გელით facebook–ზე

11.11.2015

ინდური კულტურის დღეები საქართველოში

20-22 ნოემბერს თბილისში ინდური კულტურის დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ინდოეთის საელჩო საქართველოში (და სომხეთში) და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ღონისძიება გაიხსნება 20 ნოემბერს 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“, სადაც მაყურებელს ელის საინტერესო გამოფენა, კონცერტი და 2015 წლის ახალი ინდური ფილმის ჩვენება. ფილმის სახელწოდებაა Bhajarangi Bhaijaan, მთავარ როლებში სალმან ხანი და კარინა კაპური.

21 ნოემბერ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში  გაიმართება ინდოეთიდან მხოლოდ ერთი დღით ჩამოსული ინდური ხალხური ცეკვების ანსამბლის BHARAT FOLK ARTS ACADEMY მუსიკალური სპექტაკლი.

22 ნოემბერს კვლავ კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება ორი კინოჩვენება. პირველი ჩვენება შედგება 12:00 საათზე და წარმოდგენილი იქნება 2013 წლის ბოლივუდური ფილმი Chennai express - მთავარ როლებში შაჰ რუქ ხანი და დიპიკა პადუკონე. მეორე ჩვენება გაიმართება 14:30 საატზე და ნაჩვენები იქნება 2015 წლის ფილმი Bahubali.


ფილმებზე დასწრება თავისუფალია. გახსნის ცერემონიასა და ხალხური ცეკვების ანსამბლის კონცერტზე დასწრება შესაძლებელია სპეციალური მოსაწვევებით. ინფორმაციისთვის იხილეთ ჯგუფი „ინდოეთი“ facebook-ზე.

08.06.2015

მოგზაურობა ღმერთებთან

ინდოეთს ისედაც ათასი ღმერთების ქვეყანას უწოდებენ, და ალბათ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჰიმალაებში დაიბადა ან რამე კავშირი აქვს ჰიმალაებთან. ლეხ–მანალის გზაზე მოგზაურთათვის ალბათ ამისი გაცნობიერება რთული არ იქნება. ეს გზა ორ სამყაროს აერთიანებს – მწვანე, ტროპიკულ ინდოეთს და ჰიმალაების ყვითელ უდაბნოს. ბევრი ალბათ ჩვენს ქართულ მთებთანაც გაავლებს პარალელებს, თუმცა მგონია იქ მაინც სხვა განწყობა იქნება, ჯერ ერთი, ბევრად მაღალია ჩვენს მთებზე, მეორე ის, რომ ბევრად მრავალფეროვანი ბუნებაა და მესამე ის, რომ ინდოეთია მაინც :)


25.04.2015

ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა ქუთაისში გაიმართება


დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლები მინდა გავახარო იმით, რომ ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა ამჯერად ქუთაისშიც გაიმართება. გამოფენა 5 მაისს გაიხსნება „მრეწველთა სახლში“, რუსთაველის 124 ნომერში. სამუშაო საათებია 10.00–დან 20.00 სთ–მდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინდოეთში წარმოებული ტანისამოსი, ძირითადად ქალის, შარფები, სამკაულები, ბიჟუტერია და სხვა სახის საქონელი. დეტალების გასარკვევად იხილეთ სურათზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია.

ქვემოთ იხილეთ სურათები თბილისში გამართული გამოფენიდან:

02.04.2015

ინდოეთის მოყვარულთა ჯგუფი Facebook-ზე

ყველას, ვისაც მოგწონთ ან გიზიდავთ ინდოეთი, გსურთ ამ თემაზე საუბარი, ახალი ინფორმაციის მიღება, საკუთარი შტაბეჭდილებების გაზიარება ან სხვისი შთაბეჭდილებების მოსმენა, გიწვევთ Facebook–ზე შექმნილ ქართულენოვან ჯგუფში "ინდოეთი". ჯგუფში გაწევრიანებისას გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჯგუფის წესებს.

ჯგუფში გაწევრიანებულები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ინდოელებიც. შეგიძლიათ თავისუფლად მოიწვიოთ თქვენი მეგობრებიც და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

ჯგუფში გასაწევრიანებლად შეგიძლიათ დააკლიკოთ ჯგუფის სახელს "ინდოეთი" ან მოგვძებნოთ უშუალოდ Facebook–ზე.


10.02.2015

თანკა – ბუდისტური ფერწერა

თანკა (thangka) არის რელიგიური ხასიათის ტრადიციული ფერწერა, რომელიც ბუდისტურ ტიბეტში იღებს სათავეს. ჩვეულებრივ, ტიბეტური თანკას თემაა ბუდას, ღვთაების ან ბოდჰისატვების, წმინდა სიმბოლოების გამოსახულებები, მათ შორის იანტრები და მანდალებიც, ანუ არსობრივად თანკა ბუდისტური ხატია, და ამ სახით გამოიყენება ტაძრებში და მონასტრებში, ასევე რიგითი ადამიანების სახლებშიც.

ტიბეტურად „თან“ ბრტყელს ნიშნავს და სუფიქსი „კა“ ფერწერის ან გამოსახულების აღმნიშვნელია. შესაბამისად, თანკა წარმოადგენს ნახატს, რომელიც ბრტყელ ზედაპირზე, ქსოვილზეა შესრულებული და რომლის დაკეცვაც არის შესაძლებელი. ევროპული ფერწერული ტილოებისა და ხატების მსგავსად თანკასაც აქვს ჩარჩო და მოჭედილობა, მაგრამ ჩვენთვის ჩვეული მყარი ფორმების ნაცვლად მოჭედილობა მზადდება ფარჩისაგან, ხოლო მოჭედილობის ზედა და ქვედა ნაწილებზე მაგრდება ხის ძელაკები, ზედა ძელაკზე განთავსებულია საკიდი კედელზე დასაკიდად და შენახვისა და ტრანსპორტირებისას თანკას ახვევენ სწორედ ზედა ძელაკის გარშემო.

06.02.2015

ინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ


(ინტერპრესნიუსი) ინდოეთის საელჩოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ინდოეთში ვიზიტისთვის ტურისტული ვიზა სჭირდებათ, ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ. 
როგორც საელჩოს ვებგვედრზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამიერიდან, ქართველ ტურისტებს საშუალება ექნებათ, ტურისტული ვიზისთვის შევსებული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტით, ფოსტის საშუალებით გააგზავნონ. 

"ტურისტული ვიზის მსურველები ინდოეთის საელჩოს ამ განსაკუთრებული ჟესტით ისარგებლებენ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებამდე", - აღნიშნულია ერევანში ინდოეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება სხვა სახის ვიზის მიღებას, საჭირო პროცედურები უცვლელი რჩება. 

ამ ცვლილებამდე, საქართველოს მოქალაქე ინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ვალდებული იყო, ბიომეტრიული მონაცემების აღების მიზნით, პირადად შეეტანა წარსადგენი საბუთები ერევანში, ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოში.

05.02.2015

ინდოელმა პოლიციელებმა ქვეყნის სამხრეთით 400–მდე ბავშვი მონობიდან გაათავისუფლეს


სამწუხაროდ, ინდოეთი არა მხოლოდ უძველესი კულტურაა, ლამაზი მუსიკა, ჭრელი ტანისამოსი და ათასი ღმერთების ქვეყანაა, არამედ აქ მრავალი უღმერთობაც ხდება და ეს რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით და რომელთანაც ბრძოლაა საჭირო. ხშირად გვესმის, რომ ინდოეთში უცხოელი ტურისტი ქალები, რომლებიც მარტო მოგზაურობენ, გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან. ამ მხრივ არც ადგილობრივ ქალებს ადგათ კარგი დღე და უამრავი შემთხვევაა, როცა ქალები ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან.

ამჯერად კი უფრო უარესი ამბის შესახებ გახდა ცნობილი. პოლიციელთა რეიდების შედეგად ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ჰაიდარაბადში (ანდჰრა–პრადეშის შტატის დედაქალაქი), იატაკქვეშა ფაბრიკებიდან მონა ბავშვები გაათავისუფლეს...

23.01.2015

ინდოეთი – მსოფლიოს ყველაზე იაფი ქვეყანების სიაში საქართველოსთან ერთად

საიტმა movehub.com გამოაქვეყნა მსოფლიოს რუკა, რომელზეც წარმოდგენილია ქვეყნები ცხოვრების ღირებულების მიხედვით. რუკის შედგენისას გამოყენებულია სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რაც ითვალისწინებს კაფეების, რესტორნების კერძების ფასებს, ასევე ტრანსპორტისა და კომუნალური მომსახურების ღირებულებას.

საიტის დასკვნით, შვეიცარიამ კვლავ შეინარჩუნა საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნის რეპუტაცია. შვეიცარიაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი შეადგენს 126,03, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყნის – ინდოეთის ინდექსს, რომელიც 20,27–ის ტოლია.

ევროპაში საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყანა მოლდოვაა – 34,72 ინდექსით, ხოლო საქართველოს ინდექსმა შეადგინა 39,56 და საქართველოც მსოფლიოს 15 იაფი ქვეყნის სიაში მოხვდა.