – ეს შემეცნების ყველაზე დაბალი დონეა, რომელიც ცხოველებსაც კი ახასიათებს. ჩვენი შემეცნების გაფართოებით ჩვენ შეგვიძლია სხვებიც ჩვენივე ნაწილად აღვიქვათ. ჩვენ ვმაღლდებით ჩვენი „მეს“ დონიდან ჩვენს ოჯახამდე, შემდეგ საზოგადოებამდე, შემდეგ ბუნებისა და შემდეგ უფლის დონემდე. სიქჰები არც განდეგილები არიან და არც მატერიალისტები, ისინი შუალედურ გზას ირჩევენ.

სიქჰების სახელმწიფო


1716 – 1799 წლებში სიქჰებს საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ – სიქჰების კონფედერაცია, ცენტრები კი ამრიტსარსა და ლახორში იყო განლაგებული. სახელმწიფო იყოფოდა მისალიებად, რომელთა რაოდენობა 12–ს აღწევდა. 1799 წელს სიქჰების ლიდერმა რაჯიტ სინგჰმა დანაწევრებული მისალიები გააერთიანა და შექმნა იმპერია, რომელიც 1849 წელს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა გაანადგურეს ინგლისელებისა და სიქჰების ომის შედეგად.

1947 წელს ყოფილი ბრიტანული იმპერიის ინდოეთად და პაკისტანად დაყოფის შედეგად წარმოიქმნა კონფლიქტები მუსულმანებსა და სიქჰებს შორის, რომლებმაც გამოიწვია სიმეტრიული ეთნიკური წმენდა სიქჰებისა დასავლეთ ფენჯაბში და მუსულმანებისა აღმოსავლეთში. უთანხმოებები სიქჰებსა და ინდუსებს შორის კი 1970–იანი წლებიდან იწყება. სიქჰები ინდუისტურ საზოგადოებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, ხოლო პრემიერ–მინისტრ ინდირა განდის – დიქტატურაში. ფენჯაბში გამოჩნდნენ სეპარატისტები, რომლებიც სიქჰების დამოუკიდებელი სახელმწიფო ხალისტანის შექმნას მოითხოვდნენ. ინდირა განდის მიერ 1984 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩაეტარებინა წმენდა სიქჰების წმინდა „ოქროს ტაძარში“ ქალაქ ამრიტსარში საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ პრემიერ–მინისტრი მისივე დაცვის სიქჰმა თანამშრომლებმა მოკლეს. ამის შედეგად სიქჰების წინააღმდეგ რამდენიმე დარბევა მოხდა მთელი ინდოეთის ტერიტორიაზე და ათასობით სიქჰის სიცოცხლე შეიწირა.

ამჟამად სიქჰები ინდოეთში წარმოდგენილნი არიან მთელი რიგი პოლიტიკოსებით, კერძოდ კი პრემიერ–მინისტრი მანმოჰან სინგჰიც სიქჰია. არმიაში სიქჰებს თანამდებობების 20% უკავიათ იმ დროს, როცა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 2%–ზე ნაკლებს შეადგენენ რაოდენობრივად.

აკალი

სიქჰებს ჰყავთ ტრადიციული სამხედრო ორდენი აკალი (ნიჰანგი), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიქჰიზმის ადრეულ ისტორიაში და რომელიც სიქჰებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ამჟამად ეს ორდენი ძირითადად ცერემონიალურ როლს ასრულებს.


სხვა სტატიები ინდოეთის რელიგიების შესახებ:

* ინდუიზმი

Комментариев нет: