გელით facebook–ზე

30.04.2009

ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის

კლიმატი


ინდოეთი სუბტროპიკულ ზონაშია და ამიტომ ჰავა სეზონურ რყევებზეა დამოკიდებული. სამხრეთი და ცენტრალური ინდოეთი: მოგზაურობისთვის კარგი სეზონია ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით (წვიმებია, ჰაერი ნესტიანია, თბილა – 25–30 OC) და ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით (მშრალი ამინდებია – 20–25 OC), ცუდი სეზონია მარტიდან ივლისის ჩათვლით (ძალიან ცხელა, სიმშრალეა – 35–40 OC). ინდოეთის ჩრდილოეთი მთიანი რაიონები კარგია სამოგზაუროდ ნებისმიერ დროს, გარდა ზამთრისა (ნოემბერი–მარტი), როცა უღელტეხილები თოვლითაა დაფარული, ხოლო ღამით ტემპერატურა ნულზე ქვემოთ ჩამოდის, რაც გაგაწამებთ სასტუმროებში გამათბობლების არარსებობის შემთხვევაში (ეს არ ეხება სამთო–სათხილამურო სპორტის მოყვარულებს – მანალისა და შიმლაში ზამთრის თვეები იდეალურია სპორტის ზამთრის სახეობებისთვის). მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა და ამინდი ძლიერაა დამოკიდებული ზღვის დონიდან არსებულ სიმაღლეზე.

ფული

ინდოეთის ფულის ერთეულია ინდური რუპია. ინდური რუპიის კურსი სტაბილურია და 1 აშშ დოლარისთვის 40 რუპიას შეადგენს. ინფლაცია ინდოეთში არის, მაგრამ თითქმის შეუმჩნეველია. ზოგიერთი ინფორმაციით, სასურველია ნაღდი ფულის წაღება აშშ დოლარების სახით, რომლის გადაცვლაც რუპიაზე ყველგან არის თითქმის შესაძლებელი, ხოლო სამოგზაურო ჩეკებისა და საკრედიტო ბარათების გამოყენება დელიში რთულია, პროვინციაში კი თითქმის შეუძლებელი. ჩემს პირად მაგალითზე კი გეტყვით, რომ არც დელიში, არც მუმბაიში და არც ალაჰაბადში საკრედიტო ბარათის გამოყენების არანაირი პრობლემა არ შემქმნია და ნებისმიერი ბანკომატიდან გამომქონდა ინდური რუპიები საკუთარი საკრედიტო ანგარიშიდან. პროვინციებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ასეთ დიდ ქალაქებში, როგორიც დელი და მუმბაია, ბანკომატები თითქმის ყოველ ნაბიჯზეა და როგორც წესი ბანკომატი დახურულ შენობაშია ან ცალკე გამოყოფილ ჯიხურში, რომელთანაც აუცილებლად დგას პოლიციელი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში არც დაეზარება რომ კარი გაგიღოთ ან კიდევ კონსულტაცია გაგიწიოთ უცხო სახის ბანკომატების მოხმარებისას.

ეს ინდური ფულია. 100 რუპია – ამ ფულით შეიძლება ორჯერ კარგად ჭამო იაფიან სასაუზმე–რესტორანში ან ნახევარი გზა გაიარო დელიდან ჰიმალაებამდე. ფულის კუპიურაზე გამოსახულია ინდოელი ერის მამა მაჰათმა განდი.

100 რუპიაზე გამახსენდა. როდესაც დელიში ჩავედი, გაუგებრობის გამო აეროპორტში არავინ დამხვდა და სანამ სიტუაციაში გავერკვეოდი და რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდი რა მომემოქმედა (წინასწარ თავი არ დამიზღვევია იმ გაგებით, რომ 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ დამხვდებოდნენ, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ერთი დღით ადრე ჩავსულვარ, ვიდრე მელოდნენ). რადგანაც მანამდე ინდოეთში არასდროს არ ვყოფილვარ და მხოლოდ გადმოცემებით ვიცოდი, რა სიტუაციაა ქვეყანაში, აეროპორტიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი და რა უნდა გამეკეთებინა. აეროპორტის შენობაში სიგარეტის მოწევა არ შეიძლებოდა, მე კი ბარგს ვერ ვტოვებდი, რომ გარეთ სიგარეტის მოსაწევად გავსულიყავი. წყალზე იმდენს მაშინებდნენ, ჯიხურებშიც კი მეშინოდა წყლის ყიდვა და მთელი ამ ექვსი საათის განმავლობაში ასე უაზროდ მომიწია ყურყუტი. თან გაითვალისწინეთ, რომ დელის აეროპორტი სულაც არ ტოვებს საუკეთესო აეროპორტის შთაბეჭდილებას, მუმბაის საერთაშორისო აეროპორტისგან განსხვავებით. მოსაცდელ დარბაზში გასვლისთანავე გადააწყდებით აშკარად გამოხატული სიღარიბის ნიშნებს. დარბაზში მდგარი სავარძლები მომლოდინეთათვის გაცვეთილი და ჭუჭყიანია, თუ რამე არ გადააფარე, ვერ დაჯდები. მომლოდინეთა შორის, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ძირითადად მომსახურე პერსონალია, ამიტომაც უმეტესობა ნაციონალურ ტანსაცმელშია გამოწყობილი, როგორც ეს პორტიეებს შეეფერება, და ყვავილების გირლიანდით ხელში ელოდებიან უცხოელ ან ინდოელ სტუმრებს ამ სტუმრების სახელებიანი დაფებით ხელში. არ იცით, როგორ მეწყინა, როცა ვერცერთ დაფაზე ჩემი სახელი ვერ ამოვიკითხე და ყვითელი ყვავილების გირლიანდაც არავინ ჩამომკიდა კისერზე. თუმცა მოგვიანებით ყველაფერი ბევრი იყო, მეგობრებიც, ყვავილებიც და ენით აუწერელი შთაბეჭდილებებიც :)

მოკლედ, ისევ 100 რუპიას დავუბრუნდები. ნაღდი კუპიურების სახით წაღებული რამდენიმე ასეული დოლარი იქვე აეროპორტში გადავახურდავე რუპიებზე, და უეცრად იმდენი ბევრნულიანი კუპიურის მფლობელი გავხდი, არ ვიცოდი, რომელ ჯიბეში ჩამეტენა. კუპიურების უმეტესობა 100, 500 და 1000 რუპიას შეადგენდნენ. არც ვიცოდი, რომ უფრო დაბალი კუპიურებიც არსებობდა და შესაბამისად არც მომითხოვია, მაგრამ წამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წვრილი კუპიურები საკმაოდ საჭირო რამაა, ათასი წვრილმანი ხარჯისთვის, ისევე როგორც ლითონის მონეტებიც.

ბოლოს და ბოლოს დავძლიე გაუბედაობა და უცხო სამყაროს მიმართ შიში. მე თვითონაც მიკვირდა, საიდან მოვიდა ეს გრძნობები, იმიტომ რომ გადასარევად ვიცოდი რა სიტუაციაც დამხვდებოდა, მაგრამ იმან დამაბნია, რომ არავინ დამხვდა. გავედი მოსაცდელი დარბაზიდან და ეგრევე ათამდე ტაქსისტი დამეხვია და თავის მომსახურეობას მთავაზობნენ. მე კი ისიც არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, არც მისამართი და ტელეფონის ნომრებიც კი არ მქონდა, ვისაც უნდა შევხვედროდი. შემოსეული მუქკანიანი ტაქსისტებისგან თვალით ყველაზე „სანდო“ შევარჩიე და ჩავჯექი. ვთხოვე სადმე ახლომახლო სასტუმროში მივეყვანე, რადგან დიდი ხნით არ მჭირდებოდა დარჩენა და სადაც ინტერნეტი იქნებოდა (რომ მეგობრებს დავკავშირებოდი). მითხრა, რომ 3–4 კილომეტრში აეროპორტიდან არის სასტუმროები, სადაც არც თუ ისე ძვირად შეიძლება ნომრის დაქირავება. ამ გზის გავლაში მან 100 რუპია მთხოვა. სანამ აეროპორტიდან მივემგზავრებოდით, გზად მაჩვენა რაღაც შენობები, ძირითადად ერთსართულიანები და მითხრა, რომ ესენიც სასტუმროებია, მაგრამ ძალიან ძვირიანი ნომრებიაო. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. ეს შენობები ტრიალ მინდორზე იყო განლაგებული, გარშემო არცერთი ხე, გარშემო მოწითალო–მოყვითალო ნიადაგი და არანაირი მოასფალტებული გზა ამ „სასტუმროებამდე“. თან ეს ძალიან ძვირიანი სასტუმროები იყო... ნამდვილად ვერ გეტყვით, შიგნით ამ შენობებში რა ხდებოდა, მაგრამ სულ რომ იაფიანი ნომრები ყოფილიყო, ცოცხალი თავით ამ სასტუმროში არ შევიდოდი, ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, სანამ რაიმე სახის პირველ შთაბეჭდილებებს მივიღებდი და გავერკვეოდი ცოტათი მაინც რა არის ინდოეთი, და დელის აეროპორტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ძალიან მალე ქალაქს მივუახლოვდით, თითქმის პირველივე ქუჩაზე სასტუმროების მწკრივი იდგა. ტაქსისტი თავისი შეხედულებისამებრ მირჩევდა, რომ შედარებით უკეთესი აერჩია, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი. როგორც იქნა, ერთი ასეთი ავარჩიეთ, საბოლოო ჯამში ნომრის დაქირავებაში, თან წინასწარ, ლამის ჩემს მიერ აღებული ინდური კუპიურების ნახევრის დატოვება მომიწია, დაახლოებით 80 დოლარის ეკვივალენტური თანხის, მაგრამ სასწრაფოდ დასვენება და გააზრება მჭირდებოდა, რა სიტუაციაში ვიყავი, რომ რამე გამოსავალი მეპოვა და „სიძვირეს“ აღარ დაგიდევდით. ცოტა კი გამიკვირდა ინდოეთის „სიიაფეზე“ ამბების შემდეგ, მაგრამ ტაქსისტიც გასასტუმრებელი მყავდა. რადგანაც თავი კომფორტში და დაცულად ვიგრძენი, ტაქსისტის უსაზღვროდ მადლობელი ვიყავი და 100–ის ნაცვლად 200 რუპია მივეცი – ანუ 5 დოლარი, და კაცი ბედნიერებისგან ხტუნავდა. წვრილი კუპიურები რა თქმა უნდა არც მქონია, ამიტომ მოსამსახურე ბიჭსაც, რომელიც ჩანთის ატანა–ჩამოტანაში დამეხმარა და შეკვეთილი სადილიც მოჰქონდა, სასტუმროდან გამოსვლის წინ 100 რუპია ვაჩუქე. ისევ გაკვირვებული და ბედნიერი მზერა. მერე მოგვიანებით გავიგე, რომ 100 რუპია საკმაოდ დიდი ფულია და არ ღირს ამ ფულის ასე გაუაზრებლად ფლანგვა, როცა იგივე მადლიერებას სულ 10 რუპიადაც დაიმსახურებდი. სასტუმროს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ძალიან ძვირი გადავიხადე, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრალური რაიონებისკენ 5–10 დოლარადაც კი შეიძლება ისეთი სასტუმროს ნომრის აღება, სადაც შხაპიც არის და ტელევიზორიც კი. ცოტა გამიგრძელდა პირადი მოგონებები, მაპატიეთ :)

ფასები ინდოეთში ძალიან დაბალია. „ველურად“ ჩასული ევროპელი ტურისტების უმეტესობა დღეში 10 დოლარზე მეტს არ ხარჯავს ტრანსპორტის, საცხოვრებლის და საკვების ფასების ჩათვლით. საშინლად იაფია. ცოტა მეტი უნდა მოძებნოთ ინფორმაცია წინასწარ ინტერნეტში და პრობლემებიც ნაკლები გექნებათ იაფი საცხოვრებლის პოვნასთან დაკავშირებით. მთელი ეს ინფორმაციაც ისეთი ადამიანებისთვისაა, ვინც ამ სახით აპირებს მოგზაურობას. შესაძლოა დღეში 2 დოლარზე მეტიც არ დახარჯოთ, თუ მკაცრად ეკონომიურად დახარჯავთ ფულს, არ დახარჯავთ ტრასპორტზე და ხანგრძლივი დროით იქირავებთ არა სასტუმროს, არამედ კერძო აპარტამენტებს და ტუ საკუთარი სამზარეულო გექნებათ, სადაც თვითონ მოიმზადებთ სადილს ბაზარზე ნაყიდი პროდუქტებისგან. სწორედ ასე ცხოვრობს მრავალი ევროპელი ჰიმალაის მთების სოფლებში.

წესჩვეულებები

ინდოეთი ტრადიციების ქვეყანაა უძველესი რელიგიითა და კულტურით. პატივი ეცით ადგილობრივ წესჩვეულებებს, ცხოვრების სტილს და ქცევის ნორმებს. ინდუსები მკაცრად იცავენ რელიგიურ განაწესებს ტანსაცმლის, საცხოვრებლის, ტაძრების, წმინდანების და სქესთა შორის ურთიერთობებში. ნუ ატარებთ ზედმეტად გახსნილ ტანისამოსს. ქალის მკლავები დაფარული უნდა იყოს იდაყვამდე. თქვენი გარდერობიდან ამოიღეთ მინი–ქვედაბოლოები, შორტები, ვიწრო მოტმასნილი შარვლები (გოას გარდა, სადაც სრული განტვირთვის ატმოსფერო სუფევს, რა თქმა უნდა ზომიერ ფარგლებში). ყველა მოსაუბრეს, მისი სოციალური სტატუსის მიუხედავად ესაუბრეთ თავშეკავებით და ზრდილობიანად. თუ არ გინდათ ინდოელების პატივისცემა დაკარგოთ, არასდროს გამოავლინოთ ფამილიარობა და თავშეუკავებლობა. ტაძრებში და საცხოვრებელ ადგილებში შესვლის წინ აუცილებლად გაიხადეთ ფეხსაცმელი. ტაძრების, სალოცავების, ლინგამების გარშემო მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით იმოძრავეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინდუისტური ტაძარი არ არის ღია უცხოელთათვის (ამის შესახებ, როგორც წესი, ტაძრის შესასვლელთან გამოკრული დაფა იუწყება).

ადგილობრივი პრობლემების მიმართ გამოავლინეთ გაგება, არასდროს გამოხატოთ გაღიზიანება. ხშირია შემთხვევები, როცა ერთი და იგივე მაღაზიაში, ან რომელიმე მუზეუმში ან ტაძარში შესასვლეად მოგიხდებათ საფასურის გადახდა, რომელიც რამდენიმე ათეულჯერ აღემატება ინდოეთის მოქალაქეთათვის დაწესებულ გადასახადს. ამ შემთხვევაში უცხოელთათვის ცალკე რიგებიცაა, და ნუ იკითხავთ რატომაა უცხოელებისთვის იგივე საქონელი ან მომსახურეობა ასეთი „ძვირი“. პასუხი ყველგან ერთია – უცხოელები (თეთრკანიანები) მდიდრები არიან, ინდოეთი კი არ არის მდიდარი ქვეყანაო“, და დამიჯერეთ შედავებას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ თამამად შეგიძლიათ შევაჭრება ბაზრებსა და სხვა სავაჭრო ადგილებში, მოლებისა და სუპერმარკეტების გარდა.

უკეთესი იქნება, თუ ჰინდიზე რამდენიმე ძირითად ფრაზას ისწავლით, ან თუკი ჰინდის ისწავლით სალაპარაკო დონეზე მაინც (ეს განსაკუთრებით იმათ ეხება, ვინც აპირებს ინდოეთში რამდენიმე წელი გაატაროს) – ეს თქვენ გაგიხსნით ინდოელების გულებს და ნებისმიერ კარს ნებისმიერი გაგებით.

ეს იყო „მოკლედ“, რისი დაწერაც ამ ჯერზე მოვახერხე :)

8 комментариев:

Gadaladaleller комментирует...

Hello -
Your blog is very nice. The pictures are beautiful. I cannot read your words but the blog is very nice.
Many greetings from Austria (Europe)

Elisabeth

rumirumi71 комментирует...

Thank you Elisabeth :) That is blog in Georgian language aspecially for ppl who knows Georgian. I think that is blog about India with big love to this country :)

Анонимный комментирует...

აიი ძალიან ძალიან გახარებული ვარ თქვენი ბლოგი რომ აღმოვაჩინე..
ძალიან მომეწონა
და უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ..
სიტყვები არ მყოფნის ჩემი ემოციის გამოსახატავად..
იმდენი საინტერესო რამ გავიგე ინდეოთზე თქვენი ბლოგის საშუალებით რო..
დიდი მადლობა ამისთვის..
ძალიან მიყვარს ინოდეთი..
ჩემი ოცნების ქვეყანა..

Hano..

rumirumi71 комментирует...

Hano მადლობა პირიქით თბილი სიტყვებისთვის და იმისთვის, რომ გაინტერესებს და კითხულობ. ისევე, როგორც ბევრ სხვას, შენც გაგამხნევებ და გეტყვი, რო როცა ძალიან ძალიან გინდა გულით, ეს სურვილი აუცილებლად შეგისრულდება, მთავარია რომ მისი შესრულების გწამდეს და გინდოდეს :) მე მართლ ასე მომივიდა და ყველას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვუსურვებ, რომ იგივე განეცადოს :)

Unknown комментирует...

საერთოდ ბლოგებს იშვიათად ვსტუმრობ,
”ჩემი ინდოეთი” უმშვენიერესია!
უღრმესი მადლობა ავტორს!!!

Unknown комментирует...

მართლაც რომ ძალიან, ძალიან საინტერესო ბლოგია! სიტყვები არ მყოფნის! იმდენი ახალი რამ გავიგე... უდიდესი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს!

Анонимный комментирует...

zalian momecona tqveni blogi,getanxmebit rom saocari qveyanaa,mec mqonda es bedniereba rom chemi tvalit menaxa indoeti,me meugle mkavs indoetidan amitomac minda kvelaperi vicode am qvekanaze,bevri ram axali da saintereso cavikitxe rac namdvilad ar vicodi,da amistvis didi madloba tqven rom sheqmenit es blogi,minda kvela qartvelma caikitxos es rac tqven ase saocrad gaqvt dacerili,radgan me vici bevri qartveli upativcemlobas ichens am xalxis da qveknis mimart,tqven ki isev ugrmesi madloba.(TAMUNA)

lilian комментирует...

NAMDVILAD DZALIAN SAINTERESO BLOGIAMBEVRI RAM ARMOVACHINE..ME MAINTERESEBS KAVSHIREBI DAQARTVELOS D INDOETS SHORIA,KKERDZOT WAMIKITXAVS,ROM QARTUL ENASHI BEVRI INDURI SITYVAA/MAGALITAD SAMOTXE/ DA QARtUL SOFELZE ,TU AR VCDEBI GUJARIANI