გელით facebook–ზე

31.08.2011

პატრიოტიზმით დამუხტული სანახაობა ინდოეთ–პაკისტანის საზღვარზე

ყოველ საღამოს ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქალაქ ამრიტსარიდან 30 კილომეტრში ძალიან უცნაური ცერემონიის ხილვაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საზღვრის დაკეტვის ერთადერთი ცერემონიაა მთელ მსოფლიოში, რომლის სანახავადაც ათასობით ადამიანი ჩადის ადგილზე. ერთდროულად ეს ცერემონია პატრიოტიზმის დემონსტრირებაცაა, ასევე ინდური მენტალობის გარკვეული მხარეების წარმოჩინებაც (თუ ცერემონიას ინდურ მხარეს აკვირდებით), მეზობლის მიმართ ძალის დემონსტრირებაც ინდურ–პაკისტანური ურთულესი ურტიერთობების ისტორიაში, და ასევე უბრალოდ უცხო თვალისთვის ამოუსნელი რაღაც კიჩი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად უდავოდ იმსახურებს, რომ ერთხელ მაინც ხოვრებაში ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო.




27.08.2011

საქართველომ და ინდოეთმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს დელიში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.

საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა, ხოლო ინდურ მხარეს წარმოადგენდა ინდოეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი გადასახადების ცენტრალური საბჭოს დავმჯდომარე, მ.ჩ. ჯოში.

23.08.2011

ინდუისტებმა კრიშნას მოვლინების დღე აღნიშნეს



22 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანმაშტამის დღესასწაული – კრიშნას ამ ქვეყნად მოვლინების დღე აღინიშნა. ეს ინდუიზმის ერთერთი ყველაზე პოპულარული სასულიერო და კულტურული დღესასწაულია. „ჯანმა“ სანსკრიტზე „დაბადებას“ ნიშნავს, „აშტამი“ კი წარმავალი მთვარის მერვე დღეს. წმინდა წიგნების თანახმად, 51 საუკუნის წინ ამ დღეს დედამიწას კრიშნა მოევლინა, რომელსაც ინდუისტები უზენაეს ღვთაებად მიიჩნევენ. ზოგიერთი ასტროლოგი ზუსტ თარიღსაც ასახელებს – 5239 წლის წინ, თუმცა მეცნიერების აზრი ამ საკითხზე გაყოფილია.

კრიშნას სახელი „ყოვლისმომცველს“ ნიშნავს. ჯანმაშტამის სხვაგვარად ინდურ ახალ წელსაც უწოდებენ და ამ დღესასწაულს ინდოეთში ყველა აღნიშნავს რელიგიური კუთვნილების მიუხედავადაც კი. ინდოეთში ეს დღესასწაული ისევე უყვართ, როგორც დასავლეთში შობა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით წმინდა ვრინდავანში, სადაც კრიშნა დაიბადა, გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებები და ლოცვები ტარდება. კრიშნას ქანდაკებას წყაროს წყლით, რძით, თაფლით და სურნელოვანი ზეთებით განბანენ. ჯანმაშტამის დღესასწაულზე დილიდან საღამომდე  ლოცვები და სხვადასხვა რიტუალები იმართება.

დღეისათვის ამ დღესასწაულს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ და მასში იმ ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ სადაც ინდუიზმია გავრცელებული. სადღესასწაულო ლოცვები და რიტუალები ტარდება ასევე კრიშნაიტების (ვაიშნავიზმის მიმდევრების) ტაძრებში.

ასეთი ღონისძიებები იყო დაგეგმილი ასევე თბილისის კრიშნაიტების სამლოცველოშიც, სადაც მიწვეულიც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ წასვლა ვერ შევძელი.

13.08.2011

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე


ყოველწლიურად 15 აგვიტოს ინდოეთი ერთერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს (Independence Day in India)  – დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1947 წლიდან აღინიშნება.

1947 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი (Indian Independence Act) და დელიში, წითელი ფორტის თავზე ინდოეთის პირველმა პრემიერ–მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ უამრავი ადამიანის თანდასწრებით დამოუკიდებელი ინდოეთის სამფერიანი დროშა აღმართა. ამ მოვლენით ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

05.08.2011

ინდოეთში გველების ფესტივალი მიმდინარეობს

გველების ფესტივალი „ნაგ პანჩამი“ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საოცარი მოვლენაა. ინდოეთში ეს ფესტივალი დასავლეთ ბენგალიაში, მაჰარაშტრაში და სამხრეთ შტატებში ტარდება. ამ ქვეყანაში გველების 275 სახეობა ბინადრობს. მათ ეთაყვანებიან როგორც სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოს, ისინი ღმერთ შივას სიმბოლოც არიან და სწორედ კისერზე შემოხვეულ გველს ატარებს ეს ღმერთიც. გველები ხშირად ფიგურირებენ ინდურ მითოლოგიაში, ხოლო ინდუისტურ გადმოცემებში გველღმერთების რაოდენობა 1000–ს აღწევს.

აღნიშნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება შრავანის თვის ნათელი ნახევრის მეხუთე მთვარიან დღეს, რომელიც გრიგორიანული კალენდრის ივლის–აგვისტოს ემთხვევა.