გელით facebook–ზე

11.05.2011

პაკისტანის კიბერარმიამ 116 ინდურ საიტზე მიიტანა იერიში


ჰაკერების დაჯგუფებამ „პაკისტანის კიბერარმია“ (Pak Cyber Army) 116 ინდურ საიტზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო საიტზე The Hacker News. ჰაკერები „გატეხილ“ საიტზე ათავსებდნენ საკუთარ ემბლემას და მთლიანად ან ნაწილობრივ ცვლიდნენ საიტის შინაარსს. ამ დროისთვის კი „გატეხილი“ საიტების უმეტესობა უკვე ნორმალურ რეჟიმში მუშაობს.

ინდოეთსა და მის მეზობლებს შორის ე.წ. „კიბერომებს“ ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა. 2010 წელს ინდოეთის მთავრობამ ჰაკერთა შეტევებისგან თავის დასაცავად და ინტერნეტში დაზვერვის საწარმოებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო პაკისტანელი და ჩინელი ჰაკერების მხრიდან ინდოეთის კომპიუტერულ სისტემებში განხორციელებული არალეგალური შეღწევების გახშირებით. კერძოდ, ჰაკერებმა იერიში მიიტანეს ინდოეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტებზე.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება მრავალი წლის განმავლობაში. მორიგ გამწვავებას ადგილი ჰქონდა ამერიკელი სამხედროების მიერ „ალქაიდას“ ლიდერის უსამა ბინ ლადენის განადგურების შემდეგ. ამერიკელთა ერთერთი ჰიპოთეზის თანახმად, ნომერ პირველ ტერორისტს შესაძლოა მფარველები ჰყოლოდა პაკისტანის სპეცსამსახურებში. ამან ინდოეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა გაეხმოვანებინა ვერსია, რომლის თანახმადაც პაკისტანის დაზვერვას შესაძლოა კავშირი ჰქონოდა 2008 წელს მუმბაიში განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებთან, რომლებმაც 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.

მუმბაიში ტერორისტების 10–კაციანი ჯგუფი მოქმედებდა, რომელთაგანაც 9 სპეცოპერაციისას გაანადგურეს, ხოლო მეათე დააკავეს და მოგვიანებით სიკვდილი მიუსაჯეს. ინდოეთის პოლიციამ ტერაქტის ორგანიზატორად პაკისტანური ისლამისტური დაჯგუფება „ლაშქარ ი თაიბა“ დაასახელა.

რაც შეეხება საქართველოს, ყველას კარგად ახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ჰაკერებმა მასირებული შეტევა განახორციელეს ქართულ საიტებსა და კომპიუტერულ სისტემებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმვით და მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით კიბერშეტევა აღკვეთილი იქნა და ნეგატიური შედეგებიც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.

Комментариев нет: