გელით facebook–ზე

11.10.2017

ბრიანკას რეალური ისტორია


ავტორი: Sally Janelly
სურათი: Sally Janelly



ეს ჩანაწერი ჩემს სამოგზაურო დღიურში 13 აგვისტოთი თარიღდება. მაშინ ინდოეთში,დელიში ვიყავი და მახსოვს, როგორი ამაყი გამოვედი ბრიანკას მაღაზიიდან- აღელვებული და ამაყი. 
იმის შემდეგ ბევრჯერ გამახსენდა ეს ისტორია,თუმცა გამოქვეყნება არ მიფიქრია.მაგრამ დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა და ჩავთვალე,რომ ასეთი მაგარი გოგოს ამბავი დიახაც,რომ ბევრ ადამიანს უნდა მოვუყვე:

,,ჩემი სასტუმროს გვერდით სუვენირების ჯიხურია.პატარა. ყოველდღე გვერდზე გავუვლი ხოლმე,შესვლა კი მხოლოდ დღეს გადავწყვიტე.ალბათ იმიტომ,რომ ჯიხურში მომუშავე გოგონას სხვებივით არ გაუგიჟებია თავი ჩემ ძალით შეთრევაზე. 

ყველაფერი ამ გოგოს ხელით ყოფილა ნაკეთები -სამაჯურები, ბეჭდები ,ყელსაბამები. სურათის გადაღება დავაპირე და ხელი ამიქნია,მე არ გამომაჩინო,მახინჯი ვარო. პირიქით,ძალიან ლამაზი ხარ-მეთქი და შენ ეტყობა ჩემი პროფილი არ დაგინახავსო. შევამჩნიე მანამდეც - დამწვარი ქონდა ნახევარი სახე,მაგრამ არ ჩამითვლია ეს რამე ნაკლად. მერე რა,შრამები რას დაგვაკლებსთქო და ჩემი ნაიარევი ლოყა მივუშვირე საპასუხოდ. გამიღიმა. მივხვდი, რომ მოვეწონე.

შენ რა დაგემართაო,მკითხა. მოვუყევი. უკვე მისი ამბის ჯერი იყო - ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და ნაადრევად, ძალით გამათხოვესო-დაიწყო. ქმარი გამუდმებით მცემდა და რამოდენიმე წლის შემდეგ გაშორება გავბედეო. 

ოჯახმა უკან არ მიიღო-ქმარი ვის არ სცემს, რა მოხდაო. განათლება არ ჰქონდა და დარჩა შუა ქუჩაში, მშიერი, უპატრონოდ. 

09.10.2017

ინდური კლასიკური ცეკვის კონცერტი თბილისში

14 ოქტომბერს, შაბათს, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (მარჯანიშვილის ქ. 8), 19:00 საათზე გაიმართება ინდური კლასიკური ცეკვის კონცერტი. ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ინდოეთის საელჩოს მიერ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია, ანუ ბილეთები არ გაიყიდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ინდური კლასიკური ცეკების ცნობილი შემსრულებელი პრადიპჰა პრაჰლადი, და მოცეკვავეთა ჯგუფი Silk Sutra მისივე ხელმძრვანელობით.

პრატიბჰა პრაჰლადი ინდური კლასიკური ცეკვების ცნობილი და გამორჩეული შემსრულებელია. მისი კარიერის მანძილზე, რომელიც 40 წელს ითვლის, ის იყო ცეკვების შემსრულებელი, ქორეოგრაფი, პედაგოგი, ავტორი, ადმინისტრატორი და ასევე საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალების ნოვატორული კურატორი. პრატიბჰაჯი ინდოეთის ერთერთი ყველაზე ცნობილი მოცეკვავე და პატივცემული გურუა. როგორც კლასიკური ცეკვა ბჰარატნატიამის შემსრულებელი, ის გამოდიოდა მსოფლიოს 85 ქვეყნის პრესტიჟულ სცენებზე და ინდოეთში კი 3000-მდე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული.



როგორც ინდური კლასიკის შემსრულებელს, პრატიბჰას პრაჰლადს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ხელმძღვანელობით დადგმული იქნა სპექტაკლები ასევე საყოველთაო აღიარებას იმსახურებს. ის ასევე ცნობილია, როგორც საუკეთესო მოსაუბრე კლასიკური ცეკვების თემაზე, მიღებული აქვს მონაწილეობა სერიალებში ცეკვების დადგმისას, როგორც პროდიუსერს, რეჟისორს და შემსრულებელს. დაწერილი აქვს ასევე წიგნები კლასიკური ცეკვების თემაზე.

Silk Sutra (აბრეშუმის სუტრა)

კონცეფცია და ქორეოგრაფია - პრატიბჰა პრაჰლადი
Silk Sutra - ტალღების ცეკვა დადგმული იყო სარაევოში გამართული ფესტივალისთვის პრადიპჰა პრაჰლადის თაოსნობით.


„სუტრა“ უხილავი ძაფია სიცოცხლის სუნთქვას აღნიშნავს. სწორედ მაგიური აბრეშუმის ძაფი აკავშირებს ინდივიდუალურ სულს უნივერსალურ ღვთაებასთან. ეს არის კოსმიური კავშირი შემოქმედსა და მის ქმნილებას შორის თვით ცხოვრების გენეზისიდან. ღმერთ შივას კოსმიური ცეკვა სამყაროს მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება. ინდოელი ღმერთები და ქალღმერთები ცეკვავენ ჩვენს ცხოვრებაში დამის ფარგლებს გარეთ, და ამ ცხოვრებაში აბრეშუმის სუნთქვასავით აღწევენ.




11.09.2017

სუხიშვილების ტრიუმფალური ვოიაჟი ინდოეთში

ყველას უყვარს თავისი და რა გასაკვირია, რომ ქართველები აღფრთოვანებული ვართ სუხიშვილებით და მათ მიერ სცენაზე დანთებული ცეცხლით. ის, რასაც დიდმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში და წარმატებით გაჰქონდათ რკინის ფარდის მიღმა საქართველოს სახელით, დღესაც განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას და მათი შვილიშვილების თავდაუზოგავი შრომით მსოფლიოს მრავალ კუთხეში მიაქვს ქართული სული და ქართული სილამაზე.


ინდოეთის გაკვირვება სილამაზით, სიჭრელით და ცეკვა-თამაშით ცოტა რთულია, მაგრამ როგორც ჩანს, სუხიშვილები ამასაც წარმატებით ახერხებენ.

ისე მოხდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ლეგენდარული ბოლივუდელი მსახიობი ჰემა მალინი ჩამოვიდა. ეს ის ქალია, რომელსაც მისი ასაკის მიუხედავად გასული საუკუნის 70-იან წლებში შერქმეული სახელი „ოცნების გოგონა“ დღესაც მოჰყვება და რეალურ ცხოვრებაში თუ შეხვდებით ამ ქალს, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ მისი პირველი და ხმაურიანი ფილმების შემდეგი 4 ათეულ წელზე მეტი გავიდა. საქართველოში მისი ვიზიტის პროგრამაში ეროვნული ცეკვების შემსრულებელთა მონახულებაც იყო, რის შემდეგაც, როგორც ჩანს, ჰემა მალინის, ქართული ცეკვებით მოხიბლულს, საინტერესო იდეები დაებადა. ამ ქალბატონის ერთერთი ქართველი მასპინძელი ინდოლოგი და კინოპროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი იყო, რომელმაც დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ჰემა მალინი საქართველოთი დაეინტერესებინა.

11.06.2017

მოგონებები ცუნამიზე

ავტორი ნატალია ოქრუაშვილი
სურათი: Reuters

2004 წელი

ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები

დღეს უწყება მოვიდა ჯანდაცვის მინისტრისგან, პორტ ბლერის მთავარი საავადმყოფოდან ნიკობარის კუნძულზე უნდა გადავსულიყავი სამუშაოდ, სადაც ერთი სტომატოლოგიც არ ჰყოლიათ.

როგორც უცოლოს და დაუოჯახებელს ისევ ჩემზე გადატყდა გაგზავნის ჯოხი. კონტრაქტი ორ წლიანი იყო. ნორმალური პირობებით, როგორც ყველა სახელმწიფო სექტორში.

ჩავლაგდი ორ დღეში და მესამე დღეს მე და რამდენიმე სამოქალაქო ინჟინერი სახელმწიფო ვერტმფრენით ნიკობარის კუნძულზე გადაგვიყვანეს.

თეთრი სარი

ავტორი: ნატალია ოქრუაშვილი

უძველესი სახლი ჩვენია დასახლებაში. ბრიტანელების ნაგები და ნასახლარი. წინაპრებს შეუძენიათ, როდესაც ბრიტანეთმა ინდოეთი დატოვა. დგას ხის სახლი მყარად და უძლებს უკვე ათეულ წლებს. ხან ციკლონური ქარი არწევს სახლს და ხან ქოლგებით ვაკავებთ წვიმას. მაგრამ სახლი დგას! ფანჯრებიც აქვს. ძველი სარებით შეკერილი ფარდებით გალამაზებული. ორი საწოლი გვიდგას. ქოქოსის ჩენჩოსგან შეკერილი ლეიბით. ერთი ოთახში გასულ წელს ვენტილატორიც ჩამოვკიდეთ და სიცხეში ყველას ამ ოთახში გვძინავს. მე დედა და ჩემი ძმა ვართ სულ. 

ივლისის ნესტიანი საღამო იდგა. ზღვიდან ტალღები ნელ ნელა ეპარებოდნენ მიწას. თითქოს ლოყაზე ხელს ჩამოუსვამდნენ და ისევ უკან გარბოდნენ სიცილ-სიცილით. მთვარე ცაზე ამოსრიალებულიყო და ზღვას ელვარებას სძენდა. ზღვას ტალღებთან ერთად ჰაერიც უხვად მოჰქონდა. რიტმულად ირწეოდნენ პალმები. იფიქრებდი გიგანტი ადამიანები რითმებს აჰყოლიანო.

გაუსაძლისმა ტენიანობამ და სიცხემ ძილი დამაკარგვინა. რაც მჭიდროდ ვხუჭავდი თვალებს, მეტად ვფხიზლდებოდი. დედაჩემმა ვენტილატორის ჩართვის უფლება არ მოგვცა. დენის ფულს ვერ გადავიხდითო. მდიდარ ოჯახებში დადის და სახლებს ალაგებს, რაც მამა დაიღუპა. ერთი კვირის უკან ერთმა ოჯახმა დაითხოვა, აღარ გვჭირდება დამხმარეო. ცოტა ბრინჯი მისცეს ორი კვირა, რაც იმუშავა და გამოუშვეს. ასე იდარდებს დედა მთელი ცხოვრება ხვალინდელ დღეზე და ჩვენზე. ხშირად გვეტყვის ხოლმე, როგორმე გზაზე დაგაყენებთ და ცოტას დავისვენებო. 

27.05.2017

ქართული მონსუნი ანდამანის კუნძულებზე

ავტორი: ნატალია ოქრუაშვილი
სურათი: Reuters

უკვე ერთ კვირაზე მეტია გადაუღებლად წვიმს კუნძულებზე. ყველაფერი დანესტილია. ხან დაუშენს წვიმა, ხან შეანელებს მაგრამ არ წყდება. წვიმს, წვიმს, წვიმს... 

ქუჩები მაინც სავსეა ფუსფუსა ინდოელებით. აცვიათ საწვიმრები და სამოსა, ჩაი, ჯალები, ჯალმური  - გაჰყვირიან და იქვეა კლიენტიც...

ზღვისკენ გავიხედე აივნიდან და ზღვაში მზის სხივი ვარდებოდა. წვიმაც ცოტახანში შეწყდა და ვიფიქრე მეშველა სახლის მარაგს ავავსებ თქო.

გავყავი ფეხი კროკსებში და გავქანდი ბაზარში. ავივსე ჩანთები ხილ-ბოსტნეულით, სანელებლებსღა ვყიდულობდი რომ წვიმამ დაუშვა... ეს არაა უბრალო ჟუჟუნა წვიმა, ესაა თქეში და შტორმი. 

გავიხედე და ერთ ადგილას, გადაფარებულში ხალხს მოეყარა თავი. მეც იქ შევვარდი. დასველებული სათვალე გავწმინდე მივიხედ-მოვიხედე და სულ კაცებში ვდგავარ... 

აღარ შევიმჩნიე არაფერი და მთელ ინტერესს წვიმაზე ვრთავ, რომ როგორმე შენელდეს და მე აქედან მოვხიო. თან გულში ვფიქრობ ღმერთი არ გაგიწყრეთ არავის, რამე მიქაროთ და ჩემზე რამე თქვათ. თუ არა უკვე გონებაში კიტრით სავსე ჩანთის ილეთებს ვამუღამებდი და ბანანის სახეზე მიჭყლეტვის. 

ვუყურებ წვიმას უკვე ოცი წუთი ასე სიჩუმეში, რომ ერთი ორი გალუმპული შემოგვემატა (კვლავ მამრები). 

ჩემს უკან უკვე დიალოგები გაიბა, დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ. მე კი ვდგავარ ინგლისის დედოფალივით, გვერდ-გვერდზე ვიჩოჩები და ნემსებზე შემჯდარი ველოდები, რომ როგორც კი გადაიღებს, პირველი გავვარდე. 

უკნიდან ვიღაც კაცი მოდის, მიღიმის და მეუბნება: 
- მადამ, ჩანთები მაინც დაალაგეთ, მძიმეა! 

რა სულელი ვარ! ჯორივით რომ ვდგავარ ჩანთებაკიდებული უკვე ნახევარ საათზე მეტია. მაგრამ ჩემს ეგოს აქვს არგუმენტი, ჩანთებაკიდებული ხომ უცებ შევძლებ აქედან გავარდნას. 

ვუღიმი ამ კაც.ს 32 თეთრი კბილი რომ უჩანს და ჩემი ქვეცნობიერის საწინააღმდეგოდ ჩანთებს ძირს ვალაგებ. 

- მადამს სკამი მოუტანე, - ახლა მეორემ დაუძახა ვიღაცას და სკამი გაჩნდა ჩემთან. 
- ვაიმე ნუ წუხდებით, დასაჯდომი დრო არ მაქვს უნდა გავიქცე! - უხერხულად ვიწურები და ვფიქრობ, ახია ჩემზე, რა ბაზარი და პროდუქტი ავიტეხე. 
- მადამ ჯი, ნახევარი საათი მაინც იწვიმებს ასე, დაბრძანდით! მადამ, თქვენ ხომ ჩვენი ექიმის ცოლი ხართ?! ჩვენ ყველანი მისი პაციენტები ვართ და ძალიან გვიხარია, რომ აქ გვემსახურება ხალხს და თქვენ სამშობლოში არ გადმოსახლდა.

დავეხეთქე სკამზე ნაკლებად მადამურად და დაიწყო გაშინაურება.
- მუნა, მადამს ჩაი მოუტანე! ხომ ხედავ როგორ წვიმს და ცხელ-ცხელი ჩაი მისწრებაა!
მუნა იღიმის და ერთჯერად ჭიქაში ჩამოსხმულ ჩაის მაწვდის.

მეც გულით ვუღიმი და ჩაის ვართმევ, რა მათქმევინებს ამ კეთილი ხალხისთვის, რომ ცხოვრებაში რძიანი ჩაი არ დამილევია. ვიღაც-ვიღაცეებმა ორცხობილებიც მომართვეს. ასე ვზივარ მოსაცდელში თქეშ წვიმაში და ვსვამ ჩაის და ვაკნატუნებ ორცხობილას. რაღას არ მეკითხებიან საქართველოზე. როგორ უხარიათ რომ ინდური ასე კარგად ვიცი. როგორ უხარიათ რომ მათთან ჩაი დავლიე. 

გადაიღო წვიმამ. ჩავჯექი ტუქტუკში. ჩამილაგეს ჩანთები და გამომიშვეს სახლში. 
გაისად მოქალაქეობას ავიღებ და არჩევნებზე გავალ. აი დაახლეობით ამ კაცების 20-25 ხმა მაინც მერგება. სონია განდიზე ნაკლები კი არ ვარ?! მეც ქმრის გვარზე, რომ გადავიდე ნატალია განდი ვიქნები...

27.03.2017

ირფან ხანის მონაწილეობით თბილისში მორიგი ბოლივუდური ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

არავისთვისაა საიდუმლო, რომ დღესდღეობით თბილისი და მთლიაანდ საქართველო ინდოელი კინომწარმოებლებისთვის ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ბოლო დროს ბევრი ფილმი თუ მუსიკალური კლიპი გადაიღეს საქართველოში მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კინოწარმოების წარმომადგენლებმა. შესაბამისად, არც დიდი ბოლივუდელი თუ ზოგადად ინდოელი მსახიოებების ვიზიტები უკვირთ საქართველოში. თითქოს სულ ახლახანს იყო, რომ ინდური კინოს გულშემატკივრები სიხარულით ხვდებოდნენ მითხუნ ჩაკრაბორტის, ჰემა მალინისა თუ რიში კაპურს. ამჯერად კი საქართველოს დედაქალაქს მრავალოსკაროსანი ფილმის "ჯურღმულელი მილიონერის" ერთერთი მთავარი პერსონაჟის განმასახიერებელი ირფან ხანი სტუმრობს მორიგი ინდური ფილმის გადაღებების ფარგლებში. ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პრესრელის ამ თემაზე:



20.03.2017

რიში კაპურს კულტურის მინისტრმა უმასპინძლა

საქართველოში სტუმრად მყოფი ინდოელი კინოვარსკვლავი, ლეგენდარული რაჯ კაპურის ვაჟი და ინდური კინოს ქართველი თაყვანისმცემლებისთვის კარგად ცნობილი რიში კაპური კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოს სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.



კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „რიში კაპური საქართველოს 1 კვირიანი ვიზიტით სტუმრობს. უცხოელმა სტუმარმა უკვე დაათვალიერა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები, ასევე დაესწრო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ რეპეტიციას.  დღესვე, ცნობილი ინდოელი მსახიობი საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ეწვევა და მის საქმიანობას გაეცნობა“.

როგორ სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რიში კაპურის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს უკეთ გაცნობას, ფილმის გადაღებისთვის საინტერესო ადგილების დათვალიერებასა და ამ სფეროში, მომავალ თანამშრომლობას.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე, კომპანია „მაქ ინთერთეიმენთის“ დამფუძნებელი ირაკლი მაქაცარია, ინდოელი მსახიობი ჯაირამ გოპალაკრიშნანი, ინდოლოგი და პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი და კინოპროდიუსერი არჩილ მენაღარიშვილი.


ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

კაპურების ისტორია მეორდება 60 წლის შემდეგ

ცნობილი ინდოელი მსახიობი, ბევრი ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი რიში კაპური საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

ახალგაზრდა, მომხიბვლელი ინდოელი ყმაწვილი, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართველ და ზოგადად მაშინდელ საბჭოთა მაყურებელს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა ფილმიდან „ბობი“, როგორც ჩანს თბილისში თავისი მამის, დიდი რაჯ კაპურის ნაკვალევს დაჰყვება.

მისი ქართველი მასპინძლებიდან ერთერთმა, კინოპროდიუსერმა და ინდოლოგმა დავით ბეჟიტაშვილმა თავის facebook გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი „ისტორია მეორდება“, სადაც რიში კაპური დღეს და რაჯ კაპური 60-ზე მეტი წლის წინ თბილისის ხედზე არიან აღბეჭდილნი.



რიში კაპური ქართველ მასპინძლებთან ერთად დედაქალაქის დათვალიერებას განაგრძობს. მისი ვიზიტის მიზანი ჩემთვის დღემდე უცნობია, მაგრამ ასეთი ვოიაჟების ფონზე შემიძლია ვივარაუდო, რომ მომავალი რამე პროექტისთვის შესაძლო ლოკაციებს არჩევდეს. თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.


დღეს მსახიობი პიონერთა სასახლეში ქართველ თაყვანისმცემლებს შეხვდება, სადაც ქართული მხარე მის საპატივსაცემოდ მუსიკალური ნომრების დადგმას აპირებს.





18.03.2017

თბილისს რიში კაპური ეწვია

თბილისი ბოლივუდის კიდევ ერთ ლეგენდარულ ვარსკვლავს მასპინძლობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქს უკვე ბოლივუდის მესამე დიდი მსახიობი - რიში კაპური ჩამოვიდა. შარშან ასეთი პატივი ჰემა მალინიმ დაგვდო, და მანამდე კი ჯერ გაცნობითი ხასიათის ვიზიტით და შემდეგ სამუშაოდ იყო ჩამოსული მითხუნ ჩაკრაბორტი, რომელიც მისი პროდიუსერობით ფილმის გადაღებებს კურირებდა.


რიში კაპურს თბილისში ქართველი კინოპროდიუსერი და ინდოლოგი დავით ბეჟიტაშვილი და კინოკომპანია Maq Entertainment-ს წარმომადგენელი ირაკლი მაქაცარია დახვდნენ.

ინდოელი მსახიობის თბილისში ვიზიტის მიზნები ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, სიახლეებს მოგვიანებით მოგაწვდით.


შეგახსენებთ, რომ კაპურების ოჯახიდან რიში კაპური პირველი არ არის, ვინც საქართველოში ჩამოვიდა. 1954 წელს რიში კაპურის მამა, უდიდესი მსახიობი რაჯ კაპური ფილმებში თავის ერთერთ მთავარ მეწყვილესთან ნარგისთან ერთად იმყოფებოდა თბილისში.

სურათზე: რაჯ კაპური,სიკო დოლიძე,ნარგისი,შოთა მანაგაძე,თბილისი,1954
სურათებისთვის მადლობას ვუხდი დავით ბეჟიტაშვილს.

21.01.2017

ვრინდავანი

ინდოეთი....ვრინდავანი.... ნოემბრის დილა... დილის 5 საათზე ცივ მიწაზე ფეხშიშველი რომ მიაბიჯებ წმინდანის სამადჰის მოსალოცად... გზად უამრავი იოგი გხვდება, თეთრ ან შაფრანისფერ სამოსში გახვეულები...ყველას კრიალოასნი უკავია ხელში. 

თუ ინდოელია გიღიმის-ჰარე კრიშნა...თუ ევროპელია, ზედაც კიარ გიყურებს, მიდის თავჩაღუნული სერიოზული საქმოსანივით...თითქმის მირბის.....მაგრამ, არაუშავს..ეს არ გადარდებს შენ..... აგერ მაიმუნი გადაგიხტება შუა გზაზე, და კრიალოსანის ჩანთაზე წაგეპოტინება...თვითონაც არ იცის რა უნდა... დაცემული იოგია ალბათ....

მიდიხარ, და შიშველ ფეხისგულებზე სასიამოვნოდ გრძნობ კენჭებს, მიწის მტვერს, ახალგარეცხილ ქვაფენილის სისველეს... უახლოვდები ტაძრის შესასვლელს... და... მთელი არსებით გრძნობ, რომ ამ გზაზე დიდი ხნის წინ დადიოდი... და ეს გარემო შენთვის ყველაზე ახლობელი იყო... 

გაღიმებულ, ჰინდიზე ატიკტიკებულ ბავშვებს გზას უთმობ ტაძრის კარიბჭეში, და მთლიანად უერთდები მარადიულ აწმყოს...

ავტორი: ნანდარინი დევი დასი
ფოტოზე: ნანდარინი დევი დასი

11.01.2017

საქართველო და ინდოეთი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ

ინდოეთის მოყვარულთ სასიხარულო ამბავი უნდა გამცნოთ. როგორც ჩანს საქართველოსა და ინდოეთის ხელისუფლებები საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ და უნდა ველოდეთ, რომ ახლო მომავალში შორი გზების მოვლა არ დაგვჭირდება ჩვენთვის საოცნებო ქვეყანაში გასამგზავრებლად. კარგი იქნებოდა, რომ ინდოეთის მთავრობას თბილისში საელჩოს, ან საკონსულოს გახსნაზე მაინც ეფიქრა, მაგრამ იმედია ამასაც მალე მოვესწრებით.

უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზს ამ თემაზე:

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმება შედგა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

2017 წლის 9-11 იანვარს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ქართულ მხარეს ინდოეთის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ, ისეთ ქალაქებში როგორიცაა - დელი, მუმბაი, გოა, ჩენაი, ჰაიდერაბადი, ბენგალურუ. აღნიშნულ მომენტამდე კი რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ დელის მიმართულებით იყო შესაძლებელი. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე თითოეული მხრიდან კვირაში 21 სიხშირით ფრენაზე, აქამდე მოქმედი მემორანდუმის შესაბამისად ქვეყნებს შორის ფრენების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 4 სიხშირით.