გელით facebook–ზე

25.03.2009

ნიკოლ კიდმანი და არჯუნ რამპალი უდაიპურში

ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი ინდოეთში ჩავიდა, სადაც ქალაქ უდაიპურში ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს გაზიანი წყლის სარეკლამო კლიპის გადაღებაში. კლიპში მასთან ერთად გამოჩნდება რეკლამის დამკვეთების მიერ შერჩეული ინდოელი მანეკენი და მსახიობი არჯუნ რამპალი. ოკეანის გაღმიდან ჩასულ სტუმარს არჯუნი უკვე უდაიპურში ელოდა. „ნიკოლთან ერთად მუშაობა – ეს ჩემი ოცნებაა! ნამდვილად ვაფასებ მის მსახიობურ ნიჭს და ის ძალიან ძალიან კარგია. აღელვებული ვარ, რომ მასთან ერთად მომიწევს გადაღებები“, – ამბობს არჯუნ რამპალი.

20.03.2009

ბაყაყების ქორწილი ნალექის წამოსვლას შეუწყობს ხელს – დარწმუნებულნი არიან ინდუისტი სასულიერო პირები

ინდუისტმა სასულიერო პირებმა ინდოეთის ჩრდილოეთში ორი ბაყაყის დაქორწინება გადაწყვიტეს, რათა ამით წვიმის ღმერთების წყალობა დაიმსახურონ. ქალაქ გუჰავატში ცხოველთა სამყაროს ქორწინების ცერემონიაზე 2 ათასამდე სტუმარმა მოიყარა თავი. სტუმრები ბაყაყების ნათესავები კი არა, არამედ ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც გაჭიანურებულმა გვალვამ გააწამა. ცერემონიის დასრულების შემდეგ პატარძალს, რომელსაც „ბიჯული“ ჰქვია (ჭექა–ქუხილი), და სიძეს, რომელსაც „ბარუნს“ (ქარი) ეძახიან, უხვი საზეიმო სუფრით გაუმასპინძლდნენ, რომელშიც ბუზები და მოსკიტები ჭარბობდა (მოსკიტებს ნუ გამახსენებთ... საშინელებაა... მოსკიტების საწინააღმდეგო კრემებით დატვირთული დავდიოდი ქალაქიდან ქალაქში და ღამით ზეწარს სახეზეც კი ვიფარებდი, მაგრამ რას არ იზამ სიყვარულისთვის, ანუ ინდოეთისთვის:)).

ახალდაქორწინებულნი კმაყოფილნი ჩანდნენ, მისულ სტუმრებსაც მოწყენილობა არ ეტყობოდათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქორწილმა გადასარევად ჩაიარა, და იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე ამის შემდეგ წვიმა აუცილებლად წამოვა. „რეგიონი მთლიანად გადაწვა მზემ. ჩვენ აღარ ვიცოდით სხვა რა გაგვეკეთებინა“ – თითქოს თავს იმართლებდაო, ისე თქვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. ადგილობრივი რწმენების მიხედვით, ზეციდან წვიმის გამოსაწვევად სწორედ ასეთი ქმედებებია საჭირო. ბაყაყებს ლამაზად მორთავენ და მთელი დღე მათ ქორწინებას ზეიმობენ.

ბავშვობიდან მახსოვს, ბაყაყი (ანუ როგორ ჩემსკენ სოფელში ეძახიან ბავშვები – ბაჭყატი) არ მოკლა, თორემ წვიმა წამოვაო. ცოტა საპირისპიროა მემგონი, ვიდრე ინდუისტური ტრადიცია. მაგრამ არის ასეთი ტრადიციაც, როცა ივნისის დასაწყისში სხვადასხვა სოფლებში „ელიაობას“ აღნიშნავენ, სალოცავებს ცხვრებს სწირავენ, ზეიმობენ, ქეიფობენ, მაგრამ თუ უნდათ, რომ უფალს წვიმა გამოსთხოვონ, ცხვართან ერთად თხასაც დაკლავენ... ამბობენ თხის დაკვლა უფლის სახელზე არ შეიძლებაო, მაგრამ გვალვისგან თავის დასაღწევად რას არ იზამს კაცი :)

16.03.2009

„ჯურღმულელი მილიონერის“ მსახიობ ბავშვებს გაუმართლათ

რას ნიშნავს 15 წუთით დასწრება „ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე 24 წლის დებიუტანტი გოგონასთვის? ფრეიდა პინტოს, ქალის მთავარი როლის შემსრულებელს ფილმში „მილიონერი ჯურღმულებიდან“, ამ წუთებმა მოუტანეს კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან «Estee Lauder». ფრეიდა პირველი ინდოელი იქნება, ვინც ამ ბრენდის რეკლამაში მიიღებს მონაწილეობას ელიზაბეთ ჰერლისა და გვინეტ პელტროუს გვერდით. გარდა ამისა, მან უამრავი მოწვევა მიიღო სამოდელო ბიზნესიდან. სულ ახლახანს მას «Dolce and Gabbana»–სთვის მოუწია პოდიუმზე გავლა მილანის მოდის კვირეულზე სკარლეტ იოჰანსონთან ერთად. მისი სურათები კი დაიბეჭდა ისეთი ბრჭყვიალა ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა «Entertainment Weekly», «Vanity Fair», «Maxim», «Vogue» და «Cosmopolitan». ფრეიდას არტისრული კარიერა ახლა იწყება, და მან კი უკვე მიწვევა მიიღო თვით ვუდი ალენისგან მის ახალ პროექტში მონაწილეობისთვის.

უმუშევრად არც ამ „ოსკაროსანი ფილმის“ სხვა მსახიობი ბავშვები დარჩენილან. აზჰარუდინ ისმაილი შეიხ ხანი და რუბინა რაფიკ ასგარ ალი კურეიში (რომელთაც ფილმის გმირების ბაშვობის როლები შეასრულეს) უკვე 3 მარტს მონაწილეობდნენ რეჟისორ ვასჰუ ბჰაგვანის ფილმის «KAL KISSNE DEKHA» გადაღებაში მუმბაის აეროპორტში. მაგრამ მათთვის მთავარ სიურპრიზად ქვეყნის ხელისუფლების საჩუქარი იქცა. მაჰარაშტრას შტატის (შტატის დედაქალაქია მუმბაი) მთავარმა მინისტრმა აშოკ ჩავანმა განაცხადა, რომ აზჰარუდინისა და რუბინას ოჯახებს ბინები გადაეცემათ უფასოდ სპეციალური რეზერვიდან. მინისტრს მსოფლიოში სახელგანთქმული ბავშვებისთვის ბინების გადაცემის შესახებ მმართველმა პარტიან „ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა თხოვა“. კონგრესის პრეზიდენტმა სონია განდიმ ფილმში მონაწილე ინდოელებს მადლობა გადაუხადა. მანამდე ისინი ნამდვილ ჯურღმულებში ცხოვრობდნენ. აზჰარუდინის მამა ძველი ავეჯით ვაჭრობს, როლო რუბინას მამა ხის მჭრელია.

გაგვატარეთ, ვისაც ზღაპრების სჯერა! :)

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
*
სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში

ინდუსები ჩარლი ჩაპლინის წინააღმდეგ

კინორეჟისორი ჰემანტ ჰეგდე, რომელიც ინდოეთის კარნატაკას შტატის ქალაქ უდუპიში თავისი ახალი ფილმისთვის ჩარლი ჩაპლინის 20 მეტრიანი ძეგლის დადგმას აპირებდა, იძულებული გახდა ამ ჩანაფიქრზე უარი ეთქვა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო. ინდუისტური რელიგიის მიმდევრებმა ქრისტიანისთვის ძეგლის დადგმა მათ ტაძართან ახლოს მკრეხელობად და მათი რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფად ჩათვალეს. როგორც სააგენტო AP იტყობინება, ჰეგდე იძულებული იყო გადაღებები გაეუქმებინა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო, რომელიც „ბჰარატია ჯანატა“ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. ეს პარტია ერთერთი საერთოეროვნული პარტიაა ინდოეთში.

CNN–სთვის მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა შეშფოთება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით: „მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი კომიკოსი (ჩაპლინი) ანგლიკანური ეკლესიის მიმდევართა გარემოცვაში გაიზარდა, ის თავს აგნოსტიკად მიიჩნევდა და არა ქრისტიანობის აპოლოგეტად“.

ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ ინდუსები, როგორც წესი, მათ ცხოვრებაში დასავლური კულტურის შეჭრის წინააღმდეგნი არიან. ისინი აკრიტიკებენ ვალენტინობის აღნიშვნასაც, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვევნა–კოცნას და ქალების მიერ სპირტიანი სასმელების მიღებას.

ჰმ... მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინდოეთიდან საკმაოდ მოშორებითაა, ეტყობა მენტალობაში ჩვენ და ინდუსებს ბევრი საერთო გვაქვს :)

სირაჯ ბაღში ასობით ათასი ტიტა აყვავდება

ტიტების ცნობილი ინდური ბაღი სირაჯ–ბაღი (Siraj Bagh – ეტყობა სიტყვა „ბაღი“ ინდოელებმა ქართველებს მოგვპარეს :)) ტურისტებს დიდებულ სანახაობას სთავაზობენ. ტიტების ყვავილობის პერიოდში ინდოეთის ამ წარმტაცი ადგილის სტუმრებს 60–მდე შეფერილობის 360 ათასი ყვავილის ხილვა შეუძლიათ. ბაღი სტუმრებისთვის წელს 20 მარტს გაიხსნება. სირაჯ–ბაღი განლაგებულია ჯამუსა და ქაშმირის შტატში სრინაგართან ახლოს, დალის ტბის სიახლოვეს. ეს ბაღი აზიაში ტიტების უდიდესი ბაღია. იგი დაარსა სონია განდიმ და ეს ბაღი მისი დედამთილის, 25 წლის წინ მოკლული პრემიერ–მინისტრის ინდირა განდის სახელს ატარებს. ტიტების სამეფოს შექმნა შესაძლებელი გახდა 400 მუშისა და მებაღის დაუღალავი შრომის შედეგად. ტურისტებში ეს ბაღი დიდი პოპულარობით სარგებლობს, და გარდა ამისა, ბოლივუდის ფილმების ავტორები ამ ბაღს ხშირად იყენებენ ლამაზი სცენების გადასაღებად.

ტიტების ყვავილობას აპრილის პირველ და მეორე კვირას ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ტიტები მხოლოდ აპრილში ყვავილობენ, ბაღი მთელი წლის განმავლობაში იქნება გახსნილი დამთვალიერებელთათვის. წელიწადის სხვა პერიოდში ბაღის მიმზიდველობის შესანარჩუნებლად აქ სხვა ყვავილებსაც ზრდიან.

14.03.2009

მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია

ასეც ხდება ხოლმე :) კინოთეატრი „ამირანი“ კიდევ ერთხელ შეეცდება მაყურებელს ასიამოვნოს და ამჯერად აწყობს ოსკაროსანი ფილმის, რეჟისორ დენი ბოილის გახმაურებული „მილიონერი ჯურღმულებიდან“ საპრემიერო ჩვენებას. პრემიერასთან დაკავშირებით, როგორც კინოთეატრის მესვეურნი გვამცნობენ, ფოიეში ინდურ თემატიკაზე გამოფენა მოეწყობა, და გარდა ამისა ჩევენებაზე მისულ მაყურებელს სხვა სიურპრიზებსაც ჰპირდებიან, და რა იგულისხმება ამ სიურპრიზებში, სამწუხაროდ არ ვიცი. გავიხსენებ ინდურ თემატიკასთან დაკავშირებული სხვა ჰოლივუდური ფილმის „მოგზაურობა დარჯილინგში“ საპრემიერო ჩვენებას, რომელიც წელიწადზე ცოტა უფრო მეტი ხნის წინ შედგა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჰოლივუდური იყო და არა ბოლივუდური, მაყურებელი ვერ მიიზიდა. ტელევიზიებში ფართოდ იყო რეკლამირებული, საინფორმაციო გადაცემებმა სხვადასხვა არხებზე მაშინ სპეციალური სიუჟეტებიც მიუძღვნეს, მაგრამ მოლოდინები არ გამართლდა. ხალხი ძალიან ცოტა იყო, თუნდაც პრემიერაზე. ჩემი აზრით, ეს ალბათ თვითონ ფილმის ბრალი იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო მსახიობები მონაწილეობდნენ, თუნდაც ნატალი პორტმანი, ხალხი არ მოვიდა.

განსხვავებით დარჯილინგში გამგზავრებული სამი „დარეხვილი“ ძმის თავგადასავლისგან, მილიონერის პრემიერაზე „ამირანის“ მესვეურებს მაყურებლისთვის არ მოუწოდებია, რომ ინდურ ტანისამოსში გამოწყობილნი მოდითო. მაშინ საუკეთესო კუსტუმის გამოსავლენად კონკურსი გაიმართა და საკმაოდ კარგი პრიზებიც დაარიგეს.

საპრემიერო ჩვენება დღეს 21.00 საათზე უნდა დაიწყოს. ბლოგის მკითხველებს, ვისაც ჩემი ნაწერიც გაინტერესებთ, ინდური თემატიკაც და კარგი რეჟისორული ნამუშევარი, მთელი თავისი კინოხელოვნებისთვის დამახასიატებელი საინტერესო „პრიბამბასებით“ (ექშენი, ინტრიგა, ეფექტები, საუნდი, აღმოსავლეთი – მოკლედ 8 ოსკარი) მოგიწოდებთ, რომ არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება და დაესწროთ ჩვენებას. ფილმი ორჯერ მაქვს ნანახი და ემოციების სიმრავლეს ორივეჯერ არ ვუჩიოდი :) და მთავარი, ფილმს ბოლომდე უყურეთ, ტიტრების ჩათვლით :) სამწუხაროა, რომ „ამირანის“ ვებ–საიტი სრულ ინფორმაციას არ იძლევა არა მარტო ამ ფილმზე, საერთოდ იმაზე, რაც ჩვენებებს შეეხება და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საქმეს გამოასწორებენ.



ბლოგიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ნახოთ ფილმის ტრეილერი, რომ წარმოდგენა გქონდეთ რა ფილმზე წახვალთ:



სხვა სტატიები ამ თემაზე:
* სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
*
ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში

11.03.2009

Holi Hai

გრილი გარიჟრაჟები, ბაღების მჩქეფარე ფერები, ექსტაზში მომღერალი ფრინველები, ყვავილების მსუბუქი არომატი და თვალისმომჭრელად მოელვარე მზე – ყველაფერი ეს გაზაფხულია... ინდუსებს ძალიან უყვართ წლის ეს პერიოდი, რომელიც უდარდელი და ასეთი სასურველი დღესასწაულის – ჰოლის დადგომით იწყება.

ჰოლი გაზაფხულის ფერების ზეიმია, რომელიც გაზაფხულის დადგომის სიმბოლოდ ითვლება. გარდა ამისა, ჰოლი ასევე ზამთრის მოსავლის აღებისთვის მიძღვნილი დღესასწაულიცაა, და ამასთანავე, გარკვეული რომანტიული დატვირთვაც აქვს. მაგრამ ყველაფერზე რიგ–რიგობით....

ჰოლის დღესასწაული მარტის დასაწყისში იმართება, უფრო ზუსტად კი ინდური თვე ფალგუნის სასვე მთვარიანობის პირველ დღეს. „ჰოლი“ დღესასწაულის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელწოდებაა, რომელმაც ევროპულ ენებშიც იოლად მოიკიდა ფეხი იმის გამო, რომ მარტივად გამოითქმის, თუმცა არსებობს უამრავი ალტერნატიული დასახელებაც, რომლებიც ინდოეთის უამრავ შტატშია გავრცელებული, ასევე მეზობელ ნეპალსა და ბანგლადეშში. ამ სახელებიდან ყველაზე პოპულარულია – პჰაგვაჰი, დოლ პერნიმა და რანგპანჩამი.

ფერების ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გრძელდება, და ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში ყველა თავისებურად აღნიშნავს. ყველაზე ხმაურიანად და ფერადოვნად ჰოლის ქვეყნის ჩრდილოეთში აღნიშნავენ, ასევე ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო სამხრეთში ზეიმი გაცილებით მოკრძალებულია. თუკი ამ პერიოდში ტურისტს ინდოეთში მოგზაურობა მოუნდება, უმჯობესია პენჯაბში გამგზავრება, სწორედ ამ შტატში აღნიშნავენ დღესასწაულს სრული სიდიადით.

ჰოლის დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს, და ერთერთი მათგანის მიხედვით ღმერთ კრიშნას მუქი ფერის კანი ჰქონდა, ხოლო მის მიჯნურ რადჰას ლილიას ყვავილივით თეთრი. ერთხელ კრიშნამ თავის დედას ხუმრობით შესჩივლა ამ „უთანასწორობის“ შესახებ და დედამ ურჩია, რომ რადჰას ფერადი ფხვნილები შეაყაროს, რომ ეს „უთანასწორობა“ გაათანაბროს. კრიშნა ასეც მოიქცა და ეს თამაში მხიარულ რომანტიულ გართობად აქცია. ჰოლის ეს ტრადიცია უცვლელია დღემდე.


დღესასწაულის მეორე დღეს ნამდვილი „ფერადი სიგიჟე“ იწყება. ყველა ასაკის, კასტის და ფენის ადამიანები ქუჩაში გადიან და გამვლელებს, მეგობრებს და ნაცნობებს ფერად ფხვნილებს აყრიან და ფერად სითხეებს ასხამენ. სულ 5 წუთით ქუჩაში გასვლისას თავიდან ფეხებამდე საღებავებით მოთხვრილი დაბრუნდებით უკან.

გარდა ფერებისა და საღებავებისა, ამ დღესასწაულისთვის განსაკუთრებული სუფრაც მზადდება, რომელიც ასევე მდიდარია ფერებითა და გემოთი, და სუფრაზე ბუნების ყველა ფერია წარმოდგენილი. განსაკუთრებული კერძია სადესერტო „მალპოა“, რომელიც ფქვილის, რძის, შაქრისა და ჩირისგან მზადდება.

ჰოლი ორი დღის განმავლობაში გრძელდება, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე ხანგრძლივი ინდური დღესასწაული არ არის, ის უდავოდ ერთერთი ყველაზე მხიარული სახალხო ზეიმია.

10.03.2009

ინდოეთი – ჩემი სიყვარული

ოშო რაჯანიში

წიგნიდან „ინდოეთი – ჩემი სიყვარული“

I ნაწილი

სამყაროსეული ოცნება

შეგიძლიათ, რომ მოგვითხროთ ოცნებაზე, რომლის ასრულებასაც ცდილობდით ბოლო ოცი–ოცდახუთი წლის განმავლობაში ისე, რომ ყურადღებას არ აქცევდით არანაირ წინაღობებსა და სირთულეებს? ეს სამყაროსეული ოცნებაა და არა მარტო ჩემი. ეს ოცნება საუკუნეების მანძილზე არსებობს, ან შეიძლება ითქვას, სულაც მუდმივია. დედამიწამ ამ ოცნებისკენ სწრაფვა დაიწყო კაცობრიობის ცნობიერების სხივების პირველად გამოღვიძებიდანვე. რამდენი ფერი იქნა ჩაქსოვილი ამ ოცნების ძაფების გირლიანდებში – რამდენმა ბუდამ, მაჰავირამ, კაბირმა და ნანაკმა გაიღო თავისი სიცოცხლე, რომ საბოლოოდ ეს ოცნება აესრულებინა? როგორ შემიძლია, რომ ამ ოცნებას ჩემი ვუწოდო? ეს თვით ადამიანის ოცნებაა. ჩვენ სახელი მივეცით ამ ოცნებას და დავარქვით ინდოეთი.

ინდოეთი ეს უბრალოდ მიწის რაღაც ფართობი არ არის, არც უბრალოდ რაღაც პოლიტიკური ერთეული. ეს არ არის გიჟური რბოლა ფულისთვის, ძალაუფლებისთვის, მდგომარეობისა და პრესიჟისთვის. ინდოეთი – ეს არის წყურვილი, ჭეშმარიტების პოვნის მისწრაფება. იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ყოველი ჩვენთაგანის გულშია. ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენი გონების მზის ჩრდილში თვლემს. ჭეშმარიტებისა, რომელიც თქვენ გეკუთვნით, მაგრამ დავიწყებას მიეცა. გახსენება, მისი წარმოთქმა არის სწორედაც ინდოეთი.

მედიტაცია ამ ქვეყანაში არასდროს მომკვდარა. ზოგჯერ ზედაპირზე იყო, ზოგჯერ ღრმად დამალული, მაგრამ ეს მდინარე მუდმივად მიედინებოდა, ყოველთვის. ის დღესაც მიედინება, ხვალაც იდენს და ეს ადამიანის ერთადერთი იმედია. იმიტომ რომ იმ დღეს, როდესაც მედიტაცია მოკვდება, ადამიანიც მოკვდება. ადამიანის ერთადერთი ბუნებრივი მდგომარეობა მედიტატიური მდგომარეობაა. შესაძლოა აცნობიერებდეთ მას, ან ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ მედიტაცია – ეს თქვენი შინაგანი განძია. ის დამალულია თქვენი სუნთქვის წიაღში, თქვენი გულისცემის შიგნით. ის, რომ თქვენ არსებობთ, სხვა არაფერია, თუ არა მედიტაცია.

თუკი ამ ქვეყანამ მსოფლიოს რაიმე მისცა, რაიმე წვლილი მაინც შეიტანა, ეს მხოლოდ მედიტაციაა. პატანჯალის ფორმით, მაჰავირას ფორმით, ან ბუდას ფორმით, ან კაბირას ფორმით, ან ნანაკის ფორმით, სახელები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფორმა არ იცვლება. სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით, სხვადასხვა ხმების მეშვეობით ჩვენ მსოფლიოს მივეცით ერთადერთი რამ – მედიტაცია.

შეცნობადობის ცეცხლის ალი

აღმოსავლეთი ყოველთვის გულზე იყო ორიენტირებული. დასავლეთი ორიენტირებული იყო გონებაზე. დასავლურ გონებას შეეძლო შეექმნა უზარმაზარი სამეცნიერო მემკვიდრეობა, მაგრამ აღმოსავლური გონებას ამისი გაკეთება არ შეეძლო. როგორ შეიძლება, რომ უბიწობისგან შექმნა მეცნიერება? შეუძლებელია. ამიტომაც აღმოსავლეთი მეცნიერულად არ ცხოვრობდა არასდროს.

მაგრამ დასავლეთს არასდროს არ შეეძლო იმის გაგება, რა არის მედიტაცია. ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ, ეს ლოცვა იყო, მაგრამ ლოცვა ეს სულ სხვა რამეა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ გონებით ილოცოთ, შეგიძლიათ განაგრძოთ რაღაც სიტყვების გამეორება. თუ გონება არ გექნებათ, ლოცვა უსიტყვო იქნება. მაგრამ უსიტყვოდ ლოცვას ვერ შეძლებთ. მაგრამ თუკი გაგაჩნიათ გული, ლოცვას შეძლებთ.

დასავლეთში სულიერი მეცნიერება ვერ შექმნეს, მათ ვერ შეძლეს მედიტაციის შექმნა. მათ მედიტაცია ან კონცენტრაციად აქციეს, ან ჭვრეტად, მაგრამ მედიტაცია არც ერთია და არც მეორე, ამიტომაც მათ მთავარი არსი ხელიდან დაუსხლტათ. როდესაც გონება კონცენტრირებულია და მთელი აზროვნებითი პროცესი გარკვეულ კალაპოტშია მიმართული, ის ფიქრად გადაიქცევა. ეს კი უკვე გულის საქმე არ არის.
მედიტაცია ეს არც კონცენტრაციაა და არც ჭვრეტა. ეს არ არის გონებრივი პროცესი, მასში გონება არ მონაწილეობს. ის სამყაროს ეხება გონების გარეშე. იმ დროს, როცა გონება აღარ არსებობს, თქვენსა და არსებას შორის, თქვენსა და ღვთაებრივს შორის
წინაღობები აღარ რჩება, იმიტომ რომ გულს ბარიერების შენახვა არ შეუძლია, მას შეფასებების გაკეთება არ შეუძლია.

საგნების შეფასებისას გონება ქმნის ბარიერებს, საზღვრებს, ღობეებს. მაგრამ როცა გულის ჯერი დგება, არსებობა კარგავს ღობეებს. თქვენ არსად არ დასრულდებით, და არც არავინ არსად არ დაიწყება. თქვენ ყველგან ხართ, თქვენ ერთიანი ხართ მთელ არსებასთან....

ოსტატისა და მასწავლებლის ურთიერთობები გულის გაგებიდან იბადება.

აღმოსავლეთს ძალიან ბევრი საიდუმლო გასაღები აქვს, მაგრამ ერთი გასაღებიც კი კმარა, რადგან ერთ გასაღებს ათასობით კარიბჭის გაღება შეუძლია. ოსტატსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობები ასეთი გასაღებია.

ცნობიერების ოქროს მწვერვალები

საუკუნეების მანძილზე ინდოეთი შინაგანი მოგზაურობის სიმბოლო იყო. ის არ ყოფილა უბრალოდ პოლიტიკური ერთეული, ის სულიერი მოვლენა იყო. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ინდოეთში ხალხი დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიოდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეეცნო. რაღაც უხილავი თვითონ ატმოსფეროში, რაღაც უხილავის არსებობა უწყობდა ამას ხელს.

მთელი დედამიწა შემოვიარე და შემიძლია ეს განსხვავება აღვნიშნო. ეს ასე იმიტომაც მოხდა ალბათ, რომ ათასობით წლების განმავლობაში აღმოსავლური გენია მუდმივ სულს ეძებდა, და ასეთი ატმოსფეროც ამიტომ შეიქმნა. თუკი თქვენ აღმოსავლეთში დაიწყებთ მედიტაციას, მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი გეხმარებათ ამაში: ხეები, მიწა, ჰაერი. თუ თქვენ ამერიკაში დაიწყებთ მედიტაციას, ამის გაკეთება მარტოდმარტო მოგიწევთ, რადგან დახმარებას არსაიდან არ უნდა ელოდოთ.

აღმოსავლეთის კეთილსურნელება

ინდოეთი ქალური ქვეყანაა და ის ყოველთვის რჩებოდა ქალურ ქვეყნად. ინდოეთის მთელი ფსიქოლოგია ქალურია. ის სრულიად განსხვავდება ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა გერმანია და ამერიკა. ეს მამაკაცური ქვეყნებია. თვით ინდოეთის სულიც კი ქალურია. აი რატომაც არ ყოფილა ინდოეთი არასდროს აგრესიული. ინდოეთი არასდროს არ მდგარა ძალადობის გზაზე. ინდოეთის მთელი ისტორია – არაძალადობის ისტორიაა. თუკი ინდოეთის ისტორიას გადავხედავთ, მეტად საინტერესო ფაქტებს აღმოვაჩენთ მისი ისტორიიდან: ისტორიაში არცერთი ქვეყანა არ ყოფილა ისეთი ქალური, როგორც ინდოეთი იყო. და ეს ინდოეთის უბედურებად იქცა...

მთელ მსოფლიოს შეეძლო მამაკაცური თვისებების ტარება, მთელი მსოფლიო აგრესიულია, ძალადობრივია. მხოლოდ და მხოლოდ ინდოეთია არაძალადობრივი, არააგრესიული. ინდოეთის ისტორია ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე – ეს არის ტანჯვის, უბედურების, სირთულეების ისტორია. მაგრამ ეს ფაქტი მომავალში შესაძლოა დალოცვად იქცეს, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც მამაკაცური თვისებებით ვითარდებოდნენ, თავისი განადგურების ზღვარს მიუახლოვდნენ.

მამაკაცური გონება – აგრესიული გონებაა, ძალადობრივი გონება. დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც გონების ამ ტიპს ავითარებდნენ, ყველამ ომები გამოიარა და მიუახლოვდნენ ბოლო ომს, ტოტალურ ომს. ახლა თითქოს სხვა ალტერნატივა არც არსებობს, გარდა ომისა და ურთიერთგანადგურებისა.

ერთადერთი სხვა საშუალება იმაშია, რომ შემოტრიალდეს ისტორიის ბორბალი, დაიხუროს მამაკაცური ცივილიზაციის ისტორია, და გაიხსნას ისტორიის ახალი თავი. ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ცივილიზაციის ისტორია ქალური გონებით.

ინდოეთი არასდროს ებრძოდა ბუნებას, არასდროს არ სურდა არავისი დაპყრობა. თვითონ დაპყრობების იდეას არასდროს შეუღწევია ღრმად ინდურ გონებაში. თუკი ვინმეს ოდესმე სადმე რაიმე მცდელობა ჰქონდა კიდეც, რომელიც ვინმეს დაპყრობაზე იყო მიმართული, თვით ინდოეთის ნიადაგი არ უწყობდა ხელს ასეთ ადამიანებს.

ოშო რაჯანიში წიგნიდან „ინდოეთი – ჩემი სიყვარული“ - II ნაწილი

(თარგმნა სოსო ხაჩიძემ)

09.03.2009

სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს

ამ დღეებში მეგობრების წრეში „ოსკაროსანი“ ჩვენება მოვაწყეთ და დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ დენი ბოილის „მილიონერს“ ვუყურეთ. ფილმის და ჩვენების გარჩევას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ფილმის მსვლელობისას და დასრულებისას ჩემი მეგობრების რეაქციამ მოლოდინს გადააჭარბა და მეც კმაყოფილი დავრჩი, რომ საინტერესო საღამო გავატარეთ. რა თქმა უნდა, ფილმის დასრულების შემდეგ ყველას სურვილი გაუჩნდა, რომ საუნდტრეკები მოეძებნა, მე კი სიამაყით ვაცნობე, რომ ყველა საუნდტრეკი უკვე მაქვს და შემიძლია მათაც გავუზიარო :)

ამჯერად კი გადავწყვიტე, რომ არც ჩემი ბლოგის მკითხველებს დავწყვიტო გული და საუნდტრეკები დაზიპულ ფაილში ავტვირთე ქართულ სერვერზე, რომ ყველას, ვისაც საქართველოში სურვილი აქვს ეს მრავალგზის ოსკაროსანი მუსიკა ჰქონდეს, მისით ისიამოვნოს. გადაწერის შემდეგ ნუ დაიზარებთ და ორი სიტყვით კომენტარიც დამიტოვეთ, თუნდაც ანონიმურად :)


საუნდტრეკების ალბომის გადაწერა შეგიძლიათ აქედან >>>>

სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
*
„მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო

ქართული სერვერიდან ფილმის გადასაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

04.03.2009

ბოლივუდი კინოსამყაროს დაპყრობას განაგრძობს

„მილიონერის“ მიერ 8 „ოსკარის“ მიღების შემდეგ ინდურმა თემატიკამ ჰოლივუდში დამატებითი ინტერესი გამოიწვია, რაც სულაც არ არის გასაკვირი. ასე მაგალითად, რეჟისორი გურინდერ ჩადჰა აპირებს დადგას ფილმი „ეს შესანიშნავი ცხოვრება სიკვიდილის შემდეგ“ – It’s a Wonderful Afterlife. კომედია ანალოგიური იქნება ფილმებისა „ჩემი დიდი ბერძნული ქორწინება“ და „ზომბი მეტსახელად შონი“.

ფილმის მთავარი გმირი ქალი, მზრუნველი ინგლისელი დედა, რომელიც წარმოშობით ინდოეთიდანაა, შეპყრობილია თავისი ქალიშვილის გათხოვების იდეით. მაგრამ მისი ეს სურვილი მკვლელობების სერიას გამოიწვევს. რადგანაც ფილმი თავიდანვე გაცხადებულია, როგორც კომედია, როგორც ეტყობა, ეს ძალიან სასაცილო მკვლელობები იქნება. მთავარ როლზე რეჟისორმა ინდოელი მსახიობი შაბანა აზმი დაამტკიცა, ხოლო სხვა ცნობილი სახეებიდან ფილმში მხოლოდ სენდჰილ რამამურტი დასახელდა, რომელიც თამაშობს სერიალში „გმირი“. გადაღებები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება დიდ ბრიტანეთში.

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს პროექტი ჯერ კიდევ მანამდე იყო ჩაფიქრებული, სანამ ფილმი „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ასეთ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მუმბაიზე ტერორისტებმა მიიტანეს იერიში, ფილმის წარმოება გაიყინა. საქმე იმაშია, რომ ერთერთმა პროდიუსერმა დაფინანსებაზე უარი განაცხადა ტრაგედიის შემდეგ, ხოლო ახალი ფინანსური პარტნიორები სულ ახლახანს გამოჩნდნენ.

რეჟისორმა ჩადჰამ უკვე არაერთხელ მოახდინა ინგლისური და ინდური თემატიკის „შერევა“. მისი რეჟისორული წარმატება იყო ფილმი „ითამაშე როგორც ბექჰემი თამაშობს“, რომელიც ინგლისში ყველაზე საკასო ფილმების სიაში მესამე ადგილზეა და რომელმაც კინოგაქირავებაში 18,5 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. 2004 წელს კი გურინდერმა ჯეინ ოსტინი ბოლივუდზე „დააქორწინა“, როცა გადაიღო „საპატარძლო და ცრურწმენები“. მაგრამ კომედია "ეს შესანიშნავი ცხოვრება სიკვიდილის შემდეგ“ რეჟისორის ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც ინდოეთთანაა დაკავშირებული. ჩადჰა პარალელურად მუშაობს კიდევ სამი ფილმის პროექტებზე. ორი ფილმის მოქმედება ინდოეთში განვითარდება, ხოლო მესამესი – ინგლისში. რეჟისორი გვპირდება, რომ ყველა ეს ფილმი კომედია იქნება, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გმირების გადასახლებას, და ასევე თაობებს შორის გაუგებრობებს უკავშირდება.

(კადრი ფილმიდან "საპატარძლო და წრურწმენები)



სხვა სტატიები თემასთან დაკავშირებით:
* ტრაგედია მუმბაიში
*
ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
*
„მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო

ამიტაბჰი რექჰასთან შეხვედრას თავს არიდებს

პრემია «Filmfare»–ით დაჯილდოების ცერემონიაზე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო იმან, თუ როგორ ესალმებოდა რექჰა დარბაზში თავის კოლეგებს. შაჰრუკჰ კჰანი, რომელმაც ახლახანს მისთვის მხარზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ უარი განაცხადა ცერემონიის წამყვანობაზე, დარბაზში ბაჩანების ოჯახის მაგიდასთან იჯდა. რექჰა მივიდა მასთან და მისი ჯანმრთელობით დაინტერესდა. შემდეგ კი მიესალმა და გადაკოცნა ამიტაბჰის ვაჟი აბჰიშეკ ბაჩანი, რომელიც ადგილიდან წამოდგა, რომ ქალბატონს მისალმებოდა. ასევე მოიქცა მისი ცოლი აიშვარია რაი, რომელმაც ქმრის მსგავსად გადაკოცნა ღვაწლმოსილი რექჰა. მაგიდასთან რიგში შემდგომი ამიტაბჰ ბაჩანი იყო, მაგრამ სანამ რექჰა აბჰიშეკსა და აიშვარიას ეხვეოდა და ესალმებოდა, ამიტაბჰი მაგიდიდან წამოდგა და გავიდა. შედეგად ბურლვარული პრესის ჟურნალისტებმა შესაძლებლობა დაკარგეს, რომ გაეჭორათ 70–80–იან წლებში ბოლივუდის ერთერთი ყველაზე ლამაზი კინოწყვილის – ამიტაბჰისა და რექჰას შეხვედრა ათწლეულების შემდეგ.

სხვათაშორის ჟურნალისტების ყურადღება ამ ცერემონიაზე სხვა რამემ მაინც მიიქცია. რექჰას თმის გაყოფის ხაზზე შუბლიდან დაწყებული წითელი სინდური (ქალის ქორწინებაში ყოფნის ნიშანი) ესვა, რაც ამ საზეიმო საღამოს დამაინტრიგებელ საიდუმლოდ იქცა. როგორც ცნობილია, რექჰა დიდი ხანია მარტო ცხოვრობდა. გარდა ამისა, ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ რექჰა ცნობილი ლესბოსელია ბოლივუდშიო...

სურათებზე: რექჰა და ამიტაბჰ ბაჩანი ძველ ფილმებში:



რექჰას კალთაში უზის ახალგაზრდა ვარსკვლავი რანი მუკჰერჯი:

03.03.2009

ინდოეთი, ირანი, საქართველო თუ საქართველო, ირანი, ინდოეთი

მთელი ჩემი ცხოვრება აღმოსავლეთის მოტრფიალე ვარ და ბავშვობიდან ამ სამყაროში ვცხოვრობ, ჩემთვის გამოგონილ სამყაროში, რომელსაც აზია ჰქვია. დროდადრო ტრფიალის საგანთა ჩამონათვალში სხვადასხვა მიზეზების გამო ერთმანეთს ცვლიან ინდოეთი, არაბული სამყარო, თურქეთი, ისრაელი და ირანი. ეს დამოკიდებულია ხასიათზე და გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. იყო პერიოდი ბრეგოვიჩისა და კუსტურიცას შექმნილი სამყაროთიც ვიყავი მოხიბლული, მაგრამ რაც ამ ორი ადამიანის გზები გაიყარა და ცალ–ცალკე გაუდგნენ შემოქმედებით გზას, ხეირიანი არც არაფერი შეუქმნია არც ერთს და არც მეორეს. არც ბრეგოვიჩის თბილისში ჩამოსვლამ და პირადად მისთვის დასმულმა შეკითხვამ მიშველა იმაში, რომ მასში და მის შემოქმედებაში რამე ახალი დამენახა. მერე კუსტურიცაზე რაც გავიგე, რომ ცხინვალზე რაღაც „ზაკაზნოი“ ფილმის გადაღებას აპირებსო, მაგან სულ ნერვებზე მომშალა, და მოკლედ ბალკანელი „ძმები“ დავივიწყე. მერე ინდოეთიც მოვიდა და ახალი შთაბეჭდილებებიც.

წლები ისე გადიოდა, რომ ჩემს აღმოსავლურ სამყაროში განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინე მუსიკის სამყაროში. მერე კი უეცრად ერთერთმა ჩემმა მეგობარმა ლინკი მესროლა და Youtube–ზე ერთი მუსიკალური კლიპი ვნახე. ამ მეგობარს უღრმესი მადლობა, როგორც ყოველთვის – მთელი ცხოვრება შიგადაშიგ მანებივრებს ხოლმე ასეთი „სიურპრიზები“ და ყოველთვის ათიანში არტყამს.

კლიპის პირველივე კადრებიდან და მუსიკის პირველივე ტაქტებიდან ვიგრძენი, რომ რაღაც საინტერესო მელოდა. ასე ხდება ხოლმე ყოველთვის, როცა ვიცი, რომ რაღაც, რაც ხელში ჩამივარდა, ჩემი ზღაპრული სამყაროსკენ ბილიკებს გამომიჩენს. ირანთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი დილეტანტი ვარ. მაგრამ ამის მიუხედავად ეს ქვეყანაც ჩემს „სპეციალიზაციას“ განეკუთვნება. თუმცა ის, რაც ვნახე ნამდვილად არ მოველოდი. მახსოვს ღრმა ბავშვობაში ერთი ცნობილი ირანელი მწერალი ქალის წიგნი წავიკითხე, ის წიგნი ახლაც შენახული მაქვს სოფელში. წიგნს თუ არ ვცდები „მკითხავი“ ჰქვია, მოკლედ თეირანელ მკითხავ ქალზეა. წიგნიდან მიღებული იმ დროინდელი შთაბეჭდილებები დიდი ხანია გამომყვა და ახლა როდესაც უეცრად ჩემთვის შეიძლება ითქვას სრულიად იცნობი სპარსული მუსიკა დამეხატა თვალწინ, თითქოს მუსიკამ და კლიპმა ბავშვობაში დამაბრუნეს და იმ წიგნში აღწერილი ისლამურ რევოლიციამდელი თეირანი მაჩვენეს. კლიპში არის მომენტები, რომლებმაც ამ წიგნის გარდა გამახსენეს ასევე ყურბან საიდის „ალი და ნინო“, რომელიც აზერბაიჯანელი ბიჭისა და ქართველი გოგოს ტრაგიკული სიყვარულის პერიპეტიებზე მოგვითხრობს. რა თქმა უნდა, აქვე გამახსენდა აკაკი ვასაძის „მომიახლოვდი, შვილო პაატა“ და აკაკი ხორავას „იცეკვე რუსუდან“. რაღაც ნამეტანი ჩახლართულია ეს ჩვენი ისტორია სპარსეთთან... სასაცილოა და ამ კლიპის აღმოჩენას დაემთხვა ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი თეირანში და თანამშრომლებს ვისაც ეს კლიპი რა თქმა უნდა მთელი ცერემონიებით წარვუდგინე, ვუთხარი, რომ კლიპში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილიც მონაწილეობს, აი ის, მაგიდასთან რომ ზის და ჩოხა რომ აცვია თქო :)

აგერ თვითონ კლიპიც. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება სიმღერა MP3 ფორმატში ჰქონდეს, მომწერეთ მეილზე xrumi@hotmail.com და გამოგიგზავნით. აი, ეს მისამართი რომ დავწერე, გამახსენდა, რომ ამ მისამართში, რომელიც სადღაც 12 წელია უკვე მაქვს, xrumi–დან რუმი რა თქმა უნდა ჯალალ ედ დინ არ რუმია, სპარსი პოეტი, რომელიც ცხოვრების ბოლო წლებში საცხოვრებლად ოსმალეთში გადავიდა. მასზე აღარ დავწერ, არ ვარ ჯერ მზად ამისთვის, როგორმე მოგვიანებით. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ის პოსტიც კი, რომელსაც ახლა ვწერ, ამ დიდი ჯაჭვის ნაწილია, რასაც აღმოსავლეთი და აზია ჰქვია ჩემს ცხოვრებაში.



სულ რაღაც ერთი დღის აღმოჩენილი მქონდა, უფრო სწორად მეგობრის გამოგზავნილი, ეს მუსიკა, ეს მომღერალი მირასი, ეს სიმღერა jame eshgh, რომელსაც ჩემი დილეტანტური გონებით ტრანსკრიპციით გადმოვთარგმნი და დავარქმევ „ჟამი ეშხისა“ და თუ ეს ნამდვილი თარგმანი არ არის, დარწმუნებული ვარ, არც ისე შორს დგას ჭეშმარიტებისგან, ყოველ შემთხვევაში ის ხომ მაინც მართალი იქნება, რომ ქართული შემოსული ორი სიტყვა „ჟამი“ და „ეშხი“ სწორედ სპარსული წარმოშობისაა (არა სომხური, სომხურშიც სპარსულიდან შევიდოდა მჯერა), მოკლედ განცხრომაში ვარ, განუწყვეტლივ ამ მუსიკას ვუსმენ და თუ არ ვუსმენ, ფიქრებში მაინც ეს მუსიკა კლიპი ტრიალებს, და კვირას საღამოს „რუსთავი–2“–ზე დაიწყო გადაცემა „რა? სად? როდის?“ – ქართული ვარიანტი რა თქმა უნდა. მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნით ამ არხზე გავჩერდით და ვუყურეთ კიდეც გადაცემას. არცერთი კითხვა და პასუხები მით უმეტეს ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და უკვე ვნერვიულობდი დ მამასთან „ჩხუბს“ ვაპირებდი, დრო რატომ დამაკარგვინა ამ გადაცემაზე, რომ უკვე გადაცემის მიწურულს წამყვანმა დასვა კითხვა, რომელმაც მაშინვე გამომაცხოხლა და იმ მოლოდინში ვიყავი, რომ კითხვა ნამეტანი მარტივი იყო და „მცოდნეებიც“ უპასუხებდნენ. თუმცა შევცდი.

სანამ კონკრეტულად კითხვას დასვამდა, წამყვანმა ერთერთ მოთამაშეს ჰკითხა, ინდოეთში თუ ყოფილხართო? რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. როგორ ეკადრებათ ჩვენს ყოვლისმცოდნეებს ინდოეთი, მათი უმრავლესობა ატლანტიკადალეულები არიან და ინდოეთში არაფერი ესაქმებათ. შემდეგ წამყვანმა გააგრძელა, რომ ინდოეთში მთელი ისტორიის მანძილზე უამრავი ქართველია ნამყოფიო (ეტყობა ერთერთში მეც ვიგულისხმებოდი, ისტორიაა აბა რა არის, სოსომ მოახერხა და ინდოეთში იმოგზაურა :) ), მათ შორის ცნობილი ქართველები და მეფეებიც კიო. წამყვანის ვერსიით, ახალგაზრდა ერეკლე მეორე (ნეტა რატო უყვარდა ასე ქართველ მეფეს სპარსული თავსაბურავი) ნადირ–შაჰს ინდოეთში ლაშქრობაში ახლდა თან. დელის ერთერთი უბანი წალკოტივით ყოფილა, ია ვარდით მოფენილი, რომელიც ტაჯ–მაჰალის ამშენებელ შაჰ–ჯაჰანს გაუშენებია თავის დროზე, და წამყვანმა დაამატა, რომ ტაჯ–მაჰალს ამ კითხვასთან საერთო არაფერი აქვს. ჰოდა ნადირ–შაჰს ეს წალკოტი გაუნადგურებია თავის მოსახლეობასთან ერთად. ცნობებს ნადირ–შაჰის ამ ველურობის შესახებ საქართველოშიც ჩამოუღწევია და დღევანდელ ქართულ ენაში ეს ყველაფერი ერთი სიტყვის სახით შემორჩენილა. წამყვანმა სთხოვა მოთამაშეებს, რომ ეს ქართული სიტყვა ეთქვათ. კითხვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უკვე ვთქვი პასუხი და მამაჩემს ვეუბნები, რომ ფუ ჯანდაბა – ძალიან ადვილი კითხვაა და მალე უპასუხებენ თქო. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, მოთამაშეთა არჩევანი შეჩერდა „იავარჰქმნა“. როგორც ეტყობა იმოქმედა იმან, რომ კითხვაში ია და ვარდი იყო ნახსენები, მაგრამ ცოტა ტვინი რომ გაენძრიათ, მიხვდებოდნენ, რომ ეს ასე არ არის, რომ სიტყვა ვარდი არაბულიდანაა შემოსული, ია კი ვფიქრობ ჭეშმარიტი ქართულია. მოკლედ პასუხი გამოდგა არასწორი. ჯანდაბა...

ჰო, მართალი ბრძანდებით, ეს სიტყვაა „ჯანდაბა“. მე ეს სკოლიდან მახსოვს და მგონია, რომ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ სიტყვის წარმოშობის ისტორია... რა გასაკვირია, რომ შაჰ–ჯაჰანის გაშენებულ წალკოტს მის სახელს უწოდებდნენ და შესაბამისად ბევრი აღმოსავლური ქალაქის მსგავსად (უამრავ ქვეყანაში ქალაქების სახელები შეიცავს სიტყვას „ბად“, რაც ალბათ ქალაქს უნდა ნიშნავდეს) ჯაჰანის სახელს დაემატა „ბად“ და გამოვიდა „ჯაჰანაბად“, რამაც ქართულში „ჯანდაბა“–ს სახით მოაღწია, და ქართველებიც სიამოვნებით „ვაგზავნით“ შაჰ–ჯაჰანის აშენებულ და ნადირ–შაჰის მიერ იავარქმნილ ქალაქში ყველას, ვინც კი ოდნავ გაგვანაწყენებს :)

მთელი ეს ისტორიები – მირასის მშვენიერი სიმღერა „ჟამე ეშღ“, სპარსულ–ქართულ–ინდური ურთიერთობები და თამაში „რა? სად? როდის?“ ერთ პოსტში იმის გამო აღმოჩნდა, რომ დამთხვევების ჯაჭვი აეწყო. ასეთი ჯაჭვები ცხოვრებაში ძალიან კარგად მაქვს დაცდილი, და შესაბამისად, დიდ და საინტერესო სიახლეს უნდა ველოდო ცხოვრებაში ახლო მომავალში :) რა ვქნა, მიყვარს ზღაპრები :)

P.S. კარგი რამეა ინტერნეტი... ჯანდაბაში ვარ ნამყოფი და არ ვიცოდი... საქმე ძალიან მარტივად ყოფილა: დღევანდელი ინდოეთის დედაქალაქი არის ნიუ დელი. შესაბამისად, რადგანაც ნიუ დელი არსებობს, არსებობს ესე იგი ოლდ დელიც.. და სწორედ ოლდ დელი ყოფილა ეს ჯაჰანაბადი ანუ ჯანდაბა.

არა და რა ლამაზია მართლა რომ იცოდეთ. აგერ ეს მინარეთიც ჯანდაბაშია, ყუტბ მინარი ან ყუთბ მინარი, გააჩნია ვინ გამოთქვამს. ასე რომ, ამიერიდან თუ ვინმე ჯანდაბაში გაგაგზავნით, არ გეწყინოთ და პირიქით მადლობა უთხარით :) სიამოვნებით წარმოგიდგენთ სურათებს ჯანდაბიდან. თქვენ თვითონ შეაფასეთ, როგორი „ია–ვარდებითაა“ მოფენილი დღემდე და დაენანებოდა თუ არა ერეკლე მეორეს, ეს ყველაფერი რომ ჯანდაბად ექცია ნადირ–შაჰს:)
(დიდ ფორმატში სურათის სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათს)





ცნობისთვის, ეს წითელი მინარეთიც და მის გარშემო გალავანი, ასევე გალავნის შიგნით არსებული ყველა უძველეი ნაგებობის მშენებლობისას მუსულმან მშენებლებს გამოყენებული აქვთ ძველი ინდური კულტურის ძეგლების ნაწილები, ალბათ თავიანთივე დანგრეული. ამ უძველესი ინდუისტური ძეგლების ნანგრევებიდან აღებული ქვები სხვა არაფერია, თუ არა ინდური ტაძრების სკლუპტურებიანი გამოსახულებები, რომლებსაც ისლამის მიმდევრებმა ყველას სათითაოთ საგულდაგულოდ მოუშალეს და მოუნგირეს თითოეულ ფიგურას სახეები... ისლამი სახის გამოსახულებას კრძალავს... ეს რომ შევამჩნიე, ვიფიქრე რა ვანდალიზმია თქო, მაგრამ თვითონ ინდოელები ამას შეჩვეულნი არიან და განსაკუთრებული რექცია არ აქვთ, ჩემმა თანამგზავრმა თვითონ ვერც კი შეამჩნია და ვერ მიხვდა რაზე ვეუბნებოდი, სანამ ხელი არ მოვაკიდებინე. სხვათაშორის კიდევ ერთი კლიპი, რომელიც სწორედ ყუთბ მინარის ტერიტორიაზე გადაღებული და ფილმის მიხედვით ბრმა გოგონას ბიჭი სწორედ ამ გამოსახეულებებზე აკიდებინებს ხელს :)



ქვემოთ ისევ ჯაჰნაბადია, ანუ ძველი დელი, ოღონდ "რედ ფორტი".