გელით facebook–ზე

12.01.2012

ინდოელი მუსულმანები ითხოვენ, რომ სალმან რუშდი ქვეყანაში არ შეუშვან


ინდოეთის მუსულმანური თემების ლიდერებმა ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რომ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ. ამის შესახებ BBC News იტყობინება. რუშდი ინდოეთში ჩასვლას აპირებს ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც ჯაიპურის შტატში გაიმართება.

ისლამური სემინარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მწერალს ვიზა უნდა გაუუქმოს, რადგან წარსულში „სატანური ლექსების“ ავტორმა მორწმუნეთა გრძნობები შეურაცხყო. რუშდის მეოთხე წიგნი 1988 წელს გამოიცა და ისლამური სამყარო მას მკვეთრი კრიტიკით შეხვდა. რამდენიმე ისლამურ ქვეყანაში წიგნი აკრძალეს. დიდი ბრიტანეთში წიგნის გამოცემიდან მეათე დღეს ამ წიგნის შეტანა ინდოეთშიც აკრძალეს.

07.01.2012

ლედი გაგას ინდურ ფილმში სურს მონაწილეობა


პოპ–მომღერალმა ლედი გაგამ ბოლივუდურ ფილმში გადაწყვიტა მონაწილეობა. მომღერალი ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, სადაც ამ ქვეყანაში თავისი პირველი კონცერტიც გამართა. ვიზიტის დროს ლედი გაგამ ცნობილი ინდოელი მსახიობები გაიცნო. მსახიობებმა მომღერალი დაარწმუნეს, რომ ბოლივუდის ერთერთ რომელიმე ფილმში მიიღოს მონაწილეობა.

„ახლახანს პარიზში ბოლივუდურ ფილმს ვუყურე“, – ამბობ მომღერალი – „და ჩემი ინტერესი ინდოეთის მიმართ უფრო გაიზარდა. ბოლივუდში როლის მიღება მინდა. მომწონს როგორ ცეკვავენ მსახიობები, მათი ჩაცმულობაც მომწონს“.

30.12.2011

რუსეთში „ბჰაგავად–გიტას“ ექსტრემისტულ წიგნად აღიარება გადაიფიქრეს


თითქმის ორი კვირის მანძილზე უსიამოვნო სიტუაცია სუფევდა ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომლებსაც სტაბილური თბილი და პარტნიორული ხასიათი აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული და დღემდეც თითქმის არ ჩრდილი არ მისდგომია, თუ არ ჩავთვლით ალკოჰოლით გაჟღენთილი თავზეხელაღებული ტუსი ტურისტების უმსგავსო საქციელით შეწუხებულ ადგილობრივ მოსახლეობას ზღვისპირა საკურორტო ქალაქ გოაში. ეს ბოლო სერიოზული უსიამოვნება კი, რომლის გამოც ორივე ქვეყნის საგარეო უწყებებიც კი იძულებული გახდნენ სპეციალური განცხადებები ეკეთებინათ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსეთის ქალაქ ტომსკის პროკურატურამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ძველინდური წმინდა წიგნი „ბჰაგავად–გიტა“ ექსტრემისტული წიგნია და სასამართლოს მისი აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას თვითონ ინდოეთში და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მხრიდან, როდესაც 21–ე საუკუნეში მილიარდობით ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს სასულიერო სიწმინდეს „ექსტრემისტულად“ მოიხსენიებენ და მის გასამართლებასაც აპირებენ.  მთელი კვირის განმავლობაში, ვიდრე ტომსკის სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყებოდა, დელიში, რუსეთის საელჩოსთან ხალხმრავალი საპროტესტო აქციები ტარდებოდა, რომლის მონაწილენიც აღშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთში წამოწყებულ საქმესთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი ინდოეთის ეროვნულ სიწმინდეს შეურაცხყოფს. უმოქმედოდ არც ინდოეთის ხელისუფლება დარჩენილა და დიპლომატიური გზებით შეეცადა პროტესტის გამოხატვას.

20.12.2011

ინდოეთში სპერმის მთავარი დონორები მოზარდები არიან


ვინც ჩემს ბლოგზე ხშირად შემოდის, ან თუნდაც იშვიათი სტუმარია, იცის ალბათ, რომ დელიკატურ თემებზე იშვიათად ვეხები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მრავალფეროვან ქვეყანაში ყველაფერი ხდება, რაც კი შეიძლება ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. ეს ალბათ ბავშვობიდან გამოყოლილი რომანტიული გრძნობების ბრალია, რაც ამ ოცნების ქვეყანასთან მაკავშირებს. ამიერიდან ვეცდები ეს რომანტიულობა მეტ–ნაკლებად რეალობისგან შემოჭრილი, ზოგჯერ უსიამოვნო ნიავითაც გავაზავო, რათა რომანტიკის კუნძულზე მარტოდმარტო არ აღმოვჩნდე და ათასი ღმერთების ქვეყანაში გამგზავრების მსურველებსაც მცდარი, ცალხაზოვანი, მხოლოდ დადებითი წარმოდგება არ შევუქმნა.

ამჯერად ინდოელ მოზარდებზე მოგითხრობთ, რომლებმაც დღევანდელ რთულ სამყაროში ფულის შოვნის ორიგინალურ მეთოდს მიაგნეს, რათა მშობლებისთვის არ დასჭირდეთ ხვეწნა, რომ უფრო მეტი ჯიბის ფული მისცენ. ძვირადღირებული ღამის კლუბებში გასეირნების და ახალი გასართობების ძებნის სურვილი მოზარდ ბიჭებს უბიძგებს შემოსავლის ნებისმიერი წყარო გამოიყენონ. ადგილობრივი ჩინოვნიკები ფრიად გააკვირვა სპერმის დონორების სტატისტიკამ, რომლის მიხედვითაც დონორთა უმეტესობას 15–18 წლის მოზარდები შეადგენენ. სპერმის ყოველი ნიმუშისთვის დონორ ახალგაზრდებს 1000–დან 2000 რუპიამდე უხდიან (22–44 აშშ დოლარი).

14.12.2011

ინდოეთის დედაქალაქი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

1911 წლის 12 დეკემბერს დელიში გადატანილი იქნა ბრიტანელი ვიცე–მეფის რეზიდენცია, თუმცა ოფიციალურად დელის დედაქალაქი 1947 წელს ეწოდა დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. დედაქალაქად ჩამოყალიბებაში ქალაქს მეტწილად ხელი შეუწყო იმან, რომ ის ქვეყნის შუაგულშია განლაგებული. ქალაქის ხელისუფლება "კულტურული" ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს, რომლებიც მომავალი წლის იანვარში დაიწყება და მთელ წელს გასტანს.

13.12.2011

პაკისტანელი მსახიობი ქალის დაპირისპირება მოლასთან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში

რამდენიმე თვის წინ პაკისტანის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დაპირისპირება მოხდა მსახიობ ქალს ვინა მალიქსა და ადგილობრივ მოლას შორის. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ მალიქმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ ინდურ ტელეშოუში Bigg Boss, რომელიც შოუ Big Brother–ის ინდური ვერსიაა. სატელევიზიო ტოკ–შოუში მოლამ მსახიობის ქმედება დაგმო და განუცხადა, რომ მან პაკისტანი შეარცხვინა და რომ სრულიად პაკისტანის მოსახლეობა მის აზრს იზიარებს. მოლამ ასევე განაცხადა, რომ პირადად ინდური ტელეშოუ არ უნახავს, მაგრამ იცის ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.

09.12.2011

ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

ინდოეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მუკეშ ამბანიმ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სახლი აიშენა. ეს ყველაზე ძვირადღირებული სახლია ისტორიაში. ამ 27 სართულიანი სახლის მშენებლობას, რომელშიც ახლა ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობს, შვიდი წელი დასჭირდა.



07.12.2011

ბითლების აშრამი რიშიკეშში

მიტოვებული კორპუსები, სანახევროდ დანგრეული მედიტაციის დარბაზები, ბილიკები, რომლებსაც ბალახმა გადაუარა, ჩამსხვრეული ფანჯრები და კედლიდან ჩამოყრილი ნალესი... როგორ მოხდა, რომ ეს ოდესღაც სუპერპოპულარული აშრამი, რომელიც ტრანსცედენტალური მედიტაციის ფუძემდებელმა მაჰარიშიმ შექმნა და რომელსაც ლეგენდარული ბითლები სტუმრობდნენ, დღეისათვის მიტოვებულია და სრული განადგურებისა და გაჩანაგების პირას დგას? ამბობენ, რომ ეს ადგილი დაწყევლილია და რომ მხოლოდ ბითლების თავზეხელაღებული ფანატების მცირე ჯგუფებს ან მამაც მოგზაურებს შეუძლიათ წვიმებისგან დაჟანგებული ამ კარის შეღება. რა დაემართა სინამდვილეში მაჰარიში მახეშ იოგას აშრამს და რა გავლენა მოახდინა გურუმ ჯგუფის ისტორიაზე?

17.11.2011

აიშვარია რაიმ გოგონა გააჩინა


აიშვარია რაიმ თავის მეუღლეს, აბჰიშეკ ბაჩანს ქალიშვილი გაუჩინა. სასიხარულო ამბავი სრულიად მსოფლიოს ბედნიერმა ბაბუამ, აბჰიშეკის საქვეყნოდ ცნობილმა და ინდოეთში პოლიტიკოსებზე მეტად პოპულარულმა ამიტაააააააბჰ ბაჩანმა აცნობა :) „უმშვენიერესი გოგონას ბაბუა გავხდი!“, – დაწერა ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ თავის ტვიტერზე. სწორედ ბაბუას დამსახურებით შეიტყო თავის დროზე ჯამაათმა ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ქალიშვილის, ამჯერად კი მისი რძლის აიშვარიას ფეხმძიმობის შესახებაც და მაშინაც ტვიტერის მეშვეობით. დარჩნენ ჟურნალისტები უმუშევარი... რას გვიშვება ეს ტექნოლოგიები :)

აიშვარიას და აბჰიშეკის ქალიშვილი ამ სამყაროს სამშაბათს დილით მოევლინა მუმბაის Seven Hills–ის საავადმყოფოში. ინდური პრესა დიდ ყურადღებას იჩენდა აიშვარიას ფეხმძიმობის მიმართ და მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ „მის მსოფლიო 1994“–ს ხუთშაბათს უნდა ემშობიარა. ბუკმეკერები კი აქტიურად იღებდნენ ფსონებს, როდის გააჩენდა უკვე ჰოლივუდშიც საკმაოდ პოპულარული მსახიობი და რა სქესის იქნებოდა მისი პირველი შვილი.

აიშვარია ოთხი წლის წინ გათხოვდა და  მას მერე მუდმივად დადიოდა ჭორები მსახიობის ფეხმძიმობის შესახებ. მაგრამ აბჰიშეკი ამბობდა, რომ შვილის გაჩენას არ ჩქარობენ და რომ ეს თავის დროზე მოხდება.

15.11.2011

ინდოეთში ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან


ინდოეთში ერთერთი ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან, რომელსაც 100 ათასი სტუმარი დაესწრება. ქორწილი ჩრდილოეთში მდებარე უტარ–პრადეშის შტატის ქალაქ საიფრაიში გაიმართება და 6 დღე გასტანს. დღესასწაულის მთავრი გმირები 23 წლის პრატიკ იადავი და 21 წლის აპარნა ბიტა იქნებიან, რომლებიც ქვეყნის ორ ცნობილ და გავლენიან ოჯახებს წარმოადგენენ. საქმროს მამას ადრე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და დღესდღეობით ინდოეთის სოციალისტურ პარტიას ხელმძღვანელობს.

03.11.2011

ინდოელი მამაკაცების ეროვნული სამოსი

დჰოტი – ინდოელი მამაკაცების დრაპირებული სამოსი, რომელიც თეძოებზე მაგრდება. დჰოტი არის სწორი მართკუთხა ქსოვილის ნაჭერი, რომლის სიგრძე 5 მეტრამდე აღწევს, თეთრი ან სხვა ერთფეროვანი ქსოვილისგან დამზადებული. არსებობს დჰოტის დრაპირების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ არის ასევე ერთიანი სტილიც. დრაპირება იწყება ნაჭრის შუა ნაწილიდან და არა ბოლოდან. ნაჭრის ცენტრალურ ნაწილს თეძოებზე იხვევენ და წინა მხარეს კრავენ კვანძში. ნაკეცებად დალაგებული ნაჭრის მარცხენა ნაპირს მარცხენა ფეხის გარშემო ახვევენ და ქამარზე იმაგრებენ წელის მიდამოში, ხოლო მარჯვენა კიდე ასევე დრაპირდება ნაკეცებად და ქამარზე მაგრდება მუცლის ქვემოთ.


ჩრდილოეთ ინდოეთში დჰოტის ატარებენ ქურთასთან ერთად (გრძელი ხალათი). ამ შეხამებას ეძახიან „დჰოტი ქურთას“. სამხრეთ ინდოეთში დჰოტის იცვამენ ანგავაშტრამთან ერთად (მხრებზე მოსასხამი). უფრო ხშირად დჰოტის იცვამენ ზეიმებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. ზოგიერთი მამაკაცი ყველა სხვა სამოსს დჰოტის ამჯობინებს და ყოველდღიურად ატარებს მას. ბოლო ათწლეულებში დასავლური სტილი სულ უფრო მეტად იჭრება ინდოეთში და ბევრი ინდოელი მამაკაცისთვის დჰოტი საშინაო სამოსად იქცა, პირველ რიგში, მისი მოხერხებულობის და კომფორტის გამო.

27.10.2011

ინდოეთში „ჯურღმულელი მილიონერის“ სიუჟეტი რეალობად იქცა



ინდოეთის ერთერთ ყველაზე ღარიბ შტატში – ბიჰარში მცხოვრები პროგრამისტი და მასწავლებელი სუშილ კუმარი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში „ვის უნდა მილიონი“ ერთი მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვებულის ძმამ სუდჰირ კუმარმა მისი გამარჯვება იმით ახსნა, რომ სუშილი მუდმივად უსმენს „ბი–ბი–სი“–ს გადაცემებს ჰინდის ენაზე. კუმარის ბედი ძალიან ჰგავს ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სიუჟეტს. ამ ფილმში ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა ანალოგიურ შოუში უზარმაზარი თანხა მოიგო.

27.09.2011

ყველაზე მდიდრული მატარებელი ინდოეთში - "მაჰარაჯების ექსპრესი"


„მაჰარაჯების ექსპრესი“ – ამ სახელწოდების სპეციალური ტურისტული მატარებელი ინდოეთში კომფორტულად გასეირნების მსურველებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს მოატარებს. ევროპული თვალისთვის უჩვეულო ინტერიერები, ცხელი და ცივი წყალი, ტუალეტი და საშხაპე ყველა კუპეში. არის ასევე კუპეები აბაზანითაც უფრო მაღალი კლასის ვაგონებში.

ინდოეთის რკინიგზა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დატვირთული რკინიგზაა. გარდა ამისა, ტრანსპორტის ეს სახეობა ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ქვეყნის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების სრულად აღსაქმელად. ტურიზმის განვითარების სხვა ფორმებთან ერთად ამჯერად არჩევანი მდიდრულ რკინიგზაზე შეაჩერეს, რათა უფრო მეტი ტურისტი მიიზიდონ, რომელთაც კომფორტული დასვენება და ამაში ბევრი ფულის დახარჯვა ურჩევნიათ, და ამავე დროს სურთ უფრო ახლოს დაინახონ საკუთარი თვალით ის ყველაფერი, რაც ინდოეთის რეალურ სახეს წარმოაჩენს.


16.09.2011

ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა და მისმა მეუღლემ თავიანთი თვალები უსინათლოებს უანდერძეს

ჯერჯერობით არავინ იცის იმ ინდოელის სახელი, ვინც მომავალში რესპუბლიკის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მანმოჰან სინგჰის თვალებით სამყაროს შეხედავს. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ რომელიმე თანამემამულეს მომავალში პრემიერ–მინისტრის თვალის რქოვანას გადაუნერგავენ.

ინდოეთში ახლახან დონორული შემოწირულობების ეროვნული დღე აღინიშნა, რომლის დროსაც პრემიერმა მანმოჰან სინგჰმა და მისმა მეუღლემ გურშარან კაურმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ ბლანკს „თვალის დონორობაზე“, რომლის მიხედვითაც მათი გარდაცვალების შემდეგ მათი თვალის რქოვანა ტრანსპლანტოლოგების განკარგულებაში გადავა მხედველობადაქვეითებულთა დასახმარებლად.

06.09.2011

ინდოეთის რკინიგზამ ჯეიმს ბონდის ავტორებს სცენარში ცვლილებები შეატანინა


როგორც ერთერთ წინა პოსტში გაცნობეთ, ჯეიმს ბონდის ერთერთი მორიგი სერიის გადაღებები ინდოეთში წარიმართება. ამ ქვეყანაში „ბონდმა“ ბოლოს 30 წლის წინ იმოგზაურა როჯერ მურის მონაწილეობით. ამჯერად კი, ისევე როგორც წინა სერიაში, ბონდს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ ფილმის ავტორებს ნება დართო გადაღებები მუმბაიში, აჰმედაბადსა და გოაში აწარმოონ, ფილმის მესვეურებს თავდაპირველ სცენარში გარკვეული ცვლილებების შეტანა მაინც მოუწევთ ინდური მხარის მოთხოვნით.