გელით facebook–ზე

24.01.2011

ტყუპების სოფელი ინდოეთში

ინდოეთში, ქერალას შტატში მდებარეობს სოფელი კოდინჰი, რომელშიც ტყუპების ყველაზე დიდი პროცენტია დაფიქსირებული. 2008 წელს დაბადებული ბავშვებიდან 15 წყვილი ტყუპია და როგორც ჩანს, ეს ტყუპების გაჩენის ტენდენცია ზრიდსკენაა მიდრეკილი. ადგილობრივი ენთუზიასტი დოქტორი კრიშნან შრიბაჯუ უკვე მეორე წელია ამ სამედიცინო სასწაულის კვლევითაა დაკავებული. ამ დროისთვის სოფელში დარეგისტრირებული ტყუპების რაოდენობა 250 წყვილს შეადგენს, მაგრამ დოქტორის აზრით, მათი რეალური რაოდენობა 300–350 წყვილს აღწევს.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენას ტენდენციის სახე დაახლოებით სამი თაობის წინ მიეცა. ექიმი შრიბაჯუს თქმით, ეს დაიწყო დაახლოებით 60–70 წლის წინ, მაგრამ ბიოქიმიური აპარატურის უქონლობის გამო რთულია იმის თქმა, რა გახდა ამ მოვლენის რეალური მიზეზი. თავის მხრივ კი იგი დარწმუნებულია, რომ მიზეზი სოფელ კოდინჰის მცხოვრებთა რაციონშია.

თუ ამ მოვლენის მიზეზების დადგენა შესაძლებელი გახდება, კვლევების შედეგები შესაძლოა უშვილო წყვილებს დაეხმაროს. დოქტორი შრიბაჯუ დარწმუნებულია, რომ ამ სოფლის მოსახლეობას არანაირი გენეტიკური გადახრა, რომელიც ტყუპების მასობრივი გაჩენის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო, არ აქვს. იგი ასევე გამორიცხავს მოსახლეობის ორგანიზმის რაიმე სახით დაბინძურებას. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ტყუპების სრული უმეტესობა აბსოლუტურად ჯანმრთელი იბადება.

საინტერესოა, რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 1000 ახალშობილზე ტყუპების 45 წყვილი მოდის, ხოლო აზიაში მცხოვრებ ინდოელებში ეს მონაცემი 1000 ახალშობილზე ტყუპების 4 წყვილს არ აღემატება.

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სარწმუნოებით მუსულმანია. თუმცა ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ქალიშვილის გასათხოვებლად ოჯახს, ისევე როგორც ინდოეთის სხვა ნაწილებში, დაახლოებით 10 ათასი დოლარის ოდენობით სამზითვოს მომზადება უწევს. ამის მიუხედავად, სოფელში ტყუპი გოგონების დაბადება მაინც უხარიათ, ხოლო ოჯახის უფროსები ძალას არ იშურებენ, რომ შვილებს მომავალი გარანტირებული ჰქონდეთ. გარდა ამისა, ინდოეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც მშობიარობამდე „ექოსკოპიის“ გაკეთებისას ექიმებს მომავალი მშობლებისთვის ნაყოფის სქესის გამჟღავნებას უკრძალავს.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ამ სოფელში მცხოვრები ტყუპების რამდენიმე სურათი: