გელით facebook–ზე

30.10.2008

პრიტი ზინტა საუკეთესო აღმოჩნდა ჩიკაგოს ფესტივალზე

პრიტი ზინტამ პრიზი მიიღო ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალი მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „სამოთხე დედამიწაზე/Heaven on Earth“. ინდური წარმოშობის კანადელი რეჟისორი ქალის დიპა მეჰტას ახალი სარეჟისორო ნამუშევარი ინდოეთში არსებული ოჯახური ძალადობის მნიშვნელოვან პრობლემაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირის, უბრალო პენჯაბელი ქალის მაგალითზე, რომელსაც პრიტი ზინტა თამაშობს, ნაჩვენებია ოჯახური ცხოვრების ისეთი მხარეები, რომლებზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. მამაკაცის ბატონობა და ქალის უუფლებობა ჩაკეტილ ბინაში – ოჯახური ცხოვრების მწვავე თემებია.

პრიტი ზინტა ძალიან გახარებულია ამ ჯილდოთი და ამ სუხარულს დედას და ახლო მეგობარ რეჟისორს კარან ჯოჰარს უნაწილებს. რეჟისორი დიმა მეჰტა, რომელიც წარსულში თვითონაც მსახიობი იყო, ასევე გახარებულია პრიტი ზინტას წარმატებით და ამბობს, რომ ამ ნიჭიერმა გოგომ გაასხივოსნა მთელი გადაღების პროცესი. ეს რეჟისორი ხშირად იღებს ფილმებს სოციალურ თემებზე. მისი წინა ფილმი „წყალი“ 2006 წელს წარდგენილი იყო ოსკარზე.

ახლა ჩემი ჰაზრები პრიტი ზინტაზე. ეს გოგონა ყოველთვის მომწონდა და რატომ არ ვიცი. თავისი ჩახრეწილი ხმით, თითქმის ბიჭური სიცილით და ულამაზესი ღიმილით. მეგონა, რომ ჩემს ინდოელ მეგობრებს შორისაც ინდოეთში ეყოლებოდა თაყვანისმცემლები. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მიზეზი ბოლომდე ვერ გავიგე. ერთი რამ გავიგე ნამდვილად რომ პრიტი ზინტას მაგივრად მას მასხრობით ჯინტას ეძახიან, არ ვიცი რატომ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ სოფლელი და გოიმია. ყველა აიშვარია ხომ ვერ იქნება :) მაგრამ არც ამ გოგონას აკლია სილამაზე და მოქნილობა ეკრანზე. ეს ჩემი პირადი აზრია.

ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ბოლივუდში ბევრს შეშურდება მისი, რომ დასავლეთში, ნუ ამერიკა, ჩიკაგო და ამბავი, პრიტიმ წარმატებას მიაღწია. ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს ალბათ ჭორებს მისი სოფლელობისა და გოიმობის შესახებ. ისე, ვინც ასე თვლის, ვურჩევდი ამ გოგონას ბიოგრაფიას გაეცნოს.

27.10.2008

ინდოეთისა და ირანის ფილმებმა მუსულმანური კინოს ფესტივალის „ოქროს მინბარის“ გრანპრი გაინაწილეს

ინდოეთისა და ირანის წარმოებულმა მხატვრულმა ფილმებმა მუსულმანური კინოს საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს მინბარის“ გრანპრი გაინაწილეს. ფესტივალი თათრეთის დედაქალაქ ყანაში ჩატარდა. ფილმების „ჯოდჰა და აქბარი“ (რეჟისორი აშუტოშ გოვარიკერი, ინდოეთი) და „“მი“ დედიკოსთვის“ (რეჟისორი რასულ მოლგოლიპური, ირანი) შემქნელებს გადაეცათ „ოქროს მინბარი“, პატარა ქანდაკება, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს კათედრას მუსულმანურ ტაძარში, რომელზეც სასულიერო პირი „ყურანს“ კითხულობს.

ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“ თავი ისახელა ასევე ირანელმა მსახიობმა გოლშაფთე ბარათანიმ (ნეტა ბარათაშვილების რა არის?), რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „“მი“ დედიკოსთვის“. მესამე პრიზი ასევე ირანელმა რეჟისორმა რასულ სადრ ამელმა მიიღო ფილმისთვის „მარტოობის ყოველი ღამე“. პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის მხატვრულ კინოში მიიღო რიტიკ როშანმა (ინდოეთი) ფილმისთვის „ჯოდჰა და აქბარი“.

10 მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან საუკეთესო ფილმად დასახელდა რეჟისორ სიმ ურალეს (ახალი ზელანდია) სურათი „ყავა და ალაჰი“. დოკუმენტურ ფილმებს შორის საუკეთესოდ დასახელდა ანა ბრაილოვსკის (ავსტრალია) ფილმი „აკრძალული ტყუილი“. ფესტივალზე ერთი პრიზი თათრეთის პრეზიდენტის მენთიმირ შაიმიევის სახელითაც იქნა გადაცემული.

საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო 24 ქვეყნის 34 ფილმი, კონკურს გარეშე ფესტივალში კი 21 ფილმი იყო ნაჩვენები. მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიდან ფესტივალს ესწრებოდნენ ფრანგი მსახიობი იზაბელ აჯანი, კანის ფესტივალის ორგანიზატორი ჟოელ შაპრონი, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორი მარკო მიულერი, ეგვიპტელი მსახიობი აბდელ ჰამიდ ფარდუსი, მსახიობი ჯერფი ჯავედი (ინდოეთი).

ბაჩანი საავადმყოფოში მოათავსეს

ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდა ამიტაბჰ ბაჩანი საავადმყოფოში მოათავსეს იმ დღეს, როცა მას 66 წელი შეუსრულდა. მუცლის არეში ტკივილებზე ხანგრძლივი ჩივილების შემდეგ ბაჩანი სასწრაფოდ წაიყვანეს ჰოსპიტალში. მსახიობის მეუღლემ ჯაია ბაჩანმა თქვა, რომ ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაშია და მუდმივ მოვლას საჭიროებს. ასეთი რეციდივები მილიონობით ადამიანისთვის საყვარელ მსახიობს 1982 წლიდან აწუხებს, როცა მან ფილმ „მებარგულის“ (Coolie) გადაღებისას ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვით საავადმყოფოს საწოლზე იყო მიჯაჭვული. მთელი ინდოეთი, ქვეყნის მთავრობაც, კინოინდუსტრიაც შოკირებულნი არიან ბაჩანის ავადმყოფობის შესახებ ცნობით და მღელვარებას გამოხატავენ საყვარელი მსახიობის ჯანმრთელობის გამო. ბაჩანის თაყვანისმცემლები კი დაუღალავად ლოცულობენ მისი გამოჯანმრთელებისთვის. ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა პირადად უსურვა ავადმყოფს მალე გამოჯანმრთელება.

2007 წლის ნოემბერში მუმბაიში ყოფნისას სამწუხაროდ არ მომეცა საშუალება, რომ მსახიობი შორიდან მაინც მენახა ლაივში. სამაგიეროდ გარედან დავათვალიერე მისი ფეშენებელური ვილა შუა ქალაქში, რომელიც გარშემო უზარმაზარი კორპუსების შუაშია მოქცეული. მე არც ვიცოდი, რომ ეს მისი სახლი იყო, მაგრამ შესასვლელ კართან უამრავი დაცვის თანამშრომელი დავინახე. მოტორიქშაში ვიჯექი და მძღოლმა თვითონ მითხრა, რომ ეს ბაჩანის სახლიაო და ცოტა ხნით გაჩერდა ზედ პოლიციელების წინ ბაჩანის სახლთან. მე თავი გავყავი და ვათვალიერებდი, სამწუხაროდ ფოტოაპარატი იმ მომენტში თან არ მქონდა და ძალიან მწყდება გული. როცა დაცვის პოლიციელებმა დამინახეს, რომ თეთრკანიანი ვიყავი, მეგობრულად გამიღიმეს და მომესალმნენ, რამაც ათმაგად გამახარა. ჩემს კომპლექსებს რა ვუთხარი, ან რა მაკომპლექსებდა, ალბათ ის, რომ მარტო ვიყავი ამხელა ქალაქში გასული სასეირნოდ, თორემ აშკარად უნდა მივსულიყავი ბაჩანის ვილის ჭიშკართან და თაყვანი უნდა მეცა. ინდოეთში მოგზაურობამ ბევრი სასიამოვნო მოგონება დამიტოვა, მაგრამ უამრავი აუხდენელი ოცნებაც დამრჩა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, ერთხელ კიდევ და უფრო საფუძვლიანად უნდა ვიმოგზაურო ამ ქვეყანაში. სამსახურსაც თუ ვიპოვი, ამაზე უკეთესი რა იქნება, ეს საშუალებას მომცემს, რომ უფრო დიდი ხნით დავრჩე ამ ქვეყანაში :)

21.10.2008

ინდოეთი: ილუზია და სინამდვილე

ერთი შეხედვით არ მინდა ვინმეს შთაბეჭდილება შეექმნას ჩემი ბლოგის დათვალიერების შემდეგ, რომ მთელი ინდოეთი ისეთია, როგორსაც მე ვხატავ. რა თქმა უნდა არა. არის მედლის სხვა მხარეც. ამისი ერთ–ერთი დადასტურებაა ქართულ საიტზე babajana.com გამოქვეყნებული სურათებიც. ის რაც ამ სურათებზეა, რა თქმა უნდა ესეც ინდოეთია. ნამდვილი, ჭეშმარიტი, შეულამაზებელი და ისეთი როგორიც არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი სცენები ქვეყნის ცხოვრებიდან არ არის რეალობას მოწყვეტილი და ისეთივე შემადგენელი ნაწილია მთელი ქვეყნისა, როგორც ბრწყინვალე სასახლეები და მდიდრული უბნები დიდ ქალაქებში. საიტზე ბევრმა ადამიანმა გამოთქვა აზრი, რომ ეს კორუფციის ბრალია, იმის ბრალია, ამის ბრალია. მე კი ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა კორუფცია, რა თქმა უნდა კლანურობა, და ბევრი სხვა ნეგატიური რამ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობამ მილიარდს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა, ასევე ის, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, ასე ცხოვრობს საუკუნეების და შეიძლება ითქვას ათასწლეულების მანძილზე. ისინი სახლიდან არავის გამოუყრია, მათ წინაპრებს სახლები შეიძლება ითქვას არც არასდროს ჰქონიათ. გამონაკლისებიც იქნებიან, მაგრამ უმრავლესობა ასეთია.

ამის გარდა, ღარიბების რაოდენობით ინდოეთი სულაც არაა პირველ ადგილზე, უფრო მეტი ღარიბი იგივე ჩინეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩინეთიდან ასეთი სურათები გამოტანილი მე ჯერ არ მინახავს. კულტურულ გარემოში გაზრდილი ადამიანისთვის რთული აღსაქმელია, როგორ უნდა ცხოვრობდეს ხალხი ასეთ გარემოში, მაგრამ ხალხი ცხოვრობს, და ცხოვრობს კი არა მრავლდება, და სასწაულად მრავლდება და ამრავლებენ თავისნაირ ღარიბებს და არაფრის მქონეებს, მშივრებს და გაუბედურებულებს. და ეს ჩვენი, ქართული, შეიძლება ითქვას, ევროპული გაგებით. მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანები ინდოეთში, ვინც ქუჩაში ცხოვრობს, უბედურებისთვის არიან განწირულნიო. მათაც აქვთ თავიანთი ბედნიერება, ბედნიერების შესახებ თავიანთი განცდა. უბრალოდ ჩვენი და მათი ეს გაგებები ერთმანეთს არ შეესაბამება. ამის გამო ნუ ვიტყვით, რომ ფუ, რა საზიზღრობა, რა საშინელი ქვეყანაა და ასე შემდეგ. მერწმუნეთ ჩვენი საქართველოს ნაგავსაყრელებზე ადრეც და ახლაც არანაკლები მდგომარეობაა, რომ არაფერი ვთქვა განვითარებული ევროპული ქვეყნების და იგივე ამერიკის ქვეყნების ნაგავსაყრელებზე. ასე რომ ნეგატივის პოვნა ყველა ქვეყანაში შეიძლება, და თუ ადამიანს მიზნად არ აქვს განზრახული მაინც და მაინც ნეგატივი ეძებოს, იმდენ დადებითსაც იპოვის, რომ შეიძლება ვერც კი დატიოს ვერცერთ საიტზე.