აშშ–ში მცხოვრებმა ინდოელმა მეცნიერმა რამეშ სინგჰმა მდინარეების ინდისა და განგის დაბლობში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მიწაში უცნაური ფართო ნაპრალების და ღრმულების გაჩენის შესახებ განაცხადა. რამეშ სინგჰი, რომელიც კარგად ერკვევა ამ მიდამოების სეისმურ მდგომარეობაში, ამბობს, რომ ნაპრალები უტარ პრადეშის შტატის რამდენიმე რაიონში გაჩნდა. ამის შესახებ წერს thewatchers.adorraeli.com. "მოვუწოდებ ინდოეთის მთავრობას, რომ ამ რეგიონში სეისმოლოგიური აქტიურობის მონიტორინგი მოახდინოს სავარაუდო ფართომასშტაბიანი კატასტროფის შესახებ წინასწარი გაფრთხილების მიზნით", – ამბობს რამეშ სინგჰი.
27.06.2011
22.06.2011
აიშვარია და აბჰიშეკი პირველ შვილს ელოდებიან
აბჰიშეკ ბაჩანის მამამ, ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ ამიტაბჰ ბაჩანმა თავის მიკრო–ბლოგზე ტვიტერზე დაწერა: "სიახლე. მალე ბაბუა გავხდები. აიშვარია ფეხმძიმედაა... ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ".
მიუხედავად იმისა, რომ ინდურ ფილმებზე და ბოლივუდზე ბოლო დროს ნაკლებად ვწერ, რადგან ამ თემაზე საკმარისი ბლოგები არსებობს, არ შემეძლო ამ სიახლეს არ გამოვხმაურებოდი. ჯერ კიდევ კანის ფესტივალზე გასული აიშვარიას სურათების ნახვისას ეჭვი შემეპარა, რომ "აქ ყველაფერი სუფთად არ იყო", რადგან მსახიობს, რომელიც ბოლივუდის ერთ–ერთ პრიმა მსახიობად ითვლება, აშკარად ბევრი ჰქონდა წონაში მომატებული. თუმცა იმ პერიოდში პრესაში ხმა არავის ამოუღია.ალბათ ყველა ერიდებოდა ჭორების გავრცელებას. ამჯერად კი აიშვარიას და მისი ოჯახის ფანებს ნამდვილად გაუმართლა.
37 წლის აიშვარიასთვის და 35 წლის აბჰიშეკისთვის ეს პირველი შვილი იქნება. მათ 2007 წელს იქორწინეს. 1994 წელს აიშვარია რაიმ "მის მსოფლიოს" ტიტული მიიღო. იგი 40–მდე ფილმშია გადაღებული, მათ შორის რამდენიმე ჰოლივიდურ ფილმშიც. თუ გოგო იქნება, იმედია დედასაც კი აჯობებს სილამაზით.
21.06.2011
კიდევ ერთი დღე ინდოეთთან ერთად – თბილისი
საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია „ბჰარატი“–ს თაოსნობით თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლმუზეუმში საზეიმო საღამო მოეწყო სახელწოდებით „კიდევ ერთი დღე ინდოეთთად ერთად“. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ინდოეთის ელჩი სომხეთსა და საქართველოში აჩალ მალჰოტრა. შესრულდა ქართული და ინდური სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს ქართული ლექსები და ინდური პოემები. ინდურ ცეკვებს და სიმღერებს ასრულებდა ასოციაციასთან არსებული ანსამბლი ნინო კრავეიშვილის ხელმძღვანელობით. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა მომღერალმა თემურ ციკლაურმა. ინდოეთის ელჩს ინგლისურ ენაზე მიმართა ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გოგი დოლიძემ.
ფოტოები გადაღებულია ფოტოგრაფ გურამ მურადოვის მიერ.
16.06.2011
35 დოლარიანი პლანშეტი Sakshat თითქმის მზადაა
პროექტის One Laptop Per Child (OLPC) ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული 100 დოლარიანი ლეპტოპის საპასუხოდ დაწყებული პლანშეტური კომპიუტერის Sakshat–ის შექმნა ინდოეთში მზადყოფნის ფინალურ სტადიაში შევიდა.
7 დუიმიანი Android-პლანშეტის Sakshat–ის პირველი პარტია, რომელზეც ბანგალორის ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქთან ერთად (კანპური, ხარაგპური, ჩენაი და მუმბაი), 10 ათასი ეგზემპლარის სახით ივნისის ბოლოს გამოვა.
ამ პლანშეტის შექმნა და გამოშვება ძირითადად ფინანსდება ინდოეთის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით და პროდუქციას ძირითადად ღარიბ მოსახლეობაში გადაანაწილებენ.
დაბალი ფასი მიღწეული იქნა იაფი ნაწილების გამოყენების, ასევე მარტივი დიზაინის და დამატებითი გადასახადების მოხსნის შედეგად. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Sakshat–ის ტექნიკური მონაცემები არ ჩამოუვარდება სხვა პლანშეტების მონაცემებს – 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ფრონტალური კამერა, 32 გიგაბაიტიანი მყარი დისკი.
09.06.2011
გოას ინდუისტურ ტაძრებში ნახევრადშიშველ ტურისტებს შესვლა აუკრძალეს
ბიკინებსა და გამჭვირვალე ტანისამოსში გამოწყობილი ტურისტები ვეღარ შეძლებენ თავიანთი გარეგნობით ინდუისტური ტაძრებისა და მათი მრევლის შეურაცხყოფას გოაში. ახალი წესების მიხედვით, ტაძარში შესვლის მსურველებს მკაცრი დრესკოდის დაცვა მოუწევთ. ტაძრების ქურუმებს ამ წესების შემოღება მოუხდათ იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ტურისტების ქმედებების გამო.
გოას შტატის ქალაქ მარდოლში მდებარე ტაძრის მაჰალსა ნარაიანას წინამძღოლი სასულიერო პირის თქმით, ტურისტი ქალები ტაძრებში ნახევრადშიშვლები დადიოდნენ. გარდა ამისა, სასულიერო პირები ტაძრებში ხედავდნენ შეყვარებულ წყვილებსაც, რომლებიც თავიანთ გრძნობებს საჯაროდ გამოხატავდნენ და სასულიერო პირების ყოფნას არ ერიდებოდნენ. მისივე თქმით, მსგავსი სცენებს ადგილი ქრისტიანულ ტაძრებშიც აქვს.
ამ მიზეზით აღნიშნულ ტაძარსა და შტატის სხვა ინდუისტურ ტაძრებში შემსვლელ ტურისტებს მკაცრი დრესკოდი დაუწესეს. დამრღვევებს ტაძარში უბრალოდ არ შეუშვებენ.
გოას პლაჟები ევროპელი ტურისტებისთვის ერთერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება იმის გამო, რომ შესანიშნავი სანაპირო, მცხუნვარე მზე და იაფი საცხოვრებელი ადგილებია. ბოლო დროს ინდოეთის ამ მხარეში განსაკუთრებული მოზღვავებაა რუსი ტურისტებისაც, რომლებიც თავიანთი ქცევით გამოირჩევიან და ხშირად ადგილობრივებს ბევრ პრობლემებს უქმნიან ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების გამო. თუმცა გოაში გამგზავრება ნამდვილად ღირს, ვნანობ, რომ მეგობრების რჩევას არ დავუჯერე და მუმბაიდან მარტო არ წავედი :)
06.06.2011
მოშიმშილე გურუს აქცია პოლიციამ დაარბია
ინდოეთის დედაქალაქ დელიში 5 ივნისს პოლიციამ და სწრაფი რეაგირების რაზმებმა იოგის გურუ სვამი ბაბა რამდევის საპროტესტო აქცია დაარბია. თვითონ გურუ სამართალდამცავებმა თვითმფრინავში ჩასვეს და მშობლიურ ქალაქ ჰარიდვარში გაამგზავრეს, რომელიც დედაქალაქიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.გურუ ბაბა რამდევმა 50 ათასი მომხრის მხარდაჭერით უვადო შიმშილობა გამოაცხადა დელიში. გურუ და მისი მხარდამჭერებიკორუფციაში მონაწილეობისთვის სასიკვდილო განაჩენის შემოღებას და ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი თანხების ინდოეთში დაბრუნებას მოითხოვდნენ.
აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფართო საზოგადოებრივ–პოლიტიკური ფენების განსჯის საგანი გახდა. აი რა დაწერა თავის facebook–ის გვერდზე ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ ამიტაბჰ ბაჩანმა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე უკეთ უსმენენ: „სამოქალაქო საზოგადოებას კორუფციასთან ბრძოლა სურს, ოპოზიციას კორუფციასთან ბრძოლა სურს, მმართველ პარტიას კორუფციასთან ბრძოლა სურს, მედიას კორუფციასთან ბრძოლა სურს, რამდევ ბაბას კორუფციასთან ბრძოლა სურს, რაჯნიკანტს კორუფციასთან ბრძოლა სურს, ჩაჩა ჩაუდრავის კორუფციასთან ბრძოლა სურს, თქვენ კორუფციასთან ბრძოლა გსურთ და მეც კორუფციასთან ბრძოლა მსურს, მაშ რატომღა არსებობს ეს კონფლიქტი!!!!“.03.06.2011
ინდოელები განგის გაწმენდას აპირებენ
ინდოეთი 1,6 მლრდ. დოლარის ოდენობით კრედიტს მიიღებს მსოფლიო ბანკიდან მდინარე განგის წყლის გასასუფთავებლად. ეს პროგრამა ქვეყნის მდინარის ნაპირზე მდებარე 150 ქალაქში გამწმენდი ნაგებობების აშენებას ითვალისწინებს. განგი აზიის ერთერთი წყალუხვი მდინარეა და ძლიერაა დაბინძურებული სამრეწველო ნარჩენებით და ქალაქებიდან ჩასული წყლებით. ვარაუდობენ რომ გამწმენდი ნაგებობები მეტნაკლებად გააუმჯობესებს სიტუაციას. თუმცა ინდოეთის ხელისუფლების მიზანია მდინარის მაქსიმალურად ეფექტურად გაწმენდა, რადგან ზოგიერთ ადგილას წყალი არც სასმელად ვარგა და არც საბანაოდ.
წლების წინ ქვეყნის ხელისუფლებამ გარკვეული ზომების მიღება უკვე სცადა მდინარეზე გამწმენდი ნაგებობების ასაშენელად. ასეთი პროექტი 1985 წელს დაამტკიცეს და მომდევნო 15 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა კიდეც, მაგრამ მხოლდო საჭირო სამუშაოების 39% შესრულდა, რამაც შესაფერისი ეფექტი ვერ გამოიღო და მდინარე კვლავ დაბინძურებული რჩება.
ასეულობით მილიონი ინდოელისთვის განგი არა უბრალოდ მდინარეა, არამედ მას განსაკუთრებული საკრალური დანიშნულებაც აქვს. განბანვის რიტუალები და ხანგრძლივი რელიგიური ცერემონიები სწორედ განგთანაა დაკავშირებული.
სურათები გადაღებულია მდინარეების განგის, სარასვატისა და იამუნას შესართავთან 2007 წელს, როდესაც მეგობრების ქორწილში ვიმყოფებოდი ქალაქ ალაჰაბადში. ამ ქალაქიდანაა წარმოშობით ჯავაჰარლალ ნერუც და მისი შვილი ინდირა განდიც და აქვეა მათი სახლმუზეუმიც. რამდენიმე კილომეტრშია ასევე უძველესი (5000 წლის) ქალაქი ვარანასიც, რომელსაც ინდუსიტებისთვის დიდი რელიგიური დატვირთვა აქვს და სადაც მასობრივი განბანვების ცერემონიები და განგთან დაკავშირებული სხვა რელიგიური რიტუალები ტარდება.
ინდოეთში ბოკვერებზე მზრუნველი მამრი ვეფხვი აღმოაჩინეს
ინდოეთის ჩრდილოეთში რანთჰამბორის ვეფხვების ნაკრძალში დაობლებულ ბოკვერებზე მზრუნავი მამრი ვეფხვი აღმოაჩინეს. მამრები პატარებისადმი სიყვარულით არ გამოირჩევიან, ასე რომ ამ ვეფხვის საქციელი საკმაოდ უჩვეულოა. ბოკვერები, რომლებიც ახლა დაახლოებით 8 თვისანი არიან, ნაკრძალის მესვეურებმა პირველად იანვარში შენიშნეს დედასთან ერთად, მაგრამ დედა ვეფხვი 10 დღის შემდეგ მოკვდა, ხოლო ბოკვერებზე ზრუნვა ნაკრძალის თანამშრომლებმა თავის თავზე აიღეს. მათ ობლებისთვის ახალი ხორცი პირდაპირ ტყეში მიჰქონდათ. მალე მათ შენიშნეს მამრი ვეფხვი, რომელიც ბოკვერებთან დრო და დრო მიდიოდა და დაასკვნეს, რომ ეს მათი მამაც შეიძლება იყოს. ფოტოხაფანგის მიერ გადაღებულ სურათებზე კარგად ჩანს, რომ ვეფხვი ბოკვერებთან ძალიან ახლოს მიდის ხოლმე.
როგორც წესი, მამრები ბოკვერების მიმართ არანაირ მამობრივ გრძნობებს არ ავლენენ და თუ პატარების დედა ახლომახლო არ არის, შეიძლება შეჭამოს კიდეც. მაგრამ ეს კონკრეტული მამრი ბევრად უფრო „ადამიანურად“ იქცევა.
ბოლოდროინდელი შეფასებებით, XX საუკუნის დასაწყისში ინდოეთში არსებული 100 ათასი ვეფხვიდან ამჯამად მხოლოდ 1700–მდე ცხოველი დარჩა. ამ უმშვენიერესი ცხოველის გადაშენებაში მთავარი როლი ბრაკონიერებმა შეასრულეს. ასევე ნეგატიურად იმოქმედა ადამიანების მიერ მათი საცხოვრებელი არეალის შევიწროებამაც.
02.06.2011
უპატრონო ძვირფასი მანქანები დელის ქუჩებში
ითვლება, რომ ინდოეთში ყველაზე ღარიბი ავტომობილისტები ცხოვრობენ. შემთხვევითი არც ისაა, რომ სწორედ ინდურ ბაზარზე გამოჩნდა ბიუჯეტური ჰეტჩბექი Tata Nano (სურათზე მარჯვნივ). მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ეს მოსაზრება ლამის ტავდაყირა დააყენა. დელის პოლიცია ქუჩაში უამრავ ახალ და მიტოვებულ ძვირადღირებულ მანქანებს პოულობს და არა უბრალოდ მანქანებს, არამედ ლუქსის ტიპის Bentley–ს, Maserati–ს და Porsche–ებს. ამ დროისთვის სპეციალურ სადგომებზე 40 ასეთი მანქანაა გადაყვანილი, რომელთაც პატრონი არ გამოუჩნდა.საქმე იმაშია, რომ ძვირადღირებული მანქანების პარტია დელიში საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლით შევიდა. ვიღაც ბრიტანელმა ბიზნესმენმა, რომელმაც თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით ისარგებლა, მანქანები ქვეყანაში დაბალ ფასად შეიყვანა და ავტოსალონების მეშვეობით გაყიდა. და როგორც აღმოჩნდა, ამ მანქანების დიდი ნაწილი ამავე დროს მოპარულია. ასეთი ავტომობილის ყოველ მფლობელს მოუწევს ხელისუფლებას დაუმტკიცოს, რომ პატიოსანი მყიდველია და კანონი არ დაურღვევია. ზოგიერთმა მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ასეთი მანქანა თავიდან მოეშორებინა და ცხოვრება გაემარტივებინა. ამიტომაც დედაქალაქში პოლიცია დღეში რამდენიმე უპატრონო მანქანას პოულობს და სადგომზე გადაჰყავს.
ამბობენ, რომ ამ მანქანების მყიდველთა სიაში ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ბოლივუდის ვარკვლავებიც კი შედიან.
01.06.2011
ინდოეთის მოსახლეობა წვიმების სეზონს ზეიმით შეხვდა
მუსონებს ინდოეთში სიგრილე და წყალი მოაქვს, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე ელიან. ღრუბლები, რომლებმაც ინდოეთის სამხრეთში ქერალას შტატში მუსონი მიიყვანეს, წელს 2 დღით ადრე გამოჩნდნენ. მუსონი ინდოეთის ოკეანის სეზონური ქარია, რომელიც სამხრეთ აზიის მიმართულებით უბერავს და ნალექი მოაქვს ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში და ბირმაში. დღითიდღე წვიმები ინდოეთის შუაგულისკენ მიიწევენ.
10 ივნისისთვის მუსონს უკვე მუმბაიში ელიან, ხოლო ივნისის მესამე დეკადაში პოლიტიკურ დედაქალაქს დელისაც მიაღწევს. გასულ წელს მუსონების სეზონზე ყველაზე მცირე რაოდენობით ნალექი მოვიდა ინდოეთში ბოლო 37 წლის განმავლობაში, ზოგიერთ ადგილას ნალექების რაოდენობამ წლიური ნორმის მხოლოდ 60% შეადგინა.
უკვე რამდენიმე დღეა ყველა ინდური საინფორმაციო საშუალებაში ყველაზე მთავარი თემა მუსონებია. პროგნოზების მიხედვით, წელს ნალექების რაოდენობა ნორმასაც კი გადააჭარბებს.
წვიმების სეზონი არა მარტო არახელსაყრელია ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ, არამედ სახიფათოცაა. კოკისპირული და გადაუღებელი წვიმები წყალდიდობებს იწვევს, რომლის შედედაგაც ასეულობით და ათასობით ადამიანი იღუპება. ყველაზე მეტი ნალექი კი ივლისსა და აგვისტოში მოდის.
ყველაფრის მიუხედავად, წვიმები ინდოეთში მაინც სასიხარულო მოვლენაა, რომელსაც დიდი ხანი ელიან. სწორედ ამიტომაც, წვიმების სეზონის დადგომას ზეიმით აღნიშნავენ. ტურისტებისთვის კი ინდოეთში გამგზავრება კვლავ ხელსაყრელი გახდება, როგორც კი წვიმების სეოზნი მორჩება სექტემბრის ბოლოსთვის.
25.05.2011
ინდოეთის პოლიცია კუდიანებზე მონადირეებს ებრძვის
Agence France-Presse–ის ცნობით, ინდოეთში პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა კუდიანებისა და ჯადოქრების მკვლელობების ბრალდებით.
ყველა ეჭვმიტანილი აღმოსავლეთ ინდოეთის შტატის ასამის მაცხოვრებელია. პოლიციის მონაცემებით, მათ 11 ადამიანი მოკლეს (შვიდი ქალი და ოთხი მამაკაცი), რომლებიც, ეჭვმიტანილთა აზრით, თითქოსდა ჯადოქრულ რიტუალებს ასრულედნენ და შავი მაგიით იყვნენ დაკავებულნი. პოლიცია შტატის კიდევ რამდენიმე მაცხოვრებელს ეძებს, რომელთაც ამ მკვლელობებთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი.
კუდიანებზე ნადირობა ინდოეთში თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც დღევანდელ დროსაც კი რეგულარულად აქვს ადგილი. ამ საქმით ძირითადად შორეული სოფლების მაცხოვრებლები არიან დაკავებულნი სასაზღვრო რაიონებში, რომელთაც ხელი ძნელად მიუწვდებათ თანამედროვე მედიცინაზე და დროულად ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას. ამის გამო, ისინი ძველებურად თვლიან, რომ დაავადებები და პრობლემები კუდიანებისა და ჯადოქრების მიერაა გამოწვეული.
ორგანიზაცია Assam Mahila Samata Society ასეთი დანაშაულების სტატისტიკას აწარმოებს. მისი მონაცემებით, 2006 წლის სექტემბრიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით კუდიანობაში დადანაშაულებული 39 ადამიანი მოკლეს, ძირითადად ქალები... გარდა ამისა, მაგიაში ეჭვმიტანილი 70 ადამიანი აწამეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში 2500–მდე სავარაუდო ჯადოქარი და კუდიანი მოკლეს...
მსოფლიოში ველური სპილოების რაოდენობა მცირდება
დელიში აზისა და აფრიკის იმ ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც ველურ ბუნებაში სპილოები ცხოვრობენ. შეხვედრის მიზანი ცხოველთა ამ სახეობის გადარჩენის გზების განხილვა იყო. სპილოების რიცხვი თანდათან მცირდება, ეს ცხოველი კი „წითელ წიგნშიც“ კი არ არის შეტანილი, როგორც, მაგალითად, ვეფხვები.
ინდოეთის ეკოლოგიის მინისტრმა ჯაირამ რამეშმა განაცხადა, რომ სპილოებს გადაშენება არა მარტო ბრაკონიერების გამო ემუქრებათ, რომლებიც ცხოველებზე მათი ეშვების გამო ნადირობენ, არამედ სამთომომპოვებელი საქმიანობისა და ახალი მიწების ათვისების შედეგადაც.
ინდოეთში ველური სპილოების გადასარჩენად მინისტრი რამეში ცხოველთა გადაადგილების ისეთი ალტერნატიული მარშრუტების განვითარების წინადადებას აყენებს, რომლებიც მაღაროებსა და მშენებლობებს აუვლიან გვერდს.
11.05.2011
პაკისტანის კიბერარმიამ 116 ინდურ საიტზე მიიტანა იერიში
ჰაკერების დაჯგუფებამ „პაკისტანის კიბერარმია“ (Pak Cyber Army) 116 ინდურ საიტზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო საიტზე The Hacker News. ჰაკერები „გატეხილ“ საიტზე ათავსებდნენ საკუთარ ემბლემას და მთლიანად ან ნაწილობრივ ცვლიდნენ საიტის შინაარსს. ამ დროისთვის კი „გატეხილი“ საიტების უმეტესობა უკვე ნორმალურ რეჟიმში მუშაობს.
ინდოეთსა და მის მეზობლებს შორის ე.წ. „კიბერომებს“ ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა. 2010 წელს ინდოეთის მთავრობამ ჰაკერთა შეტევებისგან თავის დასაცავად და ინტერნეტში დაზვერვის საწარმოებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო პაკისტანელი და ჩინელი ჰაკერების მხრიდან ინდოეთის კომპიუტერულ სისტემებში განხორციელებული არალეგალური შეღწევების გახშირებით. კერძოდ, ჰაკერებმა იერიში მიიტანეს ინდოეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტებზე.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება მრავალი წლის განმავლობაში. მორიგ გამწვავებას ადგილი ჰქონდა ამერიკელი სამხედროების მიერ „ალქაიდას“ ლიდერის უსამა ბინ ლადენის განადგურების შემდეგ. ამერიკელთა ერთერთი ჰიპოთეზის თანახმად, ნომერ პირველ ტერორისტს შესაძლოა მფარველები ჰყოლოდა პაკისტანის სპეცსამსახურებში. ამან ინდოეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა გაეხმოვანებინა ვერსია, რომლის თანახმადაც პაკისტანის დაზვერვას შესაძლოა კავშირი ჰქონოდა 2008 წელს მუმბაიში განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებთან, რომლებმაც 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
მუმბაიში ტერორისტების 10–კაციანი ჯგუფი მოქმედებდა, რომელთაგანაც 9 სპეცოპერაციისას გაანადგურეს, ხოლო მეათე დააკავეს და მოგვიანებით სიკვდილი მიუსაჯეს. ინდოეთის პოლიციამ ტერაქტის ორგანიზატორად პაკისტანური ისლამისტური დაჯგუფება „ლაშქარ ი თაიბა“ დაასახელა.
რაც შეეხება საქართველოს, ყველას კარგად ახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ჰაკერებმა მასირებული შეტევა განახორციელეს ქართულ საიტებსა და კომპიუტერულ სისტემებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმვით და მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით კიბერშეტევა აღკვეთილი იქნა და ნეგატიური შედეგებიც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.
08.05.2011
04.05.2011
„ბონდიანას“ მორიგი გადაღებები ინდოეთში გაიმართება
30 წლის შემდეგ აგენტი 007–ის ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის გადაღებები კვლავ ინდოეთში გაიმართება. ამის შესახებ იტყობინება Daily Star Sunday.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კინოსტუდია MGM–ის წარმომადგენლები, რომელსაც ჯეიმს ბონდის შესახებ ფილმების გადაღების უფლებები აქვს მოპოვებული, უკვე გაემგზავრნენ ინდოეთში მომავალი გადაღებებისთვის მოედნების შესარჩევად. ეს ინფორმაცია დადასტურა ფილმის მეორე დირექტორმა ტერი ბემბერმაც, რომელიც „ბონდიანას“ ბოლო სამი ფილმის გადაღებებში მონაწილეობდა.
„ინდოეთში 1992 წლის მერე არ ვყოფილვარ მას შემდეგ, როცა პირველად ვმუშაობდი ვარანასიში. დიდი იმედი მაქვს, რომ ბონდის შესახებ მომავალ ფილმს სწორედ ამ ქალაქში გადავიღებთ“, – თქვა ბემბერმა.
თვითონ აგენტი 007 კი „ინდოეთში არ ყოფილა“ 1982 წლის შემდეგ, როცა ამ ქვეყანაში იღებდნენ „რვაფეხას“, ხოლო ბონდის როლს როჯერ მური ასრულებდა.
23–ე ფილმში, რომლისთვისაც ჯერ სამუშაო სახელწოდებაც კი არ შეურჩევიათ, სუპერაგენტის როლს უკვე მესამედ ზედიზედ შეასრულებს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი. ახალ ფილმზე მუშაობა, Daily Star Sunday–ის მონაცემებით, ნოემბერში დაიწყება და წლის განმავლობაში დასრულდება.
ჩემი მხრიდან კი დავამატებ, რომ როგორც ჩანს დენი ბოილის ფილმის „ჯურღმულელი მილიონერის“ წარმატებამ ოსკარების ცერემონიაზე „ბონდიანას“ ახალი ფილმის ავტორებსაც მოჰგვარა შთაგონება. ნოემბერი იმიტომ აირჩიეს, რომ მუსონების სეზონი უკვე დასრულებული იქნება და ყველაზე ხელსაყრელი ამინდები იქნება გადაღებებისთვის. თან ეჭვი მაქვს ეცდებიან გადაღებებს სწრაფად მორჩნენ და პრემიერაც ოსკარებამდე მოასწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი 2013 წლამდე ახალ ბონდს ვერ ვიხილავთ. ასევე ვფიქრობ, რომ ჰოლივუდის ტრადიციით, ქალის ერთერთ მთავარ როლზე ალბათ აიშვარია რაის აირჩევენ, ან შესაძლოა „მილიონერის“ ვარსკვლავი ფრეიდა პინტოც მოსინჯონ, თუმცა აიშვარიას უფრო მეტი შანსი ექნება როგორც ფიზიკური მონაცემების გამო, ასევე მისი გამოცდილებითაც ჰოლივუდში შესრულებული წარმატებული როლებით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)





















