გელით facebook–ზე

24.11.2008

ვარანასი (ბენარეს) – უძველესი ქალაქი დედამიწაზე

ვარანასი ისტორიაზე ძველია, ტრადიციაზე ძველია, უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდები და გამოიუყურება იმაზე ორჯერ უფრო ძველად, ვიდრე ეს ყველაფერი ერთად.
მარკ ტვენი


ითვლება, რომ ქალაქი ვარანასი – პირველი ქალაქია დედამიწაზე, რომელიც ჯერ კიდევ ღმერთებმა ააგეს. ინდუისტური ეპოსების მიხედვით, ამ ადგილიდან დაიწყო სამყაროს შექმნა. მოგვიანებით ვარანასიში ღმერთები ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად, შემდეგ ისინი ჰიმალაებში წავიდნენ. ეს ისეთივე საყვარელი ქალაქია ბრაჰმასი, როგორც შივასი. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ზუსტად ცნობილი არ არის. ფაქტია, რომ ქალაქი ძალიან ძველია და ეს ძლიერად იგრძნობა კიდეც. არქეოლოგიური მონაცემებით, ეს უძველესი ქალაქია, სადაც ცხოვრება არასდროს არ შეწყვეტილა. როცა ვარანასის გჰატებს (სანაპიროებს) უყურებ, თვით მარადისობას გრძნობ და თითქოს ხედავ შივასაც, ჟამთა განმგებელს.

არქეოლოგებს ვარანასიში აღმოუჩენიათ ისეთი შენობების საძირკვლები, რომლებიც 4000–ზე მეტი წლის წინაა აშენებული. ქალაქი მუდამ იზიდავდა უამრავ მლოცველს, და ასევე უმნიშვნელოვანესი ქალაქია ინდუისტური რიტუალებისა და ტრადიციების დამაკანონებელი ცენტრის თვალსაზრისით. ქალაქის უამრავი ტაძრიდან შეიძლება გამოვყოთ ვიშვანატჰის, დურგას, ტულსი–მანასის და ბჰარატ–მატას ტაძრები. უნივერსიტეტსა და ფორტ რამანგარის მუზეუმების დათვალიერებისას შეგიძლიათ გაეცნოთ უძველესი სკულპტურების, ნახატების, მონეტების, მანისკრიპტებისა და უძველესი მმართველების პირადი ნივთების კოლექციებს. გჰატები (რიტუალური განბანვის ადგილები) ქალაქ ვარანასის ერთერთი საინტერესო ღირშესანიშნაობაა. ამ ქალაქში 100–მდე ასეთი ადგილია, სადაც მარადი მდინარის განგას ნაპირებისკენ სპეციალური კიბეებით შეიძლება ჩასვლა. ერთერთი ყველაზე ცნობილი ასეთი ადგილია დაშაშვამედჰა გჰატი (სიტყვა სიტყვით – „10 ცხენის მსხევრპლშეწირვის ადგილი“) – ყველაზე სასურველი ადგილი მდინარეში განბანვისთვის და აისზე პუჯის ჩასატარებლად. ცხოვრება განგის სანაპიროზე არ წყდება არცერთი წუთით – ამ ადგილებისკენ მოდიან ათასობით ადამიანები, რათა „განიბანონ“ ცოდვებისგან მდინარის წმიდა წყლებში. განბანვისთვის საუკეთესო დროდ ითვლება სავსე მთვარის პერიოდი.

ქალაქის მთავარი ტაძარი შივა–ვიშვანატჰა ეძღვნება შივას სამყაროს უფლის სახით. ეს ტაძარი აშენებულია 1776 წელს უფრო ძველი ტაძრის ადგილზე. სამწუხაროდ, ევროპელებისთვის შესვლა აკრძალულია, მაგრამ ტაძრისა და საკურთხევლის ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია ამაღლებული მოედნიდან, რომელიც ტაძრის კედელზეა დაშენებული. ინდუიზმის უნივერსიტეტი ვარანასის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა, რომელიც 1917 წელსა აშენებული. უნივერსიტეტში წარმოდგენილია ინდური ფილოსოფიის, ხელოვნების, კულტურის, მუსიკისა და საკნსკრიტის კურსები. უნივერსიტეტთან არსებობს მუზეუმი, სადაც 150000–მდე უძველესი მანუსკრიპტი სანსკრიტულ ენაზე, სკულპტურები და მინიატურები ინახება.

ქალაქი განლაგებულია განგას მარცხენა სანაპიროს გასწვრივ. ქალაქის ძველ ნაწილში ქუჩების სივიწროვის გამო გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულია სასტუმროები, რკინიგზის სადგური და სატელევიზიო ანძა, რომლებმაც ქალაქში მოგზაურობისას ორიენტირის როლი შეიძლება შეასრულონ.

22.11.2008

Dostana–ს დახურული პრემიერა ლონდონში

ამ დღეებში ლონდონის ფეშენებელური სასტუმრო «Courthouse»–ის კარი ბოლივუდის ერთერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორისთვის კარან ჯოჰარისთვის გაიღო. მიღება გაიმართა ჯოჰარის ორ ფილმთან მისი ლეგენდარული ფილმის „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – Kuch Kuch Hota Hai“ 10 წლის იუბილესა და სკანდალური და ეპატაჟური ფილმის „მეგობრები – Dostana“ დახურულ ჩვენებასთან დაკავშირებით. კარან ჯოჰარმა სტუდიებში ასისტენტიდან ბოლივუდის ყველაზე წარმატებული ფილმების რეჟისორობამდე დიდი და საინტერესო გზა განვლო. გაიმართა წინასაპრემიერო დახურული ჩვენება მისი ახალი ფილმისა „მეგობრები – Dostana“, რომელშიც ისეთი ცნობილი მსახობები მონაწილეობენ, როგორებიცაა აბიშეკ ბაჩანი, ჯონ აბრაჰამი, პრიანკა ჩოპრა ბობი დეოლი. ფილმი თვითონ კარან ჯოჰარმა დააფინანსა, როგორც პროდიუსერმა.

სურათის პრემიერის წინ კარანმა თქვა, რომ სულმოუთქმელად ელის გამოხმაურებებს მისი კინოკოპმანიის «Dharma Productions»–ის ახალ ნამუშევარზე – „ხომ იცით, ყოველთვის მომწონდა ბარიერების დამსხვრევა, ჩემი ნამუშევრების პრემიერების შემდეგ პოლემიკის გამოწვევა. იმედი მაქვს, რომ Dostana ამ ტრადიციას გააგრძელებს“. კინოჩვენების დაწყება ნოემბერშია დაგეგმილი.

04.11.2008

ტაჯ მაჰალი

დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს...

ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო...

ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს.

მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს. ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება.

ამიტაბჰ ბაჩანი საავადმყოფოდან გაწერეს

ამიტაბჰ ბაჩანი ინდური კინოს ცოცხალი ლეგენდაა. ინდოეთის კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ადამიანია. მას „ცაში მცხოვრებსაც“ უწოდებენ. მსახიობს ნებისმიერი როლის შესრულება, ნებისმიერი რეჟისორის გაგება შეუძლია და მისი ღვაწლი კინემატოგრაფში ფასდაუდებელია.

თავისი 40 წლიანი კინოკარიერის განმავლობაში ამიტაბჰ ბაჩანს ბევრი წარმატება და ბევრი ფიასკოც უნახავს. მაგრამ ის მუდამ უბრუნდებოდა მაყურებელს. ყოველ სიტუაციაში მას ახსოვდა მაყურებელი და ყოველთვის ცდილობდა მისი სიყვარულის და კეთილგანწყობის დამსახურებას.

ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მსახიობის თაყვანისმცემლებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, რომელმაც ერთ კვირას გასტანა, ამიტაბჰი შინ დაბრუნდა. მას წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და პირველივე დღეს მსახიობმა თავისი ვაჟი მიიწვია და მასთან ერთად ყოფნა ისურვა. ჩემი მხრიდან კი ამიტაბჰს მალე გამოჯანრთელებას და ფორმაში ჩადგომას ვუსურვებ, რადგან ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ ბევრჯერ შეუძლია გაახაროს თაყვანისმცემლები ახალი როლებით, რომელსაც თავისი ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდული შემართებით ასრულებს.

01.11.2008

რანი მუკჰერჯის სიყვარულმა პრობლემები შეუქმნა კარიერაში

რანი მუკჰერჯი დღემდე ბოლივუდის ნომერ პირველ მსახიობად ითვლებოდა. სულ რაღაც 2–3 წლის წინ ერთი მეორის მიყოლებით გამოდიოდა მისი ჰიტები: „შენ და მე“, „ვირ ზარა“, „ბანტი და ბაბლი“, „არასოდეს თქვა მშვიდობით“ და „უკანასკნელი იმედი“. მაგრამ მისმა ბოლო რამდენიმე ფილმმა კინოგამქირავებელთა იმედები ვერ გაამართლა. ჭორები რანის და რეჟისორ ადიტია ჩოპრას მოახლოებული ქორწინების შესახებ ჰაერში გამოეკიდა. ამ რომანმა რანის პოპულარობა ვერ შესძინა, რადგან ბერს სჯერა, რომ მან ოჯახიდან სხივი ქმარი მოიტაცა. ინდოეთში ასეთ რამეს არ მიესალმებიან, და მით უმეტეს არ პატიობენ საყვარელ მსახიობებს.

ამიტომაც ცნობილმა კორპორაციებმა, რომელთაც რანი მუკჰერჯისთან კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული, მის მიმართ ინტერესი დაკარგეს. პირველი, ვინც რანისთან კონტრაქტი გააუქმა, გახდა კომპანია „ნესტლე“. ახლა დადის ჭორები, რომ საათების პრესტიჟულმა მარკამ „ტიტანი“, რომლის სახეც იყო რანი ბოლო 2 წლის განმავლობაში, მსახიობს აცნობა, რომ ახალი ბრენდის „გაპიარება“ რანის გარეშე მოხდება. რა თქმა უნდა რანი მუკჰერჯის ნიჭში და ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომაც ამ შესანიშნავ და ულამაზეს ქალს ვუსურვოთ, რომ შეძლოს სირთულეების მალე გადალახვა და ფორმაში დაბრუნება.