გელით facebook–ზე

17.11.2011

აიშვარია რაიმ გოგონა გააჩინა


აიშვარია რაიმ თავის მეუღლეს, აბჰიშეკ ბაჩანს ქალიშვილი გაუჩინა. სასიხარულო ამბავი სრულიად მსოფლიოს ბედნიერმა ბაბუამ, აბჰიშეკის საქვეყნოდ ცნობილმა და ინდოეთში პოლიტიკოსებზე მეტად პოპულარულმა ამიტაააააააბჰ ბაჩანმა აცნობა :) „უმშვენიერესი გოგონას ბაბუა გავხდი!“, – დაწერა ბოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ თავის ტვიტერზე. სწორედ ბაბუას დამსახურებით შეიტყო თავის დროზე ჯამაათმა ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ქალიშვილის, ამჯერად კი მისი რძლის აიშვარიას ფეხმძიმობის შესახებაც და მაშინაც ტვიტერის მეშვეობით. დარჩნენ ჟურნალისტები უმუშევარი... რას გვიშვება ეს ტექნოლოგიები :)

აიშვარიას და აბჰიშეკის ქალიშვილი ამ სამყაროს სამშაბათს დილით მოევლინა მუმბაის Seven Hills–ის საავადმყოფოში. ინდური პრესა დიდ ყურადღებას იჩენდა აიშვარიას ფეხმძიმობის მიმართ და მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ „მის მსოფლიო 1994“–ს ხუთშაბათს უნდა ემშობიარა. ბუკმეკერები კი აქტიურად იღებდნენ ფსონებს, როდის გააჩენდა უკვე ჰოლივუდშიც საკმაოდ პოპულარული მსახიობი და რა სქესის იქნებოდა მისი პირველი შვილი.

აიშვარია ოთხი წლის წინ გათხოვდა და  მას მერე მუდმივად დადიოდა ჭორები მსახიობის ფეხმძიმობის შესახებ. მაგრამ აბჰიშეკი ამბობდა, რომ შვილის გაჩენას არ ჩქარობენ და რომ ეს თავის დროზე მოხდება.

15.11.2011

ინდოეთში ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან


ინდოეთში ერთერთი ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან, რომელსაც 100 ათასი სტუმარი დაესწრება. ქორწილი ჩრდილოეთში მდებარე უტარ–პრადეშის შტატის ქალაქ საიფრაიში გაიმართება და 6 დღე გასტანს. დღესასწაულის მთავრი გმირები 23 წლის პრატიკ იადავი და 21 წლის აპარნა ბიტა იქნებიან, რომლებიც ქვეყნის ორ ცნობილ და გავლენიან ოჯახებს წარმოადგენენ. საქმროს მამას ადრე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და დღესდღეობით ინდოეთის სოციალისტურ პარტიას ხელმძღვანელობს.

03.11.2011

ინდოელი მამაკაცების ეროვნული სამოსი

დჰოტი – ინდოელი მამაკაცების დრაპირებული სამოსი, რომელიც თეძოებზე მაგრდება. დჰოტი არის სწორი მართკუთხა ქსოვილის ნაჭერი, რომლის სიგრძე 5 მეტრამდე აღწევს, თეთრი ან სხვა ერთფეროვანი ქსოვილისგან დამზადებული. არსებობს დჰოტის დრაპირების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ არის ასევე ერთიანი სტილიც. დრაპირება იწყება ნაჭრის შუა ნაწილიდან და არა ბოლოდან. ნაჭრის ცენტრალურ ნაწილს თეძოებზე იხვევენ და წინა მხარეს კრავენ კვანძში. ნაკეცებად დალაგებული ნაჭრის მარცხენა ნაპირს მარცხენა ფეხის გარშემო ახვევენ და ქამარზე იმაგრებენ წელის მიდამოში, ხოლო მარჯვენა კიდე ასევე დრაპირდება ნაკეცებად და ქამარზე მაგრდება მუცლის ქვემოთ.


ჩრდილოეთ ინდოეთში დჰოტის ატარებენ ქურთასთან ერთად (გრძელი ხალათი). ამ შეხამებას ეძახიან „დჰოტი ქურთას“. სამხრეთ ინდოეთში დჰოტის იცვამენ ანგავაშტრამთან ერთად (მხრებზე მოსასხამი). უფრო ხშირად დჰოტის იცვამენ ზეიმებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. ზოგიერთი მამაკაცი ყველა სხვა სამოსს დჰოტის ამჯობინებს და ყოველდღიურად ატარებს მას. ბოლო ათწლეულებში დასავლური სტილი სულ უფრო მეტად იჭრება ინდოეთში და ბევრი ინდოელი მამაკაცისთვის დჰოტი საშინაო სამოსად იქცა, პირველ რიგში, მისი მოხერხებულობის და კომფორტის გამო.