გელით facebook–ზე

03.03.2009

ინდოეთი, ირანი, საქართველო თუ საქართველო, ირანი, ინდოეთი

მთელი ჩემი ცხოვრება აღმოსავლეთის მოტრფიალე ვარ და ბავშვობიდან ამ სამყაროში ვცხოვრობ, ჩემთვის გამოგონილ სამყაროში, რომელსაც აზია ჰქვია. დროდადრო ტრფიალის საგანთა ჩამონათვალში სხვადასხვა მიზეზების გამო ერთმანეთს ცვლიან ინდოეთი, არაბული სამყარო, თურქეთი, ისრაელი და ირანი. ეს დამოკიდებულია ხასიათზე და გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. იყო პერიოდი ბრეგოვიჩისა და კუსტურიცას შექმნილი სამყაროთიც ვიყავი მოხიბლული, მაგრამ რაც ამ ორი ადამიანის გზები გაიყარა და ცალ–ცალკე გაუდგნენ შემოქმედებით გზას, ხეირიანი არც არაფერი შეუქმნია არც ერთს და არც მეორეს. არც ბრეგოვიჩის თბილისში ჩამოსვლამ და პირადად მისთვის დასმულმა შეკითხვამ მიშველა იმაში, რომ მასში და მის შემოქმედებაში რამე ახალი დამენახა. მერე კუსტურიცაზე რაც გავიგე, რომ ცხინვალზე რაღაც „ზაკაზნოი“ ფილმის გადაღებას აპირებსო, მაგან სულ ნერვებზე მომშალა, და მოკლედ ბალკანელი „ძმები“ დავივიწყე. მერე ინდოეთიც მოვიდა და ახალი შთაბეჭდილებებიც.

წლები ისე გადიოდა, რომ ჩემს აღმოსავლურ სამყაროში განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინე მუსიკის სამყაროში. მერე კი უეცრად ერთერთმა ჩემმა მეგობარმა ლინკი მესროლა და Youtube–ზე ერთი მუსიკალური კლიპი ვნახე. ამ მეგობარს უღრმესი მადლობა, როგორც ყოველთვის – მთელი ცხოვრება შიგადაშიგ მანებივრებს ხოლმე ასეთი „სიურპრიზები“ და ყოველთვის ათიანში არტყამს.

კლიპის პირველივე კადრებიდან და მუსიკის პირველივე ტაქტებიდან ვიგრძენი, რომ რაღაც საინტერესო მელოდა. ასე ხდება ხოლმე ყოველთვის, როცა ვიცი, რომ რაღაც, რაც ხელში ჩამივარდა, ჩემი ზღაპრული სამყაროსკენ ბილიკებს გამომიჩენს. ირანთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი დილეტანტი ვარ. მაგრამ ამის მიუხედავად ეს ქვეყანაც ჩემს „სპეციალიზაციას“ განეკუთვნება. თუმცა ის, რაც ვნახე ნამდვილად არ მოველოდი. მახსოვს ღრმა ბავშვობაში ერთი ცნობილი ირანელი მწერალი ქალის წიგნი წავიკითხე, ის წიგნი ახლაც შენახული მაქვს სოფელში. წიგნს თუ არ ვცდები „მკითხავი“ ჰქვია, მოკლედ თეირანელ მკითხავ ქალზეა. წიგნიდან მიღებული იმ დროინდელი შთაბეჭდილებები დიდი ხანია გამომყვა და ახლა როდესაც უეცრად ჩემთვის შეიძლება ითქვას სრულიად იცნობი სპარსული მუსიკა დამეხატა თვალწინ, თითქოს მუსიკამ და კლიპმა ბავშვობაში დამაბრუნეს და იმ წიგნში აღწერილი ისლამურ რევოლიციამდელი თეირანი მაჩვენეს. კლიპში არის მომენტები, რომლებმაც ამ წიგნის გარდა გამახსენეს ასევე ყურბან საიდის „ალი და ნინო“, რომელიც აზერბაიჯანელი ბიჭისა და ქართველი გოგოს ტრაგიკული სიყვარულის პერიპეტიებზე მოგვითხრობს. რა თქმა უნდა, აქვე გამახსენდა აკაკი ვასაძის „მომიახლოვდი, შვილო პაატა“ და აკაკი ხორავას „იცეკვე რუსუდან“. რაღაც ნამეტანი ჩახლართულია ეს ჩვენი ისტორია სპარსეთთან... სასაცილოა და ამ კლიპის აღმოჩენას დაემთხვა ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი თეირანში და თანამშრომლებს ვისაც ეს კლიპი რა თქმა უნდა მთელი ცერემონიებით წარვუდგინე, ვუთხარი, რომ კლიპში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილიც მონაწილეობს, აი ის, მაგიდასთან რომ ზის და ჩოხა რომ აცვია თქო :)

აგერ თვითონ კლიპიც. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება სიმღერა MP3 ფორმატში ჰქონდეს, მომწერეთ მეილზე xrumi@hotmail.com და გამოგიგზავნით. აი, ეს მისამართი რომ დავწერე, გამახსენდა, რომ ამ მისამართში, რომელიც სადღაც 12 წელია უკვე მაქვს, xrumi–დან რუმი რა თქმა უნდა ჯალალ ედ დინ არ რუმია, სპარსი პოეტი, რომელიც ცხოვრების ბოლო წლებში საცხოვრებლად ოსმალეთში გადავიდა. მასზე აღარ დავწერ, არ ვარ ჯერ მზად ამისთვის, როგორმე მოგვიანებით. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ის პოსტიც კი, რომელსაც ახლა ვწერ, ამ დიდი ჯაჭვის ნაწილია, რასაც აღმოსავლეთი და აზია ჰქვია ჩემს ცხოვრებაში.



სულ რაღაც ერთი დღის აღმოჩენილი მქონდა, უფრო სწორად მეგობრის გამოგზავნილი, ეს მუსიკა, ეს მომღერალი მირასი, ეს სიმღერა jame eshgh, რომელსაც ჩემი დილეტანტური გონებით ტრანსკრიპციით გადმოვთარგმნი და დავარქმევ „ჟამი ეშხისა“ და თუ ეს ნამდვილი თარგმანი არ არის, დარწმუნებული ვარ, არც ისე შორს დგას ჭეშმარიტებისგან, ყოველ შემთხვევაში ის ხომ მაინც მართალი იქნება, რომ ქართული შემოსული ორი სიტყვა „ჟამი“ და „ეშხი“ სწორედ სპარსული წარმოშობისაა (არა სომხური, სომხურშიც სპარსულიდან შევიდოდა მჯერა), მოკლედ განცხრომაში ვარ, განუწყვეტლივ ამ მუსიკას ვუსმენ და თუ არ ვუსმენ, ფიქრებში მაინც ეს მუსიკა კლიპი ტრიალებს, და კვირას საღამოს „რუსთავი–2“–ზე დაიწყო გადაცემა „რა? სად? როდის?“ – ქართული ვარიანტი რა თქმა უნდა. მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნით ამ არხზე გავჩერდით და ვუყურეთ კიდეც გადაცემას. არცერთი კითხვა და პასუხები მით უმეტეს ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და უკვე ვნერვიულობდი დ მამასთან „ჩხუბს“ ვაპირებდი, დრო რატომ დამაკარგვინა ამ გადაცემაზე, რომ უკვე გადაცემის მიწურულს წამყვანმა დასვა კითხვა, რომელმაც მაშინვე გამომაცხოხლა და იმ მოლოდინში ვიყავი, რომ კითხვა ნამეტანი მარტივი იყო და „მცოდნეებიც“ უპასუხებდნენ. თუმცა შევცდი.

სანამ კონკრეტულად კითხვას დასვამდა, წამყვანმა ერთერთ მოთამაშეს ჰკითხა, ინდოეთში თუ ყოფილხართო? რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. როგორ ეკადრებათ ჩვენს ყოვლისმცოდნეებს ინდოეთი, მათი უმრავლესობა ატლანტიკადალეულები არიან და ინდოეთში არაფერი ესაქმებათ. შემდეგ წამყვანმა გააგრძელა, რომ ინდოეთში მთელი ისტორიის მანძილზე უამრავი ქართველია ნამყოფიო (ეტყობა ერთერთში მეც ვიგულისხმებოდი, ისტორიაა აბა რა არის, სოსომ მოახერხა და ინდოეთში იმოგზაურა :) ), მათ შორის ცნობილი ქართველები და მეფეებიც კიო. წამყვანის ვერსიით, ახალგაზრდა ერეკლე მეორე (ნეტა რატო უყვარდა ასე ქართველ მეფეს სპარსული თავსაბურავი) ნადირ–შაჰს ინდოეთში ლაშქრობაში ახლდა თან. დელის ერთერთი უბანი წალკოტივით ყოფილა, ია ვარდით მოფენილი, რომელიც ტაჯ–მაჰალის ამშენებელ შაჰ–ჯაჰანს გაუშენებია თავის დროზე, და წამყვანმა დაამატა, რომ ტაჯ–მაჰალს ამ კითხვასთან საერთო არაფერი აქვს. ჰოდა ნადირ–შაჰს ეს წალკოტი გაუნადგურებია თავის მოსახლეობასთან ერთად. ცნობებს ნადირ–შაჰის ამ ველურობის შესახებ საქართველოშიც ჩამოუღწევია და დღევანდელ ქართულ ენაში ეს ყველაფერი ერთი სიტყვის სახით შემორჩენილა. წამყვანმა სთხოვა მოთამაშეებს, რომ ეს ქართული სიტყვა ეთქვათ. კითხვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უკვე ვთქვი პასუხი და მამაჩემს ვეუბნები, რომ ფუ ჯანდაბა – ძალიან ადვილი კითხვაა და მალე უპასუხებენ თქო. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, მოთამაშეთა არჩევანი შეჩერდა „იავარჰქმნა“. როგორც ეტყობა იმოქმედა იმან, რომ კითხვაში ია და ვარდი იყო ნახსენები, მაგრამ ცოტა ტვინი რომ გაენძრიათ, მიხვდებოდნენ, რომ ეს ასე არ არის, რომ სიტყვა ვარდი არაბულიდანაა შემოსული, ია კი ვფიქრობ ჭეშმარიტი ქართულია. მოკლედ პასუხი გამოდგა არასწორი. ჯანდაბა...

ჰო, მართალი ბრძანდებით, ეს სიტყვაა „ჯანდაბა“. მე ეს სკოლიდან მახსოვს და მგონია, რომ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ სიტყვის წარმოშობის ისტორია... რა გასაკვირია, რომ შაჰ–ჯაჰანის გაშენებულ წალკოტს მის სახელს უწოდებდნენ და შესაბამისად ბევრი აღმოსავლური ქალაქის მსგავსად (უამრავ ქვეყანაში ქალაქების სახელები შეიცავს სიტყვას „ბად“, რაც ალბათ ქალაქს უნდა ნიშნავდეს) ჯაჰანის სახელს დაემატა „ბად“ და გამოვიდა „ჯაჰანაბად“, რამაც ქართულში „ჯანდაბა“–ს სახით მოაღწია, და ქართველებიც სიამოვნებით „ვაგზავნით“ შაჰ–ჯაჰანის აშენებულ და ნადირ–შაჰის მიერ იავარქმნილ ქალაქში ყველას, ვინც კი ოდნავ გაგვანაწყენებს :)

მთელი ეს ისტორიები – მირასის მშვენიერი სიმღერა „ჟამე ეშღ“, სპარსულ–ქართულ–ინდური ურთიერთობები და თამაში „რა? სად? როდის?“ ერთ პოსტში იმის გამო აღმოჩნდა, რომ დამთხვევების ჯაჭვი აეწყო. ასეთი ჯაჭვები ცხოვრებაში ძალიან კარგად მაქვს დაცდილი, და შესაბამისად, დიდ და საინტერესო სიახლეს უნდა ველოდო ცხოვრებაში ახლო მომავალში :) რა ვქნა, მიყვარს ზღაპრები :)

P.S. კარგი რამეა ინტერნეტი... ჯანდაბაში ვარ ნამყოფი და არ ვიცოდი... საქმე ძალიან მარტივად ყოფილა: დღევანდელი ინდოეთის დედაქალაქი არის ნიუ დელი. შესაბამისად, რადგანაც ნიუ დელი არსებობს, არსებობს ესე იგი ოლდ დელიც.. და სწორედ ოლდ დელი ყოფილა ეს ჯაჰანაბადი ანუ ჯანდაბა.

არა და რა ლამაზია მართლა რომ იცოდეთ. აგერ ეს მინარეთიც ჯანდაბაშია, ყუტბ მინარი ან ყუთბ მინარი, გააჩნია ვინ გამოთქვამს. ასე რომ, ამიერიდან თუ ვინმე ჯანდაბაში გაგაგზავნით, არ გეწყინოთ და პირიქით მადლობა უთხარით :) სიამოვნებით წარმოგიდგენთ სურათებს ჯანდაბიდან. თქვენ თვითონ შეაფასეთ, როგორი „ია–ვარდებითაა“ მოფენილი დღემდე და დაენანებოდა თუ არა ერეკლე მეორეს, ეს ყველაფერი რომ ჯანდაბად ექცია ნადირ–შაჰს:)
(დიდ ფორმატში სურათის სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათს)





ცნობისთვის, ეს წითელი მინარეთიც და მის გარშემო გალავანი, ასევე გალავნის შიგნით არსებული ყველა უძველეი ნაგებობის მშენებლობისას მუსულმან მშენებლებს გამოყენებული აქვთ ძველი ინდური კულტურის ძეგლების ნაწილები, ალბათ თავიანთივე დანგრეული. ამ უძველესი ინდუისტური ძეგლების ნანგრევებიდან აღებული ქვები სხვა არაფერია, თუ არა ინდური ტაძრების სკლუპტურებიანი გამოსახულებები, რომლებსაც ისლამის მიმდევრებმა ყველას სათითაოთ საგულდაგულოდ მოუშალეს და მოუნგირეს თითოეულ ფიგურას სახეები... ისლამი სახის გამოსახულებას კრძალავს... ეს რომ შევამჩნიე, ვიფიქრე რა ვანდალიზმია თქო, მაგრამ თვითონ ინდოელები ამას შეჩვეულნი არიან და განსაკუთრებული რექცია არ აქვთ, ჩემმა თანამგზავრმა თვითონ ვერც კი შეამჩნია და ვერ მიხვდა რაზე ვეუბნებოდი, სანამ ხელი არ მოვაკიდებინე. სხვათაშორის კიდევ ერთი კლიპი, რომელიც სწორედ ყუთბ მინარის ტერიტორიაზე გადაღებული და ფილმის მიხედვით ბრმა გოგონას ბიჭი სწორედ ამ გამოსახეულებებზე აკიდებინებს ხელს :)



ქვემოთ ისევ ჯაჰნაბადია, ანუ ძველი დელი, ოღონდ "რედ ფორტი".

7 комментариев:

Анонимный комментирует...

ra lamazi qalebi arian im sparsul klipshi <3
da is tazaric zalian momecona jandabashi ....
uh minda xolme indoeti yoveli aq shemosvlis mere

rumirumi71 комментирует...

ჩორვენ, ძალიან ოპერატიული ხარ :) სულ ამ წუთას გამოვაცხვე პოსტი :)
ხო ის სპარსი ქალები ეშხიანები არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ქართველს, კაცს თუ ქალს, არ მოეწონება. ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ ლილოს ბაზრობის გამყიდველებს გვანანო. შეიძლება ეს გარკვეულწილად არ იყოს კორექტული ნათქვამი, მაგრამ ეგრა, გვანან კი არა ერთი სისხლის ხალხია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი, მირასი სუფთა აზერბაიჯანული აქცენტით რომ უქცევს სიმღერაში, ირანის აზერბაიჯანელია. ბიოგრაფიაში უწერია, რომ მაზანდარანშიო დაიბადა, მაგრამ ეს ხომ არ უშლის ხელს, რომ აზერი იყოს :)
დასანანია, რომ ასეთ კლიპებს თვითონ ირანში ვერ გადაიღებენ...

Анонимный комментирует...

uh ra esmit silamazis, qali und aiyos qali da ara tojina da mag qalebs nu ravic ai zalian eshxianebi arian martlac da! me momcons magati silamaze , jer marto tvalebi da gamoxedva aqvt iseti mec ki cudad mxdis aratu kacebs <3

hoda azerebtan rom viyavi ravic normaluri qalebi yavt rasac kacebze ver vityvi :D etyoba iranshi gansakutrebuli azerebi arian :)

hoda isa ho operatiuloba miyvars ki da tan aq yvela postze vixedeb martalia ver vcer xolme didad verafers chemi gaurkvevlobis da gamo am sferoshi mara mainc....

rumirumi71 комментирует...

კაი გოგო ხარ ჩორვენ, შენ მაინც მიწერ....

rumirumi71 комментирует...

დიდი მადლობა data-ს ამ ფორუმიდან http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=342&st=630&start=630, რომლის დადებული ლინკიდანაც უკვე უამრავი ხალხი შემოვიდა ჩემს ბლოგზე :) ღმერთია მოწამე, მე არ ვაკეთებ ჩემი ბლოგის რეკლამას.
რაც შეეხება fernando magella–ს წინადადებას თამაშზე მივიდე და ვითამაშო, ამისი პრეტენზია არ მაქვს, არც იმის პრეტენზია მაქვს რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ, ან რამე მსგავსი, და თუკი რამეს ვწერ ბლოგზე და რაშიც დარწმუნებული არ ვარ, ვუთითებ, რომ ჩემი "დილეტანტური" აზრით თქო. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც მცოდნეები ამ ჩემი პოსტთ დაინტერესდნენ, მე მათზე იმიტომ დავწერე, და იქვე აღვნიშნე, რომ ეს უბრალო მოვლენათა დამთხვევა იყო ჩემს პირად ცხოვრებაში, ხოლო ის პასუხი, რომელიც მათ ვერ გამოცნეს, სკოლიდან ვიცოდი. ზუსტად არ მახსოვს, შესაძლოა ჩემი მასწავლებელი იყო ასე უგზო–უკვლოდ განათლებული და გვითხრა "ჯანდაბის" წარმოშობის ისტორია, და შესაძლოია წიგნებში სულაც არ ეწერა... ამის გამო თუ ჩემი შენიშვნა უადგილო იყო, ბოდიშს ვიხდი მოთამაშეების წინაშე. თუმცა ვთვლი, რომ პასუხი უკვე კითხვაშივე იყო ნათლად ჩამოყალიბებული და ოდნავ მეტი დაფიქრება იყო საჭირო... თუმცა უკვე ვმეორდები მგონი, პოსტში ყველაფერი მიწერია...

Ano комментирует...

თურმე ჯანდაბაში ვყოფილვარ და ეს არ ვიცოდი:) ძალიან საინტერესო პოსტია. არ ვიცოდი საიდან მოდიოდა სიტყვა ჯანდაბა. არადა როგორი ისტორია დგას უკან.
თურქულის სწავლის დროს აღმოვაჩინე რომ უამრავი საერთო სიტყვა გვაქვს რომელსაც საფუძვლად უდევს არაბულ-სპარსული სიტყვები. ზოგს მართლაც და საოცარი წარმომავლობა აქვს:)

გიორგია комментирует...

ჯანდაბაში გზა ჰქონიათ საქართველოს ყველა დამაქცევარს და ყველა საქართველოსთვის ყველა ცუდი მსურველს, ყველას. მოღონდ იმ მნიშვნელობით რომლითაც საქართველოში იყენებენ!!!


ცნობისთვის რუსეთის მიერ 1801 წელს დაპყრობილ ქართლ-კახეთში ძალიან დიდი ხანი მგონი 1850 წელსაც კი სპარსულად ძალიან ბევრი ქართველი ლაპარაკობდა და ქართულ-სპარსულ სიტყვის კონაში(და არა ლექსიკონში რადგან ლექსიკონი ლათინური სიტყვა) გვერდს ვერ ნახავდით ერთი, ორი ან მეტი სპარსული სიტყვა რომ არ ყოფილიყო ქართულში შემოგდებული. რაც მიხუა მოეთრა 2003 წლიდან დღემდე ანუ ამერიკისადმი საქართველოს მონობის 10 წლის თავზე უკვე რამდენი ინგლისურ-ლათინური სიტყვა დაემატა საქართველოს ძირნაყარი და გაუნათლებელი ძალით "გასვეტებული" ხალხის ხარჯზე და ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი არაბული, სპარსული, რუსული, ლათინური, ინგლისური, მონღოლური და ვინ იცის კიდევ რამდენი უჯიშო სიტყვა არის ქართულშ