გელით facebook–ზე

27.06.2011

ნაპრალები და ღრმულები ინდოეთის მიწაზე

აშშ–ში მცხოვრებმა ინდოელმა მეცნიერმა რამეშ სინგჰმა მდინარეების ინდისა და განგის დაბლობში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მიწაში უცნაური ფართო ნაპრალების და ღრმულების გაჩენის შესახებ განაცხადა. რამეშ სინგჰი, რომელიც კარგად ერკვევა ამ მიდამოების სეისმურ მდგომარეობაში, ამბობს, რომ ნაპრალები უტარ პრადეშის შტატის რამდენიმე რაიონში გაჩნდა. ამის შესახებ წერს thewatchers.adorraeli.com. "მოვუწოდებ ინდოეთის მთავრობას, რომ ამ რეგიონში სეისმოლოგიური აქტიურობის მონიტორინგი მოახდინოს სავარაუდო ფართომასშტაბიანი კატასტროფის შესახებ წინასწარი გაფრთხილების მიზნით", – ამბობს რამეშ სინგჰი.






22.06.2011

აიშვარია და აბჰიშეკი პირველ შვილს ელოდებიან



აბჰიშეკ ბაჩანის მამამ, ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ ამიტაბჰ ბაჩანმა თავის მიკრო–ბლოგზე ტვიტერზე დაწერა: "სიახლე. მალე ბაბუა გავხდები. აიშვარია ფეხმძიმედაა... ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ".


მიუხედავად იმისა, რომ ინდურ ფილმებზე და ბოლივუდზე ბოლო დროს ნაკლებად ვწერ, რადგან ამ თემაზე საკმარისი ბლოგები არსებობს, არ შემეძლო ამ სიახლეს არ გამოვხმაურებოდი. ჯერ კიდევ კანის ფესტივალზე გასული აიშვარიას სურათების ნახვისას ეჭვი შემეპარა, რომ "აქ ყველაფერი სუფთად არ იყო", რადგან მსახიობს, რომელიც ბოლივუდის ერთ–ერთ პრიმა მსახიობად ითვლება, აშკარად ბევრი ჰქონდა წონაში მომატებული. თუმცა იმ პერიოდში პრესაში ხმა არავის ამოუღია.ალბათ ყველა ერიდებოდა ჭორების გავრცელებას. ამჯერად კი აიშვარიას და მისი ოჯახის ფანებს ნამდვილად გაუმართლა.

37 წლის აიშვარიასთვის და 35 წლის აბჰიშეკისთვის ეს პირველი შვილი იქნება. მათ 2007 წელს იქორწინეს. 1994 წელს აიშვარია რაიმ "მის მსოფლიოს" ტიტული მიიღო. იგი 40–მდე ფილმშია გადაღებული, მათ შორის რამდენიმე ჰოლივიდურ ფილმშიც. თუ გოგო იქნება, იმედია დედასაც კი აჯობებს სილამაზით.

21.06.2011

კიდევ ერთი დღე ინდოეთთან ერთად – თბილისი

საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია „ბჰარატი“–ს თაოსნობით თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლმუზეუმში საზეიმო საღამო მოეწყო სახელწოდებით „კიდევ ერთი დღე ინდოეთთად ერთად“.  შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ინდოეთის ელჩი სომხეთსა და საქართველოში აჩალ მალჰოტრა. შესრულდა ქართული და ინდური სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს ქართული ლექსები და ინდური პოემები. ინდურ ცეკვებს და სიმღერებს ასრულებდა ასოციაციასთან არსებული ანსამბლი ნინო კრავეიშვილის ხელმძღვანელობით. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა მომღერალმა თემურ ციკლაურმა. ინდოეთის ელჩს ინგლისურ ენაზე მიმართა ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გოგი დოლიძემ.








ფოტოები გადაღებულია ფოტოგრაფ გურამ მურადოვის მიერ.

16.06.2011

35 დოლარიანი პლანშეტი Sakshat თითქმის მზადაა

პროექტის One Laptop Per Child (OLPC) ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული 100 დოლარიანი ლეპტოპის საპასუხოდ დაწყებული პლანშეტური კომპიუტერის Sakshat–ის შექმნა ინდოეთში მზადყოფნის ფინალურ სტადიაში შევიდა.

7 დუიმიანი Android-პლანშეტის Sakshat–ის პირველი პარტია, რომელზეც ბანგალორის ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქთან ერთად (კანპური, ხარაგპური, ჩენაი და მუმბაი), 10 ათასი ეგზემპლარის სახით ივნისის ბოლოს გამოვა.



ამ პლანშეტის შექმნა და გამოშვება ძირითადად ფინანსდება ინდოეთის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით და პროდუქციას ძირითადად ღარიბ მოსახლეობაში გადაანაწილებენ.

დაბალი ფასი მიღწეული იქნა იაფი ნაწილების გამოყენების, ასევე მარტივი დიზაინის და დამატებითი გადასახადების მოხსნის შედეგად. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Sakshat–ის ტექნიკური მონაცემები არ ჩამოუვარდება სხვა პლანშეტების მონაცემებს – 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ფრონტალური კამერა, 32 გიგაბაიტიანი მყარი დისკი.

09.06.2011

გოას ინდუისტურ ტაძრებში ნახევრადშიშველ ტურისტებს შესვლა აუკრძალეს

ბიკინებსა და გამჭვირვალე ტანისამოსში გამოწყობილი ტურისტები ვეღარ შეძლებენ თავიანთი გარეგნობით ინდუისტური ტაძრებისა და მათი მრევლის შეურაცხყოფას გოაში. ახალი წესების მიხედვით, ტაძარში შესვლის მსურველებს მკაცრი დრესკოდის დაცვა მოუწევთ. ტაძრების ქურუმებს ამ წესების შემოღება მოუხდათ იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ტურისტების ქმედებების გამო.

გოას შტატის ქალაქ მარდოლში მდებარე ტაძრის მაჰალსა ნარაიანას წინამძღოლი სასულიერო პირის  თქმით, ტურისტი ქალები ტაძრებში ნახევრადშიშვლები დადიოდნენ. გარდა ამისა, სასულიერო პირები ტაძრებში ხედავდნენ შეყვარებულ წყვილებსაც, რომლებიც თავიანთ გრძნობებს საჯაროდ გამოხატავდნენ და სასულიერო პირების ყოფნას არ ერიდებოდნენ. მისივე თქმით, მსგავსი სცენებს ადგილი ქრისტიანულ ტაძრებშიც აქვს.


ამ მიზეზით აღნიშნულ ტაძარსა და შტატის სხვა ინდუისტურ ტაძრებში შემსვლელ ტურისტებს მკაცრი დრესკოდი დაუწესეს. დამრღვევებს ტაძარში უბრალოდ არ შეუშვებენ.

გოას პლაჟები ევროპელი ტურისტებისთვის ერთერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება იმის გამო, რომ შესანიშნავი სანაპირო, მცხუნვარე მზე და იაფი საცხოვრებელი ადგილებია. ბოლო დროს ინდოეთის ამ მხარეში განსაკუთრებული მოზღვავებაა რუსი ტურისტებისაც, რომლებიც თავიანთი ქცევით გამოირჩევიან და ხშირად ადგილობრივებს ბევრ პრობლემებს უქმნიან ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების გამო. თუმცა გოაში გამგზავრება ნამდვილად ღირს, ვნანობ, რომ მეგობრების რჩევას არ დავუჯერე და მუმბაიდან მარტო არ წავედი :)

06.06.2011

მოშიმშილე გურუს აქცია პოლიციამ დაარბია


ინდოეთის დედაქალაქ დელიში 5 ივნისს პოლიციამ და სწრაფი რეაგირების რაზმებმა იოგის გურუ სვამი ბაბა რამდევის საპროტესტო აქცია დაარბია. თვითონ გურუ სამართალდამცავებმა თვითმფრინავში ჩასვეს და მშობლიურ ქალაქ ჰარიდვარში გაამგზავრეს, რომელიც დედაქალაქიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.

გურუ ბაბა რამდევმა 50 ათასი მომხრის მხარდაჭერით უვადო შიმშილობა გამოაცხადა დელიში. გურუ და მისი მხარდამჭერებიკორუფციაში მონაწილეობისთვის სასიკვდილო განაჩენის შემოღებას და ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი თანხების ინდოეთში დაბრუნებას მოითხოვდნენ.




აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფართო საზოგადოებრივ–პოლიტიკური ფენების განსჯის საგანი გახდა. აი რა დაწერა თავის facebook–ის გვერდზე ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ ამიტაბჰ ბაჩანმა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე უკეთ უსმენენ: „სამოქალაქო საზოგადოებას კორუფციასთან ბრძოლა სურს, ოპოზიციას კორუფციასთან ბრძოლა სურს, მმართველ პარტიას კორუფციასთან ბრძოლა სურს, მედიას კორუფციასთან ბრძოლა სურს, რამდევ ბაბას კორუფციასთან ბრძოლა სურს, რაჯნიკანტს კორუფციასთან ბრძოლა სურს, ჩაჩა ჩაუდრავის კორუფციასთან ბრძოლა სურს, თქვენ კორუფციასთან ბრძოლა გსურთ და მეც კორუფციასთან ბრძოლა მსურს, მაშ რატომღა არსებობს ეს კონფლიქტი!!!!“.

03.06.2011

ინდოელები განგის გაწმენდას აპირებენ

ინდოეთი 1,6 მლრდ. დოლარის ოდენობით კრედიტს მიიღებს მსოფლიო ბანკიდან მდინარე განგის წყლის გასასუფთავებლად. ეს პროგრამა ქვეყნის მდინარის ნაპირზე მდებარე 150 ქალაქში გამწმენდი ნაგებობების აშენებას ითვალისწინებს. განგი აზიის ერთერთი წყალუხვი მდინარეა და ძლიერაა დაბინძურებული სამრეწველო ნარჩენებით და ქალაქებიდან ჩასული წყლებით. ვარაუდობენ რომ გამწმენდი ნაგებობები მეტნაკლებად გააუმჯობესებს სიტუაციას. თუმცა ინდოეთის ხელისუფლების მიზანია მდინარის მაქსიმალურად ეფექტურად გაწმენდა, რადგან ზოგიერთ ადგილას წყალი არც სასმელად ვარგა და არც საბანაოდ.

წლების წინ ქვეყნის ხელისუფლებამ გარკვეული ზომების მიღება უკვე სცადა მდინარეზე გამწმენდი ნაგებობების ასაშენელად. ასეთი პროექტი 1985 წელს დაამტკიცეს  და მომდევნო 15 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა კიდეც, მაგრამ მხოლდო საჭირო სამუშაოების 39% შესრულდა, რამაც შესაფერისი ეფექტი ვერ გამოიღო და მდინარე კვლავ დაბინძურებული რჩება.

ასეულობით მილიონი ინდოელისთვის განგი არა უბრალოდ მდინარეა, არამედ მას განსაკუთრებული საკრალური დანიშნულებაც აქვს. განბანვის რიტუალები და ხანგრძლივი რელიგიური ცერემონიები სწორედ განგთანაა დაკავშირებული.

სურათები გადაღებულია მდინარეების განგის, სარასვატისა და იამუნას შესართავთან 2007 წელს, როდესაც მეგობრების ქორწილში ვიმყოფებოდი ქალაქ ალაჰაბადში. ამ ქალაქიდანაა წარმოშობით ჯავაჰარლალ ნერუც და მისი შვილი ინდირა განდიც და აქვეა მათი სახლმუზეუმიც. რამდენიმე კილომეტრშია ასევე უძველესი (5000 წლის) ქალაქი ვარანასიც, რომელსაც ინდუსიტებისთვის დიდი რელიგიური დატვირთვა აქვს და სადაც მასობრივი განბანვების ცერემონიები და განგთან დაკავშირებული სხვა რელიგიური რიტუალები ტარდება.



 

 

ინდოეთში ბოკვერებზე მზრუნველი მამრი ვეფხვი აღმოაჩინეს


ინდოეთის ჩრდილოეთში რანთჰამბორის ვეფხვების ნაკრძალში დაობლებულ ბოკვერებზე მზრუნავი მამრი ვეფხვი აღმოაჩინეს. მამრები პატარებისადმი სიყვარულით არ გამოირჩევიან, ასე რომ ამ ვეფხვის საქციელი საკმაოდ უჩვეულოა. ბოკვერები, რომლებიც ახლა დაახლოებით 8 თვისანი არიან, ნაკრძალის მესვეურებმა პირველად იანვარში შენიშნეს დედასთან ერთად, მაგრამ დედა ვეფხვი 10 დღის შემდეგ მოკვდა, ხოლო ბოკვერებზე ზრუნვა ნაკრძალის თანამშრომლებმა თავის თავზე აიღეს. მათ ობლებისთვის ახალი ხორცი პირდაპირ ტყეში მიჰქონდათ. მალე მათ შენიშნეს მამრი ვეფხვი, რომელიც ბოკვერებთან დრო და დრო მიდიოდა და დაასკვნეს, რომ ეს მათი მამაც შეიძლება იყოს. ფოტოხაფანგის მიერ გადაღებულ სურათებზე კარგად ჩანს, რომ ვეფხვი ბოკვერებთან ძალიან ახლოს მიდის ხოლმე.


როგორც წესი, მამრები ბოკვერების მიმართ არანაირ მამობრივ გრძნობებს არ ავლენენ და თუ პატარების დედა ახლომახლო არ არის, შეიძლება შეჭამოს კიდეც. მაგრამ ეს კონკრეტული მამრი ბევრად უფრო „ადამიანურად“ იქცევა.

ბოლოდროინდელი შეფასებებით, XX საუკუნის დასაწყისში ინდოეთში არსებული 100 ათასი ვეფხვიდან ამჯამად მხოლოდ 1700–მდე ცხოველი დარჩა. ამ უმშვენიერესი ცხოველის გადაშენებაში მთავარი როლი ბრაკონიერებმა შეასრულეს. ასევე ნეგატიურად იმოქმედა ადამიანების მიერ მათი საცხოვრებელი არეალის შევიწროებამაც.


02.06.2011

უპატრონო ძვირფასი მანქანები დელის ქუჩებში


ითვლება, რომ ინდოეთში ყველაზე ღარიბი ავტომობილისტები ცხოვრობენ. შემთხვევითი არც ისაა, რომ სწორედ ინდურ ბაზარზე გამოჩნდა ბიუჯეტური ჰეტჩბექი Tata Nano (სურათზე მარჯვნივ). მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ეს მოსაზრება ლამის ტავდაყირა დააყენა. დელის პოლიცია ქუჩაში უამრავ ახალ და მიტოვებულ ძვირადღირებულ მანქანებს პოულობს და არა უბრალოდ მანქანებს, არამედ ლუქსის ტიპის Bentley–ს, Maserati–ს და Porsche–ებს. ამ დროისთვის სპეციალურ სადგომებზე 40 ასეთი მანქანაა გადაყვანილი, რომელთაც პატრონი არ გამოუჩნდა.

საქმე იმაშია, რომ ძვირადღირებული მანქანების პარტია დელიში საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლით შევიდა. ვიღაც ბრიტანელმა ბიზნესმენმა, რომელმაც თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით ისარგებლა, მანქანები ქვეყანაში დაბალ ფასად შეიყვანა და ავტოსალონების მეშვეობით გაყიდა. და როგორც აღმოჩნდა, ამ მანქანების დიდი ნაწილი ამავე დროს მოპარულია. ასეთი ავტომობილის ყოველ მფლობელს მოუწევს ხელისუფლებას დაუმტკიცოს, რომ პატიოსანი მყიდველია და კანონი არ დაურღვევია. ზოგიერთმა მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ასეთი მანქანა თავიდან მოეშორებინა და ცხოვრება გაემარტივებინა. ამიტომაც დედაქალაქში პოლიცია დღეში რამდენიმე უპატრონო მანქანას პოულობს და სადგომზე გადაჰყავს.

ამბობენ, რომ ამ მანქანების მყიდველთა სიაში ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ბოლივუდის ვარკვლავებიც კი შედიან.

01.06.2011

ინდოეთის მოსახლეობა წვიმების სეზონს ზეიმით შეხვდა


მუსონებს ინდოეთში სიგრილე და წყალი მოაქვს, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე ელიან. ღრუბლები, რომლებმაც ინდოეთის სამხრეთში ქერალას შტატში მუსონი მიიყვანეს, წელს 2 დღით ადრე გამოჩნდნენ. მუსონი ინდოეთის ოკეანის სეზონური ქარია, რომელიც სამხრეთ აზიის მიმართულებით უბერავს და ნალექი მოაქვს ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში და ბირმაში. დღითიდღე წვიმები ინდოეთის შუაგულისკენ მიიწევენ.

10 ივნისისთვის მუსონს უკვე მუმბაიში ელიან, ხოლო ივნისის მესამე დეკადაში პოლიტიკურ დედაქალაქს დელისაც მიაღწევს. გასულ წელს მუსონების სეზონზე ყველაზე მცირე რაოდენობით ნალექი მოვიდა ინდოეთში ბოლო 37 წლის განმავლობაში, ზოგიერთ ადგილას ნალექების რაოდენობამ წლიური ნორმის მხოლოდ 60% შეადგინა.

უკვე რამდენიმე დღეა ყველა ინდური საინფორმაციო საშუალებაში ყველაზე მთავარი თემა მუსონებია. პროგნოზების მიხედვით, წელს ნალექების რაოდენობა ნორმასაც კი გადააჭარბებს.

წვიმების სეზონი არა მარტო არახელსაყრელია ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ, არამედ სახიფათოცაა. კოკისპირული და გადაუღებელი წვიმები წყალდიდობებს იწვევს, რომლის შედედაგაც ასეულობით და ათასობით ადამიანი იღუპება. ყველაზე მეტი ნალექი კი ივლისსა და აგვისტოში მოდის.


 2008 წლის მუსონების შედეგად წყალდიდობებმა 2400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ყველაფრის მიუხედავად, წვიმები ინდოეთში მაინც სასიხარულო მოვლენაა, რომელსაც დიდი ხანი ელიან. სწორედ ამიტომაც, წვიმების სეზონის დადგომას ზეიმით აღნიშნავენ. ტურისტებისთვის კი ინდოეთში გამგზავრება კვლავ ხელსაყრელი გახდება, როგორც კი წვიმების სეოზნი მორჩება სექტემბრის ბოლოსთვის.