24 აპრილს გარდაცვლილი ინდოელი გურუს სატია საი ბაბას დაკრძალვას, რომელიც დღეს მის მშობლიურ სოფელ პუტაპარტიში (ანდჰრა–პრადეშის შტატი) გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. ინდუისტების უმრავლესობისგან განსხვავებით საი ბაბას ნეშტის კრემაცია არ მოუხდენიათ და იგი შუშის გამჭვირვალე სასახლეში დაკრძალეს. საი ბაბას მიმდევრები თავიანთ გურუს წმინდანად და ღმერთადაც კი მიიჩნევდნენ. საი ბაბა მის მიერ დაარსებული რელიგიური ცენტრის ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც აშრამებში საცხოვრებლად მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი ჩადიოდა.
დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ინდოეთის პრემიერ–მინისტრი მანმოჰან სინგჰი და ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის ლიდერი სონია განდი (რაჯივც განდის ქვრივი, ინდირა განდის რძალი) ცერემონიაზე გამოსათხოვარი სიტყვით გამოვიდნენ. მათთან ერთად ცერემონიას მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
საი ბაბას მოწაფეთა შორის ინდოეთის რამდენიმე პრემიერ–მინისტრი და ბოლივუდის უამრავი ვარსკვლავი იყო. ცნობილ უცხოელთაგან მის რელიგიურ მოსაზრებებს იზიარებდნენ იორკის ჰერცოგინია გოლდი ჰოუნი და „ჰარდ როკ კაფეს“ ქსელის შემქმნელი ისააკ ტიგრეტი. საი ბაბას აშრამები (სასწავლო და რელიგიური ცენტრები) მსოფლიოს 126 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მან დაარსა ასევე საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ფინანსურად ეხმარებოდა უფასო საავადმყოფოებს და სკოლებს.
საკუთარ თავს საი ბაბა ამავე სახელის ინდოელი წმინდანის მიწიერ განსახიერებას უწოდებდა. მან თავის თავს უწინასწარმეტყველა, რომ 96 წლის ასაკში დაასრულებდა სიცოცხლეს, მაგრამ 85 წელსაც ვერ მიაღწია.
სატია საი ბაბას ქონებასა და მისი „ეკლესიის“ ხელმძღვანელობის მემკვიდრეობაზე პრეტენზიებს აცხადებენ მისი ძმისშვილი რატნაკარი და მისი ერთერთი გულმხურვალე მიმდევარი სატიაჯიტი.
3 комментария:
"24 აპრილს გარდაცვლილი ინდოელი გურუს სატია საი ბაბას დაკრძალვას, რომელიც დღეს მის მშობლიურ სოფელ პუტაპარტიში (ანდჰრა–პრადეშის შტატი) გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო"
sorry, სიცილი ამიტყდა.
ჩემს სოფელში 200 კომლი რომაა ფორმალურად და 80 რეალურად, დიდი სოფელიათქო ვამბობ. გასვენებაში კიდევ 600 კაცი იყოო და WOW!
და აქ ნახევარი მილიონი გასვენებაში მივიდა და რაც მთავარია, მოთავსდა იქ :D
ბოდიშს ნუ იხდი იმაზე რაც სასაცილოა მართლა :) სამწუხაროდ პირადად არ ვიცი საი ბაბას სოფელი როგორია, ინტერნეტში წერია, რომ არც ისე დიდიაო. თუ ოდესმე ბედი გამიღიმებს, აუცილებლად შევამოწმებ :) ხალხის რაოდენობას რაც შეეხება, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ დაკრძალვას, სულ ნახევარი მილიონი თითქმის მილიარდნახევრიანი ქვეყნისთვის არც ისე ბევრი უნდა იყოს :) საინტერესო ცერემონია იქნებოდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კრემაცია არ მოუხდენიათ და საზარელი სანახავი არ იქნებოდა.
კარგი ადამიანი იყო საი ბაბა. თან ქრისტიანულ აღდგომას რომ გარდაიცვალა.
=========
გამიხარდა სოსო შენი ბლოგზე დაბრუნება
Отправить комментарий