გელით facebook–ზე

27.06.2009

ინდური კასტები – ვარნებიდან კასტებამდე

ერთმა ადამიანმა მკითხა, რა ვიცოდი ინდური კასტების შესახებ და ამ შეკითხვამ მიბიძგა, რომ დამეწერა ამ ქვეყანაში არსებული კასტობრივი სისტემის შესახებ. თემა მეტისმეტად დიდი და რთულია და გასაგებია, რომ მოკლედ ამ ყველაფერს ამომწურავად ვერ აღწერ, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანს გარკვეული წარმოდგენა მაინც ჰქონდეს რაზეა საუბარი, ალბათ ეს სტატია დაეხმარება ამაში. გარდა ამისა, ერთია, როცა კითხულობ, და სულ სხვაა, როდესაც ამ სისტემას საკუთარი თვალით იხილავ, როდესაც თვითონ მოგიწევს „შეჯახება“ იმასთან, რასაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა ჰქვია. ინდოეთში ჩასული ადამიანისთვის ეს ერთერთი პირველი მიზეზთაგანია „კულტურული შოკისა“, თუმცა როცა ამ ქვეყანაში გარკვეულ პერიოდს დაჰყოფ, ნელნელა ეჩვევი ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში და გგონია, რომ სხვანაირად ვერც იქნება. თუმცა ეს თვითონ დრომაც დაამტკიცა ათასწლეულების გასვლის შემდეგ, რომ სისტემა მყარია და ჯერჯერობით მის მდგრადობას რაიმე მნიშვნელოვანი რყევები არ ემუქრება. თუმცა, რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

ვარნები – კასტების წინამორბედები

ინდური საზოგადოება ტრადიციულად კასტების სისტემაზე იყო აგებული, თუმცა ინდოეთის მიმართ ტერმინი „კასტა“ არაკორექტულია, რადგან ის ლათინური სიტყვიდან წარმოდგება.

ინდოეთში 4 ვარნა (varna) არსებობს, რომლებიც თავის მხრივ ჯატებად იყოფა (jati - პროფესიული ჯგუფები), და სწორედ ამ ინდურ ჯატებს უწოდებენ კასტებს.

ვარნების სისტემა ჯერ კიდევ უძველეს ინდოეთში ჩამოყალიბდა. თვითონ ეს სიტყვა სანსკრიტზე ფერს, გარეგნულ იერსახეს ან თვისებებს აღნიშნავს. ოთხი ვარნა – „ჩატურხვარნა“ პირველად რიგვედაში მოიხსენიება, რომელშიც აღნიშნულია:

„როდესაც პურუშა (ღვთაებრივი ადამიანი) დაანაწევრეს... მისი პირი ბრაჰმანი (სასულიერო პირები) გახდა, მისი ხელები რაჯანიებად (ქშატრიებად – მეომრები) იქცნენ, მისი თეძოები – ვაიშიებად (ვაჭრები, მესაქონლეები და მიწათმოქმედები), ხოლო მისი ფეხებიდან შუდრა (მოსამსახურეები და შავი მუშები) დაიბადა“.

უძველესი ინდოეთის ვარნების სისტემა ამით შემოიფარგლებოდა. ყველა დანარჩენი, ვინც ვერ შევიდა ვარნების (კასტურ) სისტემაში – უცხოელები, ისინი, ვინც ვედურ ფასეულობებს არ სცნობდა, ცოდვებისთვის თავიანთი ვარნებიდან გაძევებულნი – კასტის გარეშე ადამიანებად – მლეჩხებად ითვლებოდნენ.

