გელით facebook–ზე

28.12.2012

ქართული „ტოლერანტობა“ და სამართალდამცავების პასუხი

ერთი კონკრეტული ამბის გამო ზოგადი მსჯელობა შეიძლება მთლად მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, როცა მსგავსი ამბების შესახებ არაერთხელ გსმენია ან წაგიკითხავს თუნდაც სოციალურ მედიაში...

ინდოეთში მცხოვრებ ჩემს ქართველ მეგობარ გოგონასთან ინტერნეტით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვლაპარაკობდით.  საუბრის თემა ამნისტიის კანონი იყო და ჩემს მეგობარს დეტალები აინტერესებდა. როგორც აღმოჩნდა, არც თუ უმიზეზოდ. მას ინდოელი მეუღლე ჰყავს და შემოდგომით ორივენი თბილისში იყვნენ. აღმაშენებლის გამზირზე ჩემი მეგობრის მეუღლეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ეცა და ეგრევე დახრჩობა დაუწყო, ყვირილით „შენ ვინ ხარო....“. რის ვაივაგლახით ქალმა პატრულში დარეკა და პოლიციაც მივიდა შემთხვევის ადგილზე.

როდესაც ქალმა პოლიციას აუხსნა, რომ მის მეუღლეს ეს ნასვამი კაცი ახრჩობდა, პოლიციამ მას განუცხადა, რომ სამწუხაროდ ამ მამაკაცს ვერ დაიჭერდა, რადგან ეს პატრულის კომპეტენციაში არ შედიოდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ქართველი მეგობარი და მისი ინდოელი მეუღლე ინდოეთში გაემგზავრნენ და ახლა იქიდან ადევნებენ მოვლენებს თვალყურს. მამაკაცს საქართველოში ჩამოსვლის უკვე ეშინია, ხოლო მისი ქართველი მეუღლე მეუბნება, რომ ამ ახალ კანონზე ქმარს ვერაფერს ეტყვის, რადგან ისედაც დაშინებულია იმ ამბის შემდეგ...

სასწაული ტოლერანტები ვართ ქართველები და სამართალდამცავებიც რარიგ სრულყოფილად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, გაოცებული ვარ. ვის აქვს გარანტია, რომ ის თავდამსხმელი კვლავ არ გამოტყვრება და ამ საახალწლოდ თბილისს მოძალებულ უცხოელ სტუმრებს დასახრჩობად (როგორც მინიმუმ) არ გაეკიდება?...