გელით facebook–ზე

30.12.2011

რუსეთში „ბჰაგავად–გიტას“ ექსტრემისტულ წიგნად აღიარება გადაიფიქრეს


თითქმის ორი კვირის მანძილზე უსიამოვნო სიტუაცია სუფევდა ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომლებსაც სტაბილური თბილი და პარტნიორული ხასიათი აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული და დღემდეც თითქმის არ ჩრდილი არ მისდგომია, თუ არ ჩავთვლით ალკოჰოლით გაჟღენთილი თავზეხელაღებული ტუსი ტურისტების უმსგავსო საქციელით შეწუხებულ ადგილობრივ მოსახლეობას ზღვისპირა საკურორტო ქალაქ გოაში. ეს ბოლო სერიოზული უსიამოვნება კი, რომლის გამოც ორივე ქვეყნის საგარეო უწყებებიც კი იძულებული გახდნენ სპეციალური განცხადებები ეკეთებინათ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსეთის ქალაქ ტომსკის პროკურატურამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ძველინდური წმინდა წიგნი „ბჰაგავად–გიტა“ ექსტრემისტული წიგნია და სასამართლოს მისი აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას თვითონ ინდოეთში და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მხრიდან, როდესაც 21–ე საუკუნეში მილიარდობით ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს სასულიერო სიწმინდეს „ექსტრემისტულად“ მოიხსენიებენ და მის გასამართლებასაც აპირებენ.  მთელი კვირის განმავლობაში, ვიდრე ტომსკის სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყებოდა, დელიში, რუსეთის საელჩოსთან ხალხმრავალი საპროტესტო აქციები ტარდებოდა, რომლის მონაწილენიც აღშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთში წამოწყებულ საქმესთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი ინდოეთის ეროვნულ სიწმინდეს შეურაცხყოფს. უმოქმედოდ არც ინდოეთის ხელისუფლება დარჩენილა და დიპლომატიური გზებით შეეცადა პროტესტის გამოხატვას.

20.12.2011

ინდოეთში სპერმის მთავარი დონორები მოზარდები არიან


ვინც ჩემს ბლოგზე ხშირად შემოდის, ან თუნდაც იშვიათი სტუმარია, იცის ალბათ, რომ დელიკატურ თემებზე იშვიათად ვეხები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მრავალფეროვან ქვეყანაში ყველაფერი ხდება, რაც კი შეიძლება ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. ეს ალბათ ბავშვობიდან გამოყოლილი რომანტიული გრძნობების ბრალია, რაც ამ ოცნების ქვეყანასთან მაკავშირებს. ამიერიდან ვეცდები ეს რომანტიულობა მეტ–ნაკლებად რეალობისგან შემოჭრილი, ზოგჯერ უსიამოვნო ნიავითაც გავაზავო, რათა რომანტიკის კუნძულზე მარტოდმარტო არ აღმოვჩნდე და ათასი ღმერთების ქვეყანაში გამგზავრების მსურველებსაც მცდარი, ცალხაზოვანი, მხოლოდ დადებითი წარმოდგება არ შევუქმნა.

ამჯერად ინდოელ მოზარდებზე მოგითხრობთ, რომლებმაც დღევანდელ რთულ სამყაროში ფულის შოვნის ორიგინალურ მეთოდს მიაგნეს, რათა მშობლებისთვის არ დასჭირდეთ ხვეწნა, რომ უფრო მეტი ჯიბის ფული მისცენ. ძვირადღირებული ღამის კლუბებში გასეირნების და ახალი გასართობების ძებნის სურვილი მოზარდ ბიჭებს უბიძგებს შემოსავლის ნებისმიერი წყარო გამოიყენონ. ადგილობრივი ჩინოვნიკები ფრიად გააკვირვა სპერმის დონორების სტატისტიკამ, რომლის მიხედვითაც დონორთა უმეტესობას 15–18 წლის მოზარდები შეადგენენ. სპერმის ყოველი ნიმუშისთვის დონორ ახალგაზრდებს 1000–დან 2000 რუპიამდე უხდიან (22–44 აშშ დოლარი).

14.12.2011

ინდოეთის დედაქალაქი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

1911 წლის 12 დეკემბერს დელიში გადატანილი იქნა ბრიტანელი ვიცე–მეფის რეზიდენცია, თუმცა ოფიციალურად დელის დედაქალაქი 1947 წელს ეწოდა დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. დედაქალაქად ჩამოყალიბებაში ქალაქს მეტწილად ხელი შეუწყო იმან, რომ ის ქვეყნის შუაგულშია განლაგებული. ქალაქის ხელისუფლება "კულტურული" ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს, რომლებიც მომავალი წლის იანვარში დაიწყება და მთელ წელს გასტანს.

13.12.2011

პაკისტანელი მსახიობი ქალის დაპირისპირება მოლასთან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში

რამდენიმე თვის წინ პაკისტანის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დაპირისპირება მოხდა მსახიობ ქალს ვინა მალიქსა და ადგილობრივ მოლას შორის. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ მალიქმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ ინდურ ტელეშოუში Bigg Boss, რომელიც შოუ Big Brother–ის ინდური ვერსიაა. სატელევიზიო ტოკ–შოუში მოლამ მსახიობის ქმედება დაგმო და განუცხადა, რომ მან პაკისტანი შეარცხვინა და რომ სრულიად პაკისტანის მოსახლეობა მის აზრს იზიარებს. მოლამ ასევე განაცხადა, რომ პირადად ინდური ტელეშოუ არ უნახავს, მაგრამ იცის ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.

09.12.2011

ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

ინდოეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მუკეშ ამბანიმ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სახლი აიშენა. ეს ყველაზე ძვირადღირებული სახლია ისტორიაში. ამ 27 სართულიანი სახლის მშენებლობას, რომელშიც ახლა ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობს, შვიდი წელი დასჭირდა.



07.12.2011

ბითლების აშრამი რიშიკეშში

მიტოვებული კორპუსები, სანახევროდ დანგრეული მედიტაციის დარბაზები, ბილიკები, რომლებსაც ბალახმა გადაუარა, ჩამსხვრეული ფანჯრები და კედლიდან ჩამოყრილი ნალესი... როგორ მოხდა, რომ ეს ოდესღაც სუპერპოპულარული აშრამი, რომელიც ტრანსცედენტალური მედიტაციის ფუძემდებელმა მაჰარიშიმ შექმნა და რომელსაც ლეგენდარული ბითლები სტუმრობდნენ, დღეისათვის მიტოვებულია და სრული განადგურებისა და გაჩანაგების პირას დგას? ამბობენ, რომ ეს ადგილი დაწყევლილია და რომ მხოლოდ ბითლების თავზეხელაღებული ფანატების მცირე ჯგუფებს ან მამაც მოგზაურებს შეუძლიათ წვიმებისგან დაჟანგებული ამ კარის შეღება. რა დაემართა სინამდვილეში მაჰარიში მახეშ იოგას აშრამს და რა გავლენა მოახდინა გურუმ ჯგუფის ისტორიაზე?

17.11.2011

აიშვარია რაიმ გოგონა გააჩინა


აიშვარია რაიმ თავის მეუღლეს, აბჰიშეკ ბაჩანს ქალიშვილი გაუჩინა. სასიხარულო ამბავი სრულიად მსოფლიოს ბედნიერმა ბაბუამ, აბჰიშეკის საქვეყნოდ ცნობილმა და ინდოეთში პოლიტიკოსებზე მეტად პოპულარულმა ამიტაააააააბჰ ბაჩანმა აცნობა :) „უმშვენიერესი გოგონას ბაბუა გავხდი!“, – დაწერა ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ თავის ტვიტერზე. სწორედ ბაბუას დამსახურებით შეიტყო თავის დროზე ჯამაათმა ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ქალიშვილის, ამჯერად კი მისი რძლის აიშვარიას ფეხმძიმობის შესახებაც და მაშინაც ტვიტერის მეშვეობით. დარჩნენ ჟურნალისტები უმუშევარი... რას გვიშვება ეს ტექნოლოგიები :)

აიშვარიას და აბჰიშეკის ქალიშვილი ამ სამყაროს სამშაბათს დილით მოევლინა მუმბაის Seven Hills–ის საავადმყოფოში. ინდური პრესა დიდ ყურადღებას იჩენდა აიშვარიას ფეხმძიმობის მიმართ და მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ „მის მსოფლიო 1994“–ს ხუთშაბათს უნდა ემშობიარა. ბუკმეკერები კი აქტიურად იღებდნენ ფსონებს, როდის გააჩენდა უკვე ჰოლივუდშიც საკმაოდ პოპულარული მსახიობი და რა სქესის იქნებოდა მისი პირველი შვილი.

აიშვარია ოთხი წლის წინ გათხოვდა და  მას მერე მუდმივად დადიოდა ჭორები მსახიობის ფეხმძიმობის შესახებ. მაგრამ აბჰიშეკი ამბობდა, რომ შვილის გაჩენას არ ჩქარობენ და რომ ეს თავის დროზე მოხდება.

15.11.2011

ინდოეთში ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან


ინდოეთში ერთერთი ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან, რომელსაც 100 ათასი სტუმარი დაესწრება. ქორწილი ჩრდილოეთში მდებარე უტარ–პრადეშის შტატის ქალაქ საიფრაიში გაიმართება და 6 დღე გასტანს. დღესასწაულის მთავრი გმირები 23 წლის პრატიკ იადავი და 21 წლის აპარნა ბიტა იქნებიან, რომლებიც ქვეყნის ორ ცნობილ და გავლენიან ოჯახებს წარმოადგენენ. საქმროს მამას ადრე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და დღესდღეობით ინდოეთის სოციალისტურ პარტიას ხელმძღვანელობს.

03.11.2011

ინდოელი მამაკაცების ეროვნული სამოსი

დჰოტი – ინდოელი მამაკაცების დრაპირებული სამოსი, რომელიც თეძოებზე მაგრდება. დჰოტი არის სწორი მართკუთხა ქსოვილის ნაჭერი, რომლის სიგრძე 5 მეტრამდე აღწევს, თეთრი ან სხვა ერთფეროვანი ქსოვილისგან დამზადებული. არსებობს დჰოტის დრაპირების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ არის ასევე ერთიანი სტილიც. დრაპირება იწყება ნაჭრის შუა ნაწილიდან და არა ბოლოდან. ნაჭრის ცენტრალურ ნაწილს თეძოებზე იხვევენ და წინა მხარეს კრავენ კვანძში. ნაკეცებად დალაგებული ნაჭრის მარცხენა ნაპირს მარცხენა ფეხის გარშემო ახვევენ და ქამარზე იმაგრებენ წელის მიდამოში, ხოლო მარჯვენა კიდე ასევე დრაპირდება ნაკეცებად და ქამარზე მაგრდება მუცლის ქვემოთ.


ჩრდილოეთ ინდოეთში დჰოტის ატარებენ ქურთასთან ერთად (გრძელი ხალათი). ამ შეხამებას ეძახიან „დჰოტი ქურთას“. სამხრეთ ინდოეთში დჰოტის იცვამენ ანგავაშტრამთან ერთად (მხრებზე მოსასხამი). უფრო ხშირად დჰოტის იცვამენ ზეიმებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. ზოგიერთი მამაკაცი ყველა სხვა სამოსს დჰოტის ამჯობინებს და ყოველდღიურად ატარებს მას. ბოლო ათწლეულებში დასავლური სტილი სულ უფრო მეტად იჭრება ინდოეთში და ბევრი ინდოელი მამაკაცისთვის დჰოტი საშინაო სამოსად იქცა, პირველ რიგში, მისი მოხერხებულობის და კომფორტის გამო.

27.10.2011

ინდოეთში „ჯურღმულელი მილიონერის“ სიუჟეტი რეალობად იქცა



ინდოეთის ერთერთ ყველაზე ღარიბ შტატში – ბიჰარში მცხოვრები პროგრამისტი და მასწავლებელი სუშილ კუმარი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში „ვის უნდა მილიონი“ ერთი მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვებულის ძმამ სუდჰირ კუმარმა მისი გამარჯვება იმით ახსნა, რომ სუშილი მუდმივად უსმენს „ბი–ბი–სი“–ს გადაცემებს ჰინდის ენაზე. კუმარის ბედი ძალიან ჰგავს ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სიუჟეტს. ამ ფილმში ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა ანალოგიურ შოუში უზარმაზარი თანხა მოიგო.

27.09.2011

ყველაზე მდიდრული მატარებელი ინდოეთში - "მაჰარაჯების ექსპრესი"


„მაჰარაჯების ექსპრესი“ – ამ სახელწოდების სპეციალური ტურისტული მატარებელი ინდოეთში კომფორტულად გასეირნების მსურველებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს მოატარებს. ევროპული თვალისთვის უჩვეულო ინტერიერები, ცხელი და ცივი წყალი, ტუალეტი და საშხაპე ყველა კუპეში. არის ასევე კუპეები აბაზანითაც უფრო მაღალი კლასის ვაგონებში.

ინდოეთის რკინიგზა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დატვირთული რკინიგზაა. გარდა ამისა, ტრანსპორტის ეს სახეობა ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ქვეყნის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების სრულად აღსაქმელად. ტურიზმის განვითარების სხვა ფორმებთან ერთად ამჯერად არჩევანი მდიდრულ რკინიგზაზე შეაჩერეს, რათა უფრო მეტი ტურისტი მიიზიდონ, რომელთაც კომფორტული დასვენება და ამაში ბევრი ფულის დახარჯვა ურჩევნიათ, და ამავე დროს სურთ უფრო ახლოს დაინახონ საკუთარი თვალით ის ყველაფერი, რაც ინდოეთის რეალურ სახეს წარმოაჩენს.


16.09.2011

ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა და მისმა მეუღლემ თავიანთი თვალები უსინათლოებს უანდერძეს

ჯერჯერობით არავინ იცის იმ ინდოელის სახელი, ვინც მომავალში რესპუბლიკის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მანმოჰან სინგჰის თვალებით სამყაროს შეხედავს. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ რომელიმე თანამემამულეს მომავალში პრემიერ–მინისტრის თვალის რქოვანას გადაუნერგავენ.

ინდოეთში ახლახან დონორული შემოწირულობების ეროვნული დღე აღინიშნა, რომლის დროსაც პრემიერმა მანმოჰან სინგჰმა და მისმა მეუღლემ გურშარან კაურმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ ბლანკს „თვალის დონორობაზე“, რომლის მიხედვითაც მათი გარდაცვალების შემდეგ მათი თვალის რქოვანა ტრანსპლანტოლოგების განკარგულებაში გადავა მხედველობადაქვეითებულთა დასახმარებლად.

06.09.2011

ინდოეთის რკინიგზამ ჯეიმს ბონდის ავტორებს სცენარში ცვლილებები შეატანინა


როგორც ერთერთ წინა პოსტში გაცნობეთ, ჯეიმს ბონდის ერთერთი მორიგი სერიის გადაღებები ინდოეთში წარიმართება. ამ ქვეყანაში „ბონდმა“ ბოლოს 30 წლის წინ იმოგზაურა როჯერ მურის მონაწილეობით. ამჯერად კი, ისევე როგორც წინა სერიაში, ბონდს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ ფილმის ავტორებს ნება დართო გადაღებები მუმბაიში, აჰმედაბადსა და გოაში აწარმოონ, ფილმის მესვეურებს თავდაპირველ სცენარში გარკვეული ცვლილებების შეტანა მაინც მოუწევთ ინდური მხარის მოთხოვნით.

31.08.2011

პატრიოტიზმით დამუხტული სანახაობა ინდოეთ–პაკისტანის საზღვარზე

ყოველ საღამოს ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქალაქ ამრიტსარიდან 30 კილომეტრში ძალიან უცნაური ცერემონიის ხილვაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საზღვრის დაკეტვის ერთადერთი ცერემონიაა მთელ მსოფლიოში, რომლის სანახავადაც ათასობით ადამიანი ჩადის ადგილზე. ერთდროულად ეს ცერემონია პატრიოტიზმის დემონსტრირებაცაა, ასევე ინდური მენტალობის გარკვეული მხარეების წარმოჩინებაც (თუ ცერემონიას ინდურ მხარეს აკვირდებით), მეზობლის მიმართ ძალის დემონსტრირებაც ინდურ–პაკისტანური ურთულესი ურტიერთობების ისტორიაში, და ასევე უბრალოდ უცხო თვალისთვის ამოუსნელი რაღაც კიჩი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად უდავოდ იმსახურებს, რომ ერთხელ მაინც ხოვრებაში ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო.




27.08.2011

საქართველომ და ინდოეთმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს დელიში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.

საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა, ხოლო ინდურ მხარეს წარმოადგენდა ინდოეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი გადასახადების ცენტრალური საბჭოს დავმჯდომარე, მ.ჩ. ჯოში.

23.08.2011

ინდუისტებმა კრიშნას მოვლინების დღე აღნიშნეს



22 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანმაშტამის დღესასწაული – კრიშნას ამ ქვეყნად მოვლინების დღე აღინიშნა. ეს ინდუიზმის ერთერთი ყველაზე პოპულარული სასულიერო და კულტურული დღესასწაულია. „ჯანმა“ სანსკრიტზე „დაბადებას“ ნიშნავს, „აშტამი“ კი წარმავალი მთვარის მერვე დღეს. წმინდა წიგნების თანახმად, 51 საუკუნის წინ ამ დღეს დედამიწას კრიშნა მოევლინა, რომელსაც ინდუისტები უზენაეს ღვთაებად მიიჩნევენ. ზოგიერთი ასტროლოგი ზუსტ თარიღსაც ასახელებს – 5239 წლის წინ, თუმცა მეცნიერების აზრი ამ საკითხზე გაყოფილია.

კრიშნას სახელი „ყოვლისმომცველს“ ნიშნავს. ჯანმაშტამის სხვაგვარად ინდურ ახალ წელსაც უწოდებენ და ამ დღესასწაულს ინდოეთში ყველა აღნიშნავს რელიგიური კუთვნილების მიუხედავადაც კი. ინდოეთში ეს დღესასწაული ისევე უყვართ, როგორც დასავლეთში შობა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით წმინდა ვრინდავანში, სადაც კრიშნა დაიბადა, გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებები და ლოცვები ტარდება. კრიშნას ქანდაკებას წყაროს წყლით, რძით, თაფლით და სურნელოვანი ზეთებით განბანენ. ჯანმაშტამის დღესასწაულზე დილიდან საღამომდე  ლოცვები და სხვადასხვა რიტუალები იმართება.

დღეისათვის ამ დღესასწაულს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ და მასში იმ ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ სადაც ინდუიზმია გავრცელებული. სადღესასწაულო ლოცვები და რიტუალები ტარდება ასევე კრიშნაიტების (ვაიშნავიზმის მიმდევრების) ტაძრებში.

ასეთი ღონისძიებები იყო დაგეგმილი ასევე თბილისის კრიშნაიტების სამლოცველოშიც, სადაც მიწვეულიც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ წასვლა ვერ შევძელი.

13.08.2011

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე


ყოველწლიურად 15 აგვიტოს ინდოეთი ერთერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს (Independence Day in India)  – დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1947 წლიდან აღინიშნება.

1947 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი (Indian Independence Act) და დელიში, წითელი ფორტის თავზე ინდოეთის პირველმა პრემიერ–მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ უამრავი ადამიანის თანდასწრებით დამოუკიდებელი ინდოეთის სამფერიანი დროშა აღმართა. ამ მოვლენით ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

05.08.2011

ინდოეთში გველების ფესტივალი მიმდინარეობს

გველების ფესტივალი „ნაგ პანჩამი“ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საოცარი მოვლენაა. ინდოეთში ეს ფესტივალი დასავლეთ ბენგალიაში, მაჰარაშტრაში და სამხრეთ შტატებში ტარდება. ამ ქვეყანაში გველების 275 სახეობა ბინადრობს. მათ ეთაყვანებიან როგორც სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოს, ისინი ღმერთ შივას სიმბოლოც არიან და სწორედ კისერზე შემოხვეულ გველს ატარებს ეს ღმერთიც. გველები ხშირად ფიგურირებენ ინდურ მითოლოგიაში, ხოლო ინდუისტურ გადმოცემებში გველღმერთების რაოდენობა 1000–ს აღწევს.

აღნიშნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება შრავანის თვის ნათელი ნახევრის მეხუთე მთვარიან დღეს, რომელიც გრიგორიანული კალენდრის ივლის–აგვისტოს ემთხვევა.

28.07.2011

შეცდომა თუ ტყუილი?!

ინდური კინოინდუსტრიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ დიდი ხანია მიდის საუბრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია მუმბაიში ცნობილ ბოლივუდელ მსახიობს ამირ ხანს შეხვდა და რის შემდეგაც თბილისში ამ წლის დასაწყისში უკვე იმყოფებოდა ინდოელი კინემატოგრაფისტების ჯგუფი აქაური პირობების შესასწავლად და ქართველი მსახიობების გასაცნობად.

რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში კვლავ ჩამოვიდნენ ინდოელი კინომწარმოებლები პროდიუსერ სურეშ ბალაჯის ხელმძღვანელობით. ყველა ქართული ნაციონალური ტელეარხი ეს დღეები აშუქებს ინდოელი სტუმრების ვიზიტს და ჟურნალისტებიც ოფიციალურ პირებთან ერთად გამუდმებით იმეორებენ, რომ სტუმრები ბოლივუდიდან ჩამოვიდნენ. არავის მხილებას ან კრიტიკას არ ვაპირებ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პროდიუსერი სურეშ ბალაჯი არ წარმოადგენს ბოლივუდს. არ ვიცი ეს შეცდომაა თუ ვინმეს მხრიდან განგებ გამოგონილი ტყუილი, მაგრამ ამ პროდიუსერს, რომელიც სამხრეთ ინდოეთის კინოინდუსტრიას წარმოადგენს, ბოლივუდში არცერთი ფილმი არ შეუქმნია.

25.07.2011

ინდოეთში მოგზაურის სამახსოვრო

მრავალმა ტურისტმა დააგროვა შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც გვეუბნება, რომ ინდოეთში დაგემართებათ ყველაფერი ის, რაზეც ოცნებობდით და ისიც, რისაც ყველაზე მეტად გეშინოდათ. ამ ქვეყანაში ყველა მკრთალი ფერი სრულ შეფერილობას იძენს და ივსება – ეს სიკეთისა და ბოროტების ფერებია. თქვენ უნდა აირჩიოთ, ვის მხარეზე ხართ, რადგან სამყაროს და ადამიანს ამ ქვეყანაში თავის ჭეშმარიტ ფერებში დაინახავთ!

ამიტომ, „გამოცდილი“ ადამიანებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა: გიხაროდეთ სიცოცხლე, იყავით კეთილგანწყობილი გარშემომყოფთა მიმართ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რაც არ უნდა უჩვეულო რამ მოხდეს.

საქართველოდან გამგზავრების მარშრუტები

ყველაზე უკეთესი დრო ინდოეთის დასალაშქრად ოქტომბრის ბოლოდან აპრილის მოლომდე პერიოდია. დანარჩენ დროს მუსონური წვიმები მოდის და უამინდობა მოგზაურობას შეგიფერხებთ, გარდა ამისა, ჩვენს მშრალ ჰავას შეგუებულებს გაგიჭირდებათ ცხელი და ნესტიანი ამინდების ატანა.

ინტერნეტის ხანაში არც ისე რთულია გამგზავრების სასურველი მარშრუტების შერჩევა. უამრავი ტურისტული სააგენტოა, რომლებსაც ტურების შემოთავაზებაც შეუძლიათ და ბილეთების დაჯავშნა–შეძენაც. ტურისტული ტური გარკვეულ კომფორტს გულისხმობს, მაგრამ როცა უბრალოდ მეგობრებთან მიემგზავრები, ან საკუთარ თავზე გინდა გამოსცადო მოგზაურობის მთელი სიამოვნება, თავისი თავგადასავლებით, შესაძლებელია ფიქრი იმაზეც, ინდივიდუალურად შეიძინოთ ბილეთები და სამოგზაურო მარშრუტიც ინტერნეტის დახმარებით განსაზღვროთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია, იმხელა ქვეყანაში გამზავრების წინ, როგორიც ინდოეთია, წინასწარ იცოდე, სად მიდიხარ, რომელ ქალაქებში გინდა შესვლა და რის დათვალიერებას აპირებ. ცოტაოდენი ინგლისური და ყველაფრის საკუთარი ძალებით გაკეთებასაც შეძლებთ.

20.07.2011

ბოლივუდელ პროდიუსერთა მორიგი სტუმრობა საქართველოში

2011 წლის 21 ივლისს საქართველოს მეორედ ეწვევა ბოლივუდის პროდუსერთა დელეგაცია. როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, დელეგაციის ვიზიტის „მთავარი მიზანია დაამყარონ ურთიერთობები კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან, ჩაატარონ კასტინგი, დაათვალიერონ კინოგადაღებისათვის საინტერესო ადგილები, რათა შედგეს მოსამზადებელი სამუშაობი ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განსტერული-ტრილერის “BILLA 2” გადასაღებათ 2011 წლის შემოდგომაზე“.

პრესსამსახურის ცნობით, ინდოელი კინოსპეციალისტების დელეგაცია 21 ივლისს, გამთენიისას, 03.15 საათზედუბაი-თბილისის რეისით ჩამოვა. სტუმრებს აეროპორტში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები დახვდებიან. დელეგაციის წევრები არიან ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი. თუმცა, სამინისტრო მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.

ვიზიტის დროს იგეგმება შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და კინოცენტრთან.

მიმდინარე წლის იანვარში თბილისში უკვე იმყოფებოდა ბოლივუდური დელეგაცია პროდიუსერ ნარენდრა ბაჯაჯის ხელმძღვანელობით. მანამდე კი 2010 წლის ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ცნობილ მსახიობს შეხვდა და კინოს სფეროში ბოლივუდსა და საქართველოს შორის შესაძლო თანამშრომბოლბის შესახებ ესაუბრა.

გარდაცვლილი ინდოელი გურუს სახლში ათეულობით კილოგრამი ოქრო და ვერცხლი აღმოაჩინეს

აპრილში გარდაცვლილი ინდოელი გურუს სატია საი–ბაბას სასახლეში ათეულობით კილოგრამი ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები და ქსოვილები აღმოაჩინეს. გურუს საძინებლებსა და პირად ოთახებში 34,5 კგ ოქრო, 340 კგ ვერცხლი და სხვა საჩუქრები იპოვეს, რომლებსაც საი–ბაბას მისი სწავლების მიმდევრები სწირავდნენ. ანანტაპურის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ძვირფასეულობის აწონვა და დათვლა 18 ივლისის საღამომდე გაგრძელდა და ამ პროცესმა 12 საათი დაიკავა, – წერს გაზეთი The Times of India.

გურუს აშრამში, რომელიც ანდჰრა პრადეშის შტატის ქალაქ პუტაპარტიში მდებარეობს, ადრე უკვე აღმოუჩენიათ ძვირფასეულობა, რასთან შედარებითაც ეს ახალი აღმოჩენა არც ისე შთამბეჭდავი ჩანს. 24 აპრილს საი ბაბას გარდაცვალების შემდეგ მისი აშრამიდან გატანილი იქნა 2 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, 98 კგ ოქრო და 307 კგ ვერცხლის ნაკეთობანი. ამ სიმდიდრის მმართველად დანიშნულია სატრასტო ფონდი, რომელსაც უკვე ადანაშაულებენ ძვირფასეულობის განიავებაში. ივნისში პოლიციამ აღკვეთა 3,5 ინდური რუპიის (დაახლოებით 85 ათასი აშშ დოლარი) გატანა საი–ბაბას აშრამიდან ქალაქ ბანგალორში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება. ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება აშრამში აღწერას ატარებს და იმაზე ფიქრობს, როგორ მოექცეს საი–ბაბას მილიონებს.

საი–ბაბას გარდაცვალებამ პრობლემები შეუქმნა მთლიანად ქალაქ პუტაპარტის, რომელშიც იგი ცხოვრობდა. გურუ მთელი რეგიონის ეკონომიკის მამოძრავებელი იყო, სადაც პილიგრიმები, ტურისტები და ფული მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებიდან მდინარეებივით მიედინებოდნენ. გურუს გარდაცვალებასთან ერთად ქალაქში მკვეთრად დაეცა უძრავი ქონების ფასიც და მოთხოვნილებაც საქონელსა და მომსახურეობაზე.

საი–ბაბამ ქაგადება 14 წლის ასაკში დაიწყო და შემდგომში მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო ლიდერი გახდა. როცა საკუთარ თავს ცოცხალი ღმერთი და ცნობილი ინდოელი წმინდანის, შირდელი საი–ბაბას რეინკარნაცია უწოდა, 1940 წელს სამხრეთ ინდოეთში მოგზაურობა და თავისი პირველი მიმდევრების შეკრება დაიწყო. ის ყველა რელიგიის თანასწორობას ქადაგებდა და თვლიდა, რომ ადამიანი გულწრფელად უნდა მისდევდეს იმ რელიგიას, რომელშიც დაიბადა, რადგან ღმერთი ერთია. თავის ქაგადებებში გურუ ადამიანებს ასწავლიდა, რომ სიხარბეს და ეჭვიანობას შებრძოლებოდნენ, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ძმასავით უყვარდეთ, არ მიეცათ ქრთამი და ღატაკებს დახმარებოდნენ არა ფულით, არამედ მათთვის სწავლის და სამუშაოს მიცემის გზით.

თვითონ საი–ბაბა უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაზე, აშენებდა სკოლებს და საავამდყოფოებს სხვადასხვა ქვეყნებში. გურუსთან ჩადიოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან.

საი–ბაბას ბევრი აკრიტიკებდა კიდეც. მას ფუფუნების სიყვარულში, ყოვლისმცოდნედ თავის გასაღებაში და ფოკუსნიკობაში ადანაშაულებდნენ. 70–იან წლებში მას თავის შეგირდების მიმართ სექსუალურ ძალადობაშიც კი სდებდნენ ბრალს.


სხვა სტატიები ამ თემაზე:
საი ბაბას დაკრძალვაზე ნახევარი მილიონი ადამიანი მივიდა

ტურისტები მდედრი დათვისა და ვეფხვის ბრძოლის მომსწრენი გახდნენ

ინდოეთში ტურისტების ჯგუფს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რომ მდედრი დათვისა და ვეფხვის ბრძოლისთვის ეცქირა რაჯასტანის შტატის ნაკრძალში „Ranthambhore Tiger Reserve“. დედა დათვი თავის ორ ბელთან ერთად წყალსაცავთან მივიდა, როდესაც იქვე მყოფმა უზარმაზარმა ვეფხვმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ დათვების ოჯახს თავს დასხმოდა. ბრძოლა სამი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და დედა დათვი თავდაუზოგავად იცავდა შვილებს. ამ შერკინებას ტურისტების ბრბო ადევნებდა თვალს. მოშორებით მდგარი ადამიანები დედა დათვს გულშემატკივრობდნენ და აპლოდისმენტებით და შეძახილებით „ამხნევებდნენ“. „ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ბევრმა ადამიანმა შეძლო საკუთარი თვალით ენახა ველურ ბუნებაში ვეფხვისა და დათვის ბრძოლა“, – ამბობს მომხდარის თვითმხილველი, ნაკრძალის თანამშრომელი ადიტია სინგჰი. ვეფხვის დამარცხების შემდეგ დათვმა ბელებთან ერთად ამაყად დატოვა ტურისტების აღფრთოვანებული ბრბო.

12.07.2011

პეპელა სახელად – კამპა

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის პეპელა სახელად – კამპა“

ფარვანა დილიდან უხასიათოდ იყო. არც სკოლაში წასვლაზე უფიქრია. არც ბრინჯის ბურთულას მიკარებია, რომელიც გუშინდელი ვახშმიდან მშობლებმა დილისთვის დაუტოვეს. ზანტი ნაბიჯით გავიდა თიხით შელესილი ოთახიდან და კალირ–კანდას ხის (ადგილობრივ დიალექტზე ხეს „მოატყუე კუჭი“ ჰქვია, მისი 1–2 ფოთლის შეჭმის შემდეგ ადამიანი თავს მაძღრად გრძნობს რამდენიმე დღის განმავლობაში) ჩრდილში დაჯდა. გოგონას, რომელსაც სულ ახლახანს 12 წელი შეუსრულდა, სინამდვილეში კამპა ჰქვია, მაგრამ მისი ენერგიული ხასიათისა და ცეკვით დიდი გატაცების გამო ფარვანა შეარქვეს. ფარვანას ხომ აღმოსავლეთის ქვეყნებში პეპელას ეძახიან. 3 წლიდან ხელები სულ გაშლილი აქვს და სულ ცეკვავს, თუ  საოჯახო საქმეებით არ არის დაკავებული. ფარვანა მთელს ოჯახს უყვარს და სოფელშიც ყველას უხარია მისი დანახვა.

ფარვანას მამამ სანჯაი შარმამ შვილისთვის განკუთვნილ ბრინჯის ბურთულას ხელი არ ახლო და ისე წავიდა სოფლის სიახლოვეს მდებარე მაღაროში, სადაც ნახშირს ხელით მოიპოვებენ. სანჯაი ცალი თვალით თითქმის ვერაფერს ხედავს, მაგრამ უნდა იმუშაოს, რომ ოჯახიც გამოკვებოს და სამედიცინო ხარჯებიც დაფაროს. დედა ფარვანას უფროს ძმასთან, რანბირთან ერთად ბატონ არუნ პანდეისთან წასასვლელად ემზადება ადგილობრივ კლინიკაში. დოქტორმა რანბირს უნდა ურჩიოს, სად შეიძლება, რომ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთონ. თირკმელზე პრობლემების გამო 17 წლის რანბირმა მუშაობაც კი ვერ შეძლო და თუ ეშველება რამე, იქნებ ოჯახიც ცოტა ფეხზე დადგეს. დონორობას დედა აპირებს...

ჩრდილში მჯდარ ფარვანას მშობლების წუხანდელი საუბარი მოსვენებას არ აძლევდა. სანჯაის თუ თვალი არ ამოკვეთეს, სიბრმავე შეიძლება მეორე თვალზეც განუვითარდეს. თვალის დონორის შოვნაზე არც უფიქრიათ, რადგან რანბირს თირკმელს დედა უთმობს და კიდევ სხვა დონორზე ფიქრი ოჯახისთვის ზედმეტი ტვირთია. ჯობია სანჯაიმ უბრალოდ დაკარგოს ცალი თვალი. მაღაროში მაინც სიბნელეა და ცალი თვალიც ეყოფა სამუშაოდ. 1–2  წელიწადში აგერ ფარვანაც გასათხოვარი იქნება და მისი მზითვისთვის ერთი რუპიაც კი არ გააჩნიათ. 20 წლის რომ გახდება ფარვანა, უმზითვო შინაბერას ცოლად მოყვანა აღარავის მოუნდება...

ექიმისგან ფარვანას დედამ და ძმამ დამაიმედებელი ვერაფერი შეიტყვეს. დაღლილები ბრუნდებოდნენ შინ. რანბირი დედას ორი ნაბიჯით უსწრებდა და ქოხის ზღურბლზე გაშეშდა. როდესაც დედა მიუახლოვდა და შინ შესვლა სცადა, რანბირი არ გაინძრა. დედა აღელდა და ვაჟს ოთახისკენ უბიძგა. ფარვანა იატაკზე იწვა და კრუნჩხვები ტანჯავდა. გვერდით კი პესტიციდების შუშის ცარიელი ბოთლი ეგდო. ფარვანამ საწამლავი დალია. გაუბედურებულ დედას და ძმას უკან გაბრუნება მოუწიათ ექიმთან კლინიკაში, რომ გოგონა გადაერჩინათ. ფარვანამ ბატონი პანდეის ხელში საშინელი ტანჯვით დაასრულა ჯერ კიდევ ფრთებგაუშლელი სიცოცხლე.

კამპას თითქმის უწონო სხეულს კრემაცია მეორე დღეს ჩაუტარეს. მთელი სოფელი იყო მისული მდინარის პირას, სადაც ყველასთვის საყვარელი ფარვანა იფერფლებოდა. მზის ჩასვლის შემდეგ უბედური და გაწამებული ოჯახი შინ დაბრუნდა. არავის არაფერი უთქვამს. დილით ფარვანას დედამ გოგონას სასკოლო ჩანთას მოჰკრა თვალი ქოხის კუთხეში. გატანჯულ ქალს უხმოდ წასკდა ცრემლები. ჩანთაზე დაკეცილი ქაღალდი იდო...

თავის მოწამვლის წინ კამპამ წერილი დაწერა. ოჯახს თვითმკვლელობისთვის პატიებას სთხოვდა და ემუდარებოდა, რომ მისი თირკმელი რანბირისთვის გადაენერგათ, ხოლო თვალი მამისთვის...

(ნამდვილი ამბის მიხედვით. ეძღვნება 12 წლის მამპი სარკარს დასავლეთ ბენგალიიდან, რომელიც ცდილობდა მამისა და ძმისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლოვებინა)

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის პეპელა სახელად – კამპა“

05.07.2011

რიქშები ინდოეთში ნავიგაციის სისტემებით აღიჭურვებიან


ინდოეთის დედაქალაქში რიქშებს სანავიგაციო სისტემებს დაუყენებენ თაღლითობასთან ბრძოლის მიზნით. ელექტრონული რუკების დანიშნულება იქნება მგზავრებსა და მძღოლებს შორის დავის მოგვარება, რომლებსაც მგზავრები ხშირად ტყუილში ადანაშაულებენ, ხოლო თვითონ მძღოლები კი დაბალ ანაზღაურებაზე წუწუნებენ. შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში სანავიგაციო სისტემებს 250 სამბორბლიან სატრანსპორტო საშუალებას დაუყენებენ, ხოლო ივლისის ბოლოსთვის ახალი მოწყობილობებით აღიჭურვება 55 ათასი მოტორიქშა აღიჭურვება.

მოტორიქშას „ტუკტუკსაც“ ეძახიან ალბათ იმ დამახასიათებელი ხმის გამო, რომელსაც ეს სატრანსპორტო საშუალება მუშაობის დროს გამოსცემს. ტუკტუკით მგზავრობა სინამდვილეში ძალიან მოსახერხებელი და იაფია და ყოველ მათგანში დაყენებულია მრიცხველები, რომლითაც მგზავრს შეუძლია აკონტროლოს გავლილი გზაზე დახარჯული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ადგილამდე გზა დაახლოებით იცი, მძღოლთან მოლაპარაკებაც შეიძლება, თუმცა უმეტესწილად მაინც მგზავრობის საფასური მრიცხველის ჩვენებაზეა დამოკიდებული. მაგრამ მრიცხველზე გამოსახული თანხა, ზოგიერთ შემთხვევაში რიქშას ხელს არ უშლის, რომ მგზავრებს, განსაკუთრებით უცხოელებს, დამატებით სთხოვოს თანხა და სწორედ აქ იწყება წუწუნი დაბალ ანაზღაურებაზე, შორეულ სოფელში მცხოვრებ დიდ ოჯახზე და ცხოვრების გაძვირებაზე.

ახალი სანავიგაციო ტექნიკა დანიშნულების ადგილამდე უმოკლესი გზის არჩევის საშუალებას მისცემს მგზავრს. მაგრამ ამის გარდა სხვა სიახლეებიც არის. ადგილობირვმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ნამდვილი ომი გამოუცხადოს უხეშობას, ძალადობას და სექსუალურ შეწუხებას. მიუხედავად იმისა, რომ სამოგზაუროდ ინდოეთი სამხრეთ აზიის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, იმის გამო, რომ მოსახლეობა ზედმეტად ჭრელია, სხვადასხვა ენებზე საუბრობს, სხვადასხვა აღმსარებლობას მისდევს და სხვადასხვა ცხოვრებისეული ტრადიციები გააჩნიათ, მოგზაურთა მიმართ უხეშობის შემთხვევებიც ფიქსირდება. მართალია, ასეთი შემთხვევები ერთეულია და თითქმის ყოველი მათგანი საერთაშორისო პრესაში დიდი აჟიოტაჟით განიხილება, როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ასეთ შემთხვევებსაც მოუღოს ბოლოს ტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. ამის ერთერთი მაგალითია ასევე ტუკტუკებში სასიგნალო ღილაკის დაყენება, რომლითაც ქალებს და ასევე უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ პოლიცია გამოიძახონ.


ტუკტუკების მძღოლების უმრავლესობას ეს ახალი იდეები მაინც და მაინც არ აღაფრთოვანებს. საქმე იმაშია, რომ ახალი ნავიგატორების ფასი მათი თითქმის 2 თვის ხელფასს უტოლდება. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ რიქშებს მოწყობილობის ქირით აღება შესთავაზა მცირე თანხის საფასურად. აქციის მიზანია, ერთის მხრივ, რიქშების რეპუტაციის გამოსწორება, და მეორე მხრივ, მათთვის საშუალების მიცემა უფრო მეტი შემოსავალი მიიღონხარისხის გაუმჯობესებისა და შესაბამისად, მომსახურეობის ფასის გაზრდის მიზნით. მოტორიქშას მომსახურეობა 10-15 კილომეტრ მანძილზე დაახლოებით 2 აშშ დოლარამდე ჯდება.

04.07.2011

ინდურ ტაძარში უზარმაზარი განძი აღმოაჩინეს


ასეულობით კილოგრამი ოქროს და ვერცხლის მონეტები, ბრილიანტები, მარგალიტები და სხვა ძვირფასი ნივთები იპოვეს ინდოეთის სამხრეთში, ქერალას შტატში პადმანაბჰასვამის ტაძრის დალუქული სათავსოების გახსნის შედეგად. გაზეთ Hindu–ს ცნობით, ეს ტაძრები ტრავანკორის სამთავროს მაჰარაჯებს ეკუთვნოდათ.


განძი 19–ე საუკუნეში დალუქეს. ტაძრის ამოშენებული სათავსოების ინსპექცია 27 ივნისს დაიწყო. სათავსოების ნაწილი ცარიელი აღმოჩნდა, ზოგიერთში კი ნაკლები ფასეულობის მქონე საგნებიც იპოვეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს განძეული ღმერთ ვიშნუსათვის მირთმეული შესაწირია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. მეცნიერთა დიდი ინტერესი დაიმსახაურა მონეტებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოდან შედიოდა, მათ შორის ავსტრალიიდან, ვენეციიდან, ბრიტანეთის ოსტ–ინდური კომპანიიდან, მეზობელი მაისურის სამთავროდან.

ქერალას შტატის ადმინისტრაციამ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ტაძარი, მისი დაცვა გააძლიერა. ამიერიდან აღმოჩენილი სიმდიდრის ოდენობის მიხედვით, პადმანაბჰასვამის ტაძარი თავისუფლად გაუტოლდება ანდჰრა–პრადეშის შტატის ცნობილ ვენკატეშვარას ტაძარს. როგორც ვარაუდობენ, აღმოჩენილი განძის საერთო ღირებულება, მისი ისტორიული ფასეულობის გარეშე, 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება.

27.06.2011

ნაპრალები და ღრმულები ინდოეთის მიწაზე

აშშ–ში მცხოვრებმა ინდოელმა მეცნიერმა რამეშ სინგჰმა მდინარეების ინდისა და განგის დაბლობში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მიწაში უცნაური ფართო ნაპრალების და ღრმულების გაჩენის შესახებ განაცხადა. რამეშ სინგჰი, რომელიც კარგად ერკვევა ამ მიდამოების სეისმურ მდგომარეობაში, ამბობს, რომ ნაპრალები უტარ პრადეშის შტატის რამდენიმე რაიონში გაჩნდა. ამის შესახებ წერს thewatchers.adorraeli.com. "მოვუწოდებ ინდოეთის მთავრობას, რომ ამ რეგიონში სეისმოლოგიური აქტიურობის მონიტორინგი მოახდინოს სავარაუდო ფართომასშტაბიანი კატასტროფის შესახებ წინასწარი გაფრთხილების მიზნით", – ამბობს რამეშ სინგჰი.






22.06.2011

აიშვარია და აბჰიშეკი პირველ შვილს ელოდებიან



აბჰიშეკ ბაჩანის მამამ, ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ ამიტაბჰ ბაჩანმა თავის მიკრო–ბლოგზე ტვიტერზე დაწერა: "სიახლე. მალე ბაბუა გავხდები. აიშვარია ფეხმძიმედაა... ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ".


მიუხედავად იმისა, რომ ინდურ ფილმებზე და ბოლივუდზე ბოლო დროს ნაკლებად ვწერ, რადგან ამ თემაზე საკმარისი ბლოგები არსებობს, არ შემეძლო ამ სიახლეს არ გამოვხმაურებოდი. ჯერ კიდევ კანის ფესტივალზე გასული აიშვარიას სურათების ნახვისას ეჭვი შემეპარა, რომ "აქ ყველაფერი სუფთად არ იყო", რადგან მსახიობს, რომელიც ბოლივუდის ერთ–ერთ პრიმა მსახიობად ითვლება, აშკარად ბევრი ჰქონდა წონაში მომატებული. თუმცა იმ პერიოდში პრესაში ხმა არავის ამოუღია.ალბათ ყველა ერიდებოდა ჭორების გავრცელებას. ამჯერად კი აიშვარიას და მისი ოჯახის ფანებს ნამდვილად გაუმართლა.

37 წლის აიშვარიასთვის და 35 წლის აბჰიშეკისთვის ეს პირველი შვილი იქნება. მათ 2007 წელს იქორწინეს. 1994 წელს აიშვარია რაიმ "მის მსოფლიოს" ტიტული მიიღო. იგი 40–მდე ფილმშია გადაღებული, მათ შორის რამდენიმე ჰოლივიდურ ფილმშიც. თუ გოგო იქნება, იმედია დედასაც კი აჯობებს სილამაზით.

21.06.2011

კიდევ ერთი დღე ინდოეთთან ერთად – თბილისი

საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია „ბჰარატი“–ს თაოსნობით თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლმუზეუმში საზეიმო საღამო მოეწყო სახელწოდებით „კიდევ ერთი დღე ინდოეთთად ერთად“.  შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ინდოეთის ელჩი სომხეთსა და საქართველოში აჩალ მალჰოტრა. შესრულდა ქართული და ინდური სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს ქართული ლექსები და ინდური პოემები. ინდურ ცეკვებს და სიმღერებს ასრულებდა ასოციაციასთან არსებული ანსამბლი ნინო კრავეიშვილის ხელმძღვანელობით. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა მომღერალმა თემურ ციკლაურმა. ინდოეთის ელჩს ინგლისურ ენაზე მიმართა ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გოგი დოლიძემ.








ფოტოები გადაღებულია ფოტოგრაფ გურამ მურადოვის მიერ.

16.06.2011

35 დოლარიანი პლანშეტი Sakshat თითქმის მზადაა

პროექტის One Laptop Per Child (OLPC) ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული 100 დოლარიანი ლეპტოპის საპასუხოდ დაწყებული პლანშეტური კომპიუტერის Sakshat–ის შექმნა ინდოეთში მზადყოფნის ფინალურ სტადიაში შევიდა.

7 დუიმიანი Android-პლანშეტის Sakshat–ის პირველი პარტია, რომელზეც ბანგალორის ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქთან ერთად (კანპური, ხარაგპური, ჩენაი და მუმბაი), 10 ათასი ეგზემპლარის სახით ივნისის ბოლოს გამოვა.



ამ პლანშეტის შექმნა და გამოშვება ძირითადად ფინანსდება ინდოეთის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით და პროდუქციას ძირითადად ღარიბ მოსახლეობაში გადაანაწილებენ.

დაბალი ფასი მიღწეული იქნა იაფი ნაწილების გამოყენების, ასევე მარტივი დიზაინის და დამატებითი გადასახადების მოხსნის შედეგად. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Sakshat–ის ტექნიკური მონაცემები არ ჩამოუვარდება სხვა პლანშეტების მონაცემებს – 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ფრონტალური კამერა, 32 გიგაბაიტიანი მყარი დისკი.

09.06.2011

გოას ინდუისტურ ტაძრებში ნახევრადშიშველ ტურისტებს შესვლა აუკრძალეს

ბიკინებსა და გამჭვირვალე ტანისამოსში გამოწყობილი ტურისტები ვეღარ შეძლებენ თავიანთი გარეგნობით ინდუისტური ტაძრებისა და მათი მრევლის შეურაცხყოფას გოაში. ახალი წესების მიხედვით, ტაძარში შესვლის მსურველებს მკაცრი დრესკოდის დაცვა მოუწევთ. ტაძრების ქურუმებს ამ წესების შემოღება მოუხდათ იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ტურისტების ქმედებების გამო.

გოას შტატის ქალაქ მარდოლში მდებარე ტაძრის მაჰალსა ნარაიანას წინამძღოლი სასულიერო პირის  თქმით, ტურისტი ქალები ტაძრებში ნახევრადშიშვლები დადიოდნენ. გარდა ამისა, სასულიერო პირები ტაძრებში ხედავდნენ შეყვარებულ წყვილებსაც, რომლებიც თავიანთ გრძნობებს საჯაროდ გამოხატავდნენ და სასულიერო პირების ყოფნას არ ერიდებოდნენ. მისივე თქმით, მსგავსი სცენებს ადგილი ქრისტიანულ ტაძრებშიც აქვს.


ამ მიზეზით აღნიშნულ ტაძარსა და შტატის სხვა ინდუისტურ ტაძრებში შემსვლელ ტურისტებს მკაცრი დრესკოდი დაუწესეს. დამრღვევებს ტაძარში უბრალოდ არ შეუშვებენ.

გოას პლაჟები ევროპელი ტურისტებისთვის ერთერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება იმის გამო, რომ შესანიშნავი სანაპირო, მცხუნვარე მზე და იაფი საცხოვრებელი ადგილებია. ბოლო დროს ინდოეთის ამ მხარეში განსაკუთრებული მოზღვავებაა რუსი ტურისტებისაც, რომლებიც თავიანთი ქცევით გამოირჩევიან და ხშირად ადგილობრივებს ბევრ პრობლემებს უქმნიან ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების გამო. თუმცა გოაში გამგზავრება ნამდვილად ღირს, ვნანობ, რომ მეგობრების რჩევას არ დავუჯერე და მუმბაიდან მარტო არ წავედი :)

06.06.2011

მოშიმშილე გურუს აქცია პოლიციამ დაარბია


ინდოეთის დედაქალაქ დელიში 5 ივნისს პოლიციამ და სწრაფი რეაგირების რაზმებმა იოგის გურუ სვამი ბაბა რამდევის საპროტესტო აქცია დაარბია. თვითონ გურუ სამართალდამცავებმა თვითმფრინავში ჩასვეს და მშობლიურ ქალაქ ჰარიდვარში გაამგზავრეს, რომელიც დედაქალაქიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.

გურუ ბაბა რამდევმა 50 ათასი მომხრის მხარდაჭერით უვადო შიმშილობა გამოაცხადა დელიში. გურუ და მისი მხარდამჭერებიკორუფციაში მონაწილეობისთვის სასიკვდილო განაჩენის შემოღებას და ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი თანხების ინდოეთში დაბრუნებას მოითხოვდნენ.




აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფართო საზოგადოებრივ–პოლიტიკური ფენების განსჯის საგანი გახდა. აი რა დაწერა თავის facebook–ის გვერდზე ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ ამიტაბჰ ბაჩანმა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე უკეთ უსმენენ: „სამოქალაქო საზოგადოებას კორუფციასთან ბრძოლა სურს, ოპოზიციას კორუფციასთან ბრძოლა სურს, მმართველ პარტიას კორუფციასთან ბრძოლა სურს, მედიას კორუფციასთან ბრძოლა სურს, რამდევ ბაბას კორუფციასთან ბრძოლა სურს, რაჯნიკანტს კორუფციასთან ბრძოლა სურს, ჩაჩა ჩაუდრავის კორუფციასთან ბრძოლა სურს, თქვენ კორუფციასთან ბრძოლა გსურთ და მეც კორუფციასთან ბრძოლა მსურს, მაშ რატომღა არსებობს ეს კონფლიქტი!!!!“.

03.06.2011

ინდოელები განგის გაწმენდას აპირებენ

ინდოეთი 1,6 მლრდ. დოლარის ოდენობით კრედიტს მიიღებს მსოფლიო ბანკიდან მდინარე განგის წყლის გასასუფთავებლად. ეს პროგრამა ქვეყნის მდინარის ნაპირზე მდებარე 150 ქალაქში გამწმენდი ნაგებობების აშენებას ითვალისწინებს. განგი აზიის ერთერთი წყალუხვი მდინარეა და ძლიერაა დაბინძურებული სამრეწველო ნარჩენებით და ქალაქებიდან ჩასული წყლებით. ვარაუდობენ რომ გამწმენდი ნაგებობები მეტნაკლებად გააუმჯობესებს სიტუაციას. თუმცა ინდოეთის ხელისუფლების მიზანია მდინარის მაქსიმალურად ეფექტურად გაწმენდა, რადგან ზოგიერთ ადგილას წყალი არც სასმელად ვარგა და არც საბანაოდ.

წლების წინ ქვეყნის ხელისუფლებამ გარკვეული ზომების მიღება უკვე სცადა მდინარეზე გამწმენდი ნაგებობების ასაშენელად. ასეთი პროექტი 1985 წელს დაამტკიცეს  და მომდევნო 15 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა კიდეც, მაგრამ მხოლდო საჭირო სამუშაოების 39% შესრულდა, რამაც შესაფერისი ეფექტი ვერ გამოიღო და მდინარე კვლავ დაბინძურებული რჩება.

ასეულობით მილიონი ინდოელისთვის განგი არა უბრალოდ მდინარეა, არამედ მას განსაკუთრებული საკრალური დანიშნულებაც აქვს. განბანვის რიტუალები და ხანგრძლივი რელიგიური ცერემონიები სწორედ განგთანაა დაკავშირებული.

სურათები გადაღებულია მდინარეების განგის, სარასვატისა და იამუნას შესართავთან 2007 წელს, როდესაც მეგობრების ქორწილში ვიმყოფებოდი ქალაქ ალაჰაბადში. ამ ქალაქიდანაა წარმოშობით ჯავაჰარლალ ნერუც და მისი შვილი ინდირა განდიც და აქვეა მათი სახლმუზეუმიც. რამდენიმე კილომეტრშია ასევე უძველესი (5000 წლის) ქალაქი ვარანასიც, რომელსაც ინდუსიტებისთვის დიდი რელიგიური დატვირთვა აქვს და სადაც მასობრივი განბანვების ცერემონიები და განგთან დაკავშირებული სხვა რელიგიური რიტუალები ტარდება.