გელით facebook–ზე

19.05.2009

ინდური დიეტა: აიურვედას ხუთი მცნება

ცნობილი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც იოგით არიან გატაცებულნი, მასებში აქტიურად ცდილობენ გაავრცელონ სწავლება ჯანმრთელი ცხოვრების ინდური წესის შესახებ. აიურვედას მცნებები სასარგებლოა არა მარტო მათთვის, ვინც მცხუნვარე მზის ქვეშ ცხოვრობს ჭრელ ინდოეთში, არამედ მათთვისაც, ვისაც უნდა უბრალოდ, რომ სწორად იკვებებოდეს. ვნახოთ აბა რას გვთავაზობს უძველესი ტრადიცია საკვებთან მიმართებაში.

ჭამე მაშინ, როცა მოგშივდება

აიურვედას ტრადიციებში არ არის ისეთი მცნებები, როგორიცაა საუზმე ან ვახშამი, როგორც ჩვენ ვყოფთ ამას ჩვეულებრივად. სამაგიეროდ, ჭამო მაშინ, როცა გშია – აუცილებელიცაა და სასარგებლოც. ბუნებრივი რიტმები ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს, და ინდოელები ისე როგორც სხვა არავინ, გვირჩევენ რომ ამ რიტმებს ყური დავუგდოთ. სხვა საკითხია, თუკი მადა დაგერღვათ ან პირიქით, მადის დასაკმაყოფილებლად ბევრი ძალისხმევა გჭირდებათ – ამ შემთხვევაში ღირს, რომ ამის მიზეზი გამოიძიოთ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ნება–სურვილს ებრძოლოთ.

მზარეულობის ჩვევა

ინდურ სამზარეულოში ნახევარფაბრიკატები არ არსებობს, და ეს საშუალებას იძლევა რომ მრავალი პრობლემა ავიცილოთ, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება. თუკი გამონახავთ სულ ცოტა დროს მაინც, რომ მოამზადოთ მარტივი კერძები, რომლებიც დიდ დროს არ ითხოვენ, ამ შემთხვევაში დიდად დაეხმარებით საკუთარ ორგანიზმს. იდეალში აიურვედა გვირჩევს ცოცხალი საკვების მიღებას, განმეორებითი თერმული დამუშავების გარეშე.

ჭამა, როგორც რიტუალი

ძველი წესი – „როცა ვჭამ – ყრუ და მუნჯი ვარ“ მოწოდებას ჰგავს, რომ საჭმელზე იყო კონცენტრირებული, და არა საუბარზე და ხვალინდელ დღეზე ფიქრზე. ეს საკვებს ნორმალურად მონელების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, აიურვედულ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობა მომზადების პროცესს: ითვლება, რომ ის ენერგია, რომელსაც საჭმელის მომზადების პროცესში ჩადებთ, ყველას გადაეცემა, ვინც ამ კერძებს მიირთმევს.

მოიწყვეთ განტვირთვის დღე

დასვენების ერთ დღეს, ყოველ შემთხვევაში მძიმე საჭმელისგან, ჩვეულებრივ სარგებელი მოაქვს სულიერი და ფიზიკური სიმსუბუქის შეგრძნების სახით. განტვირთვის დღეების ვარიანტი ურიცხვია – და შეგიძლიათ ექსპერიმენტებიც კი ჩაატაროთ.

მოიხმარეთ სანელებლები


ცნობილია, რომ ინდური სამზარეულო ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი და შეზავებულია. საქმე იმაშია, რომ სანელებლები უამრავ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც ჩვეულებრივ პროდუქტებში, როგორც წესი, არ გვხვდება. იდეალში სანელებლებს ინდივიდუალურად არჩევენ, მაგრამ შესაძლებელია ასევე, რომ ნიუანსებს არ ჩავუღრმავდეთ, მაგრამ არ დავიზაროთ და ჩვეულებრივი კერძები გავამრავალფეროვნოთ.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ინდური სამზარეულო

16.05.2009

მუმბაის ხელისუფლებამ „ჯურღმულელი მილიონერის“ 20–მდე პატარა გმირი ქუჩაში გაყარა

ინდოეთის ქალაქ მუმბაის 20–მდე მცირეწლოვანი მცხოვრები, რომლებმაც ოსკაროსან ფილმში „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სხვადასხვა როლები შეასრულეს, ქუჩაში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ქალაქის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ 50–მდე უკანონო საცხოვრებელი დაანგრია ჯურღმულების რაიონში. ამის შესახებ იტყობინება Times of India. ახლადმოვლენილ უსახლკაროებს შორის აღმოჩნდა აზჰარუდინ ისმაილ მუჰამად შეიხიც, რომელიც ფილმში პატარა სალიმის, ფილმის მთავარი გმირის ძმის როლს ასრულებს და რომელიც „ღარიბ ნაგარის“ რაიონში ცხობრობდა (სიტყვა ღარიბი ვითომ არაფერ შუაშია...).

„წასასვლელი არსად გვაქვს. ჩვენს ნივთებზე ვზივართ მწველი მზის ქვეშ და არც ვიცით, ხვალ საჭმელი გვექნება თუ არა“ – უთხრა ბიჭმა ინდურ სააგენტო IANS. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანგრეული ქოხმახები ქალაქის განვითარების გეგმას ამახინჯებდნენ და ისინიც იძულებულნი იყვნენ დაენგრიათ ეს ქოხები. მათი თქმით, მერია აპირებს ჯურღმულების მცხოვრებლებს ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზოს წვიმების სეზონის დადგომამდე, რომელიც ივნისში იწყება. ეს უკვე მეორე უსიამოვნებაა, რომელიც პატარა მსახიობს თავს დაატყდა მას შემდეგ, რაც ლოს–ანჟელესში ოსკარების ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ შინ დაბრუნდა. ამ წლის აპრილში მამამ ბიჭი სასტიკად სცემა იმის გამო, რომ მას გასვლა არ უნდოდა ჟურნალისტებთან ინტერვიუს მისაცემად. მამა ისე სასტიკად სცემდა შვილს, რომ მისი ყვირილი ქუჩაშიც კი ისმოდა.

როგორც ამბობენ, „ჯურღმულელი მილიონერის“ რეჟისორი, ბრიტანელი დენი ბოილი და ფილმის პროდიუსერები აზჰარუდინ ისმაილს და ფილმის კიდევ ერთ ვარსკვლავს რუბინა ალის ახალი ბინების ყიდვას დაპირდნენ. ქალაქის ხელისუფლებამაც პირობა დადო, რომ ბავშვებზე იზრუნებდა, მაგრამ როგორც ეტყობა ჯერ–ჯერობით ეს დაპირებები სიტყვებად რჩება.

როცა ვიხსენებ ამ და სხვა ბავშვების ბედნიერ და გაკვირვებულ სახეებს ოსკარის ცერემონიაზე და შემდეგ როცა წარმოვიდგენ, რომ შინ დაბრუნებისას ისევ ჯურღმულებში მოუწევდათ ცხოვრება, ძალიან ცუდ განწყობაზე ვდგები. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ისინი, ვინც ამ ბავშვებს კარგ ცხოვრებას დაპირდნენ, აუცილებლად დაეხმარებიან. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

13.05.2009

ინდოელებმა გუნდური სიმღერის რეკორდი მოხსნეს: ღმერთ ვიშნუს 160 ათასი ადამიანი ადიდებდა

გინესის რეკორდების წიგნში გუნდური სიმღერის ახალი რეკორდი დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 160 ათასმა ადამიანმა ინდოეთში ადგილობრივი პოეტის ლექსებზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ამი შესახებ იტყობინება სააგენტო IANS. გუნდური სიმღერის წინა რეკორდი 1937 წელს ფაშისტურ გერმანიაში იყო დაფიქსირებული, სადაც 60 ათასმა ადამიანმა ფაშისტური ჰიმნი შეასრულა.

გასულ კვირას ათეულობით ათასი ინდოელი შეიკრიბა ანდჰრა–პრადეშის შტატის დედაქალაქ ჰაიდარაბადის გარეუბანში, სადაც ცნობილი ინდოელი პოეტის ანამაჩარიას ლექსებზე 7 სიმღერა იმღერეს, რომლითაც ღმერთ ვიშნუს ადიდებდნენ. „სიამოვნებით ვაცხადებ, რომ მორიგი რეკორდი მოხსნილი იქნა 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ“, – განუცხადა შეკრებილებს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელმა რეიმონდ მარშალმა.

სარეკორდო ღონისძიების ორგანიზატორი შტატის ხელისუფლება იყო. გუნდის ერთად მღერას ცნობილი მუსიკოსები ხელმძღვანელობდნენ. ამ უზარმაზარი გუნდის წევრები იყვნენ როგორც პროფესიონალი მომღერლები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. ანდჰრა–პრადეშის შტატის ხელისუფლება თვლის, რომ ეს რეკორდი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოეტ ანამაჩარიას შემოქმედების მსოფლიო აღიარებისკენ. ეს პოეტი ინდოეთის ამ რეგიონის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

12.05.2009

ინდური კინოს მუსიკა – ლატა მანგეშკარი

ინდური კინემატოგრაფის უამრავმა თაყვანისმცემელმა იცის, რომ ფილმებში ძირითადად თვითონ მსახიობები არ მღერიან (თუმცა ასეთებიც არიან) და მათ ეკრანს მიღმა პროფესიონალი მომღერლები ახმოვანებენ. ინდოეთში ისინი ისევე ძლიერ უყვართ და აფასებენ, როგორც ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსახიობები. ჩვენთან საქმე ოდნავ სხვანაირადაა, ბევრმა ეკრანს მიღმა არსებული მომღერლების შესახებ არც კი იცის და ბევრისთვის ეკრანზე სახე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმა. თუმცა ამას შეიძლება არც დავეთანხმოთ, რადგან ინდური ფილმის წარმატება მნიშვნელოვანწილად ხომ მუსიკასა და სიმღერებზეცაა დამოკიდებული.

ყველაზე პატივსაცემ და ცნობილ კომპოზიტორად ინდოეთში ითვლება ბაპი ლიხარი, რომელმაც ისეთი ფილმებისთვის დაწერა მუსიკა, როგორიცაა „დისკოს მოცეკვავე“, „სიყვარულის მსხვერპლი“, „კომანდოსი“ და ასეთი ფილმები უამრავი შეიძლება ჩამოვთვალოთ.

რა თქმა უნდა კომპოზიტორიც და მომღერალიც უამრავია, ვინც ინდურ ფილმებზე მუშაობენ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც ინდურ კინემატოგრაფში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. ეს ლატა მანგეშკარია – ეკრანს მიღმა მომღერალი, უკვე საკმაოდ მოხუცებული. ამ ქალბატონს ინდური პოპულარული მუსიკის არაოფიციალურ დედოფალსაც ეძახიან. ინდოეთის ბულბული – ესეც მასზეა ნათქვამი. ლატას მაღალი, ბავშვივით სუფთა ხმა აქვს. შეიძლება ალბათ ითქვას, რომ არცერთ ვარსკვლავურ ფილმს მის გარეშე არ ჩაუვლია. დღემდე ის ერთერთ პირველ მომღერლად ითვლება...

ლატა მანგეშკარი, რომელსაც რამდენიმე თვეში 80 წელი შეუსრულდება, დაიბადა 1929 წლის 28 სექტემბერს დაბა სანგლიაში დელისთან ახლოს. მისი მამა დინანატ მანგეშკარი წარსულში ცნობილი მუსიკოსი იყო, რომელმაც თავის შვილებს მუსიკის სიყვარული ასწავლა. სწორედ ამიტომაც მისი ოთხივე ქალიშვილი – ლატა, უშა, აშა და მინა მთელი თავისი ცხოვრებით მუსიკას დაუკავშირდნენ.

ლატა ადრეულ ასაკში შევიდა კინოში – 8 წლისამ მან წარმატებით შეასრულა საბავშვო როლები, ხოლო 1948 წლიდან დაიწყო ფილმების გახმოვანება, როგორ ეკრანსმიღმა მომღერალმა. პირველმა ფილმმა, რომელშიც ლატა მღეროდა, დიდ წარმატებებს მიაღწია, ასევე იმის გამოც, რომ მასში შავთეთრი კინოს ვარსკვლავი რაჯ კაპური თამაშობდა – ეს ფილმია „ბატონი 420“. პირველი რეაქცია, რომელიც ინდოეთის ხსენებისას ქართველების უმეტესობას უჩნდება, სწორედ ამ ფილმში გაჟღერებული სიმღერაა „mera joota hai japani“. ამ სიმღერას მუკეში ასრულებს, ასევე ერთერთი ცნობილი მომღერალი რომელთან ერთადაც ლატას არაერთი ფილმის სიმღერები გაუხმოვანებია.

შემდეგ ლატას შემოქმედებით ცხოვრებაში იყო ასევე „ავარა“, „ბობი“, „ჩემი სახელია ჯამბაზი“, „მოღალატე ლამაზმანი“ და უამრავი, უამრავი სხვა... თვითონ ლატა ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია თავისი კარიერა მსახიობ ჰემა მალინის გარეშე. „მისი დამსახურებაა, რომ მე ასე პოპულარული გავხდი“ – ამბობს ლატა. თუმცა, მგონია, რომ ნამდვილი მიზეზი ეს სულაც არ არის. ლატა მსმენელს იპყრობს თავისი ხმით და იძულებულს ხდის, რომ ეს ხმა შეიყვაროს და მუსიკის უკიდეგანო სამყაროში და მის ღვთიურ ხმაში ჩაიძიროს. რა თქმა უნდა, ხმის „დემონსტრაციაში“ დიდ როლს თამაშობენ მსახიობები, რამდენად უფრო რეალურად შეძლებენ იმ გრძნობების გამოხატვას, რომელსაც მომღერალი განიცდის ამა თუ იმ სიმღერის შესრულებისას. ვფიქრობ, რომ ჰემა მალინიმაც შეძლო ბევრი რამ ეთქვა მაყურებლებისთვის, რასაც ის განიცდიდა. ეს მსახიობი, რომელიც წარსულში ბრწყინავდა, კლასიკური ინდოელი მსახიობი ქალების კაშკაშა წარმომადგენელია – ნაზი, გრაციოზული, იდუმალი და მშვენიერი...

როცა პირველად ვიხილე ლატა მანგეშკარი ქართული სახელმწიფო ტელევიზიის რომელიღაც გადაცემაში, ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი და მახსოვს ჩემი გაკვირვება. თითქოს სულ სხვაგვარი წარმომედგინა, მაგრამ ლატა ჩვეულებრივი ქალბატონი აღმოჩნდა და ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, მისი თვალები იყო. ამ თვალებში ისეთი უზარმაზარი სიკეთე და სითბო ამოვიკითხე და დამრჩა ეს გრძნობა სამუდამოდ, ისევე, როგორც ეს მის სიმღერებშია.

სიმღერებს უმეტესად ჰინდისა და მარაჰტის ენებზე ასრულებდა და მთლიანობაში კი შესრულებული აქვს სიმღერები 20–მდე ძირითად ინდურ დიალექტზე, ხოლო ამ სიმღერების საერთო ოდენობა 30 ათასს აჭარბებს.

ლატა მანგეშკარი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა (1974 წლიდან 1991 წლამდე) „სიმღერების ყველაზე მეტი ჩანაწერის“ გამო. რამდენად მღერის ბოლო დროს ლატა ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცი რომ არც ისე დიდი ხნის წინ ისევ მღეროდა. მარტში მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ ეს ქალბატონი არ ჩაკეტილა სახლში და კვლავ აქტიურ ცხოვრებას ეწევა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობს. ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს ლატას, ადამიანს, ვინც ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის სმენა დაატკბო და უამრავი ემოციები მოჰგვარა.

და ბოლოს, ლატას მიერ შესრულებული და ჰემა მალინის განსახიერებული სიმღერა MUBARAK HO TUJHE AE DIL ფილმიდან "საყვარელი ჩემი რაჯა"

07.05.2009

ბოლივუდის სიახლეები მოკლედ

შაქრუქ ხანის ბორბლებიანი სასახლე

საგრიმიოროებისა და დასასვენებელი ოთახების მრავალწლიანი დაქირავების შემდეგ ბოლოს და ბოლოს შაქრუქ ხანმა თავისი ოცნების ფურგონი მიიღო, ხოლო როცა საუბარია მეფე ხანზე, განა შეიძლება რომ ოდესმე სამეფო ზომებზე პატარა იყო? ეს მანქანა სპეციალურად ავტოდიზაინერმა დილიპა ჩჰაბრიამ შექმნა და თვითონ შაქრუქმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის შექმნაში. თვითმხილველების თქმით, ეს არა უბრალოდ ტექნიკურად კომპიუტერებით კარგად აღჭურვილი ფურგონია, არამედ მას ფუტურისტული ესთეტიური დიზაინიც აქვს. შაქრუქმა ზუსტად იცოდა, რაც სურდა“. 14 მეტრიანი ლიტონის მანქანა ნაცრისფერია, ხოლო ინტერიერი ქრომისა და ლიტონისგანაა, შავ–თეთრ ფერებში. მანქანაში ყველაფერია იმისთვის, რომ მსახიობმა რეჟიმი შეიცვალოს, დაისვენოს და დარჩეს მყუდრო გარემოში.



აიშვარიას სულ აბჰიშეკთან ერთად ყოფნა სურს

უკანასკნელ დროს ჩვენ არაფერი გსვმენია აიშვარია რაი–ბაჩანის მონაწილეობით ჰოლივუდის რაიმე ფილმებზე ან მეგა–პროექტებზე. მიზეზი იმაშია, რომ აიშს თავის მეუღლესთან აბჰიშეკ ბაჩანთან სურს მეტი დროის გატარება, მუშაობაც და დასვენებაც. მას სურს, რომ მეუღლესთან ერთად აწერდეს კონტრაქტებს ფილმებზე, ყველგან მეუღლესთან ერთად გამოჩნდეს, და ინსოსსამენტებიც (საკუთრების უფლებები) კი ქმართან ერთად მოაგვაროს. აიშვარიამ აღმოაჩინა, რომ ის მხოლოდ ისეთ სცენარებს კითხულობს, რომელშიც ორივე მეუღლეებისთვის შეიძლება რამე საინტერესო იყოს. და რადგანაც ასეთი გეგმები ყოველთვის კარგად ვერ მუშაობს, აიშვარია მკაცრი ფიტნესითაა დაკავებული. თუმცა, აბა თუ გამოიცნობთ? დიახ, მართალია, არც აქ უნდა ქალბატონს, რომ მარტო იყოს და სურს, რომ თავისი აბჰიშეკიც გვერდით ჰყავდეს! თავის მწვრთნელს აიშვარიამ თხოვა, რომ შეადგინოს ვარჯიშის გეგმა არა მარტო თავისთვის, არამედ მისი სათაყვანებელი მეუღლისთვისაც.

ჩემი მხრიდან დავამატებდი, აი სიყვარულიც ამას ჰქვია. არ მგონია, რომ აიშვარია თვალთმაქცობდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე მისი მჯერა, თუნდაც იმიტომ რომ მის უზარმაზარ ლალისფერ თვალებში არაგულწრფელობა ვერ დაიმალეობდა :) მიყვარს ეს ქალი, მიყვარს მისი ოჯახიც მთლიანად და რა ვქნა :)

აკშაი და კარინა სტალონესთან ერთად გაივლიან წითელ ხალიჩაზე კანში

აკშაი კუმარი და კარინა კაპური, "Kambakkht Ishq"–ის წამყვანი წყვილი მზად არიან სილვესტრ სტალონესთან ერთად გაიარონ წითელ ხალიჩაზე კანში, სადაც 13 მაისს კინოფესტივალი გაიხსნება. ჰოლივუდის ვარსკვლავიც, უკვე ჭარმაგი, მაგრამ ისევ „მაგარი ბიჭი“ სტალონეც ემზადება კინოფესტივალისთვის. სტალონემ როდესაც ფილმის პროდიუსერისგან კანის ფესტივალის გეგმების შესახებ შეიტყო, ძალიან გაეხარდა, რადგან აკშაიც და კარინაც ძალიან უყვარს. „სტალონე ჩამოვა? დიდი იმედებს ვამყარებ. როცა ახალგაზრდობაში ბანგკოკში ვმუშაობდი, ჩემს ოთახში სამი პლაკატი იყო – შრიდევის, ბრიუს ლისა და სტალონეს პლაკატები“ – ჩაიცინა აკშაი კუმარმა სინგაპურიდან IANS–სთან ტელეფონით საუბრისას. კარინამ, რომელიც ამჟამად ნიუ–იურკში იმყოფება, თქვა: „ეს მშვენიერი იქნება, რომ სილვესტრ სტალონესთან ერთად წითელ ხალიჩაზე გავივლით. ჩვენი მსახიობებიდან ბევრს არ ექნება ასეთი საშუალება“.

ფილმი "Kambakkht Ishq" – „არაჩვეულებრივი სიყვარული“ ახალგაზრდა მეოცნებე და მსახიობზე მოგვითხრობს ინდოეთიდან, რომელიც ჰოლივუდის დაპყრობას ცდილობს. ამისთვის ის ლოს–ანჯელესში ჩავა და თავიდან შეუმჩნეველ როლებს ასრულებს ადგილობრივ თეატრებში. მაგრამ ნამდვილ სახელს ის მაშინ მოიხვეჭს, როდესაც კურიოზულ სიტუაციაში მოხვდება, სადაც ორ ვარსკვლავს – სილვესტრ სტალონესა და არნოლდ შვარცენეგერს შეხვდება.

06.05.2009

სიქჰიზმი


სიქჰიზმის ისტორია


სიქჰიზმი ინდოეთის ერთერთი ეროვნული რელიგიათაგანია. მისი სახელწოდება წარმოსდგება სანსკრიტული სიტყვა „შიშია“–სგან (მოწაფე). ეროვნული კუთვნილების მიხედვით თითქმის ყველა სიქჰი ფენჯაბელია და ისინი საკმაოდ კომპაქტურ ეთნოკონფესიონალურ საზოგადოებას ქმნიან. სიქჰები ძირითადად ფენჯაბსა და ხარიანას შტატებში ცხოვრობენ, უმნიშვნელო ნაწილი კი სხვა შტატებშიც არიან. თანამედროვე ინდოეთში სიქჰები მთელი მოსახლეობის 1,9%–ს შეადგენენ (მათი რაოდენობა მეტია, ვიდრე ბუდისტებისა და ჯაინებისა, მაგრამ უფრო მცირეა, ვიდრე ინდუსების, მუსლიმების და ქრისტიანების).

სიქჰიზმი ინდოეთში XV საუკუნეში ჩამოყალიბდა, როცა ქვეყანა ორი რელიგიური ტრადიციის – ინდუისტური და მუსულმანური ტრადიციების შეხვედრის ადგილად იქცა. სიქჰიზმის დამაარსებელი იყო გურუ ნანაკი (1469–1539). მისი ცხოვრების შესახებ ბევრი სარწმუნო წყარო არ შემორჩენილა და რაც შემორჩა, ისიც ლეგენდების კორიანტელში იძირება. ცნობილია, რომ ის მცირე მოვაჭრის ოჯახში დაიბადა ქარტების კასტიდან და მას დიდი სულიერი მოძღვრის სახელი უწინასწარმეტყველეს.

საუკუნის მეოთხედის მანძილზე გურუ ნანაკი ქვეყანაზე დადიოდა და თავის ქადაგებებში ჰიმნებს უძღვნიდა ღმერთს, რომელთა მთავარი თემა ღვთის წინაშე ადამიანების თანასწორობა იყო. ლეგენდების მიხედვით მას მუსულმანი მუსიკოსი და ინდუსი მწერალი ახლდნენ თან, რომელიც მასწავლებლის ჰიმნებს იწერდა. სიცოცხლის ბოლო წლები ნანაკმა კარტაპურში გაატარა და იქ ჩამოყალიბდა სწორედ სიქჰების პირველი თემიც და იქვე ჩაეყარა საფუძველი სიქჰების რელიგიურ–ფილოსოფიურ დოქტრინას. ძირითად დებულებებს სიქჰიზმი ინდუიზმს და ისლამს დაესესხა. ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე სიქჰიზმი ახლოს იდგა ბჰაქტისთან და სუფიზმთან. მასში თავიდანვე გაიმყარა საფუძველი მონოთეიზმმა და ინდო–მუსულმანური ერთობის პრინციპებმა, რაც დაკავშირებული იყო ინდუსებისა და მუსულმანების ერთობის შემეცნებასთან. სიქჰებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო სუფისტურ ორდენებთან.

ინდუიზმის მხრიდან სიქჰების გურუებზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს ბჰაქტების იდეებმა, მათ შორის რამანუჯის (მე–11 ს.), ნიმბარკის (მე–12 ს.), მადვის (მე–13 ს.), ჩაიტანის (მე–15 ს.) ვალაბჰის (მე–16 ს.) და სხვების იდეებმა. სწორედ ისინი აძლევდნენ ტონს შუა საუკუნეების ინდოეთის სასულიერო ცხოვრებას, ქადაგებდნენ პირადი ღმერთისადმი ერთგულებას და მასთან უშუალო ემოციურ კავშირს, როგორც ღვთის შეცნების და გადარჩენის ძირითად საშუალებას, რაც ინდივიდუალური სულის ღმერთთან შერწყმის გარანტიას იძლეოდა.

სიქჰიზმი სულისა და რეინკარნაციების შესახებ

ადამიანი ცხოვრებას ცარიელი ადგილიდან არ იწყებს – ის უკვე არსებობდა თავის დაბადებამდე. მისი წარსული ცხოვრება, ოჯახი, სადაც დაიბადა და მისი ხალხი განსაზღვრავს მის ინდუვიდუალობას. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მას ეძლევა საკუთარი ნება და თვითონ ატარებს პასუხისმგებლობას თავისი ქმედებების გამო. თავისი ნებით მას შეუძლია ხასიათის შეცვლა და თავისივე წარსულის ნეიტრალიზაცია. უფალი გვაძლევს ყველას ძალებსა და ენერგიას, მაგრამ არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ჩვენში უკიდეგანო სიღრმეა და ჩვენ თვითონ შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი ცოდვები და უმეცრება. საკუთარი „მეს“ შეგრძნება – ეს შემეცნების ყველაზე დაბალი დონეა, რომელიც ცხოველებსაც კი ახასიათებს. ჩვენი შემეცნების გაფართოებით ჩვენ შეგვიძლია სხვებიც ჩვენივე ნაწილად აღვიქვათ. ჩვენ ვმაღლდებით ჩვენი „მეს“ დონიდან ჩვენს ოჯახამდე, შემდეგ საზოგადოებამდე, შემდეგ ბუნებისა და შემდეგ უფლის დონემდე. სიქჰები არც განდეგილები არიან და არც მატერიალისტები, ისინი შუალედურ გზას ირჩევენ.

სიქჰების სახელმწიფო


1716 – 1799 წლებში სიქჰებს საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ – სიქჰების კონფედერაცია, ცენტრები კი ამრიტსარსა და ლახორში იყო განლაგებული. სახელმწიფო იყოფოდა მისალიებად, რომელთა რაოდენობა 12–ს აღწევდა. 1799 წელს სიქჰების ლიდერმა რაჯიტ სინგჰმა დანაწევრებული მისალიები გააერთიანა და შექმნა იმპერია, რომელიც 1849 წელს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა გაანადგურეს ინგლისელებისა და სიქჰების ომის შედეგად.

1947 წელს ყოფილი ბრიტანული იმპერიის ინდოეთად და პაკისტანად დაყოფის შედეგად წარმოიქმნა კონფლიქტები მუსულმანებსა და სიქჰებს შორის, რომლებმაც გამოიწვია სიმეტრიული ეთნიკური წმენდა სიქჰებისა დასავლეთ ფენჯაბში და მუსულმანებისა აღმოსავლეთში. უთანხმოებები სიქჰებსა და ინდუსებს შორის კი 1970–იანი წლებიდან იწყება. სიქჰები ინდუისტურ საზოგადოებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, ხოლო პრემიერ–მინისტრ ინდირა განდის – დიქტატურაში. ფენჯაბში გამოჩნდნენ სეპარატისტები, რომლებიც სიქჰების დამოუკიდებელი სახელმწიფო ხალისტანის შექმნას მოითხოვდნენ. ინდირა განდის მიერ 1984 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩაეტარებინა წმენდა სიქჰების წმინდა „ოქროს ტაძარში“ ქალაქ ამრიტსარში საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ პრემიერ–მინისტრი მისივე დაცვის სიქჰმა თანამშრომლებმა მოკლეს. ამის შედეგად სიქჰების წინააღმდეგ რამდენიმე დარბევა მოხდა მთელი ინდოეთის ტერიტორიაზე და ათასობით სიქჰის სიცოცხლე შეიწირა.

ამჟამად სიქჰები ინდოეთში წარმოდგენილნი არიან მთელი რიგი პოლიტიკოსებით, კერძოდ კი პრემიერ–მინისტრი მანმოჰან სინგჰიც სიქჰია. არმიაში სიქჰებს თანამდებობების 20% უკავიათ იმ დროს, როცა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 2%–ზე ნაკლებს შეადგენენ რაოდენობრივად.

აკალი

სიქჰებს ჰყავთ ტრადიციული სამხედრო ორდენი აკალი (ნიჰანგი), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიქჰიზმის ადრეულ ისტორიაში და რომელიც სიქჰებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ამჟამად ეს ორდენი ძირითადად ცერემონიალურ როლს ასრულებს.


სხვა სტატიები ინდოეთის რელიგიების შესახებ:

* ინდუიზმი

02.05.2009

ინდური სამზარეულო

ამ მჭიდროდ დასახლებულ ნახევარკუნძულზე ხალხების ისეთი ოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ბევრი სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრები არიან, რომ ძალიან რთულია რამდენიმე ფრაზით დაახასიათო ტიპიური ინდური სამზარეულო, უფრო სწორად კი ამ სამზარეულოს სხვადასხვა სახეობები. ძალიან დამაბნეველია გავრცელებული აზრიც იმის თაობაზე, რომ ყველა ინდური კერძი მეტისმეტად ცხარეა – ეს განმარტება ქვეყნის მუსულმანურ ტერიტორიებს უფრო მეტად ეხება, ხოლო ჩრდილოეთში ზომიერი სამზარეულოა. ასევე დიდია არაბულ–სპარსული გავლენაც, მაგალითად, გავრცელებული ჩვეულება, რომელიც ცხელი კერძების მომზადებისას მაწვნის გამოყენებას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მცდარი აზრი ეხება კერძს სახელწოდებით „კარი“. საქმე იმაშია, რომ კარის არაფერი საერთო არ აქვს იმ ფხვნილთან, რომელიც ცნობილია კარის სანელებლის სახელწოდებით, სინამდვილეში კი ეს არის თხევადი მასის მეორე კერძი, რაგუს მსგავსად. მის ყველა ვარიაციაში კერძი შეკმაზულია სხვადასხვა სანელებლებით, რომელთაც ინდოელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ სანელებლების „კლასიფიკაციის“ შკალა ძალიან დიდია – დაწყებული სასიამოვნო არომატიდან დასრულებული ტვინისამადუღებელი სიცხარით.





სანელებლების ამ ნაზავს, არ გაგიკვირდეთ და – „მასალა“ ჰქვია. ძველი ტრადიციების მიხედვით, ყოველი ცალკეული კერძისთვის მასალის განსაკუთრებული შემადგენლობაა გათვალისწინებული. პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სანელებლების ზოგიერთი ნაზავი მზა სახითაც იწარმოება, და ფართო სავაჭრო ქსელში მათ კარის სანელებლების სახელწოდებით იცნობენ. ინდოეთის მოსახლეობაში ძალიან ბევრი ვეგეტარიანელიცაა, რომლებიც ბრინჯით და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით იკვებებიან, ზოგი ისეთი ბოსტნეულია, რომ ევროპელებს მათ შესახებ ცხოვრებაში არაფერი სმენიათ. ისინი საკვებად იყენებენ ასევე კვერცხს, მაგრამ უარს ამბობენ თევზსა და კიბორჩხალებზე. ამის მიუხედავად ზღვის ათასგვარ ცხოველებს ინდური სამზარეულოს რაციონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

ხორციან კერძებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთში შეგვიძლია ვნახოთ უმეტესწილად, მუსლიმანი ინდოელები ძირითადად ცხვრისა და თხის ხორცისგან ამზადებენ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში კერძები უფრო სქელი სახით მზადდება, ხოლო სამხრეთისკენ უფრო მეტად სუპის სახით. მაგრამ ბრინჯი ყოველთვის ცალკე მზადდება. ბოსტნეულიდან პირველი ადგილი სამზარეულოში პარკოსნებს უკავია, განსაკუთრებით ცერცვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე პიკანტური გემოს ძირხვენებსაც.

აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით ინდოეთში პურის უამრავი სახეობაა, რომლებიც ძირითადად ბლინის ან ფუნთუშების ფორმისაა. „პურეული“ მზადდება როგორც ხორბლისგან, ასევე ბრინჯის, სიმინდის და კარტოფილისგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ხილისა და ბოსტნეულის უთვალავი სახეობაა, და ხშირად ტრაპეზის ბოლოს მათაც იყენებენ, უმეტესწილად დესერტად აქ მაინც კრემის ფორმით ან დაშაქრული მაწვნის მსგავს საკვებს მიირთმევენ.

მომავალში თუ შესაძლებლობა მომეცემა, რა თქმა უნდა ქართულად გასაგებად ვეცდები გარკვეული კერძების რეცეპტებიც შემოგთავაზოთ, მანამდე კი ამაზე მეტის დაწერას ინდურ სამზარეულოზე აზრი არ აქვს, რადგან ამ თემაზე მთელი ენციკლოპედიებს დაწერა შეიძლება :)

30.04.2009

ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის

კლიმატი


ინდოეთი სუბტროპიკულ ზონაშია და ამიტომ ჰავა სეზონურ რყევებზეა დამოკიდებული. სამხრეთი და ცენტრალური ინდოეთი: მოგზაურობისთვის კარგი სეზონია ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით (წვიმებია, ჰაერი ნესტიანია, თბილა – 25–30 OC) და ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით (მშრალი ამინდებია – 20–25 OC), ცუდი სეზონია მარტიდან ივლისის ჩათვლით (ძალიან ცხელა, სიმშრალეა – 35–40 OC). ინდოეთის ჩრდილოეთი მთიანი რაიონები კარგია სამოგზაუროდ ნებისმიერ დროს, გარდა ზამთრისა (ნოემბერი–მარტი), როცა უღელტეხილები თოვლითაა დაფარული, ხოლო ღამით ტემპერატურა ნულზე ქვემოთ ჩამოდის, რაც გაგაწამებთ სასტუმროებში გამათბობლების არარსებობის შემთხვევაში (ეს არ ეხება სამთო–სათხილამურო სპორტის მოყვარულებს – მანალისა და შიმლაში ზამთრის თვეები იდეალურია სპორტის ზამთრის სახეობებისთვის). მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა და ამინდი ძლიერაა დამოკიდებული ზღვის დონიდან არსებულ სიმაღლეზე.

ფული

ინდოეთის ფულის ერთეულია ინდური რუპია. ინდური რუპიის კურსი სტაბილურია და 1 აშშ დოლარისთვის 40 რუპიას შეადგენს. ინფლაცია ინდოეთში არის, მაგრამ თითქმის შეუმჩნეველია. ზოგიერთი ინფორმაციით, სასურველია ნაღდი ფულის წაღება აშშ დოლარების სახით, რომლის გადაცვლაც რუპიაზე ყველგან არის თითქმის შესაძლებელი, ხოლო სამოგზაურო ჩეკებისა და საკრედიტო ბარათების გამოყენება დელიში რთულია, პროვინციაში კი თითქმის შეუძლებელი. ჩემს პირად მაგალითზე კი გეტყვით, რომ არც დელიში, არც მუმბაიში და არც ალაჰაბადში საკრედიტო ბარათის გამოყენების არანაირი პრობლემა არ შემქმნია და ნებისმიერი ბანკომატიდან გამომქონდა ინდური რუპიები საკუთარი საკრედიტო ანგარიშიდან. პროვინციებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ასეთ დიდ ქალაქებში, როგორიც დელი და მუმბაია, ბანკომატები თითქმის ყოველ ნაბიჯზეა და როგორც წესი ბანკომატი დახურულ შენობაშია ან ცალკე გამოყოფილ ჯიხურში, რომელთანაც აუცილებლად დგას პოლიციელი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში არც დაეზარება რომ კარი გაგიღოთ ან კიდევ კონსულტაცია გაგიწიოთ უცხო სახის ბანკომატების მოხმარებისას.

ეს ინდური ფულია. 100 რუპია – ამ ფულით შეიძლება ორჯერ კარგად ჭამო იაფიან სასაუზმე–რესტორანში ან ნახევარი გზა გაიარო დელიდან ჰიმალაებამდე. ფულის კუპიურაზე გამოსახულია ინდოელი ერის მამა მაჰათმა განდი.

100 რუპიაზე გამახსენდა. როდესაც დელიში ჩავედი, გაუგებრობის გამო აეროპორტში არავინ დამხვდა და სანამ სიტუაციაში გავერკვეოდი და რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდი რა მომემოქმედა (წინასწარ თავი არ დამიზღვევია იმ გაგებით, რომ 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ დამხვდებოდნენ, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ერთი დღით ადრე ჩავსულვარ, ვიდრე მელოდნენ). რადგანაც მანამდე ინდოეთში არასდროს არ ვყოფილვარ და მხოლოდ გადმოცემებით ვიცოდი, რა სიტუაციაა ქვეყანაში, აეროპორტიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი და რა უნდა გამეკეთებინა. აეროპორტის შენობაში სიგარეტის მოწევა არ შეიძლებოდა, მე კი ბარგს ვერ ვტოვებდი, რომ გარეთ სიგარეტის მოსაწევად გავსულიყავი. წყალზე იმდენს მაშინებდნენ, ჯიხურებშიც კი მეშინოდა წყლის ყიდვა და მთელი ამ ექვსი საათის განმავლობაში ასე უაზროდ მომიწია ყურყუტი. თან გაითვალისწინეთ, რომ დელის აეროპორტი სულაც არ ტოვებს საუკეთესო აეროპორტის შთაბეჭდილებას, მუმბაის საერთაშორისო აეროპორტისგან განსხვავებით. მოსაცდელ დარბაზში გასვლისთანავე გადააწყდებით აშკარად გამოხატული სიღარიბის ნიშნებს. დარბაზში მდგარი სავარძლები მომლოდინეთათვის გაცვეთილი და ჭუჭყიანია, თუ რამე არ გადააფარე, ვერ დაჯდები. მომლოდინეთა შორის, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ძირითადად მომსახურე პერსონალია, ამიტომაც უმეტესობა ნაციონალურ ტანსაცმელშია გამოწყობილი, როგორც ეს პორტიეებს შეეფერება, და ყვავილების გირლიანდით ხელში ელოდებიან უცხოელ ან ინდოელ სტუმრებს ამ სტუმრების სახელებიანი დაფებით ხელში. არ იცით, როგორ მეწყინა, როცა ვერცერთ დაფაზე ჩემი სახელი ვერ ამოვიკითხე და ყვითელი ყვავილების გირლიანდაც არავინ ჩამომკიდა კისერზე. თუმცა მოგვიანებით ყველაფერი ბევრი იყო, მეგობრებიც, ყვავილებიც და ენით აუწერელი შთაბეჭდილებებიც :)

მოკლედ, ისევ 100 რუპიას დავუბრუნდები. ნაღდი კუპიურების სახით წაღებული რამდენიმე ასეული დოლარი იქვე აეროპორტში გადავახურდავე რუპიებზე, და უეცრად იმდენი ბევრნულიანი კუპიურის მფლობელი გავხდი, არ ვიცოდი, რომელ ჯიბეში ჩამეტენა. კუპიურების უმეტესობა 100, 500 და 1000 რუპიას შეადგენდნენ. არც ვიცოდი, რომ უფრო დაბალი კუპიურებიც არსებობდა და შესაბამისად არც მომითხოვია, მაგრამ წამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წვრილი კუპიურები საკმაოდ საჭირო რამაა, ათასი წვრილმანი ხარჯისთვის, ისევე როგორც ლითონის მონეტებიც.

ბოლოს და ბოლოს დავძლიე გაუბედაობა და უცხო სამყაროს მიმართ შიში. მე თვითონაც მიკვირდა, საიდან მოვიდა ეს გრძნობები, იმიტომ რომ გადასარევად ვიცოდი რა სიტუაციაც დამხვდებოდა, მაგრამ იმან დამაბნია, რომ არავინ დამხვდა. გავედი მოსაცდელი დარბაზიდან და ეგრევე ათამდე ტაქსისტი დამეხვია და თავის მომსახურეობას მთავაზობნენ. მე კი ისიც არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, არც მისამართი და ტელეფონის ნომრებიც კი არ მქონდა, ვისაც უნდა შევხვედროდი. შემოსეული მუქკანიანი ტაქსისტებისგან თვალით ყველაზე „სანდო“ შევარჩიე და ჩავჯექი. ვთხოვე სადმე ახლომახლო სასტუმროში მივეყვანე, რადგან დიდი ხნით არ მჭირდებოდა დარჩენა და სადაც ინტერნეტი იქნებოდა (რომ მეგობრებს დავკავშირებოდი). მითხრა, რომ 3–4 კილომეტრში აეროპორტიდან არის სასტუმროები, სადაც არც თუ ისე ძვირად შეიძლება ნომრის დაქირავება. ამ გზის გავლაში მან 100 რუპია მთხოვა. სანამ აეროპორტიდან მივემგზავრებოდით, გზად მაჩვენა რაღაც შენობები, ძირითადად ერთსართულიანები და მითხრა, რომ ესენიც სასტუმროებია, მაგრამ ძალიან ძვირიანი ნომრებიაო. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. ეს შენობები ტრიალ მინდორზე იყო განლაგებული, გარშემო არცერთი ხე, გარშემო მოწითალო–მოყვითალო ნიადაგი და არანაირი მოასფალტებული გზა ამ „სასტუმროებამდე“. თან ეს ძალიან ძვირიანი სასტუმროები იყო... ნამდვილად ვერ გეტყვით, შიგნით ამ შენობებში რა ხდებოდა, მაგრამ სულ რომ იაფიანი ნომრები ყოფილიყო, ცოცხალი თავით ამ სასტუმროში არ შევიდოდი, ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, სანამ რაიმე სახის პირველ შთაბეჭდილებებს მივიღებდი და გავერკვეოდი ცოტათი მაინც რა არის ინდოეთი, და დელის აეროპორტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ძალიან მალე ქალაქს მივუახლოვდით, თითქმის პირველივე ქუჩაზე სასტუმროების მწკრივი იდგა. ტაქსისტი თავისი შეხედულებისამებრ მირჩევდა, რომ შედარებით უკეთესი აერჩია, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი. როგორც იქნა, ერთი ასეთი ავარჩიეთ, საბოლოო ჯამში ნომრის დაქირავებაში, თან წინასწარ, ლამის ჩემს მიერ აღებული ინდური კუპიურების ნახევრის დატოვება მომიწია, დაახლოებით 80 დოლარის ეკვივალენტური თანხის, მაგრამ სასწრაფოდ დასვენება და გააზრება მჭირდებოდა, რა სიტუაციაში ვიყავი, რომ რამე გამოსავალი მეპოვა და „სიძვირეს“ აღარ დაგიდევდით. ცოტა კი გამიკვირდა ინდოეთის „სიიაფეზე“ ამბების შემდეგ, მაგრამ ტაქსისტიც გასასტუმრებელი მყავდა. რადგანაც თავი კომფორტში და დაცულად ვიგრძენი, ტაქსისტის უსაზღვროდ მადლობელი ვიყავი და 100–ის ნაცვლად 200 რუპია მივეცი – ანუ 5 დოლარი, და კაცი ბედნიერებისგან ხტუნავდა. წვრილი კუპიურები რა თქმა უნდა არც მქონია, ამიტომ მოსამსახურე ბიჭსაც, რომელიც ჩანთის ატანა–ჩამოტანაში დამეხმარა და შეკვეთილი სადილიც მოჰქონდა, სასტუმროდან გამოსვლის წინ 100 რუპია ვაჩუქე. ისევ გაკვირვებული და ბედნიერი მზერა. მერე მოგვიანებით გავიგე, რომ 100 რუპია საკმაოდ დიდი ფულია და არ ღირს ამ ფულის ასე გაუაზრებლად ფლანგვა, როცა იგივე მადლიერებას სულ 10 რუპიადაც დაიმსახურებდი. სასტუმროს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ძალიან ძვირი გადავიხადე, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრალური რაიონებისკენ 5–10 დოლარადაც კი შეიძლება ისეთი სასტუმროს ნომრის აღება, სადაც შხაპიც არის და ტელევიზორიც კი. ცოტა გამიგრძელდა პირადი მოგონებები, მაპატიეთ :)

ფასები ინდოეთში ძალიან დაბალია. „ველურად“ ჩასული ევროპელი ტურისტების უმეტესობა დღეში 10 დოლარზე მეტს არ ხარჯავს ტრანსპორტის, საცხოვრებლის და საკვების ფასების ჩათვლით. საშინლად იაფია. ცოტა მეტი უნდა მოძებნოთ ინფორმაცია წინასწარ ინტერნეტში და პრობლემებიც ნაკლები გექნებათ იაფი საცხოვრებლის პოვნასთან დაკავშირებით. მთელი ეს ინფორმაციაც ისეთი ადამიანებისთვისაა, ვინც ამ სახით აპირებს მოგზაურობას. შესაძლოა დღეში 2 დოლარზე მეტიც არ დახარჯოთ, თუ მკაცრად ეკონომიურად დახარჯავთ ფულს, არ დახარჯავთ ტრასპორტზე და ხანგრძლივი დროით იქირავებთ არა სასტუმროს, არამედ კერძო აპარტამენტებს და ტუ საკუთარი სამზარეულო გექნებათ, სადაც თვითონ მოიმზადებთ სადილს ბაზარზე ნაყიდი პროდუქტებისგან. სწორედ ასე ცხოვრობს მრავალი ევროპელი ჰიმალაის მთების სოფლებში.

წესჩვეულებები

ინდოეთი ტრადიციების ქვეყანაა უძველესი რელიგიითა და კულტურით. პატივი ეცით ადგილობრივ წესჩვეულებებს, ცხოვრების სტილს და ქცევის ნორმებს. ინდუსები მკაცრად იცავენ რელიგიურ განაწესებს ტანსაცმლის, საცხოვრებლის, ტაძრების, წმინდანების და სქესთა შორის ურთიერთობებში. ნუ ატარებთ ზედმეტად გახსნილ ტანისამოსს. ქალის მკლავები დაფარული უნდა იყოს იდაყვამდე. თქვენი გარდერობიდან ამოიღეთ მინი–ქვედაბოლოები, შორტები, ვიწრო მოტმასნილი შარვლები (გოას გარდა, სადაც სრული განტვირთვის ატმოსფერო სუფევს, რა თქმა უნდა ზომიერ ფარგლებში). ყველა მოსაუბრეს, მისი სოციალური სტატუსის მიუხედავად ესაუბრეთ თავშეკავებით და ზრდილობიანად. თუ არ გინდათ ინდოელების პატივისცემა დაკარგოთ, არასდროს გამოავლინოთ ფამილიარობა და თავშეუკავებლობა. ტაძრებში და საცხოვრებელ ადგილებში შესვლის წინ აუცილებლად გაიხადეთ ფეხსაცმელი. ტაძრების, სალოცავების, ლინგამების გარშემო მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით იმოძრავეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინდუისტური ტაძარი არ არის ღია უცხოელთათვის (ამის შესახებ, როგორც წესი, ტაძრის შესასვლელთან გამოკრული დაფა იუწყება).

ადგილობრივი პრობლემების მიმართ გამოავლინეთ გაგება, არასდროს გამოხატოთ გაღიზიანება. ხშირია შემთხვევები, როცა ერთი და იგივე მაღაზიაში, ან რომელიმე მუზეუმში ან ტაძარში შესასვლეად მოგიხდებათ საფასურის გადახდა, რომელიც რამდენიმე ათეულჯერ აღემატება ინდოეთის მოქალაქეთათვის დაწესებულ გადასახადს. ამ შემთხვევაში უცხოელთათვის ცალკე რიგებიცაა, და ნუ იკითხავთ რატომაა უცხოელებისთვის იგივე საქონელი ან მომსახურეობა ასეთი „ძვირი“. პასუხი ყველგან ერთია – უცხოელები (თეთრკანიანები) მდიდრები არიან, ინდოეთი კი არ არის მდიდარი ქვეყანაო“, და დამიჯერეთ შედავებას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ თამამად შეგიძლიათ შევაჭრება ბაზრებსა და სხვა სავაჭრო ადგილებში, მოლებისა და სუპერმარკეტების გარდა.

უკეთესი იქნება, თუ ჰინდიზე რამდენიმე ძირითად ფრაზას ისწავლით, ან თუკი ჰინდის ისწავლით სალაპარაკო დონეზე მაინც (ეს განსაკუთრებით იმათ ეხება, ვინც აპირებს ინდოეთში რამდენიმე წელი გაატაროს) – ეს თქვენ გაგიხსნით ინდოელების გულებს და ნებისმიერ კარს ნებისმიერი გაგებით.

ეს იყო „მოკლედ“, რისი დაწერაც ამ ჯერზე მოვახერხე :)

29.04.2009

ინდუიზმი

ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო–დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.

არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.

ბრაჰმანიზმი ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნიაა“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.

გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯანაიზმი ერთერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.

ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ–სამაია ან ჰინდუ–დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტიურად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ ეს არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.

ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაქტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად და ნასტიკად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.

ინდუიზმის ძირითადი პრინციპებია – წარმოდგენები კარმაზე, დჰარმაზე და სანსარაზე. ინდუისტებს თავისი წმინდა წიგნები აქვთ – ვედები, მაგრამ ინდუიზმს არ ახასიათებს რაიმე სახის მკაცრი კანონები. ინდუიზმი მხარს უჭერს ინდოეთის საზოგადოების კასტობრივ წყობას.

ქვემოთ განთავსებულია სურათები ერთერთი მნიშვნელოვანი ინდუისტური სალოცავი ადგილიდან, რომელსაც სანგამი ეწოდება. ეს არის სამი მდინარის: განგას, იამუნას და სარასვატის შესართავი, სადაც ყოველდღიურად ათასობით მლოცველი (და ტურისტიც) მიდის სხვადასხვა რიტუალების შესასრულებლად. ეს სურათები 2007 წლის ნოემბერში გადავიღე:

28.04.2009

ფრანგული ბალეტი ინდური პოემის მიხედვით

ამიტაბჰ ბაჩანი აღელვებულია და საამისოდ სერიოზული მიზეზებიც აქვს. პარიზული საბალეტო ჯგუფი სცენაზე აპირებს დადგას ბაჩანის მამის, პოეტ ჰარივანშა რაი ბაჩანის პოემები (ნამდვილი გვარია შრივასტავ). პირველად იქნება გამოყენებული დადგმებისთვის ინდოელი პოეტის ნაწარმოებები, ეს ამიტაბჰ ბაჩანის ოცნება იყო, რაც აუსრულდა კიდეც. ფილმში «Teen Patti» გადაღებების შემდეგ ამიტაბჰ ბაჩანმა სერ ბენ კინგლსისთან ერთად პარიზში შეიარა საგანგებო შევედრაზე. „მე ვისაუბრე მამაჩემის პოემების მიხედვით საბალეტო დადგმის იდეაზე. სპექტაკლის პრემიერა შედგება თეატრში «Champs Elysеes». სამუშაო ბევრი გვაქვს. უნდა გადავხედოთ მამაჩემის ყველა პოემას და ამოვარჩიოთ ის, რომელიც საბალეტო დადგმისთვის იქნება შესაფერისი“, – თქვა ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ.

გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ფიროზ ხანი

მუმბაიში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი ფიროზ ხანი. 25 სექტემბერს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. ფიროზ კჰანი გადაღებულია 57 ფილმში, მოგვევლინა 9 ფილმის პროდიუსერის როლში (სხვათაშორის ის იყო ერთობლივი საბჭოთა–ინდური ფილმის „შავი რაინდი აჯუბა“–ს აღმასრულებელი პროდიუსერი («Ajooba», 1981) და როგორც რეჟისორმა გადაიღო რვა სურათი. ფიროზ ხანი ორჯერ იყო დაჯილდოებული პრესტიჟული პრემიით «Filmfare Award», როგორც მეორე პლანის საუკეთესო მსახიობი 1971 წელს და „ინდური კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ 2001 წელს. ბოლო წლების განმავლობაში ფიროზ ხანი აქტიურად ებრძოდა მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას და მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა. გასულ თვეს იგი სასწრაფოდ მოათავსეს საავადმყოფოში. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ, მაგრამ დაავადება უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

27.04.2009

ფრეიდა პინტო მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში

ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ერთერთი მთავარი გმირი ფრეიდა პინტო პირველად აღმოჩნდა ბრიტანულ ჟურნალ «FHM»–ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში. ფრეიდა პინტოს დებიუტი ამ სიაში მეათე ადგილზე შედგა, იმ დროს როდესაც სიას სათავეში უდგას შერილ ქროუ, ჯგუფ «Girls aloud»–ის 25 წლის სოლისტი. საპატიო მეორე ადგილზე სიაში გავიდა გასული წლის გამარჯვებული მენან ფოქსი. მესამე პოზიცია არანაკლებ პოპულარულმა კინოვარსკვლავმა ჯესიკა ალბამ დაიკავა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების ხუთეულის ბოლოშია ბრიტნი სპირსი. რეიტინგი შედგენილი იქნა 10 მილიონი ხმის საფუძველზე.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
«მილიონერის“ მიერ გამოწვეული მღელვარებანი არ ცხრება
*
რუბინას მამას ქალიშვილის გაყიდვა სურდა 200 ათას გირვანქად*
„ჯურღმულელი მილიონერის“ მსახიობ ბავშვებს გაუმართლათ*
მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
* სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში

25.04.2009

ბოლივუდი, მოლივუდი, ტოლივუდი, კოლივუდი და ა.შ.

რამ გამოიწვია ინდოეთის მიმართ ჩემი ინტერესი და როგორ ღვივდებოდა ჩემი დამოკიდებულება ამ ქვეყნისადმი, ამაზე ერთერთ პირველ პოსტში დავწერე, როცა ეს ბლოგი გავხსენი და მეც ისევე, როგორც ამ ბლოგის ერთგული მკითხველების და საერთოდ ინდოეთზე შეყვარებული ადამიანების უმრავლესობა სხვადასხვა სახის ინფორმაციას ინდოეთის შესახებ რა თქმა უნდა პირველად ამ ქვეყანაში წარმოებული ფილმებიდან ვიგებდი. ჩემს ბავშვობაში არც ინტერნეტი იყო (ასაკს მაინც და მაინც ნუ მკითხავთ) და ტელევიზორშიც იშვიათად იყო ხარისხიანი დოკუმენტური ფილმები (ისეთები, როგორც National Geographic-ზე და სხვა მსგავს არხებზეა), რომ რაიმე სრულყოფილი ინფორმაცია მიმეღო. რჩებოდა ისევ და ისევ ინდური ფილმები, ძირითადად რეჟისორის რანგში რაჯ კაპურის მიერ გადაღებული, და ძალაუნებურად ვფიქრობდი, რომ კი ეს ლამაზი და მუსიკით და ცეკვით გაჯერებული ზღაპრები კარგია, მაგრამ რეალობა ალბათ ბევრად განსხვავებულია თქო. ამ 2 წლის წინანდელი მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი, და ჩემდა გასაკვირად ეს ფილმები, საკმაოდ დიდ ინფორმაციას ატარებენ, რომ ქვეყანას შორიდან მაინც გაეცნო.

მაგრამ ამჯერად ცოტა განსხვავებული კუთხით მინდა შევხედო ინდურ კინოწარმოებას და შევეცადო ცოტა, სულ ცოტა მის სიღრმეებში ჩავწვდე, უბრალოდ შევიარო ამ სიღრმეებში, რადგან მთლიანად ბოლომდე მაინც ვერაფერს გავიგებ ვერასდროს :)

ჰოლივუდი ყველამ ვიცით, მერე მოდის ბოლივუდი, და მეც მთელი ჩემი გულუბრყვილობით მეგონა, რომ მთელი ინდური კინოწარმოება ბოლივუდი იყო. მაგრამ გსმენიათ ვინმეს მოლივუდი? მგონია რომ უმეტესობას არ სმენია. ასო არ შემშლია და ნამდვილად მოლივუდი დავწერე. კარგით, მოლივუდი თუ არა იქნებ ტოლივუდი ან კოლივუდი გსმენიათ? :) მოდით მოვლენებს წინ გავუსწრებ და ცოტა თამამადაც ვიტყვი, რომ 99% დარწმუნებული ვარ არ გსმენიათ. არა და ეს ყველაფერი ნამდვილად არსებობს და არსებობს ინდოეთში. არსებობს ბოლივუდის კინოწარმოება და ფილმები და არსებობს კიდევ ასეთი რამ, რასაც სამხრეთინდური კინო ჰქვია. ესეც ინდური კინოა, მაგრამ განსხვავება ნამდვილად არსებობს დამიჯერეთ. არსებობს კიდევ აღმოსავლეთინდური კინოც, მაგრამ სამხრეთი და აღმოსავლეთი ხშირად ერთ სამხრეთინდური კინოს მცნებაშია გაერთიანებული და მეც შევეცდები ცოტა გასაგებად დავწერო რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში. მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ.

2009 წელს მსოფლიოს (!!!) კინოეკრანებზე გამოვიდა „მილიონერი ჯურღმულებიდან“ – პრინციპში, აბსოლუტურად ინდური კინო, ინდოელი მსახიობებით, მუმბაის ჯურღმულებით, თვალწარმტაცი ნამდვილი ტაჯ–მაჰალით, და არა დეკორაციებით, და ეს ფილმი ბრიტანელმა ცნობილმა რეჟისორმა დენი ბოილმა გადაიღო. 8 ოსკარმა, რომლებიც ამ ფილმს ერგო, ყველა და თითოეული დაარწმუნა იმაში, რომ ინდური კინემატოგრაფი თავს უკვე „ვიწროდ“ გრძნობს აზიაში, სადაც ის ბოლო 40 წლის მანძილზე დომინირებს. ინდური კინოს ტექნიკური დონე, რომელიც მუდმივად დაცინვის საბაბი იყო ყველგან და მათ შორის საქართველოშიც, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2007 წლის ჰიტი „ომ შანტი ომ“ („კავკასიაზე“ ეს ფილმი გადიოდა და რეკლამირდებოდა სახელწოდებით „ჩემი საყვარელი ლედი“ – საიდან მოიტანეს ეს სახელი არ ვიცი, შესაძლოა რუსულიდან გადმოთარგმნეს, და რუსებმა რატომ შეცვალეს მაშინ სახელწოდება, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით), მოკლედ, ეს ფილმი, რომლის პრაქტიკულად საპრემიერო ჩვენების დროს მომიწია ამ ქვეყანაში მოგზაურობა და თვითონ ფილმის შუაგულ მუმბაიში ნახვა, და ამ ფილმში მთავარ როლს შაჰრუკჰ კჰანი და ულამაზესი დებიუტანტი 18 წლის გოგონა დიპიკა პადუკონე ასრულებდნენ, თავისი სპეცეფექტების დონით არანაირად არ ჩამორჩება ყველაზე ცნობილ ჰოლივუდურ ფილმებსაც კი, ხოლო ბიუჯეტის სიდიდით ნებისმიერ ევროპულ კინოს გაუწევდა კონკურენციას. და ეს ფილმი ბოლივუდური ფილმია.

ახლა კი მთავარი –
მარტო ინდოეთში კინოწარმოების ცხრა (!!!) უმსხვილესი ცენტრია (ბოლივუდი ერთერთი მათგანია მხოლოდ), რომლებიც წელიწადში 1000 (!!! – ჰო, ჩემს ბავშვობაში ცნობილი იყო 600–700 ფილმი წელიწადში და ბოლო 30 წლის მანძილზე ეს რიცხვი 300–ით გაზრდილა) მხატვრულ ფილმს იღებენ. უმსხვილეს კინოსტუდიებს თავისი მეტსახელებიც აქვთ, რომლებიც ჰოლივუდის სახელიდან გამომდინარეობს. მუმბაიში – ბოლივუდია (მუმბაის მანამდე ბომბეი ერქვა და სულ ათიოდე წლის წინ დაუბრუნეს ქალაქს ძველი სახელი), ტირუვანანტაპუირამში, სადაც ფილმებს მალაიალამის ენაზე იღებენ – მოლივუდია, ჰაიდარაბადში (ტელუღუს ენა) – ტოლივუდია, ჩენაიში (ტამილური ენა) – კოლივუდია. კიდევ არის კინოსტუდიები გუჰავატიში (ინდოეთის უკიდურესი აღმოსავლეთი, ასამის შტატი), ბანგალორში (კარნატაკას შტატი, სადაც ფილმებს ადგილობრივ კანნადას ენაზე იღებენ), დელიში, კუტაკში (ორისას შტატი, ფილმებს ორიას ენაზე იღებენ) და კალკუტაში (ბენგალის ენაზე).

ყველაზე მეტ ფილმებს ქვეყნის მთავარ ენაზე – ჰინდიზე იღებენ ბოლივუდის მარკით, მაგრამ ვინ იცის, იქნებ დადგეს დრო რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ინდოეთის სამხრეთში გადაღებულმა გულუბრყვილო ფილმებმაც დაიპყრონ მსოფლიოს ფართო ეკრანები. სამხრეთში განთავსებულია ქვეყანაში მოქმედი კინოთეატრების უმეტესობა, მაყურებელთა დარბაზები სიცარიელეს არ უჩივიან, და შესაძლოა დადგეს დრო, რომ პროდიუსერებსაც გაუჩნდეთ ფული საიმისოდ, რომ ბომბეელი ან დასავლელი მსახიობები მიიწვიონ გადაღებებზე.

ჯერჯერობით სამხრეთინდური კინო ძალიან ტრადიციულ ფორმებს ინარჩუნებს, ის არ აღიარებს ბოლივუდის სპეცეფექტებსა და გლამურულობას. ფილმის მთავარი გმირი – შეყვარებული სუპერმაჩოა, მკაცრი შურისმაძიებელი, რომელიც ცდილობს სამართლიანობა აღადგინოს დამანგრეველი ძალის მუშტების ქნევით და ფეხებში დამიზნებული წიხლების დარტყმით. მისი შეყვარებული – ტრადიციული ინდოელი გოგონაა, რომელიც ლამაზად მღერის და საოცარი პროფესიულობით ასრულებს ხალხურ ცეკვებს. სამხრეთინდური კინოსტუდიების მამაკაცური სილამაზის იდეალი ასე გამოიყურება – ჯანღონიანი, ხუჭუჭა თმიანი, ულვაშებიანი შავტუხა კაცი 170 სმ–ის სიმაღლით, ბევრს იცინის, გადაადგილდება ინდოეთში წარმოებულ მოტოციკლზე, რომელიც იაპონური ლიცენზიითაა დამზადებული (იაპონიაზე გამახსენდა რაჯ კაპურის ეგზომ პოპულარული და საქართველოში ლამის ინდოეთის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა Mera Joota hai Japani). ფილმებში ძალადობის სიმრავლით ტამილური ფილმები ლიდერობენ, მოწინააღმდეგის სახისკენ მოქნეული მუშტის მიერ ტრაექტორიის ხმა მთელი 2,5 საათის განმავლობაში ისმის. სასიკვდილო დარტყმები ძალიან ცოტაა და გმირიც მოწინააღმდეგეებს თავის სიმართლეში ზედმეტი გვამების გარეშეც კარგად არწმუნებს. სიტუაციას ამწვავებს ისიც, რომ ცნობილ ბოროტმოქმედს საპატარძლოს მოკვლა უნდა.

მთლიანობაში სამხრეთი და აღმოსავლეთი ინდოეთის კინოინდუსტრია ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი და მეზობელი შტატების კინომოთხოვნილებებს აკმაყოფილებს (თითოეულ შტატში 80–100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს), მაგრამ ისტორიაში არის მაგალითები, როცა იქაური ფილმები სპეციალისტებსაც შეუნიშნავთ. ჯერ კიდევ 1956 წელს ბენგალურმა ფილმმა „გზად საგალობელი“ კანის კინოფესტივალის პრიზი და აშშ–ის მიმომხილველთა ეროვნული საბჭოს პრემია მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.

ეს რაც მხოლოდ ფილმებს და კინოწარმოებას შეეხება, თან ძალიან მოკლედ. წარმოგიდგენიათ ყველაფერი ამის შემხედვარე თვითონ ქვეყანაში რამდენი უცნაური და ამოუცნობი რამ არის, რასაც უბრალო ევროპელი მოკვდავის ტვინი ვერ ჩაწვდება. ოშო რაჯანიშს დავეთანხმები და მეც ვიტყვი, რომ ინდოეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ არის, ეს სულიერი მდგომარეობაა, და ჩემგან დავამატებდი, რომ ეს სულიერი მდგომარეობა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, და ჩვენ შეიძლება მხოლოდ გვქონდეს ან არ გვქონდეს სურვილი მას ჩავწვდეთ. ცინიზმი და დაცინვა... მემგონი ეს ყველა რელიგიაში არასახარბიელო საქციელად ითვლება... გამგები გაიგებს :)