სრულიად შემთხვევით Facebook–ზე ფოტო ვნახე, სურათზე
ერთ ადამიანს კარგად ვიცნობ, მეორე კი უბრალოდ მეცნო და გავატარებდი ამ ფოტოს, რომ
არა უცნაური ადგილი, თბილისის აეროპორტი, და ხელში ყვავილები... აშკარად რაღაც მოხდა,
რაღაც ისეთი, რაც ყურადღებად და ჩაღრმავებად ღირდა. ქვეცნობიერმა მიკარნახა, რომ ერთერთი
საინტერესო მომენტი ახლოვდებოდა ჩემს ცხოვრებაში, როგორებიც არც ისე ხშირია უბრალო
მოკვდავი ადამიანის ყოველდღიურობაში. ჩემი ნაცნობის ბედნიერმა ღიმილმა და უცნობი (მეცნობას
ამბავში) ადამიანის უჩვეულო ჩაცმულობამაც იმოქმედა და შემდეგ უკვე მოვლენებს მე ვეღარ
ვაკონტროლებდი.
უეცრად თითქოს 30 წელი სადღაც გაქრა, ისევ პატარა ბიჭუნა
გავხდი, თითქოს ბავშვობის დროინდელი სურნელებიც კი ვიგრძენი ამდენი სიგარეტისა და სხვა
გამაღიზიანებლების მიუხედავად. პულსი არ გამისინჯავს, მაგრამ აშკარად არ ექვემდებარებოდა
დაშოშმინებას. ვეღარ ვაკონტროლებდი თქო ტყუილად არ მითქვამს, სურათზე ბავშვობის კუმირი
ვიცანი, ადამიანი, რომელიც ისეთი პოპულარული იყო საქართველოში და მაშინ მთელს საბჭოთა
კავშირში, რომ იმ დროს რომ გაებედა აქ ჩამოსვლა, ალბათ დღევანდელი ზუსკინდის „პარფიუმერივით“
დაგლეჯდნენ ნაწილებად თავყანისმცემლები. თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ სურათზე თვით
მითჰუნ ჩაკრაბორტი იყო.