ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ და რისთვის, მაგრამ
18 სექტემბერს გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში ინდური ცეკვისა და სიმღერის
კონცერტი გაიმართა. ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში,
ფერადი და არა შავთეთრი ტელევიზორების არსებობის ისტორიაში, როცა საქართველოში ინდური
და რა თქმა უნდა ბოლივუდური სიმღერებისა და ცეკვების პროფესიონალი შემსრულებლები ჩამოვიდნენ.
გადმოცემების მიხედვით, თბილისში თვით რაჯ კაპურიც კი
ყოფილა ჩამოსული თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირში მგონი მისი ფილმების გარდა მხოლოდ
„გიორგი სააკაძეს“ და „ბაში აჩუკს“ აჩვენებდნენ, მაგრამ რამე წარმოდგენა გამართა თუ
არა ინდური კინოს ლეგენდამ თბილისში, ისტორია ამაზე არაფერს ამბობს.
18 სექტემბერს კი ქართველი მაყურებლისა და თბილისში
მცხოვრები ინდოელების წინაშე თეატრის არც თუ ისე დიდ დარბაზში ბოლივუდური პერფომანსის
ახალგაზრდა შემსრულებლების ჯგუფი SUGAR N' SPICE და ასევე ახალგაზრდა ორი მომღერალი
წარსდგა. დარბაზის ზომაზე ყურადღება იმის გამო გავამახვილე, რომ კონცერტის გაცილებით
მეტ სივრცეში და თავისუფალი დასწრების პირობებში ჩატარებისას მაყურებელთა რაოდენობა,
დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათასს მიაღწევდა.
კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ ინდოეთის საელჩო საქართველოში
(რეზიდენციით ერევანში), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კულტურული
ურთიერთობების ინდური საბჭო. სცენაზე ძირითადად ბოლივუდის ძველი და ახალი ფილმებიდან
ცნობილი სიმღერები შესრულდა მოცეკვავეების მიერ დანთებული ცეცხლის თანხლებით, რასაც
დარბაზიც შესაბამისად პასუხობდა აპლოდისმენტებით, სტვენით, კივილით, ცეკვით და ხალისით.
კონცერტის ორგანიზატორების მხრიდან გამოითქვა სურვილი,
რომ ასეთ კულტურულ გაცვლებს უფრო ხშირი ხასიათი მიეცეს და რომ მათ ოფიციალურ დონეზე
ორგანიზებული ღონისძიებებისგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდეთ, რაშიც ცოტა ეჭვი მეპარება,
რადგან საამისო რესურსებს ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავ, მაგრამ სურვილი კარგია და ბევრ ადამიანსაც
გაახარებდა მსგავსი სახალისო წარმოდგენები. ინდურმა მხარემ ქართველი შემსრულებლები
საპასუხო ვიზიტითაც დაპატიჟა ინდოეთში, თუმცა ჯერ გაურკვეველია, ვინ იგულისხმებოდა
ამ დაპატიჟებაში, ქართული ცეკვისა და სიმღერების შემსრულებელი ჯგუფები თუ ვინმე სხვა.
საბოლოო ჯამში წარმოდგენა ლამაზი და მხიარული გამოვიდა,
შესაძლოა ტექნიკურ მხარეებზე გარკვეული შენიშვნები კი იყოს, მაგრამ მთავარია, რომ დამსწრე
საზოგადოება გარკვეულწილად ბოლივუდურ ნირვანაში შევიდა და თან იმ დონეზე, რომ როდესაც
კონცერტი მორჩა, ფეხზე მდგარი მაყურებელი კარგა ხანს დაშლას არ აპირებდა, სანამ სცენიდან
უკვე ოფიციალურად არ დაგვემშვიდობნენ.
სურათების მოწოდებისთვის დიდი მადლობა Saty Brook-ს
Комментариев нет:
Отправить комментарий