გელით facebook–ზე

28.04.2011

საბეჭდი მანქანების ეპოქა დასრულდა...

ამ მშვენიერი საბეჭდი მანქანის უკანასკნელმა მწარმოებელმა ჩვენს პლანეტაზე – ინდურმა კომპანიამ Godrej and Boyce გადაწყვიტა, რომ თავისი ბოლო და დედამიწაზე დარჩენილი ერთადერთი ასეთი საწარმო დახუროს.


„უნდერვუდები“, „რემინტონები“ და „ერიკები“, რომლებიც ოდესღაც შემოქმედებითი ადამიანების განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდნენ, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თავის პოპულარობას ელვის სისწრაფით კარგავენ. ბოლო დრომდე საბეჭდი მანქანების უკანასკნელ ნავსაყუდელს ინდოეთი წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ერთერთი ლიდერთაგანია IT ტექნოლოგიების მსოფლიო ინდუსტრიაში, პერსონალურმა კომპიუტერებმა ინდოეთის ოფისების დიდ ნაწილამდე დღემდე ვერ მიაღწია. საბეჭდი მანქანები ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში დღესაც აქტიურად გამოიყენება ღარიბთა ადვოკატების, გადამწერების და ნოტარიუსების მიერ, თუმცა ახალ მანქანებზე მოთხოვნა უკვე თითქმის აღარ არსებობს.

ჯერ კიდევ 90–იან წლებში კომპანია Godrej and Boyce წელიწადში 50 ათასამდე საბეჭდ მანქანას უშვებდა, რაც ინდური წარმოების მესამედს შეადგენდა. 2009 წლისთვის წარმოება 10–12 ათასამდე დაეცა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ წარმოება შეეჩერებინა.

ამ მანქანების ბოლო შემსყიდველები ინდოეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო, სამხედრო და სასამართლო დაწესებულებები იყვნენ, რომლებაც იმ დროისთვის ჯერ ვერ მოასწრეს თავიანთი თანამშრომლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა.

დღესდღეობით საწარმოს საწყობში 200–მდე საბეჭდი მანქანა ინახება, რომელთა უმრავლესობაც არაბულ შრიფტზეა აწყობილი. ერთი მანქანის ფასია დაახლოებით 12 ათასი რუპია (279 აშშ დოლარი). შესაძლოა ამ უკანასკნელმა მოჰიკანებმა კოლექციონერთა ყურადღება მიიპყრონ, თუმცა კოლექციონერებს ნახმარი საბეჭდი მანქანების ყიდვაც თავისუფლად შეუძლიათ ინტერნეტ–მაღაზიებში...

ასე დასრულდა საბეჭდი მანქანების მშვენიერი ეპოქა :)

მომზადებულია Daily Mail–ის მასალების მიხედვით

27.04.2011

საი ბაბას დაკრძალვაზე ნახევარი მილიონი ადამიანი მივიდა


24 აპრილს გარდაცვლილი ინდოელი გურუს სატია საი ბაბას დაკრძალვას, რომელიც დღეს მის მშობლიურ სოფელ პუტაპარტიში (ანდჰრა–პრადეშის შტატი) გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. ინდუისტების უმრავლესობისგან განსხვავებით საი ბაბას ნეშტის კრემაცია არ მოუხდენიათ და იგი შუშის გამჭვირვალე სასახლეში დაკრძალეს. საი ბაბას მიმდევრები თავიანთ გურუს წმინდანად და ღმერთადაც კი მიიჩნევდნენ. საი ბაბა  მის მიერ დაარსებული რელიგიური ცენტრის ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც აშრამებში საცხოვრებლად მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი ჩადიოდა.

დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ინდოეთის პრემიერ–მინისტრი მანმოჰან სინგჰი და ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის ლიდერი სონია განდი (რაჯივც განდის ქვრივი, ინდირა განდის რძალი) ცერემონიაზე გამოსათხოვარი სიტყვით გამოვიდნენ. მათთან ერთად ცერემონიას მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.


საი ბაბას მოწაფეთა შორის ინდოეთის რამდენიმე პრემიერ–მინისტრი და ბოლივუდის უამრავი ვარსკვლავი იყო. ცნობილ უცხოელთაგან მის რელიგიურ მოსაზრებებს იზიარებდნენ იორკის ჰერცოგინია გოლდი ჰოუნი და „ჰარდ როკ კაფეს“ ქსელის შემქმნელი ისააკ ტიგრეტი. საი ბაბას აშრამები (სასწავლო და რელიგიური ცენტრები) მსოფლიოს 126 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მან დაარსა ასევე საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ფინანსურად ეხმარებოდა უფასო საავადმყოფოებს და სკოლებს.

საკუთარ თავს საი ბაბა ამავე სახელის ინდოელი წმინდანის მიწიერ განსახიერებას უწოდებდა. მან თავის თავს უწინასწარმეტყველა, რომ 96 წლის ასაკში დაასრულებდა სიცოცხლეს, მაგრამ 85 წელსაც ვერ მიაღწია.

სატია საი ბაბას ქონებასა და მისი „ეკლესიის“ ხელმძღვანელობის მემკვიდრეობაზე პრეტენზიებს აცხადებენ მისი ძმისშვილი რატნაკარი და მისი ერთერთი გულმხურვალე მიმდევარი სატიაჯიტი.

21.04.2011

ინდური გამოფენა 22 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება

ხვალ, 22 აპრილს თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო–ჯორჯიაში (წერეთლის 118) ინდური წარმოების საქონლის გამოფენა–გაყიდვა გაიხსნება, რომელიც 1 მაისამდე გასტანს. გამოფენას აწყობს ANM კორპორაცია. გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერია ინდოეთის საელჩო, ეროვნული სიანვესტიციო სააგენტო, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, ქართულ–ინდური სავაჭრო პალატა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

12.04.2011

ინდური სამზარეულო გურმანებისთვის ქართულ ენაზე

ინდოეთისა და ინდური კულტურის მოყვარულთა ქართულ ბლოგსფეროს ერთი ახალი ბლოგი "ინდური სამზარეულო" შეემატა, რომელიც ამ ქვეყნის სამზარეულოს ქართულ ენაზე გაგვაცნობს. ბლოგის ავტორია დიანა, რომელიც ინდური კერძების გადმოქართულებაზე თავისი ინდოელი მეგობრის დახმარებით მუშაობს. დაწყებული ინდური ჩაით, ტკბილეულით და სასუსნავებით, ბლოგზე უხვად ნახავთ მსოფლიოში ცნობილი თუ უცნობი სხვა ინდური კერძების რეცეპტებს. როგორც ავტორი ირწმუნება, ამ კერძების მომზადება საკუთარი ძალებითაც შეიძლება და გემრიელი გამოდის. ამ დროისთვის ბლოგზე 22–მდე კერძის რეცეპტი დევს და იმედია ავტორი ახალი რეცეპტებითაც გაგვანებივრებს ხოლმე შიგადაშიგ. დიანას წარმატებას ვუსურვებ და დიდი მადლობა ასეთი საქმისთვის, რადგან პირადად მე ამისთვის ვერასდროს მოვიცალე, არც დიდი გამოცდილება გამაჩნია ინდური კერძების მომზადების, არა ჩემი ბლოგის მკითხველები ხშირად მწერდნენ და მთხოვდნენ, რომ რამე მსგავსი გამეკეთებინა.

თსუ-ში ინდოეთმცოდნეობის ცენტრი შეიქმნება

წყარო – სააგენტო "ინტერპრესნიუსი" – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინდოეთმცოდნეობის ცენტრი შეიქმნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით დღეს, უნივერსიტეტში საქართველოში ინდოეთის საელჩოს კულტურულ ურთიერთობათა საბჭოსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად, ინდოეთმცოდნეობის ცენტრი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნება, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ინდოელი პროფესორი უხელმძღვანელებს.