პოლიტიკური წარმატება ინდირა განდის სიცოცხლის ფასად დაუჯდა
ძლიერი ნებისყოფის მქონე ამ ქალბატონმა ძალაუფლების და წარმატების ფასი
ნამდვილად იცოდა ისე, როგორც სხვამ არავინ. ინდირა განდიმ არა მარტო ბრწყინვალე შედეგებს
მიაღწია, როგორც პოლიტიკოსმა, არამედ სამუდამოდ შეინარჩუნა თავისი ხალხის გულებში
„სრულიად ინდოეთის დედის“ სახელი, ღვთაებასთან მიახლოებული სიმბოლო. თუმცა, იყო თუ
არა ეს ძლიერი ქალი ბედნიერი, რომელსაც თითქმის ერთმანეთის მიყოლებით მოუწია ყველა
მისი ახლობელი ადამიანის დაკრძალვა?
ინდირა განდი
1917 წელს დაიბადა ცნობილი ადვოკატის ჯავაჰარლალ ნერუს ოჯახში, რომელიც 30 წლის შემდეგ
ინდოეთის პირველი პრემიერ–მინისტრი გახდა. ნერუს ოჯახი ინდური საზოგადოების ყველაზე
მაღალ და მდიდარ კასტას მიეკუთვნებოდა, ამიტომ გოგონას ბავშვობა სიღატაკეს და შიმშილს
ნამდვილად არ დაუმძიმებია. თუმცა, რელიგიურმა მშობლებმა ინდირას ასწავლეს, რომ სიმდიდრე
ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არ არის. როცა გოგონა 4 წლის იყო, ჯერ კიდევ კოლონიალურ
ინდოეთში ბრიტანელებთან შეტაკებები გამწვავდა. იმპერიის მხრიდან შევიწროების საპასუხოდ
ინდოელთა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა შემოტანილი საქონლის ყიდვაზე. ამ პოზიციას ნერუს
ოჯახმაც დაუჭირა მხარი: მათ თავიანთი სასახლის ეზოში დიდი კოცონი გააჩაღეს, რომელშიც
შემოტანილი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი და ძვირადღირებული სათამაშოები დაწვეს.
პატარა ინდირას ძალიან გაუჭირდა თავის საყვარელ ფრანგულ თოჯინასთან განშორება. მაგრამ
მშობლები ასწავლიდნენ, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო და ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა
– პატარა ინდირამ საკუთარი ხელით ჩააგდო ფრანგული თოჯინა კოცონში.
ინდირა წყნარი
და გამჭრიახი გოგონა იყო. პატარაობიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა
მამასთან, რომელიც მაჰათმა განდისთან ერთად ინდოეთის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის
ერთერთი მთავარი მებრძოლი იყო. გოგონას მოსწონდა, როგორ მუშაობდა მამა და სტუმრებთან
მის ყველა შეხვედრასაც ესწრებოდა. მაჰათმა განდი მას შემდეგ, რაც ინდოეთის სულიერ ლიდერადაც
იქცა, ხშირად სტუმრობდა ნერუს სასახლეს. სწორედ მაჰათმა იყო ერთერთი პირველთაგანი,
რომელმაც ინდირას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. როდესაც ინდირა სულ 8 წლის იყო,
მაჰათმა განდიმ მას ურჩია, რომ თავის ქალაქში ბავშვთა კავშირი შეექმნა, რომლებიც ოჯახური
საფეიქრო საქმიანობით დაკავდებოდნენ.
ინდირა სიამოვნებით
სწავლობდა, უხაროდა რაღაც ახლის ათვისება. 1934 წელს რაბინდრანათ თაგორის დაარსებულ
სახალხო უნივერსიტეტში ჩააბარა. 2 წლის შემდეგ კი სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო.
აქვე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ფეროზ განდი. ახალგაზრდები დიდ დროს ატარებდნენ
ერთად. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ახალგაზრდების უზრუნველი სტუდენტური ცხოვრება დაარღვია
და ინდირა იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. 40–იანი წლების დასაწყისიდან
ინდოეთში თანდათან მომძლავრდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ამ მოძრაობაში ერთერთ
მთავარ როლს ნერუ თამაშობდა. ინდირა აქტიურად უჭერდა მამას მხარს, რომელსაც თავიდან
მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა ჯერ დროებით მთავრობაში, ხოლო როცა ინდოეთმა დამოუკიდებლობა
მოიპოვა, ჯავაჰარლალ ნერუ პრემიერ–მინისტრი გახდა. მისი ქალიშვილი მისივე მდივანი და
მთავარი თანაშემწე იყო. ინდირასთვის, ისევე, როგორც მისი მამისთვის, პოლიტიკური მოღვაწეობა
მთავარი პრიორიტეტი იყო. „ამ ცხოვრებაში ჩემთვის გამოყოფილ ყოველ დღეს ხალხისთვის სამსახურს
დავუთმობ. მაშინაც კი, როდესაც გარდავიცვლები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სისხლის
წვეთი ინდოეთის ცხოვრებას საზრდოდ გამოადგება და მას უფრო ძლიერს გახდის“, – დაწერა
ინდირა განდიმ მის მკვლელობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე.
პირადი ცხოვრება
ყოველთვის მეორე პლანზე ჰქონდა გადატანილი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მისი სიყვარულის
ისტორია ჟურნალისტთან და პოლიტიკურ მოღვაწესთან, ფეროზ განდისთან უამრავ შეკითხვას
ბადებდა. მათ ბევრი რამ აერთიანებდათ პოლიტიკურ შეხედულებებში, თუმცა მათ ურთიერთობაში
არც რომანტიკა და არც ვნება არასდროს არავის უნახავს. ამასთან ფეროზი სხვა კასტის წარმომადგენელი
იყო, ხოლო ქორწინება სხვადასხვა კასტის წარმომადგენლებს შორის ინდოეთში მიუღებლად ითვლებოდა.
დიდი ხნის მანძილზე პირველად ინდირას მამა მისი გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგი
იყო, მაგრამ ინდირას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბოლომდე გასულიყო არჩეულ გზაზე. ამაში
მას მხარი დაუჭირა მთელი ინდოეთის სულიერმა მოძღვარმა მაჰათმა განდიმაც, რომელიც ინდოეთში
კასტობრივ უთანასწორობასაც ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ გათხოვების შემდეგ ინდირას
ერთი თვე ციხეში მოუწია გატარება თავის ქმართან ერთად, რომელიც ბრიტანულმა ხელისუფლებამ
დააკავა, იგი დიდი სითბოთი იხსენებდა თავის მეუღლესაც და მასთან ერთად გატარებულ წლებსაც. წყვილს ორი ვაჟი გაუჩნდა – რაჯივი და სანჯაი. და
ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მეუღლე ინდირას პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაში ხელს
არ უშლიდა. თუმცა ინდირას ცხოვრებაში პოლიტიკურ გამარჯვებებს გამუდმებით თან სდევდა
პირადი უბედურებები. 5 წელზე ნაკლებ დროში მან დაკარგა თავის ცხოვრებაში ორი ყველაზე
მთავარი მამაკაცი – 1960 წელს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო 1964 წელს – მამა.
ასეთ დარტყმას
ნებისმიერი ადამიანის დაჩოქება შეეძლო, მაგრამ ინდირა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, რომ პირად დანაკარგებში ის უფრო მეტ ძალას პოულობდა ბრძოლის
გასაგრძელებლად. 1964 წელს ის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი გახდა, ხოლო უკვე
1966 წელს, მთავრობის მეთაურის ლალ ბაჰადურ შასტრის გარდაცვალების შემდეგ ინდოეთის
ეროვნულ კონგრესს ჩაუდგა სათავეში და ქვეყნის პრემიერ–მინისტრიც გახდა. რა თქმა უნდა,
ბოროტ ენებსაც არ დაუყოვნებიათ და ამბობდნენ, რომ ინდირა განდიმ პოლიტიკური კარიერა
მამის ავტორიტეტზე აიშენა.
თუმცა ინდოეთის
პოლიტიკურ ოლიმპზე ყოფნის 18 წლის განმავლობაში ინდირამ დაამტკიცა, რომ ასეთი მოსაზრებები
ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. „ბაბუამ ერთხელ მითხრა, რომ არსებობენ ორნაირი
ადამიანები: ისინი, ვინც საქმეს აკეთებენ და ისინი ვინც მათ წარმატებებს საკუთარ თავზე
მიიწერენ“ – თქვა ინდირამ ერთერთ ინტერვიუში, – „ბაბუამ მითხრა, რომ ვეცადო პირველი
ჯგუფის ადამიანებში ვიყო – იქ კონკურენცია ბევრად ნაკლებიაო“.
პრემიერ–მინისტრის
თანამდებობაზე ყოფნისას ინდირა განდიმ მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებმაც
ინდოეთის დამოუკიდებლობის განმტკიცებას შეუწყეს ხელი. მოახდინა ბანკების ნაციონალიზაცია,
ააშენა პირველი ატომური ელექტროსადგური, დაჩქარებული ტემპებით ვითარდებოდა მძიმე მრეწველობა.
სოფლის მეურნეობაში გატარებული წარმატებული რეფორმის შედეგად ინდოეთმა სასურსათო დამოუკიდებლობაც
მოიპოვა და იმპორტირებულ სურსათზე აღარ იყო დამოკიდებული. მაგრამ განდის ყველა გადაწყვეტილებას
წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. 1977 წელს მან მოახერხა „ოჯახის დაგეგმარების“ პროგრამის
გატანა, რომელიც ღატაკთა იძულებით სტერილიზაციას ითვალისწინებდა. ეს კი საპარლამენტო
არჩევნების წაგების ფასად დაუჯდა. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა უმცროსი ვაჟის სანჯაის
დაღუპვა გახდა. რაჯივისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის უარს ამბობდა პოლიტიკურ
საქმიანობაში მონაწილეობაზე, სანჯაი ყოველთვის დაინტერესებული იყო პოლიტიკით, მხარს
უჭერდა დედას და მისი საქმის გაგრძელება უნდოდა. მაგრამ 1980 წელს ინდირა განდის უმცროსი
შვილი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
მაგრამ ვერც ამ
დანაკარგმა აიძულა ინდირა განდი უარი ეთქვა პოლიტიკურ ბრძოლაზე. უკვე სამი წლის შემდეგ
ინდოელები მიხვდნენ, რომ ოპოზიციური ძალები მათ უფრო ნაკლებად აწყობათ. და ინდირაც
სიღატაკესთან შეურიგებელი ბრძოლის ლოზუნგით პრემიერის სავარძელში ბრუნდება. მაგრამ
ამ თანამდებობაზე მეორე ვადა საბედისწერო აღმოჩნდა ინდირასთვის. სიქჰების წინააღმდეგობა,
რომლებიც პენჯაბის შტატის დამოუკიდებლობის მიღწევას ტერორის გამოყენებით ცდილობდნენ,
თავის პიკს მიაღწია. განდის მკაცრი ზომების მიღება მოუხდა ამბოხის ასახშობად. არც სიქჰების
მკაცრმა პასუხმა დააყოვნა. 1984 წელს სამმა სიქჰმა ინდირას მიბჯნით დააცალეს 20–მდე
ტყვია – ინდირას გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.
ინდოეთში ინდირას
სახელს დიდი მოწიწებით და პატივისცემით გამოთქვამენ. ის პირველი ქალი გახდა ინდოეთში,
რომელმაც პოლიტიკურ ოლიმპს მიაღწია. ნამდვილად დამსახურებულად ინდირა განდი დღემდე
რჩება მტკიცე ნებისყოფის, შეუდრეკელი სულის და თავისი ხალხის უსაზღვრო სიყვარულის მაგალითად.
დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, როცა გარშემომყოფთაგან ყველა აფრთხილებდა მას, რომ ფრთხილად
ყოფილიყო, ინდირამ საკუთარი სახლის კარი გაუღო ყველა გაჭირვებულს: ინდოელები მისი სახლის
ზღურბლთან მიდიოდნენ, რომ თავისი გაჭირვების შესახებ მოეთხროთ. ეს სუსტი და დახვეწილი
ქალბატონი მთელი ქვეყნის დედა გახდა, ხოლო პირადი ბედნიერება და თავისი ცხოვრება სამსხვერპლოზე
უანგაროდ დადო.
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის ისტორიიდან
* ინდოეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
* სირაჯ ბაღში ასობით ათასი ტიტა აყვავდება
* სიქჰიზმი
* საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის ისტორიიდან
* ინდოეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
* სირაჯ ბაღში ასობით ათასი ტიტა აყვავდება
* სიქჰიზმი
Комментариев нет:
Отправить комментарий