თავდაპირველად ვარნებად ადამიანების დაყოფა ადამიანის თანდაყოლილი განწყობებისა და თვისებების მიხედვით, მისთვის დამახასიათებელი სოციალური მახასიათებლების მიხედვით ხდებოდა. ასე მაგალითად, ითვლებოდა, რომ ბრაჰმანების ვარნის ადამიანების შვილები სამყაროს შეცნობისკენ არიან განწყობილნი, მათ ახასიათებთ სხვების სწავლების შესაძლებლობები, გონებრივი განსჯა და ჭვრეტა, ამიტომ მათთვის ყველაზე შესაფერისი პროფესიებია ქურუმების ფუნქციების შესრულება, დამწერლობის სწავლება, დაავადებების განკურნება და წმინდა ტექსტების დეკლარირება.

ქშატრიების ვარნის ადამიანების შვილებს რაჯასის მაღალი ხარისხი გააჩნიათ, ისინი ბუნებით მებრძოლნი და ძალიან ენერგიულნი არიან, ვაიშიებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო მშვიდობიანი და გულდასმითი საქმიანობისკენ არიან განწყობილნი, ხოლო შუდრებს არანაირი განსაკუთრებული ნიჭი და გონებრივი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, და ისინი იბადენიან იმისთვის, რომ პირველი სამი კასტის ადამიანებს ემსახურონ და შეასრულონ წესი – იმუშაონ არა ფულისთვის, არამედ პატიოსნებისთვის.

პირველ სამ ვარნას „დვიჯდები“ ეწოდებოდა – ანუ ორჯერშობილნი, რადგან მათ უფლება ჰქონდათ მეორე – „სულიერი“ დაბადებისთვის ინიციაციის პერიოდში და უპაიანას უფლება – წმინდა ბაწრის შებმის. მეორედ დაბადების შემდეგ ბიჭს უფლება ჰქონდა მოესმინა და წაეკითხა ვედები, რისი უფლებას შუდრებს არ გააჩნდათ.

კასტების ძირითადი მახასიათებლები

კასტების ძირითად მახასიათებლებად ითვლება ენდოგამია (ქორწინება მხოლოდ კასტის წარმომადგენლებს შორის); მემკვიდრეობითობა (თანდაყოლილი კუთვნილება კასტისადმი და სხვა კასტაში გადასვლის პრაქტიკული შეუძლებლობა); სხვა კასტის წარმომადგენლებთან ერთად საკვების მიღების და მათთან ფიზიკური კონტაქტის აკრძალვა; მთელი საზოგადოების იერარქიულ წყობაში თითოეული კასტისთვის თავისი კუთვნილი ადგილის აღიარება, პროფესიების ათვისების შეზღუდვა, შიდა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში კასტების ავტონომიურობა.

კასტების მდგრადობა

ინდოეთის მთელი ისტორიის მანძილზე კასტურმა სისტემამ ცვლილებების მიმართ საოცარი მდგრადობა გამოავლინა. ბუდიზმის აყვავებამაც და იმპერატორ აშოკას მიერ (269–232 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამაც კი ვერ შეცვალეს ეს მემკვიდრეობითი ჯგუფები. ინუდიზმისგან განსხვავებით ბუდიზმი, როგორც დოქტრინა, არ ამკვიდრებს კასტურ დაყოფას, მაგრამ ამავე დროს კასტური განსხვავებების სრულ ამოძირკვაზეც არ ზრუნავს.

ბუდიზმის დაცემისა და ინდუიზმის აყვავების პერიოდში, ოთხი ვარნის მარტივი სისტემისგან ურთულესი, მრავალფენოვანი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელმაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფების თანმიმდევრობის და ურთიერთობის მკაცრი წესი შექმნა. ამ პროცესის განმავლობაში თითოეულმა ვარნამ მრავალი დამოუკიდებელი ენდოგამური კასტის ჩარჩოები შექმნა (ჯატი). ვერც მუსულმანთა შემოსევამ, რაც მოგოლთა იმპერიის ჩამოყალიბებით დასრულდა, და ვერც ბრიტანულმა ბატონობამ საზოგადოების კასტური ორგანიზების ფუნდამენტური საფუძვლები ოდნავადაც ვერ შეარყია.


კასტები თანამედროვე ინდოეთში

დღესდღეობით ინდოეთის კონსტიტუცია არ ჰყოფს ადამიანებს კასტების მიხედვით, გარდა ამისა, მაჰათმა განდიმ დიდი ძალიხმევა გაიღო, რომ კასტის გარეშე დარჩენილი ინდოელების (ინდუსების – რადგან სიქჰებს და ჯაინებს დაყოფის საკუთარი სისმეტები აქვთ) და კასტური სისტემის ყველაზე დაბალ საფეხურზე არსებული ადამიანების – „მიუკარებლების“, ანუ შუდრების აღიარებისთვის და მათ „ჰარიჯანები“ ანუ ღვთის შვილები უწოდეს. ოფიციალურად, კასტების მიხედვით ადამიანების დისკრიმინაცია ინდოეთში აკრძალულია. რეალობაში კი კასტური სისტემაც არსებობს და დისკრიმინაციაც. კასტური სისტემის შესუსტების მცდელობებმა ერთადერთი რასაც მიაღწია, არის ის, რომ მოსახლეობის აღწერის გრაფიდან, რომელიც ათ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამოიღეს კასტისადმი კუთვნილების გრაფა. სულ ბოლოს, ასეთი აღწერის ჩატარების შედეგად 1931 წელს დადგენილი იყო 3000–მდე კასტა. მაგრამ ეს რაოდენობა არანაირად არ შეიცავს ადგილობრივ კასტებს და ქვეკასტებს, რომლებიც დამოუკიდებელი სოციალური ჯგუფების სახით ფუნქციონირებენ.


გავრცელებულია აზრი, რომ თანამედროვე ინდოეთში კასტებმა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგეს, მაგრამ მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. ის პოზიცია, რომელიც ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა და მთავრობამ დაიკავეს მაჰათმა განდის გარდაცვალების შემდეგ, მთელი რიგი წინააღმდეგობებით გამოირჩევა. გარდა ამისა, საარჩევნო უფლებამ და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ელექტორატის მხრიდან მხარდაჭერის მიღების მოთხოვნილებამ ახალი მნიშვნელობა შესძინეს კასტების შიდა მდგრადობას.





სხვა სტატიები ანალოგიურ თემებზე:
*
სიქჰიზმი
* ინდუიზმი
* ოშო რაჯანიში წიგნიდან „ინდოეთი – ჩემი სიყვარული“

6 комментариев:

Анонимный комментирует...

ცოტა შოკისმომგვრელია, მაგრამ ძალიან საინტერესო სოციალური წყობა აქვთ მართლაც. თან ყველაზე უფრო ის მაოცებს რო მ აქამდეც კი მოაღწია თურმე ამ კასტურმა დაყოფამ.
ახლა თავში ერთი აზრი მიტრიალებს, ნეტა ეს ჩემი საყვარელი მსახიობები, რომელი კასტიდანაა???:))
ხო მაგარი იქნება უცებ აიშვარიამ რომ განუცხადოს ვინმეს, უკაცრავად შენ მიუკარებელთა კასტიდან ხარ და ავტოგრაფს ვერ მოგცემო!!!!:)))))))))
ნათია

nino nasidze. комментирует...

გაიხარეთ რა თქვენი სტატია ძლიან დამეხმარა დავალების შესრულებაში ინდური კასტების შესახებ ,ძალინ საინტერესო ინფორმაციები ამოვიკიტხე თქვენს ბლოგში.ნინო :):)

გიორგია комментирует...

ეს ვარნა, კასტა თუ რაც არის საერთოდ არ არის პატივსაცემი, რადგან ღმერთი რომელიც არ გაფასებს ნიჭის და სამართლიანობის სიყვარულის მიხედვით. და გაფასებს ამ დამპალი ეგრეთ წოდებული კასტის მიხედვით არ იმსახურებს პატივისცემას არც ეს ღმერთი და არც ეს რწმენა. ინდოეთი ძალიან დიდი კულტურის მქონე ქვეყანა არის. მაგრამ ამ მჩაგვრელმა რწმენამ დახლიჩა ინდოეთი ჯერ კასტებად და მერე დროთა განმავლობაში მოცილდნენ ინდუიზმს სხვა კასტებიც. ვფიქრობ უდაბლესი კასტიდან იქნებიან უმრავლესი ბუდისტი და მუსლიმი.


ცნობისათვის ინდოეთი დღეს რწმენის მიხედვით დაყოფილია 3 ქვეყნად: პაკისტანი, ბანგლადეში და თავად ინდოეთი.

ინდოეთში ცხოვვრობენ მილიარდ 220 მილიონი ადამიანი, პაკისტანში 170 მილიონი და ბანგლადეშში 160 მილიონი. მთლიანობაში ინდოელები არიან მილიარდ 550 მილიონი ანუ ჩინეთზე 200 მილიონით მეტი. მაგრამ ბანგლადეში და პაკისტანი არის მუსლიმებით დასახლებული აქ გავრცელდა მუსლიმობა მჩაგვრელი ინდუიზმის საპასუხოდ და თვითონ ინდოეთშიც არიან მუსლიმები რამდენიმე ათეული მილიონი.

რწმენამ უნდა შეკრას ერი ერთ მუშტად და ინდუიზმმა პირიქით ქნა.

არადა ინდოეთი, პაკისთანი და ბანგლადეში რომ ერთ მუშტად შეიკრან 50 წელში ალბათ ნატოსაც დაუპირისპირდებიან თუ მოუნდათ

soso khachidze комментирует...

მჩაგვრელი ინდუიზმი ცოტა არაადეკვატურად ჟღერს, და არც ის ჟღერს ადეკვატურად, იმსახურებს თუ არა ღმერთი (ალბათ ათასობით ღმერთი) და რელიგია პატივისცემას. კასტობრივი დაყოფა, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა, მაგრამ ეს ხალხი ათასობით წელია ამ წესით ცხოვრობს და ამ წესებსაც თავისი დანიშნულება გააჩნია გარკვეულწილად. თუმცა დღეისათვის ინდოეთი დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება და არც ეს კასტობრივი დაყოფაა ოფიციალური. ქვეყნის დიდი პრობლემა კორუფციაა და ეს ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება ნეგატიურად, მაგრამ ინდოეთისგან რაღაც საფრთხობელის გამოყვანა ამ მიზეზით არ მგონია სამართლიანი იყოს. ინდოეთის ერთიანობას რაც შეეხება, როგორც ქვეყანა, ერთიანი ინდოეთი არასდროს არ ყოფილა და კოლონიალიზმის დასრულების შემდეგ შეიქმნა 3 ახალი სახელმწიფო, რომელთაც ყველას განვითარების საკუთარი გზა აქვს. ინდოეთს ნატოსთან დასაპირისპირებელი არაფერი სჭირს, პაკისტანი კი დღესდღეობით ნატოს ერთერთი სტრატეგიული მოკავშირეცაა ავღანეთთან მიმართებაში. არ მესმის, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს აზრი, რომ ინდოელები ნატოს უნდა დაუპირისპირდნენ...

სოფო комментирует...

მადლობა თქვენ, ძალიან აინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე აქ,დავალებაც სკოლისათვის კარგად დავამუშავე....

ნინო комментирует...

ჩემთვის პირადად ძალიან ბურუსით იყო მოცული ეს საკითხი და ვერაფერს ვუგებდი, ამ სტატიამ საკმაოდ კარგად დამანახა რა და როგორაა. თუმცა ძალიან შემაშფოთებელია რომ დღემდე აქტუალურია ეს წყობა და ძირეულად არაფერი იცლება.