გელით facebook–ზე

12.04.2014

მოგზაურობა აირწინაღებით

ინდოეთზე საუბარი, ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს მომბეზრდება. არა იმიტომ, რომ ბევრი ვიცი ან ყველაფერში ვერკვევი, რაც ამ ქვეყანას ეხება, პირიქით, ალბათ იმ სურვილის გამო, რომ მინდა მეტი ვიცოდე და ბევრ რამეში ვერკვეოდე და უფრო მეტი შეხება მქონდეს, ვიდრე აქამდე მქონია. „რუსთავი–2“–ზე გასულ გადაცემაში „მოგზაურობა გიო გაბუნიასთან ერთად“ ისეთები მოვისმინე, მომინდა პასუხი გამეცა, მეყვირა, გამეჩერებინა, შემეხსენებინა, შემესწორებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაწერილ გადაცემას ვერაფერს დავაკლებდი.

როცა ისეთ ქვეყანაში აპირებ მოგზაურობას, როგორიც ინდოეთია, აირწინაღებით კი არ უნდა შეიარაღდე, პირველ რიგში, სურვილი უნდა გქონდეს ამ ქვეყნის ნახვის, გაცნობის, მიღების, გაზიარების, შერწყმის და გათავისუფლების. თუ ასეთი სურვილი არ გაქვს, წასვლასაც აზრი არ აქვს. არაფერი სასარგებლო, არაფერი საინტერესო მთელი გადაცემიდან, თუ არ ჩავთვლით გადაცემის ბოლოს ექსპერტად მიწვეული ჟორჟიკას მცდელობას, ცოტა სხვამხრივ ეჩვენებინა ინდოეთი და ის "მუღამი", რაც ამ ქვეყანაში გამგზავრებას აქვს.

ნეპალზე გადაცემა არ მინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, სტილი იგივე იყოო. ზოგადად, როგორც მოგზაურობის მოყვარულს, ნეპალის ამოჩემება ცოტა არ მესმის, როცა ამხელა ინდოეთია სანახავი. გასაგებია, რომ ნეპალში ყველაზე დიდი მთაა, უამრავი ტურისტი და ალპინისტი ჩადის მთელი მსოფლიოდან და არის მთელი ალიაქოთი. რა თქმა უნდა, ნეპალიც საინტერესო ადგილია, მაგრამ მე რომ მკითხოთ, ნეპალი მთელი თავისი კულტურით და ყველაფრით, დიდი ინდოეთის ნაწილია, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ. ამიტომ ნეპალის ცალკე კულტურულ ფენომენად განხილვა არ მიმაჩნია მართებულად და ინდოეთის, ინდუიზმის, ბუდიზმის და სხვა რელიგიური მიმდინარეობების და ინდური კულტურის სხვა შემადგენლების გარეშე ნეპალიც მხოლოდ ცარიელი ტერიტორია იქნებოდა და საინტერესოც არაფერი დარჩებოდა. მაგრამ ნეპალს თავი დავანებოთ, ალბათ ოდესმე იქაც წავალ, და ისევ მთავარ თემას მივუბრუნდები.

ინდოეთზე ბლოგიც ხომ სწორედ ამ ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ შევქმენი და სხვადასხვა პოსტებში უკვე გადმოვეცი ჩემი შთაბეჭდილებებიც. რა თქმა უნდა, არ ვაიდეალებ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანას ეხება და ალბათ ძალიან ბევრი რამეა ისეთი, რაც არა მარტო მიუღებლად მიმაჩნია, არამედ დაუშვებლადაც, მაგრამ მთლიანობაში მხოლოდ ნეგატიური შთაბეჭდილებებზე გადაცემის აწყობა არ მგონია მართებული. გული მწყდება, რომ ქვეყანა, რომელსაც მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს, რომელშიც მრავალ ათას ღმერთს ეთაყვანებიან, რომელშიც მრავალი ათასი ფერია და მრავალი ათასი მარტო სანელებელი, წარმოაჩინო როგორ ერთი დიდი ნაგვის ბუნკერი... უხერხულია.


პირადად არ ვიცნობ არც გადაცემის წამყვანს და არც ავტორებს და „ნიჩევო ლიჩნოგო“, როგორც დღევანდელ თბილისში იტყოდნენ, მაგრამ შეიძლებოდა მეტი გულისხმიერების გამოჩენა და ამ მეტად მნიშვნელოვანი ქვეყნის დადებითი მხარეების წარმოჩენაც. არ მგონია ამ ფილმის ნახვის შემდეგ ვინმეს ინდოეთში გამგზავრების სურვილი გაუჩნდეს. ვინმეში იმას ვგულისხმობ, ვისაც არასდროს უოცნებია და უფიქრია ამაზე, თორემ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, რომელიც არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთი სული აქვს წავიდეს და ნახოს საკუთარი თვალით და ისევეა ამისთვის წინასწარ მომზადებული, როგორც თავის დროზე მე ვიყავი. სხვა ამბავია, რომ ყოველგვარი მომზადების მიუხედავად შოკი მაინც არავის აცდება, მაგრამ ეს უკვე სხვა ზღაპარია და ამაზე უკვე არაერთხელ დავწერე ჩემს ბლოგზე.


2 комментария:

Unknown комментирует...

ეჰ სოსოოო... ინდოეთზე პროფესიონალური მიდგომით გაკეთებული მე არც გადაცემა მინახავს და არც სტატია სამწუხაროდ გადაცემა არ მინახავს და ვერაფერს ვამბობ, მაგეამ ნაგვის ბუნკერების სანახავად რაღა იმხელა გზაზე მიდოდა? თუ სხვას მაინც ვერაფერს დაინახავდა და შეამჩნევდა?

Sophie שרה Golden комментирует...

Getanxmebit. Titqos Saqartveloshi naklebi sibinzure da ganukitxaobaa.

Chemi azrit, ganatleba aklia xalxs da jurnalistebs xom kidev milionjer da amitom aketeben msgavs gadacemebs. Warmodgena ar aqvt ra kulturis mqone qveyanaa Indoeti da sul Inglisis kolonia ar yofila.