გელით facebook–ზე

28.04.2011

საბეჭდი მანქანების ეპოქა დასრულდა...

ამ მშვენიერი საბეჭდი მანქანის უკანასკნელმა მწარმოებელმა ჩვენს პლანეტაზე – ინდურმა კომპანიამ Godrej and Boyce გადაწყვიტა, რომ თავისი ბოლო და დედამიწაზე დარჩენილი ერთადერთი ასეთი საწარმო დახუროს.


„უნდერვუდები“, „რემინტონები“ და „ერიკები“, რომლებიც ოდესღაც შემოქმედებითი ადამიანების განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდნენ, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თავის პოპულარობას ელვის სისწრაფით კარგავენ. ბოლო დრომდე საბეჭდი მანქანების უკანასკნელ ნავსაყუდელს ინდოეთი წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ერთერთი ლიდერთაგანია IT ტექნოლოგიების მსოფლიო ინდუსტრიაში, პერსონალურმა კომპიუტერებმა ინდოეთის ოფისების დიდ ნაწილამდე დღემდე ვერ მიაღწია. საბეჭდი მანქანები ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში დღესაც აქტიურად გამოიყენება ღარიბთა ადვოკატების, გადამწერების და ნოტარიუსების მიერ, თუმცა ახალ მანქანებზე მოთხოვნა უკვე თითქმის აღარ არსებობს.

ჯერ კიდევ 90–იან წლებში კომპანია Godrej and Boyce წელიწადში 50 ათასამდე საბეჭდ მანქანას უშვებდა, რაც ინდური წარმოების მესამედს შეადგენდა. 2009 წლისთვის წარმოება 10–12 ათასამდე დაეცა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ წარმოება შეეჩერებინა.

ამ მანქანების ბოლო შემსყიდველები ინდოეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო, სამხედრო და სასამართლო დაწესებულებები იყვნენ, რომლებაც იმ დროისთვის ჯერ ვერ მოასწრეს თავიანთი თანამშრომლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა.

დღესდღეობით საწარმოს საწყობში 200–მდე საბეჭდი მანქანა ინახება, რომელთა უმრავლესობაც არაბულ შრიფტზეა აწყობილი. ერთი მანქანის ფასია დაახლოებით 12 ათასი რუპია (279 აშშ დოლარი). შესაძლოა ამ უკანასკნელმა მოჰიკანებმა კოლექციონერთა ყურადღება მიიპყრონ, თუმცა კოლექციონერებს ნახმარი საბეჭდი მანქანების ყიდვაც თავისუფლად შეუძლიათ ინტერნეტ–მაღაზიებში...

ასე დასრულდა საბეჭდი მანქანების მშვენიერი ეპოქა :)

მომზადებულია Daily Mail–ის მასალების მიხედვით

Комментариев нет: