გელით facebook–ზე

05.02.2015

ინდოელმა პოლიციელებმა ქვეყნის სამხრეთით 400–მდე ბავშვი მონობიდან გაათავისუფლეს


სამწუხაროდ, ინდოეთი არა მხოლოდ უძველესი კულტურაა, ლამაზი მუსიკა, ჭრელი ტანისამოსი და ათასი ღმერთების ქვეყანაა, არამედ აქ მრავალი უღმერთობაც ხდება და ეს რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით და რომელთანაც ბრძოლაა საჭირო. ხშირად გვესმის, რომ ინდოეთში უცხოელი ტურისტი ქალები, რომლებიც მარტო მოგზაურობენ, გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან. ამ მხრივ არც ადგილობრივ ქალებს ადგათ კარგი დღე და უამრავი შემთხვევაა, როცა ქალები ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან.

ამჯერად კი უფრო უარესი ამბის შესახებ გახდა ცნობილი. პოლიციელთა რეიდების შედეგად ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ჰაიდარაბადში (ანდჰრა–პრადეშის შტატის დედაქალაქი), იატაკქვეშა ფაბრიკებიდან მონა ბავშვები გაათავისუფლეს...

ინდოელი სამართალდამცავი ორგანოები ინფორმატორების დახმარებით ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ფაბრიკებში შემოწმებებს და რეიდებს ატარებდნენ. ამ ფაბრიკებში ისეთ პროდუქციას აწარმოებენ, რომელიც ხელით სკურპულოზურ დამუშავებას საჭიროებს: ბიჟუტერიას, სამაჯურებს, ბისერის ნაწარმს. ფაბრიკებში პოლიციელებმა ასეულობით ბავშვი აღმოაჩინეს, ძირითადად ბიჰარის შტატიდან, რომლებიც მშობლებმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მიყიდეს მოვაჭრეებს 5000–10000 რუპიად (80–160 აშშ დოლარი).

მცირეწლოვან მონებს ვიწრო და ბინძურ სათავსოებში ამუშავებდნენ. ბავშვები დღის განმავლობაში 16 საათი მუშაობდნენ შესვენებების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ცემით ემუქრებოდნენ. თითქმის ყველა ბავშვი საშინლად დასუსტებულია და ყველას აქვს კანის ქრონიკული დაავადებები.


ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 4 მილიონამდე არასრულწლოვანი ბავშვი მუშაობდა სრული სამუშაო დღე როგორც კვების ობიექტების მომსახურე პერსონალის, ასევე შინამოსამსახურეების სახით.

Комментариев нет: