გელით facebook–ზე

29.12.2008

კატრინამ აიშვარიას გაუსწრო

ბევრს მიაჩნია, რომ კატრინა კაიფსა და აიშვარია რაის შორის გარკვეული მტრობა შეიძლება არსებობდეს. კატრინა კაიფი ბოლივუდის ამომავალ ვარსკვლავია, რომელიც არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა ეკრანებზე, მაგრამ თაყვანისმცემელთა გულების მოგება უკვე მოასწრო. ეს მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება. როდესაც ერთერთ ფილმში კატრინა პირველად დავინახე, ვიფიქრე, რომ ეს გოგონა შეიძლება ქართველიც კი ყოფილიყო, მით უმეტეს იმ ჭორების საფუძველზე, რომ ბოლივუდელი მსახიობები ქართველი გოგონების ფილმებში გადაღებას აპირებენო.

კატრინა 1984 წლის 16 ივლისს დაიბადა ჰონგ–კონგში, ცოტა ხანი ჰავაიზეც ცხოვრობდა და შემდეგ ლონდონში გადავიდა. მას 7 და ჰყავს. მამამისი ქაშმირელია, დედა კი ინგლისელი.

აიშვარია რაი , როგორც ვიცით ბაჩანების ოჯახის რძალია. ბაჩანების ოჯახმა კი განაცხადა, რომ არანაირი მტრული დამოკიდებულება არ აქვთ სალმან ხანის მიმართ, რომელიც აიშვარიას ყოფილი ბოიფრენდია და ამჯერად კატრინასთან ერთადაა.

სულ ახლახანს კატრინამ აიშვარია კიდევ ერთ ადგილზე შეცვალა. კატრინა გახდა სავაჭრო მარკა Nakshatra–ს სახე, რომელიც მანამდე აიშვარიას განკარგულებაში იყო. ამასთანავე კატრინა საძიებო სისტემა Google–შიც ყველაზე ხშირად მოხსნებეული პიროვნება გახდა და ამაშიც გაუსწრო აიშვარიას.

მაგრამ კატრინამ განაცხადა: „ არ შეიძლება აიშვარიასთან ჩემი შედარება... აიშვარია შეუდარებელია. მე კი ვამჯობინებდი, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმო კინოკარიერს და მოუთმენლად ველი ფილმ „ნიუ იორკის“ გამოსვლას. ამ ფილმით ახალ საფეხურზე უნდა გავიდე და ასეთი როლების შემდეგ უკვე აღარავინ იტყვის, რომ მე უბრალოდ მომხიბვლელი გოგონა ვარ და მეტი არაფერი“.

აიშვარიას რაც შეეხება, ის არამარტო ბოლივუდის ვარსკვლავია, არამედ საკმაოდ მოთხოვნადი ფიგურაა დასავლურ კინოშიც.


ქვემოთ კატრინას სურათებია, და თქვენ თვიტონაც შეგიძლიათ შეაფასოთ და შეადაროთ იგი აიშვარიას. პირადად მე ჯერ–ჯერობით მაინც აიშვარიას ვამჯობინებ სილამაზითაც და მსახიობური ნიჭითაც.



26.12.2008

Incredible India

თავის დროზე ერთ კარგ ადამიანს შევპირდი, რომ ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ ამ ქვეყნის პოპულარიზაციას მოვახდენდი საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობების მიხედვით. ვთვლი, რომ თვით ამ ბლოგის არსებობა უკვე ემსახურება ამ მიზანს. ქვემოთ კი რამდენიმე ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საყურებელი კლიპი გასაოცარი ინდოეთის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე გადის.










პოსტი მადლიერებისა და თავის გამართლებისა

ჩემი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო!

ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ ქართულ ბლოგსივრცეში აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემს ბლოგზე რაღაცეებს წერს ხალხი და მინდა მადლიერება გამოვუხატო იმათ (კერძოდ ბლოგერ ჩორვენის), ვინც თბილად მოიხსენია. არის ხალხი, ვისაც არც მოსწონს ჩემი ბლოგი. არ არის პრობლემა. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ სადმე ინტერნეტ–სივრცეში ეს ბლოგი დამეპიარებინა. ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს გავუკეთე, საკუთარი სიამოვნებისთვის და თუ მისამართი ვინმესთვის მიმიცია, ის ადამიანები ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან, და იციან ჩემი გატაცების შესახებ ამ ქვეყნით. არსად დამიპიარებია, არსად კომენტარები არ დამიტოვებია, არსად follower-ებში არ დამიფიქსირებია ჩემი ბლოგი, იმიტომ რომ გადასარევად ვიცი ქართული საზოგადოების განწყობა ინდოეთის, ინდური კულტურისა და ბოლივუდური ფილმების მიმართ. ყველაფერ იმით, რასაც ბლოგზე ვწერ, მხოლოდ საკუთარ ჭიას ვახარებ და თუ google-ში ვინმე ინდოეთს, ტაჯ–მაჰალს ან რომელიმე მსახიობის სიტყვას ჩაწერს და იქიდან შემოვა ჩემთან (რასაც რა თქმა უნდა ვაფიქსირებ), მიხარია, იმიტომ რომ ვიცი ადამიანს თემა აინტერესებს და იქნებ რამე საინტერესო ჩემთანაც იპოვოს.

სამწუხაროდ ბლოგის განახლებას და თემების შერჩევას ისეთი ინტენსიურობით ვერ ვახდენ, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ნებისმიერი ხელსაყრელი მომენტის დროს, როცა ამის საშუალება მაქვს, ვცდილობ დავწერო იმაზე, რაც გარკვეულწილად მეც მაინტერესებს და შესაძლოა სხვასაც დააინტერესოს, ვინც ინდოეთის შესახებ ცდილობს რამის გაგებას.

ის, რომ მე ბლოგზე ბოლივუდელ მსახიობებზე და ფილმებზე ვწერ, სულაც არ ნიშნავს, რომ არ მესმის, რა დონის ფილმებს უშვებს კინოინდუსტრიის ეს აღმოსავლური განყოფილება. მაგრამ ვიცნობ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ფილმებიც. პირადად მე რაც შემეხება, შეიძლება ვთქვა, რომ მე ძველი, ძალიან ძველი ინდური ფილმების თაყვანისმცემელი ვარ და ის რაც 80–იანი წლებიდან დაიწყო ბოლივუდმა, შეიძლება უაზრო ჰოლივუდის უაზრო მიბაძვად ჩაითვალოს, იმ გამონაკლისით, რომ შეინარჩუნეს ტრადიცია და ყველა ფილმი ისევე გაჯერებულია სიმღერებით. და... სწორედ შეიძლება ეს იყოს ერთერთი მიზეზი იმისა, რომ რამე ფილმს შიგადაშიგ ვუყურო, როცა ეს სიმღერები გადის. მომწონს მუსიკა, მომწონს სიმღერები, მომწონს მილიონი ფერები და ემოციების გამომჟღავნების თავისებური სტილი. მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენო, ამბობენ, ხო და ნურც ნურვინ შემედავება იმაში, რაც მე მომწონს, მით უმეტეს თავს არავის არაფერს არ ვახვევ.

ახლა კი მათ საყურადღებოდ, ვინც ამბობს რომ ჩემი ბლოგი არ მოსწონს, ინდოეთი ეზიზღება და ინდური კინო კი საშინელ იდიოტობად მიაჩნია – მეგობრებო, ნუ შემოხვალთ ჩემს ბლოგზე, მე პირადად არავინ დამიპატიჟია...

ხოლო ვისაც რამე მოეწონება, ნუ დაგეზარებათ და კომენტარები დამიტოვეთ :)

ახლა კი ნაწყვეტი ერთერთი ფილმიდან, ანუ სიმღერა, რომელიც რა ვიცი, მომწონს და რა ვქნა :)


13.12.2008

მაიკლ ჯეკსონმა ჰრიტიკ როშანს შეუარა

ჰრიტიკ როშანმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, როცა პოპ–მუსიკის მეფე მაიკლ ჯეკსონი მის საგრიმიოროში შევიდა ლოს–ანჟელესში, სადაც ის ახალი ფილმის „ქაღალდის გველების“ გადაღებაზე იმყოფება. არავინ არ იცოდა, რომ მომღერალი გადაღებებზე აპირებდა მისვლას. ჰრიტიკი თავის საგრიმიოროში იმყოფებოდა, როცა მაიკლ ჯეკსონის დაცვის ორი თანამშრომელი შევიდა ოთახში. როგორც აღმოჩნდა, ჯეკსონს იმავე სტუდიაში მეორე დღეს ჰქონდა დაგეგმილი თავისი ახალი კლიპის გადაღება და მომღერალმა სტუდიაში გადასაღები მოედნის წინასწარ დასათვალიერებლად შეიარა. ჰრიტიკს ჯეკსონთან სურათიც გადაუღია. მაიკლმა კი თავისი თავი წარუდგინა. სცენა ძალიან სასაცილო გამოდგა, რადგან ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ცდილობს გაგეცნოს და თავის თავს წარმოგიდგენს. სხვათაშორის, პოპ–ვარსკვლავს, რომელიც მუდამ ხელთათმანებს ატარებს, ამჯერად ხელთათმანები არ ეკეთა.

11.12.2008

ბოლივუდის ვარსკვლავების წარსული და ამჟამინდელი რომანები

სალმან კჰანი




სალმან კჰანს წარსულში რომანები ჰქონდა სანგიტა ბიჯლანისთან, სომა ალისთან და აიშვარია რაისთან. დღესდღეობით სალმან კჰანს სასიყვარულო ურთიერთობები აქვს ატრინა კაიფთან.


აიშვარია რაი



თავიდან რომანი ჰქონდა სალმან კჰანთან, შემდეგ ვივეკ ობეროისთან, ახლა კი აბჰიშეკ ბაჩანის ცოლია.


დიპიკა პადუკონ




მისი სახელი ოსმოდა ისეთი სახელების გვერდით, როგორიცაა ნიჰარ პანდია, რანბირ კაპური და იუვრაჯ სინკჰი. ამჯერად დიპიკა ისევ რანბირთან ერთადაა.


ბიპაშა ბასუ



დინო მორეა, მილინდ სომანი და დღესრეობით ჯონ აბრაჰამი! დადიოდა ასევე დაუდასტურებელი ჭორები ბიპაშასა და რონალდოს შესახებ, ასევე ბიპაშასა და საიფ ალი კჰანზე.


აკშაი კუმარი



თავიდან ჰყავდა პუჯა ბატრა, მერე რავინა ტანდონი, შილა შეტი და ბოლოს კაზანოვამ ცოლად ტვიკლ კჰანა მოიყვანა. დაუდასტურებელი ჭორებით აკშაის სახელს უკავშირებდნენ პრიანკა ჩოპრასაც და კატრინ კაიფსაც.



კარინა კაპური




თავის დროზე დადიოდა ჭორები კარინასა და ჰრიტიკ როშანის შესახებ, როცა ისინი იღემდნენ ფილმს Yaadein. მაგრამ უფრო დადასტურებულად ცნობილია კარინასა და შაჰიდ კაპურის ურთიერთობების შესახებ. წყვილი ახლახანს დაშორდა და კარინა ამჯერად საიფ ალი კჰანთან ერთადაა.



აბჰიშეკ ბაჩანი

ერთხელ ლამის დაქორწინდა კარიშმა კაპურზე, მაგრამ მერე მალევე გაცვალა ერთი საცოლე მეორეზე – დიპატი შარმაზე, რომელიც თავის მხრივ ასევე მალე გაქრა, და აბჰიშეკის სახელს ამის მერე პრიტი ზინტასთან ერთად მოიხსენიებდნენ. საბოლოოდ კი აიშვარია რაიზე დაქორწინდა.



საიფ ალი კჰანი



დიდი ხნის ქორწინების დასრულების შემდეგ საიფ ახალი საყვარელი როზა გაუჩნდა. მერე დადიოდა ჭორები საიფისა და ბიპაშას შესახებ, ახლა კი ზუსტადაა ცნობილი, რომ საიფ ალი კჰანს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია თავისი ახალი მეგობარი ქალის კარინა კაპურის გარეშე.

რანი მუკჰერჯი

არ წყდება ჭორები რანისა და რეჟისორ ადიტია ჩოპრას რომანის შესახებ. ამბობენ, რომ ადიტია უკვე ცოლსაც კი დაშორდა რანის გამო. ისე რა მოეწონა ამ კაცში რანის მაინც არ მესმის.

პრიტი ზინტა

იპოვა თავისი პრინცი – ნეს ვადია ინდოეთში ერთ–ერთი საფეიქრო სავაჭრო მარკის მეპატრონის მემკვიდრეა, რომელსაც უზარმაზარი საქმიანი იმპერია აქვს.


კატრინა კაიფი


მისს აზიის სექსუალობა 2008–ს რომანი აქვს სალმან კჰანთან.

10.12.2008

დიპიკა პადუკონმა უზარმაზარი ჰონორარი მოითხოვა

დიპიკა პადუკონი, შარშანდელი ფილმის „Om Shanti Om“–ის დებიუტანტი, უკვე აღარ არის ბრენდ Maybelline–ის სახე, რადგან მსახიობის ჰონორარმა დანახარჯები ვერ ამოიღო. ეკონომიკურმა კრიზისმა სამოდელო ბიზნესზეც იმოქმედა. კოსმეტიკურ და პარფიუმერულ კომპანიებს აღარ სურთ ცნობილ ადამიანებს უზარმაზარი ჰონორარები გადაუხადონ თავიანთი პროდუქციის რეკლამისთვის. ფოტომოდელები უფრო დაბალ თანხებზეც თანხმდებიან გადაღებებს.

ფოტომოდელის სტატუსიდან კინოვარსკვლავის სტატუსის მიღების შემდეგ დიპიკამ უზარმაზარი ჰონორარი მოითხოვა, და ფირმა Maybelline–მა კი ამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც კონტრაქტი გაუქმდა.

დიპიკა კინოსამყაროში კომეტასავით შემოიჭრა, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „Om Shanti Om“, სადაც ის შაჰრუკჰ კჰანთან ერთად თამაშობს. ამ გოგონამ, რომელიც ჯერ სულ პატარაა ასაკით, მაშინვე მოხიბლა ინდური კინოს მოყვარულთა მთელი სამყარო. არ გამოვრიცხავ, რომ პირველმა დიდმა წარმატებამ თავბრუ დაახვია გამოუცდელ გოგონას და ეს გახდა მიზეზი, რომ მოითხოვა უზარმაზარი ჰონორარი, რასაც ფირმა უკვე აღარ დათანხმდა.

ვეგეტარიანელი შაჰიდ კაპური ხორცს თავის ძაღლსაც კი არ აჭმევს

ბოლივუდელმა მსახიობმა შაჰიდ კაპურმა, როგორც ცნობილია, გავლენა იქონია თავის ყოფილ მეგობარ ქალზე კარინა კაპურზე, როდესაც ისინი ერთად იყვნენ და კარინაც ვეგეტარიანელი გახდა შაჰიდის მსგავსად. შაჰიდი კი ამჯერად, როცა კარინას უკვე დაშორდა და იგი სალმან კჰანს „გადაულოცა“, თავისუფალ დროს იმაში კლავს, რომ თავის ძაღლი უნდა რომ ხორცის ჭამას გადააჩვიოს. საინტერესოა, რა იყო შაჰიდისა და კარინას დაშორების მიზეზი, თუმცა გასაკვირი მაინც არ არის, რადგან როგორც ერთხელ კარან ჯოკჰარის გადაცემაში გამოსვლისას კარინამ თქვა, სამი თვე დასდევდა უკან შაჰიდს, რომ მისი ყურადღება დაემსახურებინა. ნაძალადევი სიყვარული, როგორც ეტყობა მაინც არაფერს კარგს არ მოიტანს.

შაჰიდს რაც შეეხება, თავის ძაღლს ხორცთან ახლოსაც კი არ აკარებს და ძვალსაც კი არ აძლევს. საცოდავ ცხოველს შაჰიდმა ვეგეტარიანული დიეტა გამოუწერა ალბათ იმ იმედით, რომ ნირვანას როცა მიაღწევს, თავისი ძაღლიც გვერდით ჰყავდეს სამოთხეში :)

06.12.2008

ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება და მეც გამიყოლებს

შეიძლება ვინმეს, ვინც ამ ბლოგს წაიკითხავს, კითხვა გაუჩნდეს, რა შუაშია ინდოეთი და რა შუაშია ბოშებიო. ზუსტადაც რომ შუაშია. ბოშების ისტორიას რომ თავი დავანებოთ (რაზეც სხვა დროს შევეცდები ამავე ბლოგზე დავწერო) უბრალოდ ერთი შეხედვაც კმარა, რომ მიხვდე ეს ხალხი საიდანაა წარმოშობით და რა სისხლის მატარებელია. სადავო არ არის, რომ ინდოეთიდან არიან, იქ რაჯასტჰანში ახლაც ცხოვრობენ „კარენოი“ ბოშები. მაგრამ ამჯერად მე სულ სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკო ჩემი ცხოვრების პირველ სიყვარულზე მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა. თანამედროვე ახალგაზრდებში სახელი სვეტლანა ტომა არანაირ ასოციაციას არ გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი, ქალბატონი, თავის დროზე კი ულამაზესი გოგო ახლაც მსახიობია და წარმატებით თამაშობს რუსულ კინოში. მისი ბრალია ალბათ (სხვა ყველაფერთან ერთად), რომ მე ბოშებიც და მათი ცხოვრებაც ისევე მიყვარს ბავშვობიდან, როგორც ინდოეთი და ინდური კულტურა.

5 წლის ვიქნებოდი ალბათ, შეიძლება ოდნავ მეტი, როცა პირველად ვნახე რეჟისორ ემილ ლოტიანუს მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ (Табор уходит в небо). ფილმის დეტალურ გარჩევას არ ვაპირებ, ჩემს ემოციებზე მინდა დავწერო მხოლოდ. ეს საკმაოდ ეროტიულ სურათი ასეთ ადრეულ ასაკში ჯერ რა სანახავია ბავშვისთვის. ულამაზესი ქალის შიშველი სხეული, აბსოლუტურად დაუფარავი ეროტიული სცენები... და მუსიკა, მუსიკა და კიდევ ერთხელ მუსიკა. გასაკვირი იყო ისიც, როგორ გაუშვა საბჭოთა ცენზურამ ეს ფილმი კინოგაქირავებაში ან ტელეეკრანებზე.



კომპოზიტორ ევგენი დოგას სიმღერები, რომლებიც ამ ფილმშია გამოყენებული, დღემდე ემოციებით მტვირთავს ყოველთვის, როცა მათ ვუსმენ. გენიალური ქორეოგრაფიული დადგმა ბოშური ცეკვების, ყოველმხრივ სრულყოფილი მუსიკალური კლიპები ყოველ სიმღერაზე თვითონ ფილმის მსვლელობისას ერთი წამითაც არ აძლევს ადამიანს მოდუნების და ყურადღების გაფანტვის საშუალებას. ფილმი სიყვარულზეა, თავისუფლებაზე და თავისუფლებაზე უზომო სიყვარულში. რთული რამაა ეს სიყვარული, და თავისუფლებაც. სიყვარულის გამო თავისუფლებას ვერ თმობ, და რად გინდა ისეთი თავისუფლება, თუ სიყვარული არ გექნება. ამიტომაცაა, რომ ფილმის დასასრული ტრაგიკულია და გულდასაწყვეტი.

ნოდარ დუმბაძის არ იყოს, მეც ვიყავი განებივრებული ჩემს ბავშვობაში ჩემი სოფლის ახლოს ბოშების ბანაკით. ჩამოდიოდნენ ზაფხულში მანქანებით, მტკვრის ნაპირზე კარვებს დადგამდნენ და ცხოვრობდნენ. რა საქმიანობას ეწეოდნენ, მაშინ ზუსტად არც ვიცოდი. მაგრამ ხშირად ვსტუმრობდი მათ, როცა სათევზაოდ დავდიოდი, და დაჭერილი თევზს იმის ნაცვლად, რომ სახლში მიმეტანა, უცნობ ბოშებს ვჩუქნიდი. ყოველთვის თბილად მიმიღებდნენ და სულაც არ მაგდებდნენ თავიანთი ბანაკიდან. ერთია მხოლოდ, რომ იქ მათ სიმღერებს და ცეკვებს ვერ მოვესწარი, რადგან უმეტესად მათთან დღისით მივდიოდი, და ისინი კი შეიძლება სულაც საღამოობით ან ღამე მიეცემოდნენ ხოლმე თავდავიწყებით მღერასა და ცეკვას. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც მომიწევდა მათ ბანაკს გავყოლოდი სადმე მაღლა ცაში.



ბოშებმა ცაში არ წამიყვანეს... სამაგიეროდ მე მათ ისტორიულ სამშობლოს ჩავაკითხე და კიდევ ერთხელ საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი ხალხია... ეტყობა წინა ცხოვრებაში ბოშა ვიყავი, იმის წინ კი ინდოელი :)

ეს სურათები კი ბოშების რეალური ცხოვრებიდანაა. რა მომწონს ამ ყველაფერში, რა ვიცი, რა გითხრათ, შეიძლება მერე მომივიდეს რამე აზრი, როცა მოლდავეთში ჩემი მოგზაურობის შესახებ მოგითხრობთ, სადაც ბოშებმა თავიანთ სასახლეებში მიმიღეს :)





















01.12.2008

ტრაგედია მუმბაიში

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო შეძრა მუმბაიში მომხდარმა ტრაგედიამ. ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალებები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მოვლენებს მუმბაიდან, სადაც ტერორისტებმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლეს. დრამა 2 დღეღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო მონაცემებით 172 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა შეაღწიეს ქალაქში და შემთხვევით გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს რკინიგზის სადგურსა და ქუჩებში, ასევე ერთერთ კინოთეატრთან და ქალაქის საავადმყოფოსთან, შემდეგ მათ მძევლები აიყვანეს და გამაგრდნენ სასტუმროებში „ტაჯ მაჰალი“ და „ობეროი–ტრაიდენტი“, ასევე საცხოვრებელ კომპლექსში „ნარიმანი“, სადაც განლაგებულია ებრაული რელიგიურ–საგანმანათლებლო ცენტრი „ხაბად ლიუბავიჩი“.

დაღუპულთა შორის 18 უცხოელია, აქედან 2 ამერიკის მოქალაქე, სამი გერმანელი, ორი ფრანგი, ასევე ისრაელის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, იაპონიისა და ჩინეთის მოქალაქეები. 23 უცხოელი დაიჭრა. ინდოეთის პოლიციამ და სპეცრაზმმა 15 ადამიანი დაკარგა, მათ შორის მუმბაის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების უფროსი ჰემანტ კარკარე. ოპერაციაში 500–მდე პოლიციელი, სამხედრო და სპეცრაზმის წევრი მონაწილეობდა.

მუმბაიში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაჰარაშტრას შტატის მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადადგა. მანამდე თანამდებობა დატოვა ასევე ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის გამო „მორალურ პასუხისმგებლობას ატარებს“.

მომხდარის გარშემო ჯერ კიდევ უამრავ შეკითხვაზე იქნება გასაცემი პასუხი. ერთი რამ კი ცხადია, რომ ტერორისტები, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ და ვის წინააღმდეგაც არ უნდა მოქმედებნენ, არანაირ გამართლებას არ იმსახურებენ და საკადრისი პასუხი უნდა აგონ ჩადენილის გამო.

როგორც კი გავიგე მომხდარის შესახებ, სასწრაფოდ დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუმბაიში ცხოვრობენ, ზოგს ელექტრონული ფოსტით, ზოგს ტელეფონით. საბედნიეროდ, ყველა მათგანი კარგადაა და მათ ოჯახებსაც არაფერი შეხებია. შარშან როდესაც ქორწილში ვიყავი, სწორედ ქალაქის იმ რაიონში იყო ბანკეტი, სადაც ეს ტერაქტები მოხდა...

24.11.2008

ვარანასი (ბენარეს) – უძველესი ქალაქი დედამიწაზე

ვარანასი ისტორიაზე ძველია, ტრადიციაზე ძველია, უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდები და გამოიუყურება იმაზე ორჯერ უფრო ძველად, ვიდრე ეს ყველაფერი ერთად.
მარკ ტვენი


ითვლება, რომ ქალაქი ვარანასი – პირველი ქალაქია დედამიწაზე, რომელიც ჯერ კიდევ ღმერთებმა ააგეს. ინდუისტური ეპოსების მიხედვით, ამ ადგილიდან დაიწყო სამყაროს შექმნა. მოგვიანებით ვარანასიში ღმერთები ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად, შემდეგ ისინი ჰიმალაებში წავიდნენ. ეს ისეთივე საყვარელი ქალაქია ბრაჰმასი, როგორც შივასი. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ზუსტად ცნობილი არ არის. ფაქტია, რომ ქალაქი ძალიან ძველია და ეს ძლიერად იგრძნობა კიდეც. არქეოლოგიური მონაცემებით, ეს უძველესი ქალაქია, სადაც ცხოვრება არასდროს არ შეწყვეტილა. როცა ვარანასის გჰატებს (სანაპიროებს) უყურებ, თვით მარადისობას გრძნობ და თითქოს ხედავ შივასაც, ჟამთა განმგებელს.

არქეოლოგებს ვარანასიში აღმოუჩენიათ ისეთი შენობების საძირკვლები, რომლებიც 4000–ზე მეტი წლის წინაა აშენებული. ქალაქი მუდამ იზიდავდა უამრავ მლოცველს, და ასევე უმნიშვნელოვანესი ქალაქია ინდუისტური რიტუალებისა და ტრადიციების დამაკანონებელი ცენტრის თვალსაზრისით. ქალაქის უამრავი ტაძრიდან შეიძლება გამოვყოთ ვიშვანატჰის, დურგას, ტულსი–მანასის და ბჰარატ–მატას ტაძრები. უნივერსიტეტსა და ფორტ რამანგარის მუზეუმების დათვალიერებისას შეგიძლიათ გაეცნოთ უძველესი სკულპტურების, ნახატების, მონეტების, მანისკრიპტებისა და უძველესი მმართველების პირადი ნივთების კოლექციებს. გჰატები (რიტუალური განბანვის ადგილები) ქალაქ ვარანასის ერთერთი საინტერესო ღირშესანიშნაობაა. ამ ქალაქში 100–მდე ასეთი ადგილია, სადაც მარადი მდინარის განგას ნაპირებისკენ სპეციალური კიბეებით შეიძლება ჩასვლა. ერთერთი ყველაზე ცნობილი ასეთი ადგილია დაშაშვამედჰა გჰატი (სიტყვა სიტყვით – „10 ცხენის მსხევრპლშეწირვის ადგილი“) – ყველაზე სასურველი ადგილი მდინარეში განბანვისთვის და აისზე პუჯის ჩასატარებლად. ცხოვრება განგის სანაპიროზე არ წყდება არცერთი წუთით – ამ ადგილებისკენ მოდიან ათასობით ადამიანები, რათა „განიბანონ“ ცოდვებისგან მდინარის წმიდა წყლებში. განბანვისთვის საუკეთესო დროდ ითვლება სავსე მთვარის პერიოდი.

ქალაქის მთავარი ტაძარი შივა–ვიშვანატჰა ეძღვნება შივას სამყაროს უფლის სახით. ეს ტაძარი აშენებულია 1776 წელს უფრო ძველი ტაძრის ადგილზე. სამწუხაროდ, ევროპელებისთვის შესვლა აკრძალულია, მაგრამ ტაძრისა და საკურთხევლის ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია ამაღლებული მოედნიდან, რომელიც ტაძრის კედელზეა დაშენებული. ინდუიზმის უნივერსიტეტი ვარანასის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა, რომელიც 1917 წელსა აშენებული. უნივერსიტეტში წარმოდგენილია ინდური ფილოსოფიის, ხელოვნების, კულტურის, მუსიკისა და საკნსკრიტის კურსები. უნივერსიტეტთან არსებობს მუზეუმი, სადაც 150000–მდე უძველესი მანუსკრიპტი სანსკრიტულ ენაზე, სკულპტურები და მინიატურები ინახება.

ქალაქი განლაგებულია განგას მარცხენა სანაპიროს გასწვრივ. ქალაქის ძველ ნაწილში ქუჩების სივიწროვის გამო გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულია სასტუმროები, რკინიგზის სადგური და სატელევიზიო ანძა, რომლებმაც ქალაქში მოგზაურობისას ორიენტირის როლი შეიძლება შეასრულონ.

22.11.2008

Dostana–ს დახურული პრემიერა ლონდონში

ამ დღეებში ლონდონის ფეშენებელური სასტუმრო «Courthouse»–ის კარი ბოლივუდის ერთერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორისთვის კარან ჯოჰარისთვის გაიღო. მიღება გაიმართა ჯოჰარის ორ ფილმთან მისი ლეგენდარული ფილმის „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – Kuch Kuch Hota Hai“ 10 წლის იუბილესა და სკანდალური და ეპატაჟური ფილმის „მეგობრები – Dostana“ დახურულ ჩვენებასთან დაკავშირებით. კარან ჯოჰარმა სტუდიებში ასისტენტიდან ბოლივუდის ყველაზე წარმატებული ფილმების რეჟისორობამდე დიდი და საინტერესო გზა განვლო. გაიმართა წინასაპრემიერო დახურული ჩვენება მისი ახალი ფილმისა „მეგობრები – Dostana“, რომელშიც ისეთი ცნობილი მსახობები მონაწილეობენ, როგორებიცაა აბიშეკ ბაჩანი, ჯონ აბრაჰამი, პრიანკა ჩოპრა ბობი დეოლი. ფილმი თვითონ კარან ჯოჰარმა დააფინანსა, როგორც პროდიუსერმა.

სურათის პრემიერის წინ კარანმა თქვა, რომ სულმოუთქმელად ელის გამოხმაურებებს მისი კინოკოპმანიის «Dharma Productions»–ის ახალ ნამუშევარზე – „ხომ იცით, ყოველთვის მომწონდა ბარიერების დამსხვრევა, ჩემი ნამუშევრების პრემიერების შემდეგ პოლემიკის გამოწვევა. იმედი მაქვს, რომ Dostana ამ ტრადიციას გააგრძელებს“. კინოჩვენების დაწყება ნოემბერშია დაგეგმილი.

04.11.2008

ტაჯ მაჰალი

დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს...

ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო...

ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს.

მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს. ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება.