ინდოეთის ერთერთ ყველაზე ღარიბ შტატში – ბიჰარში მცხოვრები პროგრამისტი და მასწავლებელი სუშილ კუმარი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში „ვის უნდა მილიონი“ ერთი მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვებულის ძმამ სუდჰირ კუმარმა მისი გამარჯვება იმით ახსნა, რომ სუშილი მუდმივად უსმენს „ბი–ბი–სი“–ს გადაცემებს ჰინდის ენაზე. კუმარის ბედი ძალიან ჰგავს ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სიუჟეტს. ამ ფილმში ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა ანალოგიურ შოუში უზარმაზარი თანხა მოიგო.
27.10.2011
ინდოეთში „ჯურღმულელი მილიონერის“ სიუჟეტი რეალობად იქცა
ინდოეთის ერთერთ ყველაზე ღარიბ შტატში – ბიჰარში მცხოვრები პროგრამისტი და მასწავლებელი სუშილ კუმარი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში „ვის უნდა მილიონი“ ერთი მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვებულის ძმამ სუდჰირ კუმარმა მისი გამარჯვება იმით ახსნა, რომ სუშილი მუდმივად უსმენს „ბი–ბი–სი“–ს გადაცემებს ჰინდის ენაზე. კუმარის ბედი ძალიან ჰგავს ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სიუჟეტს. ამ ფილმში ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა ანალოგიურ შოუში უზარმაზარი თანხა მოიგო.
27.09.2011
ყველაზე მდიდრული მატარებელი ინდოეთში - "მაჰარაჯების ექსპრესი"
„მაჰარაჯების
ექსპრესი“ – ამ სახელწოდების სპეციალური ტურისტული მატარებელი ინდოეთში კომფორტულად
გასეირნების მსურველებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს მოატარებს. ევროპული თვალისთვის
უჩვეულო ინტერიერები, ცხელი და ცივი წყალი, ტუალეტი და საშხაპე ყველა კუპეში. არის
ასევე კუპეები აბაზანითაც უფრო მაღალი კლასის ვაგონებში.
ინდოეთის რკინიგზა
მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დატვირთული რკინიგზაა. გარდა ამისა, ტრანსპორტის ეს სახეობა
ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ქვეყნის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების სრულად აღსაქმელად.
ტურიზმის განვითარების სხვა ფორმებთან ერთად ამჯერად არჩევანი მდიდრულ რკინიგზაზე შეაჩერეს,
რათა უფრო მეტი ტურისტი მიიზიდონ, რომელთაც კომფორტული დასვენება და ამაში ბევრი ფულის
დახარჯვა ურჩევნიათ, და ამავე დროს სურთ უფრო ახლოს დაინახონ საკუთარი თვალით ის ყველაფერი,
რაც ინდოეთის რეალურ სახეს წარმოაჩენს.
16.09.2011
ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა და მისმა მეუღლემ თავიანთი თვალები უსინათლოებს უანდერძეს
ჯერჯერობით არავინ
იცის იმ ინდოელის სახელი, ვინც მომავალში რესპუბლიკის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელის
მანმოჰან სინგჰის თვალებით სამყაროს შეხედავს. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ რომელიმე
თანამემამულეს მომავალში პრემიერ–მინისტრის თვალის რქოვანას გადაუნერგავენ.
ინდოეთში ახლახან
დონორული შემოწირულობების ეროვნული დღე აღინიშნა, რომლის დროსაც პრემიერმა მანმოჰან
სინგჰმა და მისმა მეუღლემ გურშარან კაურმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ ბლანკს „თვალის
დონორობაზე“, რომლის მიხედვითაც მათი გარდაცვალების შემდეგ მათი თვალის რქოვანა ტრანსპლანტოლოგების
განკარგულებაში გადავა მხედველობადაქვეითებულთა დასახმარებლად.06.09.2011
ინდოეთის რკინიგზამ ჯეიმს ბონდის ავტორებს სცენარში ცვლილებები შეატანინა
როგორც ერთერთ წინა პოსტში გაცნობეთ, ჯეიმს ბონდის ერთერთი მორიგი სერიის გადაღებები ინდოეთში წარიმართება. ამ ქვეყანაში „ბონდმა“ ბოლოს 30 წლის წინ იმოგზაურა როჯერ მურის მონაწილეობით. ამჯერად კი, ისევე როგორც წინა სერიაში, ბონდს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ ფილმის ავტორებს ნება დართო გადაღებები მუმბაიში, აჰმედაბადსა და გოაში აწარმოონ, ფილმის მესვეურებს თავდაპირველ სცენარში გარკვეული ცვლილებების შეტანა მაინც მოუწევთ ინდური მხარის მოთხოვნით.
31.08.2011
პატრიოტიზმით დამუხტული სანახაობა ინდოეთ–პაკისტანის საზღვარზე
ყოველ საღამოს ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქალაქ ამრიტსარიდან 30 კილომეტრში ძალიან უცნაური ცერემონიის ხილვაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საზღვრის დაკეტვის ერთადერთი ცერემონიაა მთელ მსოფლიოში, რომლის სანახავადაც ათასობით ადამიანი ჩადის ადგილზე. ერთდროულად ეს ცერემონია პატრიოტიზმის დემონსტრირებაცაა, ასევე ინდური მენტალობის გარკვეული მხარეების წარმოჩინებაც (თუ ცერემონიას ინდურ მხარეს აკვირდებით), მეზობლის მიმართ ძალის დემონსტრირებაც ინდურ–პაკისტანური ურთულესი ურტიერთობების ისტორიაში, და ასევე უბრალოდ უცხო თვალისთვის ამოუსნელი რაღაც კიჩი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად უდავოდ იმსახურებს, რომ ერთხელ მაინც ხოვრებაში ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო.
27.08.2011
საქართველომ და ინდოეთმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს დელიში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.
საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა, ხოლო ინდურ მხარეს წარმოადგენდა ინდოეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი გადასახადების ცენტრალური საბჭოს დავმჯდომარე, მ.ჩ. ჯოში.
23.08.2011
ინდუისტებმა კრიშნას მოვლინების დღე აღნიშნეს
22 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანმაშტამის დღესასწაული – კრიშნას ამ ქვეყნად მოვლინების დღე აღინიშნა. ეს ინდუიზმის ერთერთი ყველაზე პოპულარული სასულიერო და კულტურული დღესასწაულია. „ჯანმა“ სანსკრიტზე „დაბადებას“ ნიშნავს, „აშტამი“ კი წარმავალი მთვარის მერვე დღეს. წმინდა წიგნების თანახმად, 51 საუკუნის წინ ამ დღეს დედამიწას კრიშნა მოევლინა, რომელსაც ინდუისტები უზენაეს ღვთაებად მიიჩნევენ. ზოგიერთი ასტროლოგი ზუსტ თარიღსაც ასახელებს – 5239 წლის წინ, თუმცა მეცნიერების აზრი ამ საკითხზე გაყოფილია.
კრიშნას სახელი „ყოვლისმომცველს“ ნიშნავს. ჯანმაშტამის სხვაგვარად ინდურ ახალ წელსაც უწოდებენ და ამ დღესასწაულს ინდოეთში ყველა აღნიშნავს რელიგიური კუთვნილების მიუხედავადაც კი. ინდოეთში ეს დღესასწაული ისევე უყვართ, როგორც დასავლეთში შობა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით წმინდა ვრინდავანში, სადაც კრიშნა დაიბადა, გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებები და ლოცვები ტარდება. კრიშნას ქანდაკებას წყაროს წყლით, რძით, თაფლით და სურნელოვანი ზეთებით განბანენ. ჯანმაშტამის დღესასწაულზე დილიდან საღამომდე ლოცვები და სხვადასხვა რიტუალები იმართება.
დღეისათვის ამ დღესასწაულს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ და მასში იმ ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ სადაც ინდუიზმია გავრცელებული. სადღესასწაულო ლოცვები და რიტუალები ტარდება ასევე კრიშნაიტების (ვაიშნავიზმის მიმდევრების) ტაძრებში.
ასეთი ღონისძიებები იყო დაგეგმილი ასევე თბილისის კრიშნაიტების სამლოცველოშიც, სადაც მიწვეულიც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ წასვლა ვერ შევძელი.
13.08.2011
ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე
ყოველწლიურად 15 აგვიტოს ინდოეთი ერთერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს (Independence Day in India) – დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1947 წლიდან აღინიშნება.
1947 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი (Indian Independence Act) და დელიში, წითელი ფორტის თავზე ინდოეთის პირველმა პრემიერ–მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ უამრავი ადამიანის თანდასწრებით დამოუკიდებელი ინდოეთის სამფერიანი დროშა აღმართა. ამ მოვლენით ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.
05.08.2011
ინდოეთში გველების ფესტივალი მიმდინარეობს
გველების ფესტივალი „ნაგ პანჩამი“ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საოცარი მოვლენაა. ინდოეთში ეს ფესტივალი დასავლეთ ბენგალიაში, მაჰარაშტრაში და სამხრეთ შტატებში ტარდება. ამ ქვეყანაში გველების 275 სახეობა ბინადრობს. მათ ეთაყვანებიან როგორც სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოს, ისინი ღმერთ შივას სიმბოლოც არიან და სწორედ კისერზე შემოხვეულ გველს ატარებს ეს ღმერთიც. გველები ხშირად ფიგურირებენ ინდურ მითოლოგიაში, ხოლო ინდუისტურ გადმოცემებში გველღმერთების რაოდენობა 1000–ს აღწევს.
აღნიშნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება შრავანის თვის ნათელი ნახევრის მეხუთე მთვარიან დღეს, რომელიც გრიგორიანული კალენდრის ივლის–აგვისტოს ემთხვევა.
28.07.2011
შეცდომა თუ ტყუილი?!
ინდური კინოინდუსტრიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ დიდი ხანია მიდის საუბრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია მუმბაიში ცნობილ ბოლივუდელ მსახიობს ამირ ხანს შეხვდა და რის შემდეგაც თბილისში ამ წლის დასაწყისში უკვე იმყოფებოდა ინდოელი კინემატოგრაფისტების ჯგუფი აქაური პირობების შესასწავლად და ქართველი მსახიობების გასაცნობად.
რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში კვლავ ჩამოვიდნენ ინდოელი კინომწარმოებლები პროდიუსერ სურეშ ბალაჯის ხელმძღვანელობით. ყველა ქართული ნაციონალური ტელეარხი ეს დღეები აშუქებს ინდოელი სტუმრების ვიზიტს და ჟურნალისტებიც ოფიციალურ პირებთან ერთად გამუდმებით იმეორებენ, რომ სტუმრები ბოლივუდიდან ჩამოვიდნენ. არავის მხილებას ან კრიტიკას არ ვაპირებ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პროდიუსერი სურეშ ბალაჯი არ წარმოადგენს ბოლივუდს. არ ვიცი ეს შეცდომაა თუ ვინმეს მხრიდან განგებ გამოგონილი ტყუილი, მაგრამ ამ პროდიუსერს, რომელიც სამხრეთ ინდოეთის კინოინდუსტრიას წარმოადგენს, ბოლივუდში არცერთი ფილმი არ შეუქმნია.
25.07.2011
ინდოეთში მოგზაურის სამახსოვრო
მრავალმა ტურისტმა დააგროვა შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც გვეუბნება, რომ ინდოეთში დაგემართებათ ყველაფერი ის, რაზეც ოცნებობდით და ისიც, რისაც ყველაზე მეტად გეშინოდათ. ამ ქვეყანაში ყველა მკრთალი ფერი სრულ შეფერილობას იძენს და ივსება – ეს სიკეთისა და ბოროტების ფერებია. თქვენ უნდა აირჩიოთ, ვის მხარეზე ხართ, რადგან სამყაროს და ადამიანს ამ ქვეყანაში თავის ჭეშმარიტ ფერებში დაინახავთ!
ამიტომ, „გამოცდილი“ ადამიანებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა: გიხაროდეთ სიცოცხლე, იყავით კეთილგანწყობილი გარშემომყოფთა მიმართ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რაც არ უნდა უჩვეულო რამ მოხდეს.
საქართველოდან გამგზავრების მარშრუტები
ყველაზე უკეთესი დრო ინდოეთის დასალაშქრად ოქტომბრის ბოლოდან აპრილის მოლომდე პერიოდია. დანარჩენ დროს მუსონური წვიმები მოდის და უამინდობა მოგზაურობას შეგიფერხებთ, გარდა ამისა, ჩვენს მშრალ ჰავას შეგუებულებს გაგიჭირდებათ ცხელი და ნესტიანი ამინდების ატანა.
ინტერნეტის ხანაში არც ისე რთულია გამგზავრების სასურველი მარშრუტების შერჩევა. უამრავი ტურისტული სააგენტოა, რომლებსაც ტურების შემოთავაზებაც შეუძლიათ და ბილეთების დაჯავშნა–შეძენაც. ტურისტული ტური გარკვეულ კომფორტს გულისხმობს, მაგრამ როცა უბრალოდ მეგობრებთან მიემგზავრები, ან საკუთარ თავზე გინდა გამოსცადო მოგზაურობის მთელი სიამოვნება, თავისი თავგადასავლებით, შესაძლებელია ფიქრი იმაზეც, ინდივიდუალურად შეიძინოთ ბილეთები და სამოგზაურო მარშრუტიც ინტერნეტის დახმარებით განსაზღვროთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია, იმხელა ქვეყანაში გამზავრების წინ, როგორიც ინდოეთია, წინასწარ იცოდე, სად მიდიხარ, რომელ ქალაქებში გინდა შესვლა და რის დათვალიერებას აპირებ. ცოტაოდენი ინგლისური და ყველაფრის საკუთარი ძალებით გაკეთებასაც შეძლებთ.
20.07.2011
ბოლივუდელ პროდიუსერთა მორიგი სტუმრობა საქართველოში
2011 წლის 21 ივლისს საქართველოს მეორედ ეწვევა ბოლივუდის პროდუსერთა დელეგაცია. როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, დელეგაციის ვიზიტის „მთავარი მიზანია დაამყარონ ურთიერთობები კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან, ჩაატარონ კასტინგი, დაათვალიერონ კინოგადაღებისათვის საინტერესო ადგილები, რათა შედგეს მოსამზადებელი სამუშაობი ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განსტერული-ტრილერის “BILLA 2” გადასაღებათ 2011 წლის შემოდგომაზე“.
პრესსამსახურის ცნობით, ინდოელი კინოსპეციალისტების დელეგაცია 21 ივლისს, გამთენიისას, 03.15 საათზე, დუბაი-თბილისის რეისით ჩამოვა. სტუმრებს აეროპორტში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები დახვდებიან. დელეგაციის წევრები არიან ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი. თუმცა, სამინისტრო მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.
ვიზიტის დროს იგეგმება შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და კინოცენტრთან.
მიმდინარე წლის იანვარში თბილისში უკვე იმყოფებოდა ბოლივუდური დელეგაცია პროდიუსერ ნარენდრა ბაჯაჯის ხელმძღვანელობით. მანამდე კი 2010 წლის ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ცნობილ მსახიობს შეხვდა და კინოს სფეროში ბოლივუდსა და საქართველოს შორის შესაძლო თანამშრომბოლბის შესახებ ესაუბრა.
გარდაცვლილი ინდოელი გურუს სახლში ათეულობით კილოგრამი ოქრო და ვერცხლი აღმოაჩინეს
აპრილში გარდაცვლილი ინდოელი გურუს სატია საი–ბაბას სასახლეში ათეულობით კილოგრამი ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები და ქსოვილები აღმოაჩინეს. გურუს საძინებლებსა და პირად ოთახებში 34,5 კგ ოქრო, 340 კგ ვერცხლი და სხვა საჩუქრები იპოვეს, რომლებსაც საი–ბაბას მისი სწავლების მიმდევრები სწირავდნენ. ანანტაპურის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ძვირფასეულობის აწონვა და დათვლა 18 ივლისის საღამომდე გაგრძელდა და ამ პროცესმა 12 საათი დაიკავა, – წერს გაზეთი The Times of India.
გურუს აშრამში, რომელიც ანდჰრა პრადეშის შტატის ქალაქ პუტაპარტიში მდებარეობს, ადრე უკვე აღმოუჩენიათ ძვირფასეულობა, რასთან შედარებითაც ეს ახალი აღმოჩენა არც ისე შთამბეჭდავი ჩანს. 24 აპრილს საი ბაბას გარდაცვალების შემდეგ მისი აშრამიდან გატანილი იქნა 2 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, 98 კგ ოქრო და 307 კგ ვერცხლის ნაკეთობანი. ამ სიმდიდრის მმართველად დანიშნულია სატრასტო ფონდი, რომელსაც უკვე ადანაშაულებენ ძვირფასეულობის განიავებაში. ივნისში პოლიციამ აღკვეთა 3,5 ინდური რუპიის (დაახლოებით 85 ათასი აშშ დოლარი) გატანა საი–ბაბას აშრამიდან ქალაქ ბანგალორში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება. ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება აშრამში აღწერას ატარებს და იმაზე ფიქრობს, როგორ მოექცეს საი–ბაბას მილიონებს.
საი–ბაბას გარდაცვალებამ პრობლემები შეუქმნა მთლიანად ქალაქ პუტაპარტის, რომელშიც იგი ცხოვრობდა. გურუ მთელი რეგიონის ეკონომიკის მამოძრავებელი იყო, სადაც პილიგრიმები, ტურისტები და ფული მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებიდან მდინარეებივით მიედინებოდნენ. გურუს გარდაცვალებასთან ერთად ქალაქში მკვეთრად დაეცა უძრავი ქონების ფასიც და მოთხოვნილებაც საქონელსა და მომსახურეობაზე.
საი–ბაბამ ქაგადება 14 წლის ასაკში დაიწყო და შემდგომში მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო ლიდერი გახდა. როცა საკუთარ თავს ცოცხალი ღმერთი და ცნობილი ინდოელი წმინდანის, შირდელი საი–ბაბას რეინკარნაცია უწოდა, 1940 წელს სამხრეთ ინდოეთში მოგზაურობა და თავისი პირველი მიმდევრების შეკრება დაიწყო. ის ყველა რელიგიის თანასწორობას ქადაგებდა და თვლიდა, რომ ადამიანი გულწრფელად უნდა მისდევდეს იმ რელიგიას, რომელშიც დაიბადა, რადგან ღმერთი ერთია. თავის ქაგადებებში გურუ ადამიანებს ასწავლიდა, რომ სიხარბეს და ეჭვიანობას შებრძოლებოდნენ, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ძმასავით უყვარდეთ, არ მიეცათ ქრთამი და ღატაკებს დახმარებოდნენ არა ფულით, არამედ მათთვის სწავლის და სამუშაოს მიცემის გზით.
თვითონ საი–ბაბა უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაზე, აშენებდა სკოლებს და საავამდყოფოებს სხვადასხვა ქვეყნებში. გურუსთან ჩადიოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან.
საი–ბაბას ბევრი აკრიტიკებდა კიდეც. მას ფუფუნების სიყვარულში, ყოვლისმცოდნედ თავის გასაღებაში და ფოკუსნიკობაში ადანაშაულებდნენ. 70–იან წლებში მას თავის შეგირდების მიმართ სექსუალურ ძალადობაშიც კი სდებდნენ ბრალს.
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* საი ბაბას დაკრძალვაზე ნახევარი მილიონი ადამიანი მივიდა
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* საი ბაბას დაკრძალვაზე ნახევარი მილიონი ადამიანი მივიდა
ტურისტები მდედრი დათვისა და ვეფხვის ბრძოლის მომსწრენი გახდნენ
ინდოეთში ტურისტების ჯგუფს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რომ მდედრი დათვისა და ვეფხვის ბრძოლისთვის ეცქირა რაჯასტანის შტატის ნაკრძალში „Ranthambhore Tiger Reserve“. დედა დათვი თავის ორ ბელთან ერთად წყალსაცავთან მივიდა, როდესაც იქვე მყოფმა უზარმაზარმა ვეფხვმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ დათვების ოჯახს თავს დასხმოდა. ბრძოლა სამი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და დედა დათვი თავდაუზოგავად იცავდა შვილებს. ამ შერკინებას ტურისტების ბრბო ადევნებდა თვალს. მოშორებით მდგარი ადამიანები დედა დათვს გულშემატკივრობდნენ და აპლოდისმენტებით და შეძახილებით „ამხნევებდნენ“. „ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ბევრმა ადამიანმა შეძლო საკუთარი თვალით ენახა ველურ ბუნებაში ვეფხვისა და დათვის ბრძოლა“, – ამბობს მომხდარის თვითმხილველი, ნაკრძალის თანამშრომელი ადიტია სინგჰი. ვეფხვის დამარცხების შემდეგ დათვმა ბელებთან ერთად ამაყად დატოვა ტურისტების აღფრთოვანებული ბრბო.
12.07.2011
პეპელა სახელად – კამპა
ფარვანა დილიდან უხასიათოდ იყო. არც სკოლაში წასვლაზე უფიქრია. არც ბრინჯის ბურთულას მიკარებია, რომელიც გუშინდელი ვახშმიდან მშობლებმა დილისთვის დაუტოვეს. ზანტი ნაბიჯით გავიდა თიხით შელესილი ოთახიდან და კალირ–კანდას ხის (ადგილობრივ დიალექტზე ხეს „მოატყუე კუჭი“ ჰქვია, მისი 1–2 ფოთლის შეჭმის შემდეგ ადამიანი თავს მაძღრად გრძნობს რამდენიმე დღის განმავლობაში) ჩრდილში დაჯდა. გოგონას, რომელსაც სულ ახლახანს 12 წელი შეუსრულდა, სინამდვილეში კამპა ჰქვია, მაგრამ მისი ენერგიული ხასიათისა და ცეკვით დიდი გატაცების გამო ფარვანა შეარქვეს. ფარვანას ხომ აღმოსავლეთის ქვეყნებში პეპელას ეძახიან. 3 წლიდან ხელები სულ გაშლილი აქვს და სულ ცეკვავს, თუ საოჯახო საქმეებით არ არის დაკავებული. ფარვანა მთელს ოჯახს უყვარს და სოფელშიც ყველას უხარია მისი დანახვა.
ფარვანას მამამ სანჯაი შარმამ შვილისთვის განკუთვნილ ბრინჯის ბურთულას ხელი არ ახლო და ისე წავიდა სოფლის სიახლოვეს მდებარე მაღაროში, სადაც ნახშირს ხელით მოიპოვებენ. სანჯაი ცალი თვალით თითქმის ვერაფერს ხედავს, მაგრამ უნდა იმუშაოს, რომ ოჯახიც გამოკვებოს და სამედიცინო ხარჯებიც დაფაროს. დედა ფარვანას უფროს ძმასთან, რანბირთან ერთად ბატონ არუნ პანდეისთან წასასვლელად ემზადება ადგილობრივ კლინიკაში. დოქტორმა რანბირს უნდა ურჩიოს, სად შეიძლება, რომ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთონ. თირკმელზე პრობლემების გამო 17 წლის რანბირმა მუშაობაც კი ვერ შეძლო და თუ ეშველება რამე, იქნებ ოჯახიც ცოტა ფეხზე დადგეს. დონორობას დედა აპირებს...
ჩრდილში მჯდარ ფარვანას მშობლების წუხანდელი საუბარი მოსვენებას არ აძლევდა. სანჯაის თუ თვალი არ ამოკვეთეს, სიბრმავე შეიძლება მეორე თვალზეც განუვითარდეს. თვალის დონორის შოვნაზე არც უფიქრიათ, რადგან რანბირს თირკმელს დედა უთმობს და კიდევ სხვა დონორზე ფიქრი ოჯახისთვის ზედმეტი ტვირთია. ჯობია სანჯაიმ უბრალოდ დაკარგოს ცალი თვალი. მაღაროში მაინც სიბნელეა და ცალი თვალიც ეყოფა სამუშაოდ. 1–2 წელიწადში აგერ ფარვანაც გასათხოვარი იქნება და მისი მზითვისთვის ერთი რუპიაც კი არ გააჩნიათ. 20 წლის რომ გახდება ფარვანა, უმზითვო შინაბერას ცოლად მოყვანა აღარავის მოუნდება...
ექიმისგან ფარვანას დედამ და ძმამ დამაიმედებელი ვერაფერი შეიტყვეს. დაღლილები ბრუნდებოდნენ შინ. რანბირი დედას ორი ნაბიჯით უსწრებდა და ქოხის ზღურბლზე გაშეშდა. როდესაც დედა მიუახლოვდა და შინ შესვლა სცადა, რანბირი არ გაინძრა. დედა აღელდა და ვაჟს ოთახისკენ უბიძგა. ფარვანა იატაკზე იწვა და კრუნჩხვები ტანჯავდა. გვერდით კი პესტიციდების შუშის ცარიელი ბოთლი ეგდო. ფარვანამ საწამლავი დალია. გაუბედურებულ დედას და ძმას უკან გაბრუნება მოუწიათ ექიმთან კლინიკაში, რომ გოგონა გადაერჩინათ. ფარვანამ ბატონი პანდეის ხელში საშინელი ტანჯვით დაასრულა ჯერ კიდევ ფრთებგაუშლელი სიცოცხლე.
კამპას თითქმის უწონო სხეულს კრემაცია მეორე დღეს ჩაუტარეს. მთელი სოფელი იყო მისული მდინარის პირას, სადაც ყველასთვის საყვარელი ფარვანა იფერფლებოდა. მზის ჩასვლის შემდეგ უბედური და გაწამებული ოჯახი შინ დაბრუნდა. არავის არაფერი უთქვამს. დილით ფარვანას დედამ გოგონას სასკოლო ჩანთას მოჰკრა თვალი ქოხის კუთხეში. გატანჯულ ქალს უხმოდ წასკდა ცრემლები. ჩანთაზე დაკეცილი ქაღალდი იდო...
თავის მოწამვლის წინ კამპამ წერილი დაწერა. ოჯახს თვითმკვლელობისთვის პატიებას სთხოვდა და ემუდარებოდა, რომ მისი თირკმელი რანბირისთვის გადაენერგათ, ხოლო თვალი მამისთვის...
(ნამდვილი ამბის მიხედვით. ეძღვნება 12 წლის მამპი სარკარს დასავლეთ ბენგალიიდან, რომელიც ცდილობდა მამისა და ძმისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლოვებინა)
Подписаться на:
Сообщения (Atom)











