გელით facebook–ზე

11.03.2009

Holi Hai

გრილი გარიჟრაჟები, ბაღების მჩქეფარე ფერები, ექსტაზში მომღერალი ფრინველები, ყვავილების მსუბუქი არომატი და თვალისმომჭრელად მოელვარე მზე – ყველაფერი ეს გაზაფხულია... ინდუსებს ძალიან უყვართ წლის ეს პერიოდი, რომელიც უდარდელი და ასეთი სასურველი დღესასწაულის – ჰოლის დადგომით იწყება.

ჰოლი გაზაფხულის ფერების ზეიმია, რომელიც გაზაფხულის დადგომის სიმბოლოდ ითვლება. გარდა ამისა, ჰოლი ასევე ზამთრის მოსავლის აღებისთვის მიძღვნილი დღესასწაულიცაა, და ამასთანავე, გარკვეული რომანტიული დატვირთვაც აქვს. მაგრამ ყველაფერზე რიგ–რიგობით....

ჰოლის დღესასწაული მარტის დასაწყისში იმართება, უფრო ზუსტად კი ინდური თვე ფალგუნის სასვე მთვარიანობის პირველ დღეს. „ჰოლი“ დღესასწაულის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელწოდებაა, რომელმაც ევროპულ ენებშიც იოლად მოიკიდა ფეხი იმის გამო, რომ მარტივად გამოითქმის, თუმცა არსებობს უამრავი ალტერნატიული დასახელებაც, რომლებიც ინდოეთის უამრავ შტატშია გავრცელებული, ასევე მეზობელ ნეპალსა და ბანგლადეშში. ამ სახელებიდან ყველაზე პოპულარულია – პჰაგვაჰი, დოლ პერნიმა და რანგპანჩამი.

ფერების ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გრძელდება, და ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში ყველა თავისებურად აღნიშნავს. ყველაზე ხმაურიანად და ფერადოვნად ჰოლის ქვეყნის ჩრდილოეთში აღნიშნავენ, ასევე ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო სამხრეთში ზეიმი გაცილებით მოკრძალებულია. თუკი ამ პერიოდში ტურისტს ინდოეთში მოგზაურობა მოუნდება, უმჯობესია პენჯაბში გამგზავრება, სწორედ ამ შტატში აღნიშნავენ დღესასწაულს სრული სიდიადით.

ჰოლის დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს, და ერთერთი მათგანის მიხედვით ღმერთ კრიშნას მუქი ფერის კანი ჰქონდა, ხოლო მის მიჯნურ რადჰას ლილიას ყვავილივით თეთრი. ერთხელ კრიშნამ თავის დედას ხუმრობით შესჩივლა ამ „უთანასწორობის“ შესახებ და დედამ ურჩია, რომ რადჰას ფერადი ფხვნილები შეაყაროს, რომ ეს „უთანასწორობა“ გაათანაბროს. კრიშნა ასეც მოიქცა და ეს თამაში მხიარულ რომანტიულ გართობად აქცია. ჰოლის ეს ტრადიცია უცვლელია დღემდე.


დღესასწაულის მეორე დღეს ნამდვილი „ფერადი სიგიჟე“ იწყება. ყველა ასაკის, კასტის და ფენის ადამიანები ქუჩაში გადიან და გამვლელებს, მეგობრებს და ნაცნობებს ფერად ფხვნილებს აყრიან და ფერად სითხეებს ასხამენ. სულ 5 წუთით ქუჩაში გასვლისას თავიდან ფეხებამდე საღებავებით მოთხვრილი დაბრუნდებით უკან.

გარდა ფერებისა და საღებავებისა, ამ დღესასწაულისთვის განსაკუთრებული სუფრაც მზადდება, რომელიც ასევე მდიდარია ფერებითა და გემოთი, და სუფრაზე ბუნების ყველა ფერია წარმოდგენილი. განსაკუთრებული კერძია სადესერტო „მალპოა“, რომელიც ფქვილის, რძის, შაქრისა და ჩირისგან მზადდება.

ჰოლი ორი დღის განმავლობაში გრძელდება, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე ხანგრძლივი ინდური დღესასწაული არ არის, ის უდავოდ ერთერთი ყველაზე მხიარული სახალხო ზეიმია.

2 комментария:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

vaime ra lamaziiaa da ra xalisiani da sicoxlisferiaa es dgesascauli!
minda moxvedra mand!
da saertod aset karnaval-dgesascaulzebze minda yvelgan movxvde!!

Анонимный комментирует...

ძალიან ლამაზია :)