გელით facebook–ზე

11.11.2009

ქაჯურაჰო - ეროტიკული ფანტაზიების ისტორია

რამდენიმე მოკლე ჩანახატი ქაჯურაჰოს შესახებ ფოტოსურათებთან ერთად.

ქაჯურაჰო ცნობილია თავისი ტაძრებით, რომლებშიც უამრავი ეროტიკული სკულპტურაა, მაგრამ მარტო ამით არ ცოცხლობს ადამიანი.

პირველი ნაწილი, ბანალური, ეროტიკის შესახებ

„რას მასწავლის ქაჯურაჰო?
იმას, რომ ადგილობრივ ღმერთებთან შედარებით ახალგაზრდა ვარ.
იმას, რომ ცარიელ სიყვარულზე მთელი ქალაქები შეიძლება აშენდეს.
სიყვარულის პოვნის ყველაზე მარტივი საშუალება იმაშია, რომ გახვიდე სახლიდან და გაემგზავრო არსაით“ – მოგზაური

Khajuraho. ეს ქალაქი ცნობილია თავისი უამრავი ტაძრებით და უთვალავი სკულპტურებით, რომლებიც პოზების მრავალსახეობას გამოხატავენ კამასუტრადან. ლეგენდა ამბობს, რომ ქაჯურაჰო დაარსებულია ღმერთ Chardravarman–ის მიერ, რომელიც მთვარის ღმერთის Chardra–ს ვაჟია. ქაჯურაჰო Chandela Rajputs–ების დინასტიის კულტურული დედაქალაქი იყო. ეს დინასტია ინდოეთს ამ ნაწილს მე–10–12 საუკუნეებში მართავდა. პოლიტიკური დედაქალაქი სხვა ადგილას მდებარეობდა, ქალაქ კალინჯარში. ქაჯურაჰოს ტაძრები 100 წლის განმავლობაში აშენდა 950–დან 1050 წლამდე, და როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში გაურკვეველია... მთელს ტერიტორიას ოდესღაც დიდი გალავანი ერტყა 8 კარიბჭით, რომელთაგან თითოეულს ორი ოქროს პალმა ამშვენებდა. თავიდან 21 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 80 ტაძარი მდებარეობდა, დღეისთვის კი მხოლოდ 25–ია შემორჩენილი. ქაჯურაჰოს ტაძრები 1100–1400 წლებში მუსულმანთა შემოსევების დროს დაზარალდა. შემდგომში კი ტაძრები დაივიწყეს და ისინიც ჯუნგლებში ჩაიკარგნენ, ვიდრე 1838 წელს მათ ბრიტანელი ოფიცერი TS Burt აღმოაჩენდა. დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა სწორედ ამ ადგილას Chandela–ს დინასტიამ იმის აშენება, რასაც ვხედავთ. ახლომახლო მსხვილი ქალაქები არ არსებობდა, რაიმე განსაკუთრებული ამ ადგილებში არაფერია, მაგრამ როგორც ეტყობა სწორედ იმის გამო, რომ ადგილი მიყრუებულია და ჯუნგლებში იყო ჩაკარგული, ქალაქს გადარჩენაში დაეხმარა, ვიდრე ტურისტები გამოჩნდებოდნენ.

თვითონ ქალაქი ძალიან პატარაა, სულ 20 ათასამდე მცხოვრებია. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მაინც ტურისტები შეადგენენ. როდესაც ქალაქში ჩავედით, მოსახლეობა ჯერ კიდევ განაგრძობდა დივალის აღნიშვნას და ქუჩებში მოცეკვავე პროცესიები გვხვდებოდა. მოცეკვავეებს ჩვეული ტანისამოსი – ზინზილაკებით მორთული ტრუსები ეცვათ.

ცეკვები საკმაოდ ველური აქვთ, და ერთი შეხედვით, არც თუ ისე მეტყველი. და რა თქმა უნდა მედოლის გარეშე არაფერი გამოვა. ესეც ტიპიური ინდოელი ასაკოვანი მედოლე.

ესეც მედოლე ასისტენტთან ერთად. ასისტენტს დოლი უკავია, მედოლე კი უკრავს.

და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტაძრები უნდა დაგვეთვალიერებინა. იმისათვის, რომ ე.წ. ტაძრების დასავლეთი ჯგუფი დაათვალიერო, ბილეთის ყიდვაა საჭირო. ხოლო როცა შიგნით აღმოჩნდები, მაშინვე გასაგები ხდება, რისთვის გამოგართვეს ფული. ტაძრების ეზოში მოვლილი პარკია განთავსებული, გაკეთებული გზებით, სკამებით, ურნებით – რთული არაფერია, მაგრამ სიამოვნებას ნამდვილად მოგგვრის.

სხვა ტაძრებში შესვლისთვის ფულს არ ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ტაძრის გარშემო მოვლილი გაზონი და გზებია, უფრო მცირე მასშტაბში, რა თქმა უნდა.
ინგლისურ ენაზე დაბეჭდილ გზამკვლევში წერია, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ადგილობრივების შემოთავაზებას გაჩვენოთ რაიმე განსაკუთრებული ან წაგიყვანოთ „ულამაზეს ადგილზე“, ან გაჩვენოთ სკოლა უძველეს სოფელში. ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულდეს. რადგანაც ეს მახსოვდა, ყველა შემოთავაზებაზე უარს ვეუბნებოდი, მაგრამ საბოლოოდ ერთი რიქშა–ვალა მაინც გავიცანი.

ეს ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც თავისი მშობლიური ქალაქიდან აქ ჩამოვიდა, რადგან აქ ყოფილა უნივერსიტეტი, სადაც ის სწავლობს. ჩემს კითხვაზე, როგორ ასწრებს 8 საათიანი და ზოგჯერ უფრო გრძელი სამუშაო დღის მერე სწავლას, რიქშა–ვალამ მიპასუხა, რომ ეს კერძო უნივერსიტეტია, და ის მხოლოდ დავალებებს ასრულებს და რეგულარული მეცადინეობები არ ტარდება. რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ გავიგე, როგორ მუშაობს ეს სისტემა.
მან სტუმრად წამიყვანა შინ, სადაც მეუღლე და შვილი გამაცნო. ინდოელებს ტრადიცია აქვთ, რომ პატარა ბავშვებს თვალებს უღებავენ, და აქაც ასეთ შემთხვევას გადავაწყდი.

ეს კი მისი ოთახია.

ჩაი მომართვეს, ტკბილეული შემომთავაზეს და არც არაფერი საშინელი არ მომხდარა. დილით იგივე მძღოლმა მოგვატარა ტაძრები და ქალაქის სხვა ნაწილები. ერთი სიტყვით არაფერი ცუდი ნამდვილად არ მომხდარა, როგორც ამას გზამკვლევებში წერია, თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ მე ბედმა გამიღიმა, მაგრამ რატომ, არ მესმის.

იმავე გზამკვლევში წერია, რომ სრულიად გაუგებარია, თუ რატომაა მაინც და მაინც ასეთი ფიგურები გამოკვეთილი ტაძრების კედლებზე ქვებიდან. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ როგორც მე მესმის, არცერთი მათგანი არ დასტუდრება დოკუმენტალურად. მაგალითად ტაძრების კომპლექსში შესვლისას მოცემული აუდიო–გიდი ამბობს, რომ ტაძრებზე გამოსახული სექსუალური ფიგურები თავშეკავების პრაქტიკის განსავითარებლად გაკეთდა (??? თუმცა შეიძლება და ალბათ ასეცაა, რომ მე არასწორად გავიგე?). სხვა ვერსიით ეს მანუალი იყო ახალგაზრდა ბრაჰმანებისთვის, რომლებიც მამაკაცების გარემოცვაში იზრდებოდნენ. სხვა მოსაზრებით, ამ ფიგურებს ტაძრები დაწვისგან უნდა გადაერჩინათ, რადგან ფიგურები წვიმის ღმერთს – ინდრას ეძღვნებოდა, რომელსაც რატომღაც სიამოვნებდა ამ ფიგურების ცქერა და მათ განადგურებას არ დაუშვებდა. გარდა ამისა, როგორ უნდა დაიწვას ქვისგან აშენებული ტაძარი? მაგრამ ყველაზე უფრო რეალურ ვერსიად ალბათ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ეს სკულპტურები ტანტრას სწავლებასთანაა დაკავშირებული, და ამას ისიც ამტკიცებს, რომ ასეთი სკულპტურები მარტო ქაჯურაჰოში არ არის. გარდა ამისა, შესაძლოა სკულპტორები ასახავდნენ ისეთ ცხოვრებას, რაც მათ სოციუმში იყო, მთელი თავისი წვრილმანებით და დეტალებით.

როგორც უკვე ითქვა, ყოველი ტაძრის გარშემო გაზონები და გაკრეჭილი ბუჩქებია. თითოეულ ტაძარს თავისი მცველი ჰყავს, რომელიც მთელი ინდოეთისთვის დამახასიათებელი თვისებებითაა აღჭურვილი – სერვისის თავზე მოხვევის ჩვევით. როდესაც დილის 6 საათზე უკვე მეათედ გთავაზობენ იქ შეხვიდე, აქეთ გაიარო, იქ დაინახო, აქ სურათი გადაიღო – ეს ყველაფერი ოდნავ გაღიზიანებს :) თუმცა ყველაფერ დანარჩენში განთიადი ინდოეთში თვალწარმტაცია.

ფიგურების რაოდენობა და კვეთის ხარისხი რა თქმა უნდა გაოცებას და გაოგნებას იწვევს. ყველაზე მეტად ის გაგაკრვივებს კიდევ, რომ როგორ მოახერხეს ინდოელებმა ამ ყველაფრის აღდგენა და შენარჩუნება.

ტაძრების გარდა ქაჯურაჰოში გარკვეული დრო ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა–ცხოვრებასაც დავუთმე, მაგრამ ამის შესახებ შემდეგ სერიაში მოგითხრობთ.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
მუმბაის ჯურღმულები – დჰარავი
*
მუმბაის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და Sanjay Gandhi National Park
*
მოგზაურის ჩანაწერები – ტაქსით გასეირნება
* მოგზაურის ჩანაწერები – ბრაჰადისვარა
* ცისკენ მიმავალ გზაზე: რიშიკეშიდან ჰიმალაებში
* ტირუვანამალაის ტაძარში
* კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა
* მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
* ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში