იმ დრომდე, ვიდრე
მაისში ინდოეთში წვიმების სეზონი დაიწყება და ამ ქვეყანაში გამგზავრებას აზრი აღარ
ექნება, გამალებით ვათვალიერებ, თუ რა გზებით შეიძლება უფრო მარტივად და იაფად მოხვდეს
საქართველოდან ადამიანი ამ თბილ, თუ არა ცხელ გარემოში, სადაც 5–თვიანი სუსხიანი ზამთრით
გაყინულ ძვლებს გავითბობდი. იმის გამო, რომ სიყვარულის უმთავრესი ტაძარი დედამიწაზე (ტაჯ–მაჰალი) რამდენიმე წლის წინ უკვე მოვინახულე
და არც მუმბაიში მაქვს რამე განსაკუთრებული საქმეები, ხოლო თოვლიანი მთების ყურება
აქაც ყელში ამოვიდა, მთელი ჩემი ფიქრები გოასკენაა მიმართული, მით უმეტეს, რომ მეგობრებიც
დიდი ხანია მელოდებიან და მეკითხებიან, მეღირსება თუ არა ოდესმე, რომ მათთან ჩავიდე.
რა ხდება ამ დროს
გოაში? ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს რუსი ტურისტების ოკუპაციას გაუმკლავდეს. ინდოეთის
პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ძალიან შეწუხდა ამ მდგომარეობით და თქვა, რომ
გოას დაცვა სჭირდება რუსი და ისრაელელი ტურისტებისგან, რომლებმაც ამ შტატის „ოკუპაცია“
მოახდინეს, მთელი დასახლებები „დაიპყრეს“ და ყველაფერთან ერთად უკანონო სამეწარმეო
საქმიანობასაც ეწევიან. ყველაფერში კი ზედმეტად აქტიური დასვენება იგულისხმება, რაც
ალკოჰოლის გადამეტებულ მოხმარებაში და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიუღებელ სხვა სახის
საქციელში გამოიხატება, მაგალითად ინდურ სალოცავებსა და ტაძრებში საცურაო კოსტუმში
გამოწყობილი შესვლის სურვილში და ასე შემდეგ, მაშინ როცა ზოგ ტაძარში შესვლა არაინდოელებისთვის
საერთოდ აკრძალულია.
მოკლედ, გამოდის
მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის, რუსის ჩექმით იქნება ოკუპირებული თუ ნატაშკების ბიკინებით,
საბოლოო ჯამში მაინც ადგილობრივებს აწუხებენ. თუმცა არ ვარ მომხრე მთლად ასეთი განმარტება
მივცე ტურისტების საქციელს. ალბათ ადგილობრივი ხელისუფლების ბრალიცაა, რომ ვერ ახერხებს
წესრიგის დამყარებას. ტურისტი ხომ ჯარისკაცი არ არის და რამდენად დიდი რაოდენობისაც
არ უნდა იყვნენ, ყველასთვის შეიძლება თავისი ადგილის მიჩენა.
ყველაზე მარტივი
გზა, რაც ინტერნეტში დიდი ხნის ძრომიალის შემდეგ დავადგინე, მაინც ყატარის ავიახაზებია,
და თბილისიდან გოამდე მგზავრობა 800 აშშ დოლარი ჯდება. დელიმდე უფრო იაფია, მაგრამ
რადგან გოაში პირდაპირი რეისი არ აქვთ, ალბათ სწორედ დელიში მოხდება გადაჯდომა. დელიმდე
კი 550 დოლარადაც შეიძლება ჩასვლა. თანხების დასაზოგად შესაძლოა ადამიანმა რკინიგზაც
გამოიყენოს, ან შიდა ავიარეისები, მაგრამ უფრო უპრიანი მატარებელი იქნება, თან ასეთი
მგზარობა დიდ გზაზე ადგილობრივი ხედების დათვალიერების საშუალებასაც იძლევა და ექსტრიმის
მოყვარულთათვის, გზაში საინტერესო თავგადასავლებიც გარანტირებულია.
ისევ ოცნებად
რომ არ დამრჩეს, ამჯერად ვეცდები რუსების მიერ ოკუპირებული გოა და ადგილობრივი სამართალდამცავების
მათთან გამკლავების მცდელობების მოწმე მაინც გავხდე. ცუდი ისაა, რომ ჩემი ჭკუის და
უპრობლემო ადამიანების პოვნა არც ისე ადვილია. მაგრამ ბოლოს ალბათ არც მარტო გამგზავრებაზე
ვიტყვი უარს :)
Комментариев нет:
Отправить комментарий