გელით facebook–ზე

09.06.2012

სიყვარულის ტაძარი დაბადების დღეს აღნიშნავს

ზუსტად 381 წლის წინ, 1631 წლის 7 ივნისს აგრაში – დიდი მოგოლების ინდური იმპერიის მაშინდელ დედაქალაქში ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა 22 წელს გრძელდებოდა და 1652 წელს დასრულდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო არქიტექტურის ამ შედევრის პროექტის ავტორი თვით იმპერატორი შაჰ–ჯაჰანი იყო, რომელიც ყმაწვილობის ასაკიდან იყო გატაცებული არქიტექტურით და მშენებლობით.

მან  ბრძანება გასცა აეშენებინათ გრანდიოზული მავზოლეუმი, რომელიც თავის საყვარელ მეუღლეს მუმთაზ მაჰალს მიუძღვნა. მუმთაზი მშობიარობისას გარდაიცვალა.

ტაჯ–მაჰალის მშენებლობაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინდოელი ოსტატების გარდა მშენებლობაში მონაწილეობდნენ საუკეთესო ხუროთმოღვრები, რომლებიც სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან და ვენეციიდან იყვნენ მიწვეულნი.

ტაჯ–მაჰალი მთლიანად თეთრი მარმარილოთია აგებული და მისი არქიტექტურული დიზაინი აბსოლუტური სიმეტრიის არაბულ–მუსულმანურ კონცეპციაზეა აგებული, სადაც თითოეული ელემენტი ჰარმონიულად ერწყმის ნაგებობის მთავარ სტრუქტურას.

ნაგებობა მაღალ კვადრატულ სტრუქტურაზე დგას. მთავარი გუმბათი 64 მეტრ სიმაღლეს აღწევს და გარშემორტყმულია ოთხი მცირე ზომის გუმბათით.

კომპოზიციას ოთხი მინარეთი ასრულებს. გარედან და შიგნიდან მავზოლეუმი დიდებული მცენარეთა გამოსახულების ფორმის ორნამენტითაა გაწყობილი, ხოლო შემაერთებელ თაღებზე არაბული ტექსტებია გამოყვანილი, რომლებიც ყურანის სურებს გადმოსცემს.

მავზოლეუმის არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს ასევე მეჩეთს, სასტუმრო სახლს და პარკს. თვითონ ტაჯ–მაჰალი კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მდინარე იამუნას ნაპირზე. პარკი ოთხ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი არხებით, რომლებიც ერთმანეთს ცენტრში კვეთენ, და თითოეული მათგანი თავის მხრივ ოთხ ნაწილადაა გაყოფილი უფრო მცირე არხებად.

ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმი მსოფლიო არქიტექტურის შედევრად ითვლება, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ობექტად არის გამოცხადებული და მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შედის.






სხვა სტატიები ამ თემაზე:
ტაჯ მაჰალი

2 комментария:

Unknown комментирует...

ტაჯმაჰალი... ოდესმე ვნახავ

Unknown комментирует...
Этот комментарий был удален автором.