გელით facebook–ზე

05.02.2011

გაუდია–ვაიშნავიზმი (კრიშნაიზმი)

ვაგრძელებ ინდოეთის რელიგიური მიმდინარეობების მიმოხილვას და ამჯერად მოკლედ მოგითხრობთ ე.წ. „კრიშნაიტების“ სარწმუნოებაზე, რომელმაც მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში ინდოეთის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპასა და ამერიკაშიც დაიწყო გავრცელება და რომელიც გაუდია–ვაიშნავიზმის სახელითაა ცნობილი.

გაუდია–ვაიშნავიზმი (ბენგალური ვაიშნავიზმი, ჩაიტანია–ვაიშნავიზმი ან კრიშნაიზმი) – რელიგიური მიმდინარეობაა ინდუიზმის შიგნით და ვაიშნავიზმის მიმდინარეობას ან განტოტებას წარმოადგენს. გაუდია–ვაიშნავიზმის მიმდევრებს ვაიშნავებს ან კრიშნაიტებს ეძახიან. სიტყვა „გაუდია“აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე პროვინცია „გაუდადეშას“ სახელიდან წარმოსდგება. ეს პროვინცია თანამედროვე დასავლეთ ბენგალიის და ბანგლადეშის ნაწილზე იყო განლაგებული. სწორედ აქ ჩაისახა თავდაპირველად გაუდია–ვაიშნავიზმი და აქედან დაიწყო გავრცელება. „ვაიშნავიზმი“ ღმერთ „ვიშნუს თაყვანისმეცამს“ ნიშნავს.

გაუდია–ვაიშნავიზმი ერთ–ერთი მონოთეისტური მიმდინარეობაა ინდუიზმში. მისი ფილოსოფია პირველ რიგში „ბჰაგავატ–გიტას“ და „ბჰაგავატ–პურანას“ სწავლებაზეა აგებული, ასევე ისეთი ვედური წიგნების სწავლებაზე, როგორებიცაა უპანიშადები. გაუდია–ვაიშნავიზმის რელიგიური პრაქტიკა ეფუძნება ქალღმერთ რადჰასა და ღმერთ კრიშნას ქალური და მამაკაცური საწყისების თაყვანისცემას. გაუდია–ვაიშნავიზმის ღვთისმეტყველებაში რადჰა–კრიშნა წარმოსდგება როგორც ღმერთის ყოველგვარი გამოვლინების მთავარი წყარო, რომლებიც მათ სხვადასხვა ავატარებად განიხილება. თაყვანისცემის პროცესს ბჰაქტი–იოგა ჰქვია. კრიშნაიტებისთვის ბჰაქტი–იოგას უმნიშვნელოვანეს მეთოდად ითვლება რადჰასა და კრიშნას სახელების გალობა, განსაკუთრებით კი მანტრა „ჰარე–კრიშნას“ სახით. ამ სასულიერო პრაქტიკას კირტანა ან სანკირტანა ჰქვია.

გაუდია–ვაიშნავიზმის ფუძემდებლად ინდუისტური რელიგიური მქადაგებელი და რეფორმატორი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ითვლება (1486–1534), რომელსაც კრიშნაიტები რადჰასა და კრიშნას განსაკუთრებულ ერთსახიერებად მიიჩნევენ და რომლის მოვლენაც ამქვეყნად ნაწინასწარმეტყველები იყო ვედებსა და პურანებში.

1960–იანი წლებიდან გაუდია–ვაიშნავიზმმა მთელს მსოფლიოში დაიწყო გავრცელება ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადის ქადაგებების და მის მიერ დაფუძნებული კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების წყალობით. კრიშნაიზმის გავრცელებას ასევე ხელს უწყობდნენ ორი სხვა კრიშნაიტი გურუ და მათი ორგანიზაციები, რომლებიც ინდოეთის ფარგლებს მიღმა მოღვაწეობდნენ.

ვაიშნავიზმი ერთ–ერთია ინდუიზმის ორი მთავარი მიმართულებიან შივაიზმთან ერთად. ეს ორივე ტრადიცია ერთი და იგივე ფესვიდან წარმოსდგება, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი შეხედულება აქვს უფალზე, და განსაკუთრებით, თაყვანისცემის ობიექტზე. ვაიშნავიზმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ვიშნუს თაყვანისცემა უმთავრესი ღმერთის სახით.

გაუდია ვაიშნავიზმი, ანუ ბენგალური ვაიშნავიზმი – ეს რელიგიური ტრადიციაა და იმავე დროს რელიგიურ–ფილოსოფიურო სკოლაცაა, რომელიც ვაიშნავიზმის განშტოებას წარმოაგდენს. მისი მიმდევრები, სხვა მონათესავე მიმდინარეობებისგან განსხვავებით, ღვთის უზენაეს გამოვლინებად თვლიან კრიშნას და არა ვიშნუს, ხოლო ვიშნუ კრიშნას ერთერთ გარდასახვად მიიჩნევენ. ამის გამო გაუდია–ვაიშნავებს კრიშნაიტებსაც ეძახიან.

ვაიშნავიზმის ყველა სხვა მიმართულებას შორის გაუდია–ვაიშნავიზმი (კრიშნაიზმი) ყველაზე მოქნილი აღმოჩნდა ინდოეთის ფარგლებს მიღმა მისი გავრცელების თვალსაზრისით. დასავლეთის ქვეყნებში კრიშნაიზმმა გავრცელება 1930–იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ უკვე მყარად ფეხის მოკიდება მხოლოდ 1960–იანი წლებიდან შეძლო ევროპასა და ამერიკაში. 1965 წელს ნიუ–იორკში დაფუძნებულ იქნა კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება. ეს რელიგიური მოძრაობა დღესისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც. თბილისში მათ თავიანთი სამლოცველოც აქვთ. 1990–იან წლებში, განსაკუთრებით მეორე ნახევარში და 2000–იანი წლების დასაწყისში ვრცელდებოდა ცნობები, რომ გარკვეული ძალები რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მათ შევიწროვებას ცდილობდნენ და ლიტერატურასაც უნადგურებდნენ, რათა ამ მიმდინარეობამ საქართველოში ფეხის მოკიდება ვერ შეძლოს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ცნობები აღარ გავრცელებულა. შესაძლოა ამისი მიზეზი ისიც იყოს, რომ ამ რელიგიურ მიმდინარეობას არც ისე ბევრი მიმდევარი ჰყავდეს და მათაც საზოგადოების მხრიდან ზეწოლის და შევიწროების შიშით საკუთარი არსებობის აფიშირება არ სურდეთ...

კრიშნაიტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში:



სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
სიქჰიზმი

2 комментария:

ნინო კრავეიშვილი комментирует...

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ სოსო რომ მიხარია შენი ბლოგისაკენ შემობრუნება.
რაც შეეხება საქართველოში ამ რელიგიის მიმდევართა არსებობას, პირველ რიგში იმას აღვნიშნავ რომ არანაირი ძალადობის მომხრე არა ვარ, თუმცა ძალიან გამიკვირდა როცა ერთი შორეული ნაცნობი აღმოვაჩინე რომ კრიშნაიდი ყოფილა. :))))
არ მესმის ქრისტიანად დაბადებული და აღზრდილი ქალი რამ უნდა აიძულოს შეიცვალოს სარწმუნოება.

Giochi комментирует...

ძალიან საინტერესოა,

კიდევ წავიკითხავ ამაზე რამეს ეხა.