გელით facebook–ზე

03.06.2011

ინდოეთში ბოკვერებზე მზრუნველი მამრი ვეფხვი აღმოაჩინეს


ინდოეთის ჩრდილოეთში რანთჰამბორის ვეფხვების ნაკრძალში დაობლებულ ბოკვერებზე მზრუნავი მამრი ვეფხვი აღმოაჩინეს. მამრები პატარებისადმი სიყვარულით არ გამოირჩევიან, ასე რომ ამ ვეფხვის საქციელი საკმაოდ უჩვეულოა. ბოკვერები, რომლებიც ახლა დაახლოებით 8 თვისანი არიან, ნაკრძალის მესვეურებმა პირველად იანვარში შენიშნეს დედასთან ერთად, მაგრამ დედა ვეფხვი 10 დღის შემდეგ მოკვდა, ხოლო ბოკვერებზე ზრუნვა ნაკრძალის თანამშრომლებმა თავის თავზე აიღეს. მათ ობლებისთვის ახალი ხორცი პირდაპირ ტყეში მიჰქონდათ. მალე მათ შენიშნეს მამრი ვეფხვი, რომელიც ბოკვერებთან დრო და დრო მიდიოდა და დაასკვნეს, რომ ეს მათი მამაც შეიძლება იყოს. ფოტოხაფანგის მიერ გადაღებულ სურათებზე კარგად ჩანს, რომ ვეფხვი ბოკვერებთან ძალიან ახლოს მიდის ხოლმე.


როგორც წესი, მამრები ბოკვერების მიმართ არანაირ მამობრივ გრძნობებს არ ავლენენ და თუ პატარების დედა ახლომახლო არ არის, შეიძლება შეჭამოს კიდეც. მაგრამ ეს კონკრეტული მამრი ბევრად უფრო „ადამიანურად“ იქცევა.

ბოლოდროინდელი შეფასებებით, XX საუკუნის დასაწყისში ინდოეთში არსებული 100 ათასი ვეფხვიდან ამჯამად მხოლოდ 1700–მდე ცხოველი დარჩა. ამ უმშვენიერესი ცხოველის გადაშენებაში მთავარი როლი ბრაკონიერებმა შეასრულეს. ასევე ნეგატიურად იმოქმედა ადამიანების მიერ მათი საცხოვრებელი არეალის შევიწროებამაც.


Комментариев нет: