გელით facebook–ზე

12.10.2009

დაბადების დღეს გილოცავთ Shahenshah Amitabh!!!

11 ოქტომბერს ბოლივუდის Shehenshah–ს, ინდური კინოს სუპერვარსკვლავს, ბოლივუდის უდიდეს მსახიობს ამიტაბჰ ბაჩანს ანუ Big B–ს, როგოც მას ბოლო დროს უწოდებენ, 67 წელი შეუსრულდა. ამიტაბჰ ბაჩანი ჰინდი პოეტის Dr. Harivansh Rai Bachchan–ის ოჯახში დაიბადა. თავისი კარიერა ბოლივუდში მან 1969 წელს დაიწყო და ახლა 2009 წელს თავისი კინოცხოვრების 40 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

Big B ამტკიცებს, რომ კინოდან არასდროს არ წავა. „არადროს დავეთანხმები იმ აზრს, რომ ჩემი ასაკის მსახიობები მნიშვნელოვან როლებს ვერ იღებენ. შეხედეთ დადა მუნის (აშოკ კუმარი)... ის მაგალითი იყო. ის ყოველთვის მნიშვნელოვან როლებს თამაშობდა, მაშინაც კი, როცა 80 წლის იყო“.

„რომანტიული ბიჭების როლებს ვეღარ ვითამაშებ, სამაგიეროდ ვასრულებ ისეთ როლებს, რომლებიც 67 წლის ასაკს შეეფერება“– ამბობს ბაჩანი. მიმდინარე წელს ჩვენ ვიხილავთ მის მიერ განსახიერებულ ჯინს მომავალ პრემიერაში „ალადინი“. ამჟამად კი იგი მონაწილეობს Big Boss–ის მესამე სეზონში ტელევიზიაში.

ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ Big B–ს!!!

ბიპაშა ბასუ Harper's Bazaar–ის ცხელ–ცხელ ფოტოსესიაში

ბიპაშა ბასუ განუმეორებლად გამოიყურება თავის ახალ ფოტოსესიაში, რომელიც გადაღებულია ჟურნალ Harper's Bazaar–ისთვის. ბიპაშამ თავისი სამოდელო გამოცდილება გაიხსენა. იგი ყველა ფოტოზე თანაბრად შთამბეჭდავია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მესამე მომწონს. თქვენ?

11.10.2009

კინოთეატრ „საქართველოში“ ინდური ფილმების სეზონი გაიხსნა

11 ოქტომბერს კინოთეატრ საქართველოში ინდური ფილმების ჩვენების სეზონი გაიხნა. გახსნის ცერემონია, როგორც ორგანიზატორები დაგვპირდნენ, საინტერესო და ლამაზი იყო. კინოთეატრის ფოიეში ერთერთი ქართველი მხატვრის ნახატების გამოფენა იყო მოწყობილი, რომლის ნახატებიც ინდურ თემატიკაზე იყო შექმნილი, მათ შორის ბოლივუდის მსახიობების პორტრეტებიც, და ყველაზე მეტი პორტრეტი კი შაჰრუქ ხანის იყო. გარდა ამისა, ფილმის დაწყებამდე ჩვენების ორგანიზატორებმა რესტორან „მაჰარაჯასთან“ თანამშრომლობით, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს, მოსულ მაყურებლებს ნამდვილი ინდური კერძები შესთავაზეს, რამაც მოსული აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

კინოთეატრში შედგა ახალი მხატვრული ფილმის „ნიუ იორკის“ ჩვენება, რომელშიც მთავარ როლებს ჯონ აბრაჰამი, კატრინა კეიფი, ნილ-ნიტინ მუკეში ასრულებენ. მართალია, ფილმი კლასიკური ბოლივუდური მელოდრამის ჟანრში არ არის გადაღებული და ტრადიციული ინდური მუსიკალური ჩართვებიც ნაკლებად არის, სამაგიეროდ ჰოლივუდურ ფილმებს არაფრით ჩამოუვარდება და საკმაოდ საინტერესო საყურებელია. ამ ფილმს, ვფიქრობ სიამოვნებით ნახავდნენ არა მარტო ინდური კინოს მოყვარულები, არამედ ისინიც, ვინც მთლად ინდური ფილმების ფანები არ არიან. ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ინგლისელი რეჟისორის მიერ გადაღებული „მილიონერი ჯურღმულებიდან“ უფრო მეტად ინდური ფილმი იყო, ვიდრე ბოლივუდური „ნიუ იორკი“. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ფილმი საინტერესო და აზარტული საყურებელი იქნება ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთის.

ინდური ფილმების ჩვენების სეზონის გახსნა, რომლის განმავლობაშიც ბოლივუდის თაყვანისმცემლებს ყოველ შაბათ–კვირას ექნებათ საშუალება, რომ კინოთეატრ საქართველოში ინდური ფილმების ჩევენას დაესწრონ, მიეძღვნა ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდის ამიტაბჰ ბაჩანის დაბადების დღეს.

ჩვენების ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი იმ სასიამოვნო 3 საათის გამო, რომელიც კინოთეატრ „საქართველოში“ გავატარე.

აქვს გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ფოიეში ფილმის დაწყებამდე გადავიღე:

06.10.2009

ჰიჯრები ინდოეთში


ჰიჯრა – ეს ერთგვარი მესამე სქესია ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში. ჰიჯრები დაბადებით მამაკაცების რელიგიური–სოციალური ერთობაა, რომლებიც ქალებივით იცვამენ და ქალღმერთ მატას, დედა ქალღმერთის ათასთაგან ერთერთ იპოსტასს ეთაყვანებიან. მათი რწმენის მიხედვით, ადამიანი ნამდვილი ჰიჯრა მაშინ გახდება, როცა კასტრაციის რიტუალს გაივლის. ჩვეულებრივ ამას აკეთებს მათივე წრის ერთერთი ყველაზე გამოცდილი წარმომადგენელი კერძო სახლებში, ან სულაც ტყეში (ოპერაცია ინდოეთში ოფიციალურად უკანონოდ ითვლება, და ამიტომ მას მხოლოდ კერძო პირები ატარებენ და ძირითადად ანესთეზიის გარეშე).

ჰიჯრები ინდოეთში ტრადიციულად მსახიობებად გამოდიოდნენ ქორწილებსა და ისეთ სახლებში, რომლებშიც ვაჟი იბადებოდა. ვაჟის დაბადება ინდოეთშიც მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება ოჯახში. ჰიჯრები მიდიან სახლში, ხშირად ყოველგვარი მიწვევის გარეშეც, ლოცავენ ახალშობილ ბიჭუნას, ხოლო ოჯახს მუსიკით, ცეკვებით და სიმღერებით ართობენ. თავიანთი გამოსვლის საზღაურად ჰიჯრებს ფულს და ოჯახისგან საჩუქრებს აძლევენ.

ჰიჯრები ტრადიციულად ინდუისტები არიან სარწმუნოებით, მაგრამ არა ყველა. მცირე ოდენობით არიან მუსულმანებიც. ისინი ძირითადად ერთად ცხოვრობენ „სახლებში“, სადაც მკაცრადაა განაწილებული როლები და მოვალეობები, ისევე როგორც ჩვეულებრივ ოჯახებში.

ჰიჯრების დიდი ნაწილი თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თავს პროსტიტუციით ირჩენს. სრულუფლებიანი ჰიჯრა ეს ისეთი ჰიჯრაა, რომელსაც გენიტალიები აქვს მოკვეთილი. ინდურ საზოგადოებაში მათდამი პარადოქსალურად აღრეული დამოკიდებულებაა, რაც ერთდროულად მათდამი პატივისცემასა და ზიზღში გამოიხატება.

გავრცელებულია აზრი, რომ „წესიერი“ ინდოელი ოჯახის კაცი, რომელიც დღისით ჰიჯრების კასტის წარმომადგენლებს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, ღამით სიამოვნებით დათანხმდება მათგან მოფერებას.

ამ მრავალრიცხოვან კასტაში შედიან ჰერმაფროდიტები, ბისექსუალები, კასტრატები, ტრანსვესტიტები და ჰომოსექსუალები... ჰიჯრების 20%–ს, ძირითადად, ტრანსვესტიტებს ოჯახებიც ჰყავთ და შვილებიც. შეიძლება ითქვას, რომ ჰიჯრა ეს არის სოციალური ან რელიგიურ–საკულტო, ფიზიოლოგიური ერთობა ან თავისებური კასტა, რომელსაც გარკვეული, ძირითადად, ძალიან დაბალი საზოგადოებრივი სტატუსი გააჩნია, მაგრამ ამავე დროს ჰიჯრები სპეციფიური დიდი პატივისცემითაც სარგებლობენ. მათი საერთო ოდენობა მარტო ინდოეთში სხვადასხვა მონაცემებით 500 ათასიდან 5 მილიონამდეა, მაგრამ რადგან ოფიციალურად „მესამე“ სქესი არ არსებობს, მათი რაოდენობის აღრიცხვაც ძალიან რთულია.

02.10.2009

ინდური გამოფენა დასასრულს უახლოვდება

ინდური წარმოების საქონლის გამოფენა–გაყიდვა, რომელიც მიმდინარეობს საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“, 4 ოქტომბერს, კვირას დასრულდება. გაზაფხულის გამოფენისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ბოლო დღის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ბოლო დღეს ყველაფერს მინიმალურ ფასებში გაყიდიან, რადგან თბილისიდან გამოფენა ერევანში გადადის და 10 დღე კიდევ იქაც გაგრძელდება, ასე რომ სავარაუდოა, რომ რაც დღეს ფასებია, იმაზე მეტი აღარ დააკლდება. ყველაფერი რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებთ თვითონ ინდოელებთან შევაჭრებას, ვისი საქონელიცაა წარმოდგენილი გამოფენაზე, მაგრამ დიდი იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ მაინც და მაინც 1–2 ლარში მოგცემენ იმას, რასაც 5 ლარი ადევს. შესაბამისად, დახლებზე მაინც და მაინც საქონლის რაოდენობა არ შეცოტავებულა. არჩევანი ჯერ კიდევ არის და ალბათ ბოლომდე იქნება. როგორც ერთერთი სავაჭრო ფარდულის მეპატრონე ინდოელმა მითხრა, თითო სავაჭრო წერტილში 3000 დოლარს ვიხდითო. რამდენად შეესაბამება სიმართლეს არ ვიცი, მაგრამ მიზეზი საკმაოდ არგუმენტირებულად მომეჩვენა, თუ რატომ არ აკლებენ კიდევ ფასებს. არა და ის, რა ფასებიც აქ ადევს გამოფენაზე, თვითონ ინდოეთში ეს საქონელი ამ ფასის მესამედიც კი არ ღირს. ერთი სიტყვით, დარჩენილ 2–3 დღეში ვისაც წასვლის სურვილი აქვს, სარფიან ვაჭრობას გისურვებთ :)

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
გამოფენა The Best of India გაიხსნა
*
ინდური გამოფენის გახსნა 1 კვირით გადაიდო
* სექტემბერში კიდევ ერთი ინდური გამოფენა გველის
* ინდური გამოფენა თბილისში
* ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ

ინდუისტური დღესასწაული დურგა პუჯა

ყოველწლიურ ინდუისტურ ფესტივალზე „დურგა პუჯა“ ქალღმერთ დურგას სცემენ თაყვანს, რომელიც სიკეთის ძალისა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა ინდუისტურ მითოლოგიაში. დღესასწაული 9 დღე–ღამის განმავლობაში გრძელდება, და მას თან ახლავს ცეკვები, მუსიკა, ტრადიციული რიტუალების შესრულება, ლოცვები და მსხვერპლთშეწირვა. 28 სექტემბერს ფესტივალი დასრულდა. აი რისი ნახვა შეიძლებოდა ამ დღეებში ინდოეთის ქუჩებში.


სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
Holi Hai