გელით facebook–ზე

20.09.2013

ბოლივუდის ექო გრიბოედოვის თეატრში

ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ და რისთვის, მაგრამ 18 სექტემბერს გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში ინდური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი გაიმართა. ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, ფერადი და არა შავთეთრი ტელევიზორების არსებობის ისტორიაში, როცა საქართველოში ინდური და რა თქმა უნდა ბოლივუდური სიმღერებისა და ცეკვების პროფესიონალი შემსრულებლები ჩამოვიდნენ.

გადმოცემების მიხედვით, თბილისში თვით რაჯ კაპურიც კი ყოფილა ჩამოსული თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირში მგონი მისი ფილმების გარდა მხოლოდ „გიორგი სააკაძეს“ და „ბაში აჩუკს“ აჩვენებდნენ, მაგრამ რამე წარმოდგენა გამართა თუ არა ინდური კინოს ლეგენდამ თბილისში, ისტორია ამაზე არაფერს ამბობს.

18 სექტემბერს კი ქართველი მაყურებლისა და თბილისში მცხოვრები ინდოელების წინაშე თეატრის არც თუ ისე დიდ დარბაზში ბოლივუდური პერფომანსის ახალგაზრდა შემსრულებლების ჯგუფი SUGAR N' SPICE და ასევე ახალგაზრდა ორი მომღერალი წარსდგა. დარბაზის ზომაზე ყურადღება იმის გამო გავამახვილე, რომ კონცერტის გაცილებით მეტ სივრცეში და თავისუფალი დასწრების პირობებში ჩატარებისას მაყურებელთა რაოდენობა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათასს მიაღწევდა.