გელით facebook–ზე

12.01.2012

ინდოელი მუსულმანები ითხოვენ, რომ სალმან რუშდი ქვეყანაში არ შეუშვან


ინდოეთის მუსულმანური თემების ლიდერებმა ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რომ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ. ამის შესახებ BBC News იტყობინება. რუშდი ინდოეთში ჩასვლას აპირებს ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც ჯაიპურის შტატში გაიმართება.

ისლამური სემინარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მწერალს ვიზა უნდა გაუუქმოს, რადგან წარსულში „სატანური ლექსების“ ავტორმა მორწმუნეთა გრძნობები შეურაცხყო. რუშდის მეოთხე წიგნი 1988 წელს გამოიცა და ისლამური სამყარო მას მკვეთრი კრიტიკით შეხვდა. რამდენიმე ისლამურ ქვეყანაში წიგნი აკრძალეს. დიდი ბრიტანეთში წიგნის გამოცემიდან მეათე დღეს ამ წიგნის შეტანა ინდოეთშიც აკრძალეს.


როგორც სააგენტო იტყობინება, რუშდიმ ინდოელი მუსულმანების თხოვნას Twitter–ზე თავის მიკრობლოგზე უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ინდოეთის ვიზა არ სჭირდება, რადგან ინდოეთშია დაბადებული. ინდოეთის ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ რუშდის ქვეყანაში შესვლას ვერ დაუშლიან, რადგან მას აქვს საბუთი, რომელიც მის ინდურ წარმოშობას ადასტურებს (PIO).

სალმან რუშდი მუმბაიში (ყოფილი ბომბეი) დაიბადა, მაგრამ ამჟამად ხან აშშ–ში და ხან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მწერალს დიდი პოპულარობა მოუტანა სწორედ მისმა „სატანურმა ლექსებმა“, რომლის შეტანაც აკრძალულია პაკისტანში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სინგაპურსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

Комментариев нет: