გელით facebook–ზე

30.10.2013

Goron ki na kalon ki, ჯიმი თბილისში ჩამოდი

სრულიად შემთხვევით Facebook–ზე ფოტო ვნახე, სურათზე ერთ ადამიანს კარგად ვიცნობ, მეორე კი უბრალოდ მეცნო და გავატარებდი ამ ფოტოს, რომ არა უცნაური ადგილი, თბილისის აეროპორტი, და ხელში ყვავილები... აშკარად რაღაც მოხდა, რაღაც ისეთი, რაც ყურადღებად და ჩაღრმავებად ღირდა. ქვეცნობიერმა მიკარნახა, რომ ერთერთი საინტერესო მომენტი ახლოვდებოდა ჩემს ცხოვრებაში, როგორებიც არც ისე ხშირია უბრალო მოკვდავი ადამიანის ყოველდღიურობაში. ჩემი ნაცნობის ბედნიერმა ღიმილმა და უცნობი (მეცნობას ამბავში) ადამიანის უჩვეულო ჩაცმულობამაც იმოქმედა და შემდეგ უკვე მოვლენებს მე ვეღარ ვაკონტროლებდი.

უეცრად თითქოს 30 წელი სადღაც გაქრა, ისევ პატარა ბიჭუნა გავხდი, თითქოს ბავშვობის დროინდელი სურნელებიც კი ვიგრძენი ამდენი სიგარეტისა და სხვა გამაღიზიანებლების მიუხედავად. პულსი არ გამისინჯავს, მაგრამ აშკარად არ ექვემდებარებოდა დაშოშმინებას. ვეღარ ვაკონტროლებდი თქო ტყუილად არ მითქვამს, სურათზე ბავშვობის კუმირი ვიცანი, ადამიანი, რომელიც ისეთი პოპულარული იყო საქართველოში და მაშინ მთელს საბჭოთა კავშირში, რომ იმ დროს რომ გაებედა აქ ჩამოსვლა, ალბათ დღევანდელი ზუსკინდის „პარფიუმერივით“ დაგლეჯდნენ ნაწილებად თავყანისმცემლები. თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ სურათზე თვით მითჰუნ ჩაკრაბორტი იყო.


არც კი დავუშვებდი იმას, რომ მასთან ახლოს მისვლას და დანახვას ვერ მოვახერხებდი, რატომღაც ეს ჩემთვის საკამათო არ იყო, მაგრამ როგორ, როდის, რანაირად, ბუნებრივია ყველა ამ კითხვაზე ერთბაშად პასუხის გაცემა არ შემეძლო. პროდიუსერ დავით ბეჟიტაშვილს, რომელსაც ქართული კინოს გარდა ბოლივუდის სამყაროსთანაც აქვს კონტაქტები და რომელიც წლების განმავლობაში ინდური ფილმების მოყვარულთ ტელევიზიებიდან ანებივრებდა საყვარელი ფილმებით, ყოველგვარი დიდი იმედის გარეშე ვკითხე, რაში იყო საქმე, რაზეც მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ ხვალ ფანებთან შეხვედრა იქნება და რომ წინასწარ მეცოდინებოდა ამის შესახებ. ცოტა ავღელდი.  ნამდვილად არ არის მარტივი 30 წლის გვერდით გადადება და შენი ბავშვობის კუმირთან უშუალო შეხვედრა. მალე სმს–ით შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი მივიღე, რის შემდეგაც უკვე უნდა მემოქმედა. სასწრაფოდ მოვძებნე ინტერნეტში მსახიობის ისეთი ორი სურათი, რომელიც ჩემს გულსაც გაახარებს მთელი ცხოვრება და შესაძლო ავტოგრაფის აღების მომენტში მსახიობსაც თავისი ბედნიერი და სახელოვანი ახალგაზრდობის წლებს შეახსენებდა.

დადგა მომენტი და დათქმულ დროს ათონელის თეატრთან ყვავილების თაიგულით ხელში სხვა ფანებთან ერთად მითჰუნ ჩაკრაბორტის გამოჩენას ველოდი. თეატრში მოფუსფუსე გოგონები დავინახე, რომლებიც ინდური ცეკვის ანსამბლის „ლაკშმის“ წევრები არიან და რომელთაც ნინო კრავეიშვილი ხელმძღვანელობს. უკვე წარმოვიდგინე, რაც იქნებოდა სცენაზე და როგორ დახვდებოდა ქართველი გულშემატკივარი თავის კუმირს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა მსახიობისთვის სიურპრიზი იყო და ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.



მაშინ ქართველი მაყურებელი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მითჰუნ ჩაკრაბორტის ავტოგრაფს ჩამოართმევდა ან მასთან ერთად სურათის გადაღებაც კი შეეძლებოდა, რადგან ბოლივუდის უდიდესი ვარსკვლავებიდან საქართველოში ბოლოს 1950–იან წლების დასაწყისში იმყოფებოდნენ რაჯ კაპური და ნარგიზი.

ფანებთან შეხვედრა მეტად ემოციური გამოდგა. „ლაქშმის“ გოგონებმა სცენაზე ნამდვილი ბოლივუდური ცეცხლი დაანთეს. ყველაფერთან ერთად ჩვენში ძველ დროს პოპულარული „დისკოს მოცეკვავის“ სიმღერებმაც გაიჟღერა, რომლის დროსაც ანსამბლ „ლაქშმის“ სოლისტმა ხათო რუხაძემ მითჰუნ ჩაკრაბორტი თავისივე ძველი ფილმის ჰანგებზე ააცეკვა, რასაც მაყურებლის გამაყრუებელი ოვაციები მოჰყვა.


მსახიობმა ფანებს უთხრა, რომ საქართველოში თავისი კერძო ბიზნესის ამბებზე ჩამოვიდა, კერძოდ კი, იგი სასტუმროს აშენებას გეგმავს მისი კუთვნილი სასტუმროების ქსელის ფარგლებში, თუმცა მაყურებელთან და ფანებთან შეხვედრამ ისე აღაფრთოვანა, რომ მხოლოდ ამის გამოც ღირდა საქართველოში ჩამოსვლა. როცა მას ჰკითხეს, თუ აპირებს იგი ბიზნესის გარდა საქართველოში რაიმე ერთობლივი კინოპროექტის განხორციელებას, მსახიობმა უპასუხა, რომ ამაზე აუცილებლად იფიქრებს და გარკვეული ჩანაფიქრებიც არსებობს.

საღამოს დასასრულს ყველა მსურველს საშუალება მიეცა, რომ ავტოგრაფები აეღო და მსახიობთან ერთად სურათებიც გადაეღო. მადლობა კეთილ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩემთვის ისტორიული მომენტი სურათზე დააფიქსირეს და მომაწოდეს. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გული დაწყდა, რომ მასთან შეხვედრაზე ვერ მოხვდა. როგორც უკვე დავწერე, ჩაკრაბორტი თბილისში ბიზნესის ამბებზე იყო ჩამოსული და ეს შეხვედრა ვიწრო წრეში, და ეს სახელდახელო ზეიმიც სპონტანური იყო და ყველა მსურველის დაპატიჟებაც ალბათ უბრალოდ არარეალური.


ამ შეხვედრიდან 3 დღის განმავლობაში პირიდან ღიმილი ოფიციალურად არ მშორდებოდა. მისი ავტოგრაფიც სამუდამოდ ჩემთან დარჩება, ხოლო თუ კიდევ ჩამოვა თბილისში, ან კიდევ ვინმე საინტერესო ადამიანს ჩამოიყვანს თავისი თბილი ქვეყნიდან, აუცილებლად, აუცილებლად ვნახავ კიდევ. და კეთილი ადამიანები ამაში დამეხმარებიან. ზედმეტად პათეტიკური პოსტი გამომივიდა, მაგრამ სხვანაირის დაწერას რა აზრი ჰქონდა :)


1 комментарий:

Unknown комментирует...

ეეეეჰ, მე არ ვწერივარ ბედნიერთა რიცხვში ბატონო სოსო.