ჯაინიზმი (სანსკრიტ.
जैन, jaina სიტყვიდან
जिन, jina „გამარჯვებული“)
უძველესი დჰარმული რელიგია, რომელიც ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით IX-VI
საუკუნეებში წარმოიშვა. თვითონ სწავლების მიხედვით, ჯაინიზმი მუდამ არსებობდა. სწავლების
ფუძემდებლად (ან, სხვა ვერსიების მიხედვით, უფრო ძველი ტრადიციების მთხრობელად) ითვლება
ქშატრია ვარდჰამანა ან ჯინა მაჰავირა. ჯაინიზმი ქადაგებს ზიანის არმიყენებას ყველა
ცოცხალი არსებისთვის ამ სამყაროში. ჯაინიზმის ფილოსოფია და პრაქტიკა, პირველ რიგში,
ეფუძნება სულის თვითსრულყოფას ყველაფრის ცოდნის, ყველაფრის შესაძლებლობის და სამუდამო
ცხონების მიღწევის მიზნით. ყოველი სული, რომელიც წინა ცხოვრებათა სხეულებრივ საფარველს
დატოვებს და ნირვანას მიაღწევს, იცოდება ჯინად. უძველეს ტექსტებში ჯაინიზმი ხშირად
შედარებულია ჯაინ დჰარმასთან და შრამან დჰარმასთან. თანამედროვე სამყაროში ჯაინიზმი
მცირე, მაგრამ გავლენიან რელიგიურ ერთობად რჩება, რომელიც ინდოეთში 5–6 მილიონ მიმდევარს
ითვლის და თავისი მიმდევრები ჰყავს უკვე ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთშიც
და ავტრალიაშიც, სადაც თანდათანობით იზრდება ემიგრანტების რაოდენობა.
ჯაინისტური ბიბლიოთეკები
ინდოეთში ყველაზე უძველესია.
წესები და რწმენის სწავლება
ჯაინიზმი ამტკიცებს,
რომ ნებისმიერი არსება (ჯივა) ინდივიდუალურია და მას მუდმივი სული გააჩნია. როცა სული
მთლიანად თავისუფლდება სანსარასგან (მიაღწევს მოქშას), მას შეუძლია ყველაფრის ცოდნას
(ღვთიურ ცნობიერებას) მიაღწიოს. მაგრამ საამისოდ ასკეტი უნდა იყო, და არა საერო პირი,
და ამიტომაც ასკეტიზმს რელიგიურ წესებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ჯაინიზმის მიმდევრებს
ჯაინებს უწოდებენ. ჯაინიზმში უმაღლესი წოდებაა ჯინა (გამარჯვებული). ამ ტიტულს ყველაზე პატივსაცემ რელიგიურ მასწავლებლებს
ანიჭებენ, რომელთაც დჰარმას მიაღწიეს და სანსარასგან გათავისუფლდნენ. პრაქტიკოსი ჯაინები
24 ძირითადი ჯინას სწავლებებს მისდევენ, რომელთაც ტირთჰანკარები ეწოდებათ. ტრადიციულად
ითვლება, რომ 24–ე და უკანასკნელი ტირთჰანკარი შრი მაჰავირა იყო, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე
599-527 წლებში ცხოვრობდა. პირველი ტირთჰანკარი კი იყო მეფე რიშაბჰა, რომელიც იმ დროს
ცხოვრობდა, როცა ადამიანებმა ჯერ წერა–კითხვა არ იცოდნენ.
ჯაინიზმი სულიერი
სრულყოფისკენ მოუწოდებს სიბრძნისა და თვითკონტროლის განვითარების გზით. ჯაინიზმის მიზანია
ადამიანის სულის ჭეშმარიტი ბუნების გახსნა, სრულყოფილი შეგრძნება, სრულყოფილი ცოდნა
და სრულყოფილი საქციელი „ჯაინიზმის სამ საგანძურად“ ითვლება და მათ ადამიანის სული
სანსარადან (დაბადებებისა და გარდაცვალების ორომტრიალი) გათავისუფლებისკენ (მოქშა)
მივყავართ. მოქშას მიღწევა შესაძლებელია კარმიდან გათავისუფლების შემდეგ.
ჯაინიზმის ერთერთი
მნიშვნელოვანი მახასიათებელია არა მარტო ქმედებათა თანამიმდევრობა, არამედ გონებრივი
ქცევისა და ნორმების ტანმიმდევრობაც. არსებობს ხუთი ძირითადი ეთიკური პრინციპი, პირობა,
რომლებიც ჯაინებმა უნდა შეასრულონ. შესრულება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას წარმოადგენს
ჯაინი – ბერია თუ საერო პირი. ეს პრინციპებია:
–
არ მიაყენო ზიანი ცოცხალ არსებას (აჰიმსა)
–
იყავი გულწრფელი და პატიოსანი (სატია)
–
არ მოიპარო (ასტეია)
–
არ იმრუშო (ბჰარმაჩარია)
–
არ მოიხვეჭო (აპარიგრაჰა).
აჰიმსა (არაძალადობა)
ყველაზე ძირითადი პრინციპია და მისი არშესრულება აზრს უკარგავს ყველა დანარჩენი პრინციპის
შესრულებას. ხშირად მისი ინტერპრეტირება ხდება, როგორც „არა ჰკლა“, თუმცა მას უფრო
ფართო შინაარსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მიაყენო ზიანი და შეურაცხყოფა ყველაფერს
ცოცხალს არც უშუალოდ და არც ირიბად. არ შეიძლება ფიქრი ვინმესთვის ზიანის მიყენებაზე,
არც სიტყვის წარმოთქმა, რომელსაც ვინმეს წყენინება შეუძლია. ასევე აუცილებელია სხვისი
აზრის პატივისცემა (არააბსოლუტიზმი და სხვადასხვა აზრების მიმღებლობა).
პრინციპი სატია,
„გულწრფელობა“ ასევე ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას. იმის გამო, რომ აჰიმსა უფრო მთავარი
პრინციპია, თუ სიმართლეს ძალადობის გამოწვევა შეუძლია, ეთიკური თვალსაზრისით, უმჯობესია
გაჩუმება.
ასტეია, პირდაპირ
თარგმანში „არაქურდობა“, ნიშნავს საკუთარი ქონებით დაკმაყოფილებას, სხვისი ქონების
მითვისების სურვილების მოთოკვას, ანუ ეს პრინციპი გმობს ანგარებას. ყველამ ის უნდა
იმყოფინოს, რაც თავისი პატიოსანი შრომით მოიპოვა. ასტეია ნიშნავს ფიზიკური მოთხოვნილებების
შემცირებას და სულიერი ფასეულობებისკენ ლტოლვას. ამ პრინციპის შესრულებისას ძირითადი
რეკომენდაციებია:
–
ყოველთვის სამართლიანად აანაზღაურეთ ადამიანების შრომა
და მისი შედეგები
–
არასდროს არ აიღოთ სხვისი ნივთები
–
არასდროს იყიდოთ ნივთები იაფად იმ შემთხვევაში, თუ ფასი
არაპატიოსანი გზით იქნა დაგდებული (არალეგალური ვაჭრობა, მოპარული ნივთები და ა.შ.)
ბრაჰმაჩარია „ბერების
უმწიკვლობის პირობა“ – ნიშნავს სექსისგან სრულ თავშეკავებას, მაგრამ მხოლოდ ბერებისთვის.
ბრაჰმაჩარია სექსს, როგორც ასეთს, არ გმობს, მაგრამ აფრთხილებს სექსუალური ენერგიის
უაზრო გაფლანგვის თაობაზე წამიერი სიამოვნების ძიებაში.
აპარიგრაჰა, „არამოხვეჭა“,
ბერად აღკვეცის წინ ქონებასა და მატერიალურ ფასეულობებზე უარის თქმა. ამ უარის შემდეგ
ადამიანი ხვდება, როგორ უნდა განაცალკევოს თავისი თავი ნივთებისგან და ქონებისგან,
სახლისგან, ოჯახისგან, და შესაბამისად მიუახლოვდეს მოქშას. საერო პირებისთვის აპარიგრაჰა
ნიშნავს დაგროვებითობაზე უარის თქმას, რადგან თვით საკუთრების მცნებაც ილუზორულია.
ერთხელ ერთის კუთვნილი ნივთი შეიძლება მალე მეორის საკუთრება გახდეს. აპარიგრაჰა ასწავლის
ადამიანებს, რომ არ დაისახონ მიზნად მატერიალური
ფასეულობების დაგროვება და მთელი ენერგია სულიერ განვითარებას დაუთმონ.
ჯაინიზმის ლიტერატურის
ბირთვად შვეტამბარების (თეთრ სამოსში გამოწობილნი) კანონი ითვლება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე
მეოთხე საუკუნეშია შედგენილი და საბოლოო ფორმა X-XI საუკუნეებში მიიღო.
ჯაინისთვის ყველაზე
დიდი ცოდვაა – ხიმსა – ცოხალი არსებებისთვის ზიანის მიყენება. ორთოდოქსალური ჯაინი
წყალს ფილტრავს, რომ მასში შემთხვევით ცოცხალი არსებები არ მოხვდნენ, სპეციალური ცოცხით
გვის თავის წინ გზას, რომ ჭიანჭველა ან ჭიაყელა არ გასრისოს. ჯაინს მკაცრად ეკრძალება ღამით გადაადგილება, რადგან
სიბნელეში შესაძლოა ცოცხალი არსება დააზარალო. ასეთი მკაცრი ასკეტური პრაქტიკა გახდა
იმის მიზეზი, რომ პირველ საუკუნეებში ეს მიმდინარეობა ფართოდ არ გავრცელებულა.
იმის გამო, რომ
არა მარტო ბერებს, არამედ არც საერო ცხოვრებით მცხოვრებ ჯაინებს არ შეუძლიათ თევზის
ჭერა, ნადირობა, მეცხოველეობა და მიწათმოქმედება, მათში ყველაზე გავრცელებული ხელობებია
ვაჭრობა, საიუველირო საქმე და მევახშეობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაინების თემი არც
ისე მრავალრიცხოვანია (დაახლოებით 0?5% ინდოეთში), ჯაინები მაინც მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий