პოლიტიკური წარმატება ინდირა განდის სიცოცხლის ფასად დაუჯდა
ძლიერი ნებისყოფის მქონე ამ ქალბატონმა ძალაუფლების და წარმატების ფასი
ნამდვილად იცოდა ისე, როგორც სხვამ არავინ. ინდირა განდიმ არა მარტო ბრწყინვალე შედეგებს
მიაღწია, როგორც პოლიტიკოსმა, არამედ სამუდამოდ შეინარჩუნა თავისი ხალხის გულებში
„სრულიად ინდოეთის დედის“ სახელი, ღვთაებასთან მიახლოებული სიმბოლო. თუმცა, იყო თუ
არა ეს ძლიერი ქალი ბედნიერი, რომელსაც თითქმის ერთმანეთის მიყოლებით მოუწია ყველა
მისი ახლობელი ადამიანის დაკრძალვა?
ინდირა განდი
1917 წელს დაიბადა ცნობილი ადვოკატის ჯავაჰარლალ ნერუს ოჯახში, რომელიც 30 წლის შემდეგ
ინდოეთის პირველი პრემიერ–მინისტრი გახდა. ნერუს ოჯახი ინდური საზოგადოების ყველაზე
მაღალ და მდიდარ კასტას მიეკუთვნებოდა, ამიტომ გოგონას ბავშვობა სიღატაკეს და შიმშილს
ნამდვილად არ დაუმძიმებია. თუმცა, რელიგიურმა მშობლებმა ინდირას ასწავლეს, რომ სიმდიდრე
ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არ არის. როცა გოგონა 4 წლის იყო, ჯერ კიდევ კოლონიალურ
ინდოეთში ბრიტანელებთან შეტაკებები გამწვავდა. იმპერიის მხრიდან შევიწროების საპასუხოდ
ინდოელთა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა შემოტანილი საქონლის ყიდვაზე. ამ პოზიციას ნერუს
ოჯახმაც დაუჭირა მხარი: მათ თავიანთი სასახლის ეზოში დიდი კოცონი გააჩაღეს, რომელშიც
შემოტანილი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი და ძვირადღირებული სათამაშოები დაწვეს.
პატარა ინდირას ძალიან გაუჭირდა თავის საყვარელ ფრანგულ თოჯინასთან განშორება. მაგრამ
მშობლები ასწავლიდნენ, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო და ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა
– პატარა ინდირამ საკუთარი ხელით ჩააგდო ფრანგული თოჯინა კოცონში.