გელით facebook–ზე

24.05.2009

არჩევნები ინდოეთში – საინტერესო ფოტოგალერეა

შეუძლია ვინმეს საქართველოში წარმოიდგინოს, რომ არჩევნები ისეთი საინტერესო მოვლენაა, და რომ არჩევნების მსვლელობისას იმდენად საინტერესო ფოტოების გადაღება შეიძლება, რომ ამ ფოტოებიდან თითოეული შეიძლება ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს? ამაში თვითონაც დარწმუნდებით, როდესაც ქვემოთ სურათების გალერეას დაათვალიერებთ. სურათების მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდი მეგობარს აშშ–დან ირაკლის, რომელიც დროდადრო საინტერესო ფოტოებით მანებივრებს ხოლმე.

16 მაისს დასრულდა არჩევნები ინდოეთში, რომლებიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნებზე ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა გაიმარჯვა. ეს ის პარტიაა, რომელსაც თავის დროზე ხელმძღვანელობდნენ ტრაგიკულად დაღუპული ჯავაჰარლალ ნერუ, მისი შვილი ინდირა განდი, ინდირას შვილი რაჯივ განდი, და იგივე პარტიის აქტიური წევრები არიან დღესდღეობით მათი მემკვიდრეები – რაჯივის მეუღლე, წარმოშობით იტალიელი სონია განდი, მათი ვაჟი რაჰულ განდი და ქალიშვილი სონია განდი.

ფოტოგალერეაში ჩვეულებრივ ამომრჩევლებთან ერთად მოხვდა ბაჩანების ოჯახიც. სურათების უმეტესობაში ადამიანები აჩვენებენ თითზე გაკეთებულ იასამნისფერ მარკირებას და რატომღაც მგონია, რომ ძალიან ბევრ სურათში ადამიანები მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად, ბედნიერები არიან. ჩვენთან არჩევნების დროს ასეთი რამის დაფიქსირება ძალიან რთულია. ან შესაძლოა უბრალოდ ძალიან მაგარი ფოტორეპორტიორების გადაღებული სურათებია :)

ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ლიდერი სონია განდი და ქვეყნის პრემიერ–მინისტრი მანმოჰან სინგჰი


ბაჩანების ოჯახი მარკირებას გვაჩვენებს!!! :)



სურათების დიდ ფორმატში სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათზე ან გახსენით ახალ ფანჯარაში მაუსის შუა ღილაკზე დაჭერით.



















19.05.2009

ინდური დიეტა: აიურვედას ხუთი მცნება

ცნობილი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც იოგით არიან გატაცებულნი, მასებში აქტიურად ცდილობენ გაავრცელონ სწავლება ჯანმრთელი ცხოვრების ინდური წესის შესახებ. აიურვედას მცნებები სასარგებლოა არა მარტო მათთვის, ვინც მცხუნვარე მზის ქვეშ ცხოვრობს ჭრელ ინდოეთში, არამედ მათთვისაც, ვისაც უნდა უბრალოდ, რომ სწორად იკვებებოდეს. ვნახოთ აბა რას გვთავაზობს უძველესი ტრადიცია საკვებთან მიმართებაში.

ჭამე მაშინ, როცა მოგშივდება

აიურვედას ტრადიციებში არ არის ისეთი მცნებები, როგორიცაა საუზმე ან ვახშამი, როგორც ჩვენ ვყოფთ ამას ჩვეულებრივად. სამაგიეროდ, ჭამო მაშინ, როცა გშია – აუცილებელიცაა და სასარგებლოც. ბუნებრივი რიტმები ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს, და ინდოელები ისე როგორც სხვა არავინ, გვირჩევენ რომ ამ რიტმებს ყური დავუგდოთ. სხვა საკითხია, თუკი მადა დაგერღვათ ან პირიქით, მადის დასაკმაყოფილებლად ბევრი ძალისხმევა გჭირდებათ – ამ შემთხვევაში ღირს, რომ ამის მიზეზი გამოიძიოთ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ნება–სურვილს ებრძოლოთ.

მზარეულობის ჩვევა

ინდურ სამზარეულოში ნახევარფაბრიკატები არ არსებობს, და ეს საშუალებას იძლევა რომ მრავალი პრობლემა ავიცილოთ, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება. თუკი გამონახავთ სულ ცოტა დროს მაინც, რომ მოამზადოთ მარტივი კერძები, რომლებიც დიდ დროს არ ითხოვენ, ამ შემთხვევაში დიდად დაეხმარებით საკუთარ ორგანიზმს. იდეალში აიურვედა გვირჩევს ცოცხალი საკვების მიღებას, განმეორებითი თერმული დამუშავების გარეშე.

ჭამა, როგორც რიტუალი

ძველი წესი – „როცა ვჭამ – ყრუ და მუნჯი ვარ“ მოწოდებას ჰგავს, რომ საჭმელზე იყო კონცენტრირებული, და არა საუბარზე და ხვალინდელ დღეზე ფიქრზე. ეს საკვებს ნორმალურად მონელების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, აიურვედულ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობა მომზადების პროცესს: ითვლება, რომ ის ენერგია, რომელსაც საჭმელის მომზადების პროცესში ჩადებთ, ყველას გადაეცემა, ვინც ამ კერძებს მიირთმევს.

მოიწყვეთ განტვირთვის დღე

დასვენების ერთ დღეს, ყოველ შემთხვევაში მძიმე საჭმელისგან, ჩვეულებრივ სარგებელი მოაქვს სულიერი და ფიზიკური სიმსუბუქის შეგრძნების სახით. განტვირთვის დღეების ვარიანტი ურიცხვია – და შეგიძლიათ ექსპერიმენტებიც კი ჩაატაროთ.

მოიხმარეთ სანელებლები


ცნობილია, რომ ინდური სამზარეულო ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი და შეზავებულია. საქმე იმაშია, რომ სანელებლები უამრავ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც ჩვეულებრივ პროდუქტებში, როგორც წესი, არ გვხვდება. იდეალში სანელებლებს ინდივიდუალურად არჩევენ, მაგრამ შესაძლებელია ასევე, რომ ნიუანსებს არ ჩავუღრმავდეთ, მაგრამ არ დავიზაროთ და ჩვეულებრივი კერძები გავამრავალფეროვნოთ.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ინდური სამზარეულო

16.05.2009

მუმბაის ხელისუფლებამ „ჯურღმულელი მილიონერის“ 20–მდე პატარა გმირი ქუჩაში გაყარა

ინდოეთის ქალაქ მუმბაის 20–მდე მცირეწლოვანი მცხოვრები, რომლებმაც ოსკაროსან ფილმში „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სხვადასხვა როლები შეასრულეს, ქუჩაში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ქალაქის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ 50–მდე უკანონო საცხოვრებელი დაანგრია ჯურღმულების რაიონში. ამის შესახებ იტყობინება Times of India. ახლადმოვლენილ უსახლკაროებს შორის აღმოჩნდა აზჰარუდინ ისმაილ მუჰამად შეიხიც, რომელიც ფილმში პატარა სალიმის, ფილმის მთავარი გმირის ძმის როლს ასრულებს და რომელიც „ღარიბ ნაგარის“ რაიონში ცხობრობდა (სიტყვა ღარიბი ვითომ არაფერ შუაშია...).

„წასასვლელი არსად გვაქვს. ჩვენს ნივთებზე ვზივართ მწველი მზის ქვეშ და არც ვიცით, ხვალ საჭმელი გვექნება თუ არა“ – უთხრა ბიჭმა ინდურ სააგენტო IANS. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანგრეული ქოხმახები ქალაქის განვითარების გეგმას ამახინჯებდნენ და ისინიც იძულებულნი იყვნენ დაენგრიათ ეს ქოხები. მათი თქმით, მერია აპირებს ჯურღმულების მცხოვრებლებს ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზოს წვიმების სეზონის დადგომამდე, რომელიც ივნისში იწყება. ეს უკვე მეორე უსიამოვნებაა, რომელიც პატარა მსახიობს თავს დაატყდა მას შემდეგ, რაც ლოს–ანჟელესში ოსკარების ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ შინ დაბრუნდა. ამ წლის აპრილში მამამ ბიჭი სასტიკად სცემა იმის გამო, რომ მას გასვლა არ უნდოდა ჟურნალისტებთან ინტერვიუს მისაცემად. მამა ისე სასტიკად სცემდა შვილს, რომ მისი ყვირილი ქუჩაშიც კი ისმოდა.

როგორც ამბობენ, „ჯურღმულელი მილიონერის“ რეჟისორი, ბრიტანელი დენი ბოილი და ფილმის პროდიუსერები აზჰარუდინ ისმაილს და ფილმის კიდევ ერთ ვარსკვლავს რუბინა ალის ახალი ბინების ყიდვას დაპირდნენ. ქალაქის ხელისუფლებამაც პირობა დადო, რომ ბავშვებზე იზრუნებდა, მაგრამ როგორც ეტყობა ჯერ–ჯერობით ეს დაპირებები სიტყვებად რჩება.

როცა ვიხსენებ ამ და სხვა ბავშვების ბედნიერ და გაკვირვებულ სახეებს ოსკარის ცერემონიაზე და შემდეგ როცა წარმოვიდგენ, რომ შინ დაბრუნებისას ისევ ჯურღმულებში მოუწევდათ ცხოვრება, ძალიან ცუდ განწყობაზე ვდგები. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ისინი, ვინც ამ ბავშვებს კარგ ცხოვრებას დაპირდნენ, აუცილებლად დაეხმარებიან. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

13.05.2009

ინდოელებმა გუნდური სიმღერის რეკორდი მოხსნეს: ღმერთ ვიშნუს 160 ათასი ადამიანი ადიდებდა

გინესის რეკორდების წიგნში გუნდური სიმღერის ახალი რეკორდი დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 160 ათასმა ადამიანმა ინდოეთში ადგილობრივი პოეტის ლექსებზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ამი შესახებ იტყობინება სააგენტო IANS. გუნდური სიმღერის წინა რეკორდი 1937 წელს ფაშისტურ გერმანიაში იყო დაფიქსირებული, სადაც 60 ათასმა ადამიანმა ფაშისტური ჰიმნი შეასრულა.

გასულ კვირას ათეულობით ათასი ინდოელი შეიკრიბა ანდჰრა–პრადეშის შტატის დედაქალაქ ჰაიდარაბადის გარეუბანში, სადაც ცნობილი ინდოელი პოეტის ანამაჩარიას ლექსებზე 7 სიმღერა იმღერეს, რომლითაც ღმერთ ვიშნუს ადიდებდნენ. „სიამოვნებით ვაცხადებ, რომ მორიგი რეკორდი მოხსნილი იქნა 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ“, – განუცხადა შეკრებილებს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელმა რეიმონდ მარშალმა.

სარეკორდო ღონისძიების ორგანიზატორი შტატის ხელისუფლება იყო. გუნდის ერთად მღერას ცნობილი მუსიკოსები ხელმძღვანელობდნენ. ამ უზარმაზარი გუნდის წევრები იყვნენ როგორც პროფესიონალი მომღერლები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. ანდჰრა–პრადეშის შტატის ხელისუფლება თვლის, რომ ეს რეკორდი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოეტ ანამაჩარიას შემოქმედების მსოფლიო აღიარებისკენ. ეს პოეტი ინდოეთის ამ რეგიონის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

12.05.2009

ინდური კინოს მუსიკა – ლატა მანგეშკარი

ინდური კინემატოგრაფის უამრავმა თაყვანისმცემელმა იცის, რომ ფილმებში ძირითადად თვითონ მსახიობები არ მღერიან (თუმცა ასეთებიც არიან) და მათ ეკრანს მიღმა პროფესიონალი მომღერლები ახმოვანებენ. ინდოეთში ისინი ისევე ძლიერ უყვართ და აფასებენ, როგორც ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსახიობები. ჩვენთან საქმე ოდნავ სხვანაირადაა, ბევრმა ეკრანს მიღმა არსებული მომღერლების შესახებ არც კი იცის და ბევრისთვის ეკრანზე სახე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმა. თუმცა ამას შეიძლება არც დავეთანხმოთ, რადგან ინდური ფილმის წარმატება მნიშვნელოვანწილად ხომ მუსიკასა და სიმღერებზეცაა დამოკიდებული.

ყველაზე პატივსაცემ და ცნობილ კომპოზიტორად ინდოეთში ითვლება ბაპი ლიხარი, რომელმაც ისეთი ფილმებისთვის დაწერა მუსიკა, როგორიცაა „დისკოს მოცეკვავე“, „სიყვარულის მსხვერპლი“, „კომანდოსი“ და ასეთი ფილმები უამრავი შეიძლება ჩამოვთვალოთ.

რა თქმა უნდა კომპოზიტორიც და მომღერალიც უამრავია, ვინც ინდურ ფილმებზე მუშაობენ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც ინდურ კინემატოგრაფში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. ეს ლატა მანგეშკარია – ეკრანს მიღმა მომღერალი, უკვე საკმაოდ მოხუცებული. ამ ქალბატონს ინდური პოპულარული მუსიკის არაოფიციალურ დედოფალსაც ეძახიან. ინდოეთის ბულბული – ესეც მასზეა ნათქვამი. ლატას მაღალი, ბავშვივით სუფთა ხმა აქვს. შეიძლება ალბათ ითქვას, რომ არცერთ ვარსკვლავურ ფილმს მის გარეშე არ ჩაუვლია. დღემდე ის ერთერთ პირველ მომღერლად ითვლება...

ლატა მანგეშკარი, რომელსაც რამდენიმე თვეში 80 წელი შეუსრულდება, დაიბადა 1929 წლის 28 სექტემბერს დაბა სანგლიაში დელისთან ახლოს. მისი მამა დინანატ მანგეშკარი წარსულში ცნობილი მუსიკოსი იყო, რომელმაც თავის შვილებს მუსიკის სიყვარული ასწავლა. სწორედ ამიტომაც მისი ოთხივე ქალიშვილი – ლატა, უშა, აშა და მინა მთელი თავისი ცხოვრებით მუსიკას დაუკავშირდნენ.

ლატა ადრეულ ასაკში შევიდა კინოში – 8 წლისამ მან წარმატებით შეასრულა საბავშვო როლები, ხოლო 1948 წლიდან დაიწყო ფილმების გახმოვანება, როგორ ეკრანსმიღმა მომღერალმა. პირველმა ფილმმა, რომელშიც ლატა მღეროდა, დიდ წარმატებებს მიაღწია, ასევე იმის გამოც, რომ მასში შავთეთრი კინოს ვარსკვლავი რაჯ კაპური თამაშობდა – ეს ფილმია „ბატონი 420“. პირველი რეაქცია, რომელიც ინდოეთის ხსენებისას ქართველების უმეტესობას უჩნდება, სწორედ ამ ფილმში გაჟღერებული სიმღერაა „mera joota hai japani“. ამ სიმღერას მუკეში ასრულებს, ასევე ერთერთი ცნობილი მომღერალი რომელთან ერთადაც ლატას არაერთი ფილმის სიმღერები გაუხმოვანებია.

შემდეგ ლატას შემოქმედებით ცხოვრებაში იყო ასევე „ავარა“, „ბობი“, „ჩემი სახელია ჯამბაზი“, „მოღალატე ლამაზმანი“ და უამრავი, უამრავი სხვა... თვითონ ლატა ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია თავისი კარიერა მსახიობ ჰემა მალინის გარეშე. „მისი დამსახურებაა, რომ მე ასე პოპულარული გავხდი“ – ამბობს ლატა. თუმცა, მგონია, რომ ნამდვილი მიზეზი ეს სულაც არ არის. ლატა მსმენელს იპყრობს თავისი ხმით და იძულებულს ხდის, რომ ეს ხმა შეიყვაროს და მუსიკის უკიდეგანო სამყაროში და მის ღვთიურ ხმაში ჩაიძიროს. რა თქმა უნდა, ხმის „დემონსტრაციაში“ დიდ როლს თამაშობენ მსახიობები, რამდენად უფრო რეალურად შეძლებენ იმ გრძნობების გამოხატვას, რომელსაც მომღერალი განიცდის ამა თუ იმ სიმღერის შესრულებისას. ვფიქრობ, რომ ჰემა მალინიმაც შეძლო ბევრი რამ ეთქვა მაყურებლებისთვის, რასაც ის განიცდიდა. ეს მსახიობი, რომელიც წარსულში ბრწყინავდა, კლასიკური ინდოელი მსახიობი ქალების კაშკაშა წარმომადგენელია – ნაზი, გრაციოზული, იდუმალი და მშვენიერი...

როცა პირველად ვიხილე ლატა მანგეშკარი ქართული სახელმწიფო ტელევიზიის რომელიღაც გადაცემაში, ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი და მახსოვს ჩემი გაკვირვება. თითქოს სულ სხვაგვარი წარმომედგინა, მაგრამ ლატა ჩვეულებრივი ქალბატონი აღმოჩნდა და ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, მისი თვალები იყო. ამ თვალებში ისეთი უზარმაზარი სიკეთე და სითბო ამოვიკითხე და დამრჩა ეს გრძნობა სამუდამოდ, ისევე, როგორც ეს მის სიმღერებშია.

სიმღერებს უმეტესად ჰინდისა და მარაჰტის ენებზე ასრულებდა და მთლიანობაში კი შესრულებული აქვს სიმღერები 20–მდე ძირითად ინდურ დიალექტზე, ხოლო ამ სიმღერების საერთო ოდენობა 30 ათასს აჭარბებს.

ლატა მანგეშკარი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა (1974 წლიდან 1991 წლამდე) „სიმღერების ყველაზე მეტი ჩანაწერის“ გამო. რამდენად მღერის ბოლო დროს ლატა ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცი რომ არც ისე დიდი ხნის წინ ისევ მღეროდა. მარტში მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ ეს ქალბატონი არ ჩაკეტილა სახლში და კვლავ აქტიურ ცხოვრებას ეწევა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობს. ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს ლატას, ადამიანს, ვინც ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის სმენა დაატკბო და უამრავი ემოციები მოჰგვარა.

და ბოლოს, ლატას მიერ შესრულებული და ჰემა მალინის განსახიერებული სიმღერა MUBARAK HO TUJHE AE DIL ფილმიდან "საყვარელი ჩემი რაჯა"

07.05.2009

ბოლივუდის სიახლეები მოკლედ

შაქრუქ ხანის ბორბლებიანი სასახლე

საგრიმიოროებისა და დასასვენებელი ოთახების მრავალწლიანი დაქირავების შემდეგ ბოლოს და ბოლოს შაქრუქ ხანმა თავისი ოცნების ფურგონი მიიღო, ხოლო როცა საუბარია მეფე ხანზე, განა შეიძლება რომ ოდესმე სამეფო ზომებზე პატარა იყო? ეს მანქანა სპეციალურად ავტოდიზაინერმა დილიპა ჩჰაბრიამ შექმნა და თვითონ შაქრუქმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის შექმნაში. თვითმხილველების თქმით, ეს არა უბრალოდ ტექნიკურად კომპიუტერებით კარგად აღჭურვილი ფურგონია, არამედ მას ფუტურისტული ესთეტიური დიზაინიც აქვს. შაქრუქმა ზუსტად იცოდა, რაც სურდა“. 14 მეტრიანი ლიტონის მანქანა ნაცრისფერია, ხოლო ინტერიერი ქრომისა და ლიტონისგანაა, შავ–თეთრ ფერებში. მანქანაში ყველაფერია იმისთვის, რომ მსახიობმა რეჟიმი შეიცვალოს, დაისვენოს და დარჩეს მყუდრო გარემოში.



აიშვარიას სულ აბჰიშეკთან ერთად ყოფნა სურს

უკანასკნელ დროს ჩვენ არაფერი გსვმენია აიშვარია რაი–ბაჩანის მონაწილეობით ჰოლივუდის რაიმე ფილმებზე ან მეგა–პროექტებზე. მიზეზი იმაშია, რომ აიშს თავის მეუღლესთან აბჰიშეკ ბაჩანთან სურს მეტი დროის გატარება, მუშაობაც და დასვენებაც. მას სურს, რომ მეუღლესთან ერთად აწერდეს კონტრაქტებს ფილმებზე, ყველგან მეუღლესთან ერთად გამოჩნდეს, და ინსოსსამენტებიც (საკუთრების უფლებები) კი ქმართან ერთად მოაგვაროს. აიშვარიამ აღმოაჩინა, რომ ის მხოლოდ ისეთ სცენარებს კითხულობს, რომელშიც ორივე მეუღლეებისთვის შეიძლება რამე საინტერესო იყოს. და რადგანაც ასეთი გეგმები ყოველთვის კარგად ვერ მუშაობს, აიშვარია მკაცრი ფიტნესითაა დაკავებული. თუმცა, აბა თუ გამოიცნობთ? დიახ, მართალია, არც აქ უნდა ქალბატონს, რომ მარტო იყოს და სურს, რომ თავისი აბჰიშეკიც გვერდით ჰყავდეს! თავის მწვრთნელს აიშვარიამ თხოვა, რომ შეადგინოს ვარჯიშის გეგმა არა მარტო თავისთვის, არამედ მისი სათაყვანებელი მეუღლისთვისაც.

ჩემი მხრიდან დავამატებდი, აი სიყვარულიც ამას ჰქვია. არ მგონია, რომ აიშვარია თვალთმაქცობდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე მისი მჯერა, თუნდაც იმიტომ რომ მის უზარმაზარ ლალისფერ თვალებში არაგულწრფელობა ვერ დაიმალეობდა :) მიყვარს ეს ქალი, მიყვარს მისი ოჯახიც მთლიანად და რა ვქნა :)

აკშაი და კარინა სტალონესთან ერთად გაივლიან წითელ ხალიჩაზე კანში

აკშაი კუმარი და კარინა კაპური, "Kambakkht Ishq"–ის წამყვანი წყვილი მზად არიან სილვესტრ სტალონესთან ერთად გაიარონ წითელ ხალიჩაზე კანში, სადაც 13 მაისს კინოფესტივალი გაიხსნება. ჰოლივუდის ვარსკვლავიც, უკვე ჭარმაგი, მაგრამ ისევ „მაგარი ბიჭი“ სტალონეც ემზადება კინოფესტივალისთვის. სტალონემ როდესაც ფილმის პროდიუსერისგან კანის ფესტივალის გეგმების შესახებ შეიტყო, ძალიან გაეხარდა, რადგან აკშაიც და კარინაც ძალიან უყვარს. „სტალონე ჩამოვა? დიდი იმედებს ვამყარებ. როცა ახალგაზრდობაში ბანგკოკში ვმუშაობდი, ჩემს ოთახში სამი პლაკატი იყო – შრიდევის, ბრიუს ლისა და სტალონეს პლაკატები“ – ჩაიცინა აკშაი კუმარმა სინგაპურიდან IANS–სთან ტელეფონით საუბრისას. კარინამ, რომელიც ამჟამად ნიუ–იურკში იმყოფება, თქვა: „ეს მშვენიერი იქნება, რომ სილვესტრ სტალონესთან ერთად წითელ ხალიჩაზე გავივლით. ჩვენი მსახიობებიდან ბევრს არ ექნება ასეთი საშუალება“.

ფილმი "Kambakkht Ishq" – „არაჩვეულებრივი სიყვარული“ ახალგაზრდა მეოცნებე და მსახიობზე მოგვითხრობს ინდოეთიდან, რომელიც ჰოლივუდის დაპყრობას ცდილობს. ამისთვის ის ლოს–ანჯელესში ჩავა და თავიდან შეუმჩნეველ როლებს ასრულებს ადგილობრივ თეატრებში. მაგრამ ნამდვილ სახელს ის მაშინ მოიხვეჭს, როდესაც კურიოზულ სიტუაციაში მოხვდება, სადაც ორ ვარსკვლავს – სილვესტრ სტალონესა და არნოლდ შვარცენეგერს შეხვდება.

06.05.2009

სიქჰიზმი


სიქჰიზმის ისტორია


სიქჰიზმი ინდოეთის ერთერთი ეროვნული რელიგიათაგანია. მისი სახელწოდება წარმოსდგება სანსკრიტული სიტყვა „შიშია“–სგან (მოწაფე). ეროვნული კუთვნილების მიხედვით თითქმის ყველა სიქჰი ფენჯაბელია და ისინი საკმაოდ კომპაქტურ ეთნოკონფესიონალურ საზოგადოებას ქმნიან. სიქჰები ძირითადად ფენჯაბსა და ხარიანას შტატებში ცხოვრობენ, უმნიშვნელო ნაწილი კი სხვა შტატებშიც არიან. თანამედროვე ინდოეთში სიქჰები მთელი მოსახლეობის 1,9%–ს შეადგენენ (მათი რაოდენობა მეტია, ვიდრე ბუდისტებისა და ჯაინებისა, მაგრამ უფრო მცირეა, ვიდრე ინდუსების, მუსლიმების და ქრისტიანების).

სიქჰიზმი ინდოეთში XV საუკუნეში ჩამოყალიბდა, როცა ქვეყანა ორი რელიგიური ტრადიციის – ინდუისტური და მუსულმანური ტრადიციების შეხვედრის ადგილად იქცა. სიქჰიზმის დამაარსებელი იყო გურუ ნანაკი (1469–1539). მისი ცხოვრების შესახებ ბევრი სარწმუნო წყარო არ შემორჩენილა და რაც შემორჩა, ისიც ლეგენდების კორიანტელში იძირება. ცნობილია, რომ ის მცირე მოვაჭრის ოჯახში დაიბადა ქარტების კასტიდან და მას დიდი სულიერი მოძღვრის სახელი უწინასწარმეტყველეს.

საუკუნის მეოთხედის მანძილზე გურუ ნანაკი ქვეყანაზე დადიოდა და თავის ქადაგებებში ჰიმნებს უძღვნიდა ღმერთს, რომელთა მთავარი თემა ღვთის წინაშე ადამიანების თანასწორობა იყო. ლეგენდების მიხედვით მას მუსულმანი მუსიკოსი და ინდუსი მწერალი ახლდნენ თან, რომელიც მასწავლებლის ჰიმნებს იწერდა. სიცოცხლის ბოლო წლები ნანაკმა კარტაპურში გაატარა და იქ ჩამოყალიბდა სწორედ სიქჰების პირველი თემიც და იქვე ჩაეყარა საფუძველი სიქჰების რელიგიურ–ფილოსოფიურ დოქტრინას. ძირითად დებულებებს სიქჰიზმი ინდუიზმს და ისლამს დაესესხა. ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე სიქჰიზმი ახლოს იდგა ბჰაქტისთან და სუფიზმთან. მასში თავიდანვე გაიმყარა საფუძველი მონოთეიზმმა და ინდო–მუსულმანური ერთობის პრინციპებმა, რაც დაკავშირებული იყო ინდუსებისა და მუსულმანების ერთობის შემეცნებასთან. სიქჰებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო სუფისტურ ორდენებთან.

ინდუიზმის მხრიდან სიქჰების გურუებზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს ბჰაქტების იდეებმა, მათ შორის რამანუჯის (მე–11 ს.), ნიმბარკის (მე–12 ს.), მადვის (მე–13 ს.), ჩაიტანის (მე–15 ს.) ვალაბჰის (მე–16 ს.) და სხვების იდეებმა. სწორედ ისინი აძლევდნენ ტონს შუა საუკუნეების ინდოეთის სასულიერო ცხოვრებას, ქადაგებდნენ პირადი ღმერთისადმი ერთგულებას და მასთან უშუალო ემოციურ კავშირს, როგორც ღვთის შეცნების და გადარჩენის ძირითად საშუალებას, რაც ინდივიდუალური სულის ღმერთთან შერწყმის გარანტიას იძლეოდა.

სიქჰიზმი სულისა და რეინკარნაციების შესახებ

ადამიანი ცხოვრებას ცარიელი ადგილიდან არ იწყებს – ის უკვე არსებობდა თავის დაბადებამდე. მისი წარსული ცხოვრება, ოჯახი, სადაც დაიბადა და მისი ხალხი განსაზღვრავს მის ინდუვიდუალობას. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მას ეძლევა საკუთარი ნება და თვითონ ატარებს პასუხისმგებლობას თავისი ქმედებების გამო. თავისი ნებით მას შეუძლია ხასიათის შეცვლა და თავისივე წარსულის ნეიტრალიზაცია. უფალი გვაძლევს ყველას ძალებსა და ენერგიას, მაგრამ არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ჩვენში უკიდეგანო სიღრმეა და ჩვენ თვითონ შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი ცოდვები და უმეცრება. საკუთარი „მეს“ შეგრძნება – ეს შემეცნების ყველაზე დაბალი დონეა, რომელიც ცხოველებსაც კი ახასიათებს. ჩვენი შემეცნების გაფართოებით ჩვენ შეგვიძლია სხვებიც ჩვენივე ნაწილად აღვიქვათ. ჩვენ ვმაღლდებით ჩვენი „მეს“ დონიდან ჩვენს ოჯახამდე, შემდეგ საზოგადოებამდე, შემდეგ ბუნებისა და შემდეგ უფლის დონემდე. სიქჰები არც განდეგილები არიან და არც მატერიალისტები, ისინი შუალედურ გზას ირჩევენ.

სიქჰების სახელმწიფო


1716 – 1799 წლებში სიქჰებს საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ – სიქჰების კონფედერაცია, ცენტრები კი ამრიტსარსა და ლახორში იყო განლაგებული. სახელმწიფო იყოფოდა მისალიებად, რომელთა რაოდენობა 12–ს აღწევდა. 1799 წელს სიქჰების ლიდერმა რაჯიტ სინგჰმა დანაწევრებული მისალიები გააერთიანა და შექმნა იმპერია, რომელიც 1849 წელს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა გაანადგურეს ინგლისელებისა და სიქჰების ომის შედეგად.

1947 წელს ყოფილი ბრიტანული იმპერიის ინდოეთად და პაკისტანად დაყოფის შედეგად წარმოიქმნა კონფლიქტები მუსულმანებსა და სიქჰებს შორის, რომლებმაც გამოიწვია სიმეტრიული ეთნიკური წმენდა სიქჰებისა დასავლეთ ფენჯაბში და მუსულმანებისა აღმოსავლეთში. უთანხმოებები სიქჰებსა და ინდუსებს შორის კი 1970–იანი წლებიდან იწყება. სიქჰები ინდუისტურ საზოგადოებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, ხოლო პრემიერ–მინისტრ ინდირა განდის – დიქტატურაში. ფენჯაბში გამოჩნდნენ სეპარატისტები, რომლებიც სიქჰების დამოუკიდებელი სახელმწიფო ხალისტანის შექმნას მოითხოვდნენ. ინდირა განდის მიერ 1984 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩაეტარებინა წმენდა სიქჰების წმინდა „ოქროს ტაძარში“ ქალაქ ამრიტსარში საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ პრემიერ–მინისტრი მისივე დაცვის სიქჰმა თანამშრომლებმა მოკლეს. ამის შედეგად სიქჰების წინააღმდეგ რამდენიმე დარბევა მოხდა მთელი ინდოეთის ტერიტორიაზე და ათასობით სიქჰის სიცოცხლე შეიწირა.

ამჟამად სიქჰები ინდოეთში წარმოდგენილნი არიან მთელი რიგი პოლიტიკოსებით, კერძოდ კი პრემიერ–მინისტრი მანმოჰან სინგჰიც სიქჰია. არმიაში სიქჰებს თანამდებობების 20% უკავიათ იმ დროს, როცა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 2%–ზე ნაკლებს შეადგენენ რაოდენობრივად.

აკალი

სიქჰებს ჰყავთ ტრადიციული სამხედრო ორდენი აკალი (ნიჰანგი), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიქჰიზმის ადრეულ ისტორიაში და რომელიც სიქჰებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ამჟამად ეს ორდენი ძირითადად ცერემონიალურ როლს ასრულებს.


სხვა სტატიები ინდოეთის რელიგიების შესახებ:

* ინდუიზმი

02.05.2009

ინდური სამზარეულო

ამ მჭიდროდ დასახლებულ ნახევარკუნძულზე ხალხების ისეთი ოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ბევრი სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრები არიან, რომ ძალიან რთულია რამდენიმე ფრაზით დაახასიათო ტიპიური ინდური სამზარეულო, უფრო სწორად კი ამ სამზარეულოს სხვადასხვა სახეობები. ძალიან დამაბნეველია გავრცელებული აზრიც იმის თაობაზე, რომ ყველა ინდური კერძი მეტისმეტად ცხარეა – ეს განმარტება ქვეყნის მუსულმანურ ტერიტორიებს უფრო მეტად ეხება, ხოლო ჩრდილოეთში ზომიერი სამზარეულოა. ასევე დიდია არაბულ–სპარსული გავლენაც, მაგალითად, გავრცელებული ჩვეულება, რომელიც ცხელი კერძების მომზადებისას მაწვნის გამოყენებას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მცდარი აზრი ეხება კერძს სახელწოდებით „კარი“. საქმე იმაშია, რომ კარის არაფერი საერთო არ აქვს იმ ფხვნილთან, რომელიც ცნობილია კარის სანელებლის სახელწოდებით, სინამდვილეში კი ეს არის თხევადი მასის მეორე კერძი, რაგუს მსგავსად. მის ყველა ვარიაციაში კერძი შეკმაზულია სხვადასხვა სანელებლებით, რომელთაც ინდოელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ სანელებლების „კლასიფიკაციის“ შკალა ძალიან დიდია – დაწყებული სასიამოვნო არომატიდან დასრულებული ტვინისამადუღებელი სიცხარით.





სანელებლების ამ ნაზავს, არ გაგიკვირდეთ და – „მასალა“ ჰქვია. ძველი ტრადიციების მიხედვით, ყოველი ცალკეული კერძისთვის მასალის განსაკუთრებული შემადგენლობაა გათვალისწინებული. პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სანელებლების ზოგიერთი ნაზავი მზა სახითაც იწარმოება, და ფართო სავაჭრო ქსელში მათ კარის სანელებლების სახელწოდებით იცნობენ. ინდოეთის მოსახლეობაში ძალიან ბევრი ვეგეტარიანელიცაა, რომლებიც ბრინჯით და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით იკვებებიან, ზოგი ისეთი ბოსტნეულია, რომ ევროპელებს მათ შესახებ ცხოვრებაში არაფერი სმენიათ. ისინი საკვებად იყენებენ ასევე კვერცხს, მაგრამ უარს ამბობენ თევზსა და კიბორჩხალებზე. ამის მიუხედავად ზღვის ათასგვარ ცხოველებს ინდური სამზარეულოს რაციონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

ხორციან კერძებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთში შეგვიძლია ვნახოთ უმეტესწილად, მუსლიმანი ინდოელები ძირითადად ცხვრისა და თხის ხორცისგან ამზადებენ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში კერძები უფრო სქელი სახით მზადდება, ხოლო სამხრეთისკენ უფრო მეტად სუპის სახით. მაგრამ ბრინჯი ყოველთვის ცალკე მზადდება. ბოსტნეულიდან პირველი ადგილი სამზარეულოში პარკოსნებს უკავია, განსაკუთრებით ცერცვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე პიკანტური გემოს ძირხვენებსაც.

აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით ინდოეთში პურის უამრავი სახეობაა, რომლებიც ძირითადად ბლინის ან ფუნთუშების ფორმისაა. „პურეული“ მზადდება როგორც ხორბლისგან, ასევე ბრინჯის, სიმინდის და კარტოფილისგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ხილისა და ბოსტნეულის უთვალავი სახეობაა, და ხშირად ტრაპეზის ბოლოს მათაც იყენებენ, უმეტესწილად დესერტად აქ მაინც კრემის ფორმით ან დაშაქრული მაწვნის მსგავს საკვებს მიირთმევენ.

მომავალში თუ შესაძლებლობა მომეცემა, რა თქმა უნდა ქართულად გასაგებად ვეცდები გარკვეული კერძების რეცეპტებიც შემოგთავაზოთ, მანამდე კი ამაზე მეტის დაწერას ინდურ სამზარეულოზე აზრი არ აქვს, რადგან ამ თემაზე მთელი ენციკლოპედიებს დაწერა შეიძლება :)