გელით facebook–ზე

11.06.2017

მოგონებები ცუნამიზე

ავტორი ნატალია ოქრუაშვილი
სურათი: Reuters

2004 წელი

ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები

დღეს უწყება მოვიდა ჯანდაცვის მინისტრისგან, პორტ ბლერის მთავარი საავადმყოფოდან ნიკობარის კუნძულზე უნდა გადავსულიყავი სამუშაოდ, სადაც ერთი სტომატოლოგიც არ ჰყოლიათ.

როგორც უცოლოს და დაუოჯახებელს ისევ ჩემზე გადატყდა გაგზავნის ჯოხი. კონტრაქტი ორ წლიანი იყო. ნორმალური პირობებით, როგორც ყველა სახელმწიფო სექტორში.

ჩავლაგდი ორ დღეში და მესამე დღეს მე და რამდენიმე სამოქალაქო ინჟინერი სახელმწიფო ვერტმფრენით ნიკობარის კუნძულზე გადაგვიყვანეს.

თეთრი სარი

ავტორი: ნატალია ოქრუაშვილი

უძველესი სახლი ჩვენია დასახლებაში. ბრიტანელების ნაგები და ნასახლარი. წინაპრებს შეუძენიათ, როდესაც ბრიტანეთმა ინდოეთი დატოვა. დგას ხის სახლი მყარად და უძლებს უკვე ათეულ წლებს. ხან ციკლონური ქარი არწევს სახლს და ხან ქოლგებით ვაკავებთ წვიმას. მაგრამ სახლი დგას! ფანჯრებიც აქვს. ძველი სარებით შეკერილი ფარდებით გალამაზებული. ორი საწოლი გვიდგას. ქოქოსის ჩენჩოსგან შეკერილი ლეიბით. ერთი ოთახში გასულ წელს ვენტილატორიც ჩამოვკიდეთ და სიცხეში ყველას ამ ოთახში გვძინავს. მე დედა და ჩემი ძმა ვართ სულ. 

ივლისის ნესტიანი საღამო იდგა. ზღვიდან ტალღები ნელ ნელა ეპარებოდნენ მიწას. თითქოს ლოყაზე ხელს ჩამოუსვამდნენ და ისევ უკან გარბოდნენ სიცილ-სიცილით. მთვარე ცაზე ამოსრიალებულიყო და ზღვას ელვარებას სძენდა. ზღვას ტალღებთან ერთად ჰაერიც უხვად მოჰქონდა. რიტმულად ირწეოდნენ პალმები. იფიქრებდი გიგანტი ადამიანები რითმებს აჰყოლიანო.

გაუსაძლისმა ტენიანობამ და სიცხემ ძილი დამაკარგვინა. რაც მჭიდროდ ვხუჭავდი თვალებს, მეტად ვფხიზლდებოდი. დედაჩემმა ვენტილატორის ჩართვის უფლება არ მოგვცა. დენის ფულს ვერ გადავიხდითო. მდიდარ ოჯახებში დადის და სახლებს ალაგებს, რაც მამა დაიღუპა. ერთი კვირის უკან ერთმა ოჯახმა დაითხოვა, აღარ გვჭირდება დამხმარეო. ცოტა ბრინჯი მისცეს ორი კვირა, რაც იმუშავა და გამოუშვეს. ასე იდარდებს დედა მთელი ცხოვრება ხვალინდელ დღეზე და ჩვენზე. ხშირად გვეტყვის ხოლმე, როგორმე გზაზე დაგაყენებთ და ცოტას დავისვენებო.