გელით facebook–ზე

01.06.2011

ინდოეთის მოსახლეობა წვიმების სეზონს ზეიმით შეხვდა


მუსონებს ინდოეთში სიგრილე და წყალი მოაქვს, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე ელიან. ღრუბლები, რომლებმაც ინდოეთის სამხრეთში ქერალას შტატში მუსონი მიიყვანეს, წელს 2 დღით ადრე გამოჩნდნენ. მუსონი ინდოეთის ოკეანის სეზონური ქარია, რომელიც სამხრეთ აზიის მიმართულებით უბერავს და ნალექი მოაქვს ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში და ბირმაში. დღითიდღე წვიმები ინდოეთის შუაგულისკენ მიიწევენ.

10 ივნისისთვის მუსონს უკვე მუმბაიში ელიან, ხოლო ივნისის მესამე დეკადაში პოლიტიკურ დედაქალაქს დელისაც მიაღწევს. გასულ წელს მუსონების სეზონზე ყველაზე მცირე რაოდენობით ნალექი მოვიდა ინდოეთში ბოლო 37 წლის განმავლობაში, ზოგიერთ ადგილას ნალექების რაოდენობამ წლიური ნორმის მხოლოდ 60% შეადგინა.

უკვე რამდენიმე დღეა ყველა ინდური საინფორმაციო საშუალებაში ყველაზე მთავარი თემა მუსონებია. პროგნოზების მიხედვით, წელს ნალექების რაოდენობა ნორმასაც კი გადააჭარბებს.

წვიმების სეზონი არა მარტო არახელსაყრელია ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ, არამედ სახიფათოცაა. კოკისპირული და გადაუღებელი წვიმები წყალდიდობებს იწვევს, რომლის შედედაგაც ასეულობით და ათასობით ადამიანი იღუპება. ყველაზე მეტი ნალექი კი ივლისსა და აგვისტოში მოდის.


 2008 წლის მუსონების შედეგად წყალდიდობებმა 2400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ყველაფრის მიუხედავად, წვიმები ინდოეთში მაინც სასიხარულო მოვლენაა, რომელსაც დიდი ხანი ელიან. სწორედ ამიტომაც, წვიმების სეზონის დადგომას ზეიმით აღნიშნავენ. ტურისტებისთვის კი ინდოეთში გამგზავრება კვლავ ხელსაყრელი გახდება, როგორც კი წვიმების სეოზნი მორჩება სექტემბრის ბოლოსთვის.

Комментариев нет